მანანა კოზაკოვა: ,,მე და ჩემმა ქმარმა ძალიან დიდი შეცდომა დავუშვით”

მანანა კოზაკოვა: ,,მე და ჩემმა ქმარმა ძალიან დიდი შეცდომა დავუშვით"მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი მანანა კოზაკოვა არ მალავს, რომ ქმარი, რეჟისორი ლევან წულაძე – ჭოლა, როლებით ანებივრებს. მათი წყვილი თეატრშიც და ოჯახშიც ჰარმონიულად “თანამშრომლობს”, თუმცა სანამ ამ იდილიურ ურთიერთობას მიაღწევდნენ, მრავალნაირი ეტაპები გაიარეს, მათ შორის – კონფლიქტებისა და დათმობების.

– ქალბატონო მანანა, ბოლო დროდ თქვენს რომელ ნამუშევარს გამოარჩევდით, რომლის მიმართ გაქვთ განსაკუთრებული დამოკიდებულება?

-გამოვარჩევდი სპექტაკლს “უსახელო ვარსკვლავი”, რომელიც მამაჩემს (რუსი მსახიობი მიხეილ კოზაკოვი. ავტ.) ეძღვნებოდა. ეს სპექტაკლი ლევანმა დადგა, ვთამაშობ მადამ ფუფუს, გარეგნულად უხეშ, პედანტ ქალს, სინამდვილეში კი სითბოთი და რომანტიკით სავსეს.

– თავად როგორი ხართ – თბილი, რომანტიკული?

– ალბათ თითოეული ადამიანისთვის – სხვადასხვანაირი. რომანტიზმის გარეშე ჩვენი პროფესია წარმოუდგენელია. არ არის აუცილებელი, ყველა ის ისტორია გადაგხდეს თავს, რაც შენს პერსონაჟს შეემთხვა, მაგრამ ფანტაზიით ასრულებ და შენს თავს მის ადგილას წარმოიდგენ. ძლიერი წარმოსახვა თუ არ გაქვს, რთულია ამა თუ იმ ნაწარმოების გათავისება.

– თქვენს შემოქმედებით გზაზე იყო შანსები, რომლებიც ვერ გამოიყენეთ?

– იყო პერიოდი, როცა უარს ვამბობდი როლზე. მაგალითად, ერთ ფილმში თამაშს არ დავთანხმდი. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და ისეთი სცენები მქონდა სათამაშო, უარი ვთქვი.

– ეროტიკულ სცენებს გულისხმობთ?

– მსგავსი სცენები იყო. ჩვენთან დიდად არ იციან ამის გადაღება და ვერ გავრისკე.

– უარი კომპლექსების გამო თქვით, მაგალითად, რას იტყოდა ოჯახის წევრი, ქმარი და ა.შ.?

– არა, ეს არაფერ შუაში იყო, უბრალოდ საქართველოში არ იციან ამის გადაღება. მეგობარი მიყვებოდა, საზღვარგარეთ ასეთი სცენის გადაღების დროს მსახიობს საჯდომზე გრიმს 2 საათზე მეტხანს უკეთებდნენ, სპეციალურად აყენებდნენ განათებას.

საზღვარგარეთულ კინოში სახეზე მეტად ტანზე აკეთებენ გრიმს. დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ნაკლოვანებები თვალშისაცემი არ იყოს. უცხოელ მსახიობებსაც აქვთ ცელულიტი, მაგრამ მაქსიმალურად არის შელამაზებული და მხატვრულ სახედაა ქცეული.

დღეს ამ უარს არ ვნანობ. თეატრში კი როლზე უარი არასდროს მითქვამს. პრეტენზიულობით არ გამოვირჩევი.

– რეჟისორი ქმარი განებივრებთ როლებით?

– ნამდვილად ხშირად მწყალობს. ვერ ვიტყვი, რომ უმუშევრობას შევუწუხებივარ, ერთად საქმეშიც კომფორტულად ვგრძნობთ თავს. რა თქმა უნდა, ყველაზე მეტ შენიშვნას მე ვიღებ. არ მიბრაზდება, უბრალოდ სხვა მსახიობებზე მეტს მთხოვს.

– 20 წელზე მეტია ცოლ-ქმარი ხართ. თეატრალურ სამყაროში ცოტა ოჯახი თუ ითვლის ამდენ წელს. რა არის ამ ერთობის საიდუმლო?

– ვერ ვიტყოდი, რომ თეატრალურ სამყაროში ოჯახები არ არის მყარი და მრავალწლიანი. ექიმების წყვილებიც შორდებიან ერთმანეთს, ინჟინრებისაც და ჟურნალისტებისაც.

რაც შეეხება საიდუმლოს, უბრალოდ უნდა ისწავლო, რომ რაღაც უნდა მოითმინო და დათმო ის, რისი დათმობაც შეგიძლია, რაც არ დაგთრგუნავს. ზოგჯერ არის სიტუაცია, როცა იჩხუბებ და მერე ხვდები, რომ მარტივად შეიძლებოდა რაღაცის დათმობა.

მე და ლევანი 23 წელია ცოლ-ქმარი ვართ და ამ წლების განმავლობაში ყველაფერი იყო – კონფლიქტებიც, გაუგებრობაც, გაუცხოებაც. ყველაფერი გვქონდა, რაღაც პროცესები ჩვენც გავიარეთ, მაგრამ მეტი წილი პოზიტიური რაღაცები გვაკავშირებს.

– რომელი უფრი ეჭვიანი ხართ – თქვენ თუ ბატონი ლევანი?

– არც ერთი. ჩვენ შორის ეს თემა არასდროს გაჩენილა, რომ ამაზე ფიქრისთვის დრო დამეთმო.

– ერთადერთი ქალიშვილი გყავთ. არ ნანობთ, რომ მეტი შვილი არ გააჩინეთ?

– დიდი სინანული ახლავს ამას. თავის დროზე ძალიან დიდი შეცდომა დავუშვით, მერე კი აღარაფერი გამოვიდა.

ჩვენი ქალიშვილი “სუხიშვილებში” ცეკვავს. ლევანს ყოველთვის უნდოდა, რომ მსახიობი გამოსულიყო, მაგრამ მან სხვა გზა აირჩია. ჩვენ არასდროს ვტოვებთ მის კონცერტებს. სცენაზე როცა ვუყურებ, ლევანი მეუბნება, რომ საშინლად ვიქცევი, სახე მელეწება, ვნერვიულობ, ცრემლები მომდის, არაადეკვატური ვხდები.

მე და თინათინი მეგობრები ვართ, გახსნილი ურთიერთობები გვაქვს, ვკამათობთ კიდეც. არაფერს გვიმალავს.

– მამასთანაც გახსნილია?

– მასთან სხვანაირი სიახლოვე აქვს. ყველაფერს ისე არ უყვება, როგორც მე, რადგან ხედავს, რომ ის უფრო მეტად ღელავს. მამაკაცია, სხვა რეაქციები აქვს.

თინათინი კარგი მაყურებელია, კარგი შემფასებელია. არ არსებობს, რეპეტიციაზე ან პრემიერაზე არ მოვიდეს.

– წლების მატებას ზოგიერთი ქალი ძალიან მტკივნეულად განიცდის და ასაკთან შეურიგებელ ბრძოლას იწყებს. თქვენ როგორ ხვდებით თითოეულ წელს?

– ასაკთან ბრძოლა წინასწარ არის განწირული წასაგებად. რას ვიზამთ, ყველა ქალი გაივლის ამ ეტაპებს. რამდენადაც შემიძლია, თავს ვუვლი, ვცდილობ, ფორმაში ვიყო. ყველა ასაკში მომხიბლავი უნდა იყო.

– რა პლუსი აქვს თქვენს ასაკს?

– გამოცდილება. პატარა გოგო აღარ ხარ, ბევრი ეტაპი გაქვს გავლილი. რომ მახსენდება, 17-18 წლის ასაკში თვითდამკვიდრებისთვის რამდენი შინაგანი ბრძოლა მქონდა, მეღიმება. არაფერი იცი, დისჰარმონიაში ხარ საკუთარ თავთან, გამოცდილება კი სიმშვიდეს გაძლევს. უფრო ფილოსოფიურად, ირონიულად უყურებ საკუთარ თავს და არ გეშინია.

ლანა კიკნაძე, სარკე