მსახიობი ნატუკა გულისაშვილი როცა მარტოხელა დედად იქცა და ძალიან გაუჭირდა, ჰობი საქმედ აქცია – აცხობდა, აბარებდა და ასე შოულობდა შემოსავლის წყაროს. მერე, როცა საყვარელი საქმიდანაც – თეატრიდან – მოუწია ჩამოშორება, ახალ ამპლუაში სცადა ბედი და კულინარიული ტელეშოუების სახედ იქცა, თუმცა იქაც ჰქონდა უმუშევრობის პერიოდი.
იმედგაცურება არც პირად ცხოვრებაში დაკლებია. თითოეულ სიძნელეს ისე აღიქვამდა, როგორც მორიგ გამოწვევას, იმედს არ კარგავდა და ამით პოზიტიური ხასიათი შეინარჩუნა. ასე რომ, ცხოვრების გაკვეთილებით დიდი გამოცდილება დაუგროვდა, რომელსაც “სარკის” მკითხველებს გულწრფელად უზიარებს.
— ნატუკა, ხელზე შეგნიშნეთ წითელი ძაფი, რომელიც ბოლო დროს მთელ მსოფლიოშია გავრცელებული, როგორც გარკვეული თილისმა. თქვენ რატომ ატარებთ?
– პირველად რომ 7 კვანძი გავიკეთე და ჩავიფიქრე სურვილი, გამიწყდა ძაფი და მართლა ამიხდა ის სურვილი, რაც ჩავიფიქრე. მეორედ რომ გავიკეთე, მივხვდი, ჩემი არ არის, ვერ მივიღე და თვითონ გავწყვიტე. ახლა კი მესამედ გავიკეთე. თვალისცემის მჯერა, უარყოფითი ენერგიისაც.
ხშირად მეუბნებიან, შენ ყოველთვის კარგ ხასიათზე ხარო, მაგრამ არაა ასე. შეიძლება ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყო, მაგრამ ვცდილობ, დადებითი ენერგიით დავიმუხტო. დილა რომ გათენდება, მსურს, ცუდსა და პრობლემებზე არ ვიფიქრო. როდესაც შინაგანად ხარ კარგად, თავისთავად ყველაფერი გვარდება.
ერთი სურვილი ჩავიფიქრე, რომელიც, იმედია, ამიხდება. პირადს არ ეხება, ტყუილად არ დამისვათ ეგ კითხვა.
— რატომ გაურბიხართ პირადზე საუბარს?
– არსად გავურბივარ, უბრალოდ პირადში ვარ ძალიან უინტერესო. არასოდეს ვმალავ, როცა ვარ ბედნიერი, სულ მინდა, რომ ხმამაღლა ვთქვა. ძალიან მინდა, ჩემ გვერდით ვხედავდე ადამიანს, მაგრამ ისეც არ გამოვა, რომ ბევრ რაღაცაზე დავხუჭო თვალი. ალბათ რაღაც იქნება, თუმცა როდის, კაცმა არ იცის.
— ქორწინებას, ოჯახის შექმნას ხედავთ თქვენს მომავალში?
– რაღაც ეტაპის შემდეგ ხვდები, რომ ეს საჭიროა, რადგან არ გინდა, მთელი ცხოვრება სიმარტოვეში გაატარო. ჩემთვის პირველი განშორება იმდენად მტკივნეული იყო, რომ ძალიან ფრთხილად ვარ. ცოტა უნდობლობა გამიჩნდა ადამიანების მიმართ.
— ანუ მამაკაცების მიმართ?
– ჰო, თუნდაც. ადამიანს ვაპატიებ აბსოლუტურად ყველაფერს, მაგრამ ვერ ვაპატიებ ტყუილს. ჩემთვის ტყუილი და ღალატი ერთი და იგივეა. ტყუილი შეიძლება საკუთარ შვილსა და დედას არ ვაპატიო.
— სიყვარული თქვენთვის რა გრძნობაა?
– რასაკვირველია. ვფიქრობ, რომ სიყვარული მოდის დროთა განმავლობაში. ჯერ არის ფლირტი, მოწონება, ლტოლვა და რაღაცა პერიოდის მერე სიყვარული. ჩემ გარშემო ძალიან ბევრი დაქორწინებულა უბრალოდ ურთიერთობით და შემდეგ მიმხვდარან, თურმე რამდენად ძვირფასები არიან ერთმანეთისთვის.
— არსებობს საერთოდ სიყვარული?
– მე სულ ვარ შეყვარებული – მიყვარს დილა, მცენარე, სიცოცხლე, მეგობრები, ურთიერთობა, ცხოველები და, აქედან გამომდინარე, სულ ვარ შეყვარებული.
— ეს გშველით რთულ პერიოდებში?
– ასეთ დროს ძალიან კარგია ქალაქიდან გასვლა, ადამიანებთან ურთიერთობა, ჩემი ანტიდეპრესანტები არიან ცხოველები. ყოველთვის ვცდილობ, დავსაქმდე და ასე გადავიტანო განცდები. მე არ ვარ დეპრესიული, თუმცა ყველა ადამიანს აქვს პატარ-პატარა პრობლემები.
ყველაზე მძიმე პერიოდი მქონდა, როდესაც ოჯახი დამენგრა. ეს მოხდა 18 წლის წინ და, სიმართლე გითხრათ, ის შეგრძნება აღარც კი მახსოვს. სულ ვფიქრობ ხოლმე, რა ტყუილად დავხარჯე ამდენი წლები რაღაცებში.
— შესაძლებელი რომ იყოს, ცხოვრებას თავიდან დაიწყებდით?
– თავიდან არ დავიწყებდი, მაგრამ რაღაცებს შევცვლიდი. ყველას არ დავუჯერებდი და აღარავის გადავყვებოდი თან. 5 წლით უკან რომ დავბრუნდე, ძალიან მაგარი იქნებოდა.
— ნანობთ იმ შეცდომებს, რაც წარსულში დაუშვით?
– ორადორ შეცდომას ვნანობ – ადამიანებისადმი ნდობას და სულსწრაფობას. მაგრამ, იცით, რა არის? ცხოვრება მიდის წინ, ამიტომ არასოდეს უნდა გაიხედო უკან.
— შთაბეჭდილება მრჩება, რომ, მიუხედავად თქვენი სიხალისისა, ძალიან გულნატკენი ხართ. ეს ტკივილი მეგობრებს უკავშირდება?
– ახლო ადამიანებს, ვიდრე მეგობრებს. ჩემ გარშემო ნამდვილად ერთგული მეგობრები არიან. ჩემს ქალიშვილს ვეუბნები, რომ არსებობს საცერი, რომელში გატარების შემდეგ შეიძლება გაიცხრილოს უმრავლესობა და დარჩეს, პირობითად გეუბნებით, 12 წლის წინ შეძენილი ადამიანი. ეს ცხოვრებაა და ჯობია, ამ გაცხილვამდე არ მიიყვანო საქმე.
— თეატრთან დაკავშირებით რაიმე ახალი ხომ არ ხდება?
– არაფერიც არ ხდება. ჩვენი თეატრი იყო “თეატრალური სარდაფი”, რომელიც დღეს აღარ არსებობს. მაქვს ასეთი პრინციპი – ყოველდღე რაღაცას ვსწავლობ, მაგრამ, როდესაც დადგა ეტაპი და თეატრში ვეღარაფერი ვისწავლე, ვეღარ გავიზარდე, წყნარად წამოვედი.
— თეატრს სამუდამოდ დაემშვიდობეთ?
– მე დღესაც მინდა თეატრში, მაგრამ შემოთავაზება არ ყოფილა. ნატუკა გულისაშვილს იცნობს უამრავი ადამიანი, შესაბამისად, რეჟისორების წრეც და ჩემი ტიპაჟი თუ დასჭირდებათ, აქ ვარ. უმიზეზოდ მივიდე, დავჯდე და ერთი ჭიქა დავლიო იმის გამო, რომ გამიხსენონ და როლზე დამამტკიცონ, ჩემში არ ზის.
გიორგი საკარული, სარკე

