,,რივერდანსის” ქართველი ვარსკვლავი: ,,მშობიარობის შემდეგ 100 დღეში უკვე სცენაზე ვიდექი”

,,რივერდანსის" ქართველი ვარსკვლავი: ,,მშობიარობის შემდეგ 100 დღეში უკვე სცენაზე ვიდექი"ამერიკაში მცხოვრები ქართველი ბალერინა, “რივერდანსის” სოლისტი ნათია რთველიაშვილი, ხარობს იმ საჩუქრით, რაც ბედმა არგუნა – პატარა ელენეთი (ჰელენე), რომელიც ერთი წლის წინ ეყოლა და ქმრით, მუსიკოს პატრიკ მანგანით, რომელიც ასევე “რივერდანსის” წევრია. ნათია ქართველმა საზოგადოებამ გაიცნო პროექტით “შენ შეგიძლია ცეკვა”. ჟიურიში ის ორსული იჯდა.

წყვილი ნიუ ორკში ცხოვრობს და მათი გოგონაც იქ დაიბადა. როგორ მოახერხა მშობიარობიდან მალევე სცენაზე დადგომა, როგორ უთავსებს მოცეკვავის კარიერას ოჯახის საქმეებს, ამის შესახებ ნათია “სარკეს” ჩვეული გულწრფელობით ესაუბრა.

— ნათია, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც დედა გახდით?

– ელენეს დაბადებამდე, კარიერაშიც და პირად ცხოვრებაშიც, თავს სრულყოფილად ვგრძნობდი, მაგრამ მისმა გაჩენამ ჩვენს ოჯახში წარმოუდგენლად დიდი პოზიტიური ცვლილება შემოიტანა, ბედნიერებით, სიყვარულით და სიხარულით აგვავსო. გვეგონა, რომ აღარაფერი გვაკლდა, მაგრამ მან ბევრად უფრო დიდი, უსაზღვრო გრძნობით აღსავსე სამყარო გადაგვიშალა წინ. ჩვენს ცხოვრებაში ისე ორგანულად შემოიჭრა, რომ მის გარეშე როგორ ვიყავით, ვერც კი წარმომიდგენია.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პრიორიტეტები ბევრად შეიცვალა, პირველ პლანზე დედობა გადმოვიდა და ჩემი ყურადღება, დრო და ენერგია ელენესკენ არის მიმართული, პროფესიულადაც სრულყოფილ ცხოვრებას ვაგრძელებ.

— მშობიარობის შემდეგ რამდენი დრო დაგჭირდათ ფორმაში ჩასადგომად?

– რეკორდულ დროში ჩავდექი ფორმაში. არც მეგონა, ფიზიკურად ეს შესაძლებელი თუ იყო, მაგრამ მშობიარობის შემდეგ, 100 დღეში, უკვე სცენაზე ვიდექი. ჯერ კიდევ 8 თვის ფეხმძიმე ვიყავი, როდესაც “რივერდანსის” კომპანიამ მორიგი კონტრაქტი შემომთავაზა, რომელიც ელენეს გაჩენიდან 3 თვის შემდეგ ამოქმედდებოდა. დიდი ალბათობა იყო, ფორმაში ჩადგომა ვერ მომესწრო, მაგრამ მაინც გადავწყვიტე, გამერისკა.

კონტრაქტზე თანხმობის მიცემით დიდი მოტივაცია გამიჩნდა, რომ ჩემი ძალებისთვის მობილიზება გამეკეთებინა. მიუხედავად იმისა, რომ მიზანი ძალიან რთული იყო, რადგან ფეხმძიმობისა და მშობიარობის შემდეგ ორგანიზმი საოცარ ცვლილებას განიცდის, ყველაფერს ნულიდან იწყებ, საკუთარი სხეულის შესწავლასაც კი, ბევრი შრომით, საკუთარ თავთან მუშაობით 3 თვეში სცენაზე გასასვლელად უკვე მზად ვიყავი.

რა თქმა უნდა, დიდი როლი ითამაშა იმანაც, რომ ფეხმძიმობის დროს ძალიან ჯანმრთელი ცხოვრების წესს ვეწეოდი – სწორი კვებითა და უსაფრთხო ვარჯიშებით საკმაოდ კარგი ფორმა შევინარჩუნე. თუმცა, რომ არა პატრიკის გვერდში დგომა და ხელშეწყობა, ასეთ მოკლე დროში ამას ვერ მოვახერხებდი.

— პატარა ელენეს გაზრდაშიც ალბათ გეხმარებიან, თორემ 3 თვის ჩვილის პატრონი აქტიურად ვერ იმუშავებდით.

– ელენეს ძირითადად მე და პატრიკი ვზრდით. ჩვენ გვაქვს საშუალება, თავად ავირჩიოთ სამუშაო საათები. დღის განრიგს ისე ვაწყობთ, რომ თითქმის ყოველთვის ერთ-ერთი ჩვენგანი ელენესთან იყოს. რა თქმა უნდა, ზოგჯერ ისიც ხდება, რომ ორივე ერთდროულად ვართ დაკავებული და ამ შემთხვევაში ოჯახის წევრები გვეხმარებიან.

— ელენეს დაბადებამ მოახდინა გავლენა თქვენი და პატრიკის ურთიერთობაზე?

– მსმენია მოსაზრება, რომ ბავშვის დაბადებამ და აღზრდის სირთულეებმა ცოლ-ქმრის ურთიერთობაზე შეიძლება ნეგატიურად იმოქმედოს და პირადმა ცხოვრებამ მეორე პლანზე გადაიწიოს. ჩვენს შემთხვევაში უფრო ღრმა და მნიშვნელოვანი გახდა ერთმანეთის სიყვარული, დაფასება, ურთიერთგაგება და გვერდში დგომა.

ისე, ერთი რამ კი ნამდვილად შეიცვალა – მიუხედავად იმისა, რომ მე და პატრიკს ძალიან ბევრი საერთო ინტერესი გვაქვს და სალაპარაკო თემაც არასდროს გველევა, ელენეს გაჩენის შემდეგ ძირითადი განხილვის თემა გახდა ჩვენი პატარა. ყველა საუბარი იწყება და მთავრდება ჩვენს სიცოცხლეზე, ელენეზე, ლაპარაკით.

— დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ასწრებთ დიასახლისობას?

– ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა ყველაფერში. როცა საშუალება მაქვს, დიასახლისობასაც ვასწრებ. როდესაც დაკავებული ვარ, ბევრ რამეს პატრიკი იღებს საკუთარ თავზე. როცა არც ერთს გვცალია, სახლი კი ცოტა გამოდის მწყობრიდან, ვახერხებთ საქმეების ისე გადანაწილებას, რომ დღის ბოლოს, ასე თუ ისე, წესრიგში იყოს.

— ქმარს ქართული კერძებით თუ ანებივრებთ?

– კი და ამით ძალიან ამაყობს. ქართული სამზარეულო უყვარს და, როცა დრო მაქვს, მისთვის ქართულ კერძებს სიამოვნებით ვამზადებ.

— საქართველოში ჩამოსვლას არ გეგმავთ?

– ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ გვაქვს, როდის ჩამოვალთ. დუბლინში კონტრაქტის დამთავრებისთანავე ნიუ იორკში გვაქვს საქმეები და პირდაპირ იქ ვბრუნდებით. როგორც კი მოვახერხებთ, ახლო მომავალში ოჯახისა და ახლობლების სანახავად თბილისს აუცილებლად ვესტუმრებით.

მარი მგალობლიშვილი, სარკე