,,როცა ქმარმა მიმატოვა, ერთადერთი შვილი ბავშვთა სახლში ჩავაბარე”

,,როცა ქმარმა მიმატოვა, ერთადერთი შვილი ბავშვთა სახლში ჩავაბარე"თქვენ როგორ მოგთხოვოთ ჩემი გამართლება, როცა საკუთარ თავს ყოველდღე ვკიცხავ. ზოგჯერ ისეთ მდგომარეობამდე მივდივარ, რომ საკუთარი ხმის გაგონებაც კი მზარავს. მინდა, ამქვეყნად აღარ ვიყო, მაგრამ აგერ უკვე 65 წელია, ვარ დედამიწაზე და მხოლოდ უფლის ნებაა, როდის გამიყვანს ამ სოფლიდან.

ის კი, რაც მოხდა, ნამდვილად არ იყო უფლის ნება, ეს იყო მთლიანად ჩემი ნება-სურვილი, რომ შვილი ბავშვთა სახლში მიმებარებინა.

26 წლის ვიყავი, როცა ქმარმა მიმატოვა. ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი ტრავმა, რადგან ერთადერთ შვილთან ერთად მარტოდმარტო დავრჩი. ბავშვი 2 წლამდე იყო. თავიდან დედა მეხმარებოდა, მაგრამ მერე ისიც დაუძლურდა, ჩემმა ნერვიულობამ საერთოდ გადარია და ძმამ გამომიცხადა, დედას არ მოგაკვლევინებ, ჩვენი სახლიდან წადიო.

ახლობლებმაც მოახდინეს გავლენა, რომ ეს გადაწყვეტილება მიმეღო, მაგრამ საბოლოოდ მაინც ყველაფერში მე ვარ დამნაშავე. უნდა მებრძოლა, რომ შვილი ჩემ გვერდით გაზრდილიყო, მე კი ხელი ჩავიქნიე. უნდა გამოგიტყდეთ, ვფიქრობდი, თუ მამამ არ იზრუნა მასზე, მხოლოდ მე რატომ ვარ ვალდებული, მას ცხოვრება შევწირო-მეთქი.

ისეც არ გამიგოთ, თითქოს შვილი არ მიყვარდა, არა, უბრალოდ ძალიან გაბრაზებული ვიყავი ყველაზე და ყველაფერზე და ამ ნაბიჯით საკუთარ თავზეც ვიძიე შური, ყველაზე ძვირფასი ვინც მყავდა, მკერდიდან მოვიწყვიტე და ბავშვთა სახლში მივიყვანე.

არასოდეს დამავიწყდება ის დღე, როცა დავტოვე და წამოვედი. ის კოშმარი სიზმრებად მექცა და დღემდე არ მანებებს თავს. მესიზმრება, რომ ვტოვებ, ატირებული ბავშვი მომდევს, მე გავრბივარ ან ვერ გავრბივარ, ვეცემი და ამ დროს მეღვიძება აკანკალებულს და შეშინებულს. მერე ისევ ყველაფერი თავიდან იწყება და ასე დაუსრულებლად მეორდება და მეორდება.

ბავშვი რომ “დავაბინავე”, რამდენიმე თვის შემდეგ გავთხოვდი. ჩემი ქმარი ორ შვილს მარტო ზრდიდა, ცოლი სახლიდან გაექცა, მიატოვა. ვფიქრობდი, რომ მასთან კარგ ოჯახს შევქმნიდი, შვილსაც წამოვიყვანდი ბავშვთა სახლიდან, მაგრამ ასე არ მოხდა. ქმარმა ამიკრძალა, ჩემი შვილები ვერ შეეგუებიანო. ბავშვები მართლაც წინააღმდეგები იყვნენ. ვფიქრობდი, რომ აზრს შეიცვლიდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა.

საბოლოოდ მეორე ქმარსაც დიდი კონფლიქტით გავშორდი. მერე მე აბსოლუტურად სხვა ქალაქში აღმოვჩნდი და ბავშვთა სახლშიც იშვიათად მივდიოდი. ჩემი არმისვლის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ აღმზრდელები ძალიან ცუდად მექცეოდნენ, ცუდ რაღაცებს მეუბნებოდნენ. ამან უფრო იმოქმედა, რომ შვილი აღარ მენახა, რადგან მასწავლებლების მოსმენა, მერე კი ატირებული შვილის დატოვება აუტანელი იყო, ვეღარ ვუძლებდი.

მაშინ ვფიქრობდი, რომ სხვა გამოსავალი არ მქონდა. ახლა კი ჩემი მაშინდელი ფიქრები სისულელედ მიმაჩნია. რა თქმა უნდა, შემეძლო, რომ შვილი მე გამეზარდა. მართალია, სახლ-კარი არ მქონდა, მაგრამ სადაც მე ვიყავი, გვერდით დამეწვინა და რასაც მე ვჭამდი, მისთვისაც გამეყო.

სინანული ძალიან გვიან მოვიდა, როცა უკვე აღარაფრის შეცვლა შემეძლო. ყველაზე მეტად ის მამწარებს, რომ ჩემმა ყოფილმა ქმარმა, ანუ ბავშვის მამამ, რომელიც საშინლად მომექცა და ეს ნაბიჯი გადამადგმევინა, ჩვენს შვილთან ურთიერთობა აღადგინა. მამა-შვილს ერთმანეთთან კონტაქტი აქვთ, მიდი-მოდიან.

ჩემი შვილი უკვე დაქორწინებულია, შვილიც ჰყავს და ბავშვი პაპასთანაც მიჰყავს. მოკლედ, დიდი სიამტკბილობა აქვთ ერთმანეთთან. მეც მოვინდომე შვილთან ურთიერთობის აღდგენა, მაგრამ ყოფილმა ქმარმა შემომითვალა, ამაზე არც კი იფიქრო, ჩვენს შვილს შენი სახელის ხსენებაც არ უნდა, არასოდეს გაპატიებს, რომ ასე მოიძულე, არც მე გაპატიებ, რომ ჩვენი შვილი ბავშვთა სახლში ჩააბარეო.

აი, ასე ვარ გამწარებული. სიბერეშიც არ მეღირსა შვილისგან პატიება. ყოველდლღე ველოდები, რომ მოვა და მეტყვის, რაც იყო, იყო, მაინც ჩემი დედა ხარო და გულში ჩამიკრავს, მაგრამ ეს დღე არ დგება და მეეჭვება, რომ ოდესმე დადგეს.

თქვენი ერთგული მკითხველი