,,რუსეთის გენერლებს შორის ყველაზე მეტად ერთი მაფიქრებს, ესაა ბაგრატიონი”, – ამბობდა ნაპოლეონი რუსეთის იმპერიის გენერალ პეტრე ბაგრატიონზე 1812 წელს, როდესაც მან რუსეთთან ომი გააჩაღა. ქართველი მეფეების შთამომავალს რუსეთის არმიაში მთის არწივს ეძახდნენ.
პეტრე ბაგრატიონი თავისი გმირობით ყველას აოცებდა, იმპერიის სიძლიერისთვის სიცოცხლესაც კი არ იშურებდა, მაგრამ რუსებმა ამაგი და თავდადება არ დაუფასეს, მისი საფლავი გაანადგურეს, ნეშტი კი გადააგდეს. ასეთი ბედი ერგო სიკვდილის შემდეგ სხვისი ქვეყნის ერთგულ მსახურს.
ტრაგიკული იყო მისი პირადი ცხოვრებაც, ბედისწერამ არც სიყვარულში დაინდო. მის ცხოვრებაში ორი ქალი იყო და ორივეს ეკატერინე ერქვა. ერთი მისი მეუღლე გახლდათ, რომელიც ვერ შეიყვარა, ხოლო მეორე იმპერატორ პავლე I-ის ქალიშვილი, რომელიც მთელი ცხოვრება უყვარდა, მაგრამ მასთან ურთიერთობა ეკრძალებოდა.
პეტრე ბაგრატიონის ცხოვრებასა და მის ტრაგიკულ სიყვარულზე მწერალი და ჟურნალისტი ტარიელ ზოზრაშვილი გვესაუბრა:
– სახელგანთქმული მხედართმთავარი, პეტრე ბაგრატიონი, საქართველოს სამეფო გვარის ქართული შტოს შთამომავალი იყო. პაპამისი, ალექსანდრე, ვახტანგ VI-ის ძმის, იესეს შვილი გახლდათ. ალექსანდრე მაჰმადიანი იყო და ისაკ-ბეგად იწოდებოდა, თუმცა თეიმურაზ II-ის ძალისხმევით ის ქრისტიანად მოინათლა და ალექსანდრე ეწოდა.
ალექსანდრე 1759 წელს ყიზლარში (დაღესტნის რესპუბლიკა) დასახლდა. ის და მისი ვაჟი, ივანეც, სამხედრო სამსახურში ჩადგნენ. ივანეს სამი შვილი ჰყავდა – პეტრე, რომანი და ალექსანდრე. ივანეს მეუღლის გვარი უცნობია, თუმცა პეტრე ბაგრატიონის მკვლევარი, პოლიკარპოვი, აღნიშნავს, რომ პეტრე ბაგრატიონის დედა ქართლ-კახეთის მეფის, ერეკლე II-ის ქალიშვილი იყო.
მშობლებს მწირი შემოსავალი ჰქონდათ, ამიტომ პეტრე ბაგრატიონს არ მიეცა საშუალება, სამხედრო თეორიული განათლება მიეღო. შემდგომში მისი მტერ-მოყვარენი ამას ხშირად უსვამდნენ ხაზს.
– მაშინ როგორ აღმოჩნდა რუსეთის არმიაში?
– ჭაბუკობის პერიოდში სანკტ-პეტერბურგში მამიდასთან, ანა გოლიცინასთან, ცხოვრობდა. სწორედ მამიდის წყალობით შეიტყო მის შესახებ გრიგოლ პოტიომკინმა და 17 წლის პეტრემ სამხედრო სამსახური კავკასიის მუშკეტერთა პოლკის სერჟანტად დაიწყო. პეტრე ალექსანდრე სუვოროვის უსაყვარლესი მოწაფე გახლდათ. სუვოროვის ლაშქრობებში (იტალიასა და შვეიცარიაში) მონაწილეობდა.
პეტრე 20 ლაშქრობის და 150 ბრძოლის მონაწილე გახლდათ. ომიანობა და ლაშქრობა მისი სტიქია იყო. მის ლექსიკაში არ შედიოდა სიტყვები “არ ვიცი” და “არ შემიძლია”. როგორც აღწერენ, მტკიცე ნებისყოფის ადამიანი გახლდათ. გარეგნობით კი ასე გამოიყურებოდა: საშუალო სიმაღლის, გამხდარი, შავგვრემანი, ფართო, ცოცხალი თვალებით და კეხიანი ცხვირით. შესანიშნავად ხატავდა.
– ქართულად თუ საუბრობდა?
– სავარაუდოდ, მას ქართული წერა-კითხვა კარგად უნდა სცოდნოდა. პეტრე ბაგრატიონს ურთიერთობა ჰქონოდა ქართველებთან როგორც რუსეთში, ისე საქართველოში.
– გენერლის ქორწინება ეკატერინე სკავრონსკაიასთან უიღბლო აღმოჩნდა. როგორ შეხვდნენ ისინი ერთმანეთს და მათი შეუღლება როგორ გადაწყდა?
– პეტრე ბაგრატიონი იმპერატორის ოჯახთან დაახლოებული პირი იყო. ის მეთაურობდა ეგერთა ლეიბ-გვარდიის ბატალიონს, რომელსაც იმპერატორის დაცვა ევალებოდა. რუსეთის იმპერატორს თან ახლდა აგარაკსა და სასახლის ვახშმებზე.
1800 წლის გაზაფხულზე ერთ-ერთ წვეულებაზე 18 წლის ეკატერინე სკავრონსკაიამ მისი გაცნობა მოინდომა და შუამავლობა გრაფ ბალაშოვს სთხოვა, მაგრამ პეტრემ მისი გაცნობა არ მოისურვა და იქაურობას გაეცალა.
ეკატერინე გენერლის ასეთმა საქციელმა აღაშფოთა, პეტრეს წამოეწია და უთხრა, მამაც გენერალს არ შეჰფერის, სუსტ ქალიშვილს ზურგი უჩვენოს და გაიქცესო. ქალიშვილის ასეთმა პირდაპირობამ ბაგრატიონი მოხიბლა.
თაყვანისმცემლებით გათამამებული ეკატერინე გენერალს ხშირად აეჭვიანებდა. მოგვიანებით ისინი იმპერატორმა, პავლე I-მა, დააქორწინა.
1800 წლის 2 სექტემბერს გატჩინის სამეფო კარის ეკლესიაში გენერალ-მაიორმა, პეტრე ბაგრატიონმა, ჯვარი დაიწერა ფრეილინა ეკატერინე პავლეს ასულ სკავრონსკაიაზე. წყვილის მეჯვარე თავად იმპერატორი პავლე იყო.
– მხურვალე რომანის და პომპეზური ქორწილის შემდეგ რა შეიცვალა მათ ურთიერთობაში?
– განსხვავებული ხასიათების აღმოჩნდნენ. მათი ხანმოკლე ოჯახური ურთიერთობა უღიმღამოდ მიდიოდა. ქორწინებიდან 5 წლის შემდეგ პეტრე ბაგრატიონი სალაშქროდ წავიდა, ხოლო ეკატერინემ სანკტ-პეტერბურგი დატოვა და ვენაში გადავიდა საცხოვრებლად.
ფუქსავატურად გაზრდილმა ეკატერინემ ვენაში თავისუფალი ცხოვრება დაიწყო. ის სამშობლოში აღარ დაბრუნებულა და პეტრე ისე გარდაიცვალა, ცოლს არც უნახავს. ქმრისადმი მისი “პატივისცემა” მხოლოდ იმით გამოიხატა, რომ ბოლომდე ბაგრატიონის გვარს ატარებდა.
– როგორ იტანდა გენერალი ცოლის ასეთ საქციელს?
– არც პეტრე იყო ოჯახისთვის დაბადებული, ყველაზე კარგად თავს ბრძოლის ველზე, ტყვიების ზუზუნში გრძნობდა.
– თქვენ გაკვრით ახსენეთ, პეტრე ბაგრატიონის ცოლი ვენაში თავისუფლად ცხოვრობდაო. მასზე პირდაპირ წერენ, რომ აღვირახსნილი ქალი იყო, გამჭვირვალე კაბების ჩაცმა უყვარდა და ამის გამო შიშველი ანგელოზი შეარქვეს, თეთრი ფისოსაც უწოდებდნენ.
– დიახ, ეკატერინემ მთელ ევროპაში სახელი ასე სკანდალურად გაითქვა.
– პეტრე ბაგრატიონის ზოგიერთი მკვლევარი წერს, რომ ეკატერინე სკავრონსკაიამ ავსტრიის კანცლერ მეტერნიხისგან ქალიშვილი, კლემენტინა, გააჩინა, ხოლო პეტრე ბაგრატიონმა იმპერატორ ალექსანდრე I-ის მოთხოვნით ბავშვი თავის გვარზე დაწერა. რას გვეტყვით ამ ყველაფერზე?
– ამ საკითხზე საუბარი არ მინდა.
– პეტრე ბაგრატიონის ცხოვრებაში იყო დიდი სიყვარული. მას თავდავიწყებით უყვარდა იმპერატორ პავლე I-ის ქალიშვილი და იმპერატორ ალექსანდრე I-ის და. ამ ურთიერთობაზეც გვიამბეთ.
– ეკატერინეს თავდავიწყებით შეუყვარდა სახელოვანი სარდალი. იმპერატორის დის მიმართ არც გენერალი იყო გულგრილი. ეს ის ეკატერინე გახლდათ, რომლის ცოლად შერთვა თავად ნაპოლეონს სურდა, მაგრამ უარი უთხრეს.
პეტრე ბაგრატიონისა და ეკატერინეს სიყვარულზე სასახლეში ჭორები გავრცელდა. სამეფო კარმა გენერალი სანტკ-პეტერბურგს მოაშორა და მოლდავეთის არმიაში გაგზავნეს. 1809 წლის 1 ივლისს კი ეკატერინე სასწრაფოდ გაათხოვეს პრინც ოლდენბურგზე, რომელიც რუსეთის არმიაში გენერალ-მაიორი იყო.
გათხოვილმა ეკატერინემ მაინც ვერ შეძლო პეტრეს დავიწყება და არც ბაგრატიონმა დაივიწყა თავისი სიყვარული.
– ამ სიყვარულს ბოლომდე უერთგულა და ეს გრძნობა საფლავში ჩაიყოლა.
– დიახ, ასე იყო… პეტრე ბაგრატიონი დიდი ფიგურა გახლდათ. ფილოსოფოსი ბესარიონ ბელინსკი მას რუსეთის არმიის ლომს უწოდებდა. კავკასიის მთები, ოსმალეთის ციხესიმაგრენი, იტალიის ბაღნარები, ალანდის ყინულები, შვეიცარიის ალპები, ავსტრიისა და პოლონეთის დაბლობები, რუსეთის ველები – ეს ის გზებია, რომლებიც ბრძოლით განვლო ბაგრატიონმა.
მას რუსეთის არმიის ღმერთს უწოდებდნენ და, ნაპოლეონის აზრით, ყველაზე ნიჭიერი რუსი მხედართმთავარი იყო. 1812 წლის ომის სამზადისში იმპერატორმა ალექსანდრე I-მა და უმაღლესმა სარდლობამ საომარი მოქმედების სხვადასხვა გეგმები განიხილეს. პეტრე ბაგრატიონმა იმპერატორს სპეციალური გეგმა-წერილი გაუგზავნა. იმ დროს ბაგრატიონს ინფანტერიის ანუ სრული გენერლის წოდება ჰქონდა.
– რას სთავაზობდა ბაგრატიონი რუსეთის იმპერატორს?
– ბაგრატიონის აზრით, რუსეთი არ უნდა დალოდებოდა ფრანგების თავდასხმას და თავად უნდა დაეწყო ომი, ასევე საომარი მოქმედება უნდა გაეშალა ნაპოლეონის მოკავშირე ქვეყნების ტერიტორიაზე.
მიუხედავად იმისა, რომ პეტრეს გეგმას ბევრი დადებითი მხარე ჰქონდა, იმპერატორმა დაიწუნა და უპირატესობა სხვა გენერლის გეგმას მიანიჭა, რაც მცდარი აღმოჩნდა.
ამ გენერალის გეგმის მიხედვით რუსეთის არმია სამ ნაწილად იყოფოდა და ჭარბი ძალების შემოტევის შემთხვევაში უკან დახევას ითვალისწინებდა.
– თუ არის ცნობილი, იმ ქართველების გვარები, რომლებიც 1812 წლის ომში იღებდნენ მონაწილეობას?
– ისტორიკოს ირაკლი ანთელავას ცნობით, ამ ომში 70 ქართველს მიუღია მონაწილეობა, მათ შორის 12 გენერალი ყოფილა. სხვა ქართველებიც იყვნენ, რომელთა ვინაობა ცნობილი არ არის. სავარაუდოდ, ეს ქართველები რუსეთში იყვნენ დაბადებული, მათი წინაპრები ვახტანგ VI-ის ამალის წევრები იქნებოდნენ.
1812 წლის ბოროდინოს ბრძოლაში რუსებს 120.000 კაცი ჰყავდათ, ხოლო ფრანგებს 135 ათასი და 587 ქვემეხი, პეტრე ბაგრატიონის განკარგულებაში იყო (რეზერვის ჩათვლით) 34.100 კაცი.
1812 წლის 26 აგვისტოს პეტრე ბაგრატიონი მძიმედ დაიჭრა ჭურვის ნამსხვრევებით. დაჭრილი ვლადიმირის გუბერნიის სოფელ სიმში გადაიყვანეს. იქ ჩასვლამდე მან გაიგო მოსკოვის აღების ამბავი და დამწუხრებულმა როსტოპჩინს მისწერა: “მშვიდობით, ჩემო პატივცემულო მეგობარო, მე ვკვდები არა ჭრილობით, არამედ მოსკოვით”.
პეტრე ბაგრატიონი 1812 წლის 12 სექტემბერს 47 წლის ასაკში გარდაიცვალა სოფელ სიმში. მომაკვდავის სარეცელთან ახლობელი არავინ იყო.
პეტრე ბაგრატიონის პირადი ადიუტანტი, დენის დავიდოვი, ყოველ ღონეს ხმარობდა, რომ გამოჩენილი მხედართმთავრის ნეშტი ღირსეულ ადგილზე გადაესვენებინათ.
1839 წელს, როდესაც დავიდოვი ცოცხალი აღარ იყო, ამ საპატიო მისიის შესრულება წილად ხვდა კიევის ჰუსართა პოლკის მეთაურს, პოლკოვნიკ კენსკის. პეტრე ბაგრატიონი ბოროდინოს გმირთა ძეგლთან გადაასვენეს.
– მე-20 საუკუნეში კი მისი საფლავიც შეურაცხყვეს.
– გენერლის საფლავი გაანადგურეს, მისი ნეშტი კი შეურაცხყვეს. ასეთია სხვისი დროშის ქვეშ მებრძოლი გმირის ბედი, მხოლოდ სამშობლოა გმირის ღირსეული შემფასებელი.
– სხვადასხვა მიზეზების გამო იმპერატორი ალექსანდრე ქართველ გენერალს არ სწყალობდა. არსებობს ვერსია, რომ ექიმებმა იმპერატორს იმით ასიამოვნეს, რომ ბაგრატიონს სათანადო ყურადღება არ მიაქციეს. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?
– წლების შემდეგ დაიწერა, რომ პეტრე ბაგრატიონისთვის დროზე რომ გაეკეთებინათ ოპერაცია, მის გადარჩენას შეძლებდნენ.
გენერალი ექიმების უყურადღებობამ და დაუდევრობამ იმსხვერპლა. დადიოდა ხმა, რომ სპეციალურად მოექცნენ ასე, რადგან მისი ასეთი აღზავება სამხედრო ელიტაში ბევრს აღიზიანებდა და მათ რიცხვში მკურნალი ექიმებიც იყვნენ.
ამ ყველაფერს ემატებოდა პეტრეს ფარული რომანი იმპერატორ ალექსანდრე I-ის დასთან და არც იმპერატორი იყო მის მიმართ კეთილგანწყობილი. იგი გენერალს არ პატიობდა სამხედრო საქმეებში მეფის არაკომპეტენტური ბრძანებების შეუსრულებლობას. ალექსანდრე I-მა ხომ საკუთარი მამაც არ დაინდო და გასწირა თავისი დიდებისთვის. იმპერატორი პავლე 1801 წელს ღალატით მოკლეს.
ლია ოსაძე, სარკე

