ნანა მჭედლიძე: ,,იმერულ ესკიზებში” ჩემი ცხოვრებაა ასახული”

ნანა მჭედლიძე: ,,იმერულ ესკიზებში" ჩემი ცხოვრებაა ასახული"“იმერული ესკიზები” – ფილმს, რომელიც ქართული კინოს კლასიკად იქცა, ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. ამ ფილმის გადაღების იდეა ჩემი ბავშვობის მონატრებიდან წამოვიდაო, გვითხრა რეჟისორმა ნანა მჭედლიძემ და თავის ცხოვრებაზე, ოჯახსა და შემოქმედებაზე მოგვიყვა:

– ბავშვობიდან მაინტერესებდა თეატრიც და კინოც. ხონში ვცხოვრობდით. თბილისში საცხოვრებლად რომ გადმოვედი, მეშვიდე კლასში ვიყავი.

დედა 1937 წლის რეპრესიების მსხვერპლია. როდესაც იგი გადაასახლეს, მე და ჩემი ძმა მარტო დავრჩით და ცოტა ხანში თბილისში წამოვედით. “იმერულ ესკიზებში” ალბათ გახსოვთ ეპიზოდი, როგორ დგამენ ბავშვები სპექტკალებს. ჩემს ბავშვობაში ხდებოდა ასე – ვმართავდით სპექტაკლებს, წარმოდგენებს.

ჩემი სახლის წინ ორი ნაძვი იდგა, გავაბამდით ბაწარს, გადავკიდებდით ტილოს, საღამოს ჟამს ლამპას დავდგამდით და, როცა ვთამაშობდით, ჩანდა ლანდი, ვითომ კინო იყო…

მამა 20 წლის ბიჭი იყო, სერგო ორჯონიკიძეს რომ ებრძოდა. როცა გასაბჭოება მოხდა, დაიჭირეს, დახვრეტა მიუსაჯეს. ბებიამ ვიღაც გავლენიანი ნათესავი ნახა, გვარად ელიავა და მამა ციხიდან დაიხსნა. მამამ ციხეში ერთი წელიწადი დაჰყო, შემდეგ ხონში გაგზავნეს.

ამბობდნენ, რომ ერთ ძალიან ლამაზ, ახალგაზრდა ქალს უყვარდა. როცა დაჭერილი იყო, იგი ციხის უფროსთან მისულა თხოვნით, რომ მამაჩემი გამოეშვათ, ციხის უფროსს კი უთქვამს, თუ ცოლად გამომყვები, გამოვუშვებო. მართლაც გამოუშვეს.

დედამ და მამამ ერთმანეთი ხონში ნახეს და შეუღლდნენ. მოკლედ, თუ რამე საინტერესო პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში, ეს ბავშვობის წლები იყო.

— დედათქვენი რატომ დაიჭირეს?

– დედაჩემი ძალიან სერიოზული პროფესიონალი იყო. მახსოვს, მაშინ პირველად შემოვიდა საქართველოში ნაძვის ხის ზეიმი, მანამდე აკრძალული იყო. სანთლები უნდა ავანთოთო, სკოლაში გვითხრეს. დედამ თქვა, სანთლები რად გინდათ, როცა ელექტროენერგია არისო. მაინც აანთეს და მოხდა ხანძარი. დედამ თქვა, კიდევ კარგი ბავშვებს არაფერი მოუვიდათო.

ნათქვამი სხვაგვარად გაიგეს, ვითომ ეს დედამ მარტო თავის შვილებზე თქვა და არა – სხვა ბავშვებზე. ამას კუდი გამოება. მაშინ ყველაფერზე იჭერდნენ და დედაც დაიჭირეს. 12 წელი გადასახლებაში იყო. ფილმს რომ ვიღებდით ხონში, მთელი ჩვენი გადამღები ჯგუფი გაკვირვებული იყო, რამდენ რამეს გვიყვებიან დედაშენზე, როგორი კარგი ქალი და საინტერესო პიროვნება ყოფილაო.

გადასახლებიდან 12 წლის შემდეგ დაბრუნდა და რამდენიმე თვეში გარდაიცვალა. თბილისში ცხოვრების უფლება არ ჰქონდა. ჩვენ, მე და ჩემი ძმა, მანამდე გადმოვედით თბილისში საცხოვრებლად, მამიდებთან და დეიდასთან ვიყავით, ტურისტებივით გვაქვს მოვლილი მთელი ნათესაობა. ხომ იცით, როგორია უდედმამო ბავშვის ბედი.

— საიდან წამოვიდა “იმერული ესკიზების” იდეა?

– ამ ფილმის იდეა ჩემი ბავშვობის მონატრებიდან წამოვიდა. რაც გამახსენდა, აღვწერე, ის, რაც ერთ ფილმში ჩაეტეოდა, თორემ უამრავი რამ მქონდა გასახსენებელი, ძირითადად – დრამატული სიტუაციები. მაგალითად, ის, რომ დედაჩემი, სრულიად უდანაშაულო ქალი, დაიჭირეს და გადაასახლეს.

რა თქმა უნდა, ამ ფილმში ჩემი ცხოვრების ეპიზოდებია ასახული, თუნდაც ის, რომ ბავშვებს დედა არ ჰყავთ და ბებია ზრდის, როგორია მათი საზაფხულო არდადეგები ხონში და ასე შემდეგ. არაფერია მოგონილი, ყველაფერი ჩემ თვალწინ ხდებოდა.

ნანა მჭედლიძე: ,,იმერულ ესკიზებში" ჩემი ცხოვრებაა ასახული"— როდის დაიწყეთ ამ ფილმის გადაღება?

– ფილმი გადაღებულია 1979 წელს. ზამთრის პერიოდი იყო. ადამიანი როდესაც მარტო რჩები საკუთარ თავთან, გიჩნდება სურვილი, გადაავლო თვალი განვლილ ცხოვრებას. მეც გამიჩნდა ნოსტალგია, განსაკუთრებით – ჩემი ბავშვობის მიმართ და გადავწყვიტე, ფილმში გადმომეცა.

ერთ მშვენიერ დღეს დავჯექი და დავწერე ყველაფერი. სანამ ფილმზე მუშაობას დავიწყებდი, პატარა მოთხრობები მქონდა დაწერილი, ასე ერქვა – “იმერული ესკიზები”. შემდეგ გადავიტანე ეკრანზე.

— ფილმში არ თამაშობენ ცნობილი მსახიობები. რატომ გადაწვიტეთ ასე?

– ძალიან მინდოდა, ეთამაშათ არა ცნობილ მსახიობებს, არამედ იმ ადამიანებს, რომლებიც ხონში ნანა მჭედლიძე: ,,იმერულ ესკიზებში" ჩემი ცხოვრებაა ასახული"ცხოვრობდნენ. არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებდი მთავარი როლის შესრულებას, აზრადაც არ მომსვლია. ამ როლისთვის გონებაში სესილია თაყაიშვილი მყავდა, მაგრამ მოხდა ისე, რომ, როცა გაადაღებაზე მივდიოდით, სესილია ავად გახდა.

საგონებელში ჩავვარდი. მერე ვიფიქრე, ქეთევან ბოჭორიშვილს ვათამაშებ-მეთქი, რომელიც “ჯარისკაცის მამაში” სერგო ზაქარიაძის ცოლის როლს ასრულებს. მართალია, ქართლელი იყო, მაგრამ შეიძლებოდა ეთამაშა. გავიარეთ გორში და დავინახე, ეს ქალი ყავარჯნებით მოდის, დაცემულა და ფეხი მოუტეხია. კინოსტუდიის დირექტორ რეზო ჩხეიძეს მივეცი სიტყვა, რომ აუცილებლად ვიპოვიდი მთავარი როლის შემსრულებელს.

ჩემთან ერთად იყო რეზო ესაძე, რომელსაც ეპიზოდური როლი უნდა ეთამაშა. მან მითხრა, მოდი, შენ თვითონ ითამაშეო. ჯგუფის დირექტორმაც მითხრა, მოსინჯე შენი თავი და, თუ არ მოგეწონება, ნუ ითამაშებო.

პირველი სასინჯი გადაღება იყო ეპიზოდი, “ოტელოს” წარმოდგენა რომ იმართება. შევხედე მასალას, მომეწონა, ვიფიქრე, არა უშავს-მეთქი, სხვებს უფრო მეტად მოეწონათ და ასე დავრჩი ფილმში.

ნანა მჭედლიძე: ,,იმერულ ესკიზებში" ჩემი ცხოვრებაა ასახული"— პატარა გოგონას, ანას, როლის შემსრულებელზე რას გვეტყოდით, სად ნახეთ იგი?

– სხვათა შორის, ამ ბავშვის როლის შემსრულებელსაც ვეძებდი. მთელი საქართველო მოვიარე მის ძებნაში. მინდოდა, ხასიათი დამეჭირა. პიონერთა სასახლეში გავსინჯე უამრავი ბავშვი, ერთმანეთზე უკეთესები იყვნენ, მაგრამ ის, ვინც მე მჭირდებოდა, ვერ ვნახე.

ფილმს ძირიდად ხონსა და თერჯოლაში ვიღებდით. ეს ბავშვი თვითონ მოვიდა ჩვენთან. რომ ჩავედი ხონში. გავედი სკოლაში ბავშვების ასარჩევად, აპარატი ხონის ცენტრში, ბაღში იდგა. როცა დავბრუნდი, მითხრეს, ნანა, ზუსტად ისეთი ბავშვი მოვიდა, როგორიც შენ გინდოდაო. მაჩვენს ნანა, რომელიც მაშინ 7 წლის იყო. რაღაც საცოდავი ჩანდა – მოკლესახელოებიანი პალტო ეცვა, დახეული ფეხსაცმელები, თითები უჩანდა, მხარზე ჩანთა ჰქონდა გადაკიდებული.

გაკვეთილები დამთავრებულა და ვიღაცას უთქვამს, კინოს იღებენებო. სეირის საყურებლად მოვიდა. ძალიან ცოცხალი ბავშვი იყო. რომ დავაყენეთ აპარატურასთან, თითქოს აპარატთან ყოფილიყო დაბადებული, ისე იქცეოდა, მაშინვე დავამტკიცეთ როლზე.

— როგორც მახსოვს, რაღაც პერიოდი ეს ბავშვი თქვენს სახლში ცხოვრობდა.

– როცა ფილმს ვახმოვანებდით, ისიც ახმოვანებდა და ჩემთან, სახლში ცხოვრობდა. სხვათა შორის, მონათლული არ იყო და მე მოვნათლე. ვინმე რომ დარეკავდა კარზე ზარს, აქედან გაჰყვიროდა – მობრძანდით, მობრძანდითო. ჩემი გამზრდელი, ვერა, ეუბნებოდა, გოგო, ჯერ გაიხედე, ნახე, ვინ არის და მერე უთხარი, მობრძანდი, ასე არ შეიძლებაო. კარგიო, იტყოდა, მეორე წუთში ავიწყდებოდა და ისევ იძახდა, მობრძანდითო.

ძალიან სასაცილო იყო, ვერ გადმოგცემთ, ისეთი სასაცილო. მერე ნანა გადავიღე საბავშვო ფილმ-ზღაპარში “უკვდავების თეთრი ვარდი”.

— ზრდასრული ანას როლს ვინ თამაშობს?

– მაგდა მჭედლიძე, ჩემი ქალიშვილი. სკოლა რომ დაამთავრა, ძალიან უნდოდა თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარება, მაგრამ მე არ ვურჩიე. მერე ქვეყანაში არეულობა იყო. როცა გასინჯეს, აღმოჩნდა, რომ აღარ ჰქონდა ის სითამამე და ნიჭი, რაც მსახიობს სჭირდება, არადა ბავშვობაში ეს ორივე ნამდვილად ჰქონდა.

შეიძლება დაკომპლექსდა, თან მაშინ ისეთი დროც იყო, მსახიობებისთვის არავის ეცალა. სრულიად უპერსპექტივო პროფესია გახდა. ნიჭიერიც რომ იყოს ადამიანი, მარტო ეს არ კმარა, ხასიათი უნდა გქონდეს, ადამიანებთან კონტაქტის დამყარების უნარი უნდა გაგაჩნდეს, დიპლომატია. ბედის ამბავიც არის.

— როგორ ფიქრობთ, გაამართლა ამ ფილმმა? მასში ხომ არაპროფესიონალი მსახიობები თამაშობენ.

– იმერეთი თვითონ არის არტისტული მხარე, იქ ყველა არტისტია. რასაც ვეუბნებოდი, ზუსტად ისე აკეთებდნენ. მინდოდა, დამეფიქსირებინა ნატურალური სახე, თუმცა, გეთანხმებით, მსახიობი რაც უფრო დიდია, მით უფრო ბუნებრივია როლიც და მთლიანად ფილმიც.

— იდეაში გქონდათ ისეთი რამ, რაც ვერ განახორციელეთ ამ ფილმში?

– მაგალითად, ფინალი სხვანაირად მქონდა მოფიქრებული. ანა ჩამოდის სოფელში და დაინახავს, რომ ირგვლივ ყველაფერი შეცვლილია – დანგრეულია იმერული სახლები და სხვა შენობებია აღმართული, თანამედროვე. არ მოგვცეს უფლება და ეს ეპიზოდი ამოვიღეთ. კიდევ იყო ასეთი სიუჟეტი, რეალურად ჩვენთან, ხონში, გასვენების დროს აუცილებლად მოჰქონდათ წითელი დროშა. ეს დროშა გამოვიყენე ფილმში და დიდი ეფექტი ჰქონდა ამ ეპიზოდსაც, მაგრამ მოსკოვმა არ მოიწონა.

“სარკე”, 2004 წელი, N15