ცოტა ხნის წინ, მწერალთა სახლში ახალგაზრდა ქართველი მწერლის, ნოდარ მაჭარაშვილის, წიგნის ,,ავი მუსაიფის” პრეზენტაცია გაიმართა. ისტორიული რომანი, რომლის სახელწოდებაც მეფე ერეკლე მეორის ხმალზე არსებული წარწერიდან არის აღებული, ქართლ-კახეთის მეფის, პატარა კახის, ეპოქას ასახავს.
ნოდარ მაჭარაშვილი წლების განმავლობაში ფსევდონიმით წერდა და ბევრმა არ იცის, რომ ის დიდი ქართველი მწერლის, ნოდარ დუმბაძის შვილიშვილია. ავტორი ,,ავი მუსაიფის” პრეზენტაციას არ დასწრებია. მისი ცხოვრება გასაიდუმლოებულია და მხოლოდ ძალზედ ახლობლებმა იციან, სად იმყოფება. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვში ცხოვრობს და “კანონიერ ქურდადაა” მონათლული.
ნოდარ მაჭარაშვილის დედა, ქალბატონი ქეთევან დუმბაძე 33 წლის ვაჟიშვილის საზოგადოებისგან დაფარულ ცხოვრებაზე ჟურნალ ,,სარკის” მიმდინარე ნომერში საუბრობს.
– ქალბატონო ქეთევან, სად ცხოვრობს ბატონი ნოდარი და რატომ არ ესწრებოდა წიგნის პრეზენტაციას?
– უცხოეთში ცხოვრობს და რა მნიშვნელობა აქვს, სად?! მიგზავნის და მე გამოვცემ. ეს უკვე მისი მეხუთე წიგნია. ველოდებით, რომ თვითონაც დაბრუნდება.
– იქნებ მოგვიყვეთ, როგორ ცხოვრობს, როგორი კაცია. მასზე ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ კრიმინალურ სამყაროსთან აქვს შეხება…
– კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული ადამიანები ასეთ წიგნებს წერენ?! ეს არის პასუხი იმ ყველაფერზე, რაც საზოგადოების დაუნდობელი ნაწილის მიერ იყო აგორებული. ფსევდონიმით წერა საზოგადოებისგან დამალვას არ ნიშნავს. მას არ უნდოდა, რომ მისთვის ვინმეს შეღავათი გაეწია, როგორც ნოდარ დუმბაძის შვილიშვილისთვის, ამიტომაც მოიგონა ფსევდონიმი. როდესაც აღარ დამთავრდა იმაზე საუბარი, რომ სხვა გზას ადგა, თავისი სახელი და გვარი დააწერა წიგნს…
ფეხმძიმედ ვიყავი, როცა მამა გარდაიცვალა. ამიტომ ჰქვია მამაჩემის სახელი. მე არ ვაპირებდი ნოდარის დარქმევას. მისთვის ჩვენი გვარი უნდა მიმეცა და არა – სახელი. ჩვენ ძმა გვყავს გარდაცვლილი – 5 წლის იყო, წითელა რომ შეხვდა და მისი გართულებით გარდაიცვალა. მე დავპირდი მამას, რომ გავაჩენდი შვილს, რომელსაც მამა იშვილებდა და თავის გვარს მისცემდა…
ინტერვიუ ვრცლად იხილეთ ჟურნალ ,,სარკის” მიმდინარე ნომერში

