კბილში დამალული ბრილიანტი და ერეკლე მეფის ჯადოსნური სასმისი – ბაგრატიონ-მუხრანელთა დანგრეული ბუდე და უცნაური ისტორიები

კბილში დამალული ბრილიანტი და ერეკლე მეფის ჯადოსნური სასმისი -  ბაგრატიონ-მუხრანელთა დანგრეული ბუდე და უცნაური ისტორიებინიკა ბაგრატიონ-მუხრანელისა და მისი წინაპრების ცხოვრება სევდიან ფილმს ჰგავს, სადაც ზღაპრული ამბებია მოთხრობილი. მისი უახლოესი ადამიანები, დეიდები და ბიძა, საქართველოში ბოლშევიკების მოსვლის შემდეგ საფრანგეთში გაემგზავრნენ და იქ დამკვიდრდნენ. მათი ერთადერთი მემკვიდრე ნიკა იყო. საფრანგეთში დისშვილს უამრავი ქონება და რამდენიმე სახლი დაუტოვეს. მან კი ყველაფერი მიატოვა და თავის ქალაქში დაბრუნდა.

მეუღლესთან, ქალბატონ ანჟელასთან ერთად მარტო ცხოვრობდა. შვილი არ დარჩათ. მათთვის დღეები წარსულის მოგონებებში გარბოდნენ… ამ მოგონებებში ,,სარკის” მკითხველსაც “ვამოგზაურებთ”.

დაშლილი ოჯახი

ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ ნიკას პაპამ, დიდმა ნიკომ (ის ისტორიაში ნიკო ბურის სახელით შევიდა, რადგან ბურების ომში მონაწილეობდა. უცხოეთში მას ქართველი პრინცი შეარქვეს, რომელიც დენდივით გამოწყობილი დადიოდა და მშვენიერი სქესის ყურადღებას მუდმივად იპყრობდა), გადაწყვიტა, ოჯახი სამშვიდობოს გაეყვანა. იმ პერიოდში ქვეყანას უამრავი ადამიანი ტოვებდა. ნიკომ მხოლოდ 3 ბილეთი იშოვა. მას 4 შვილი ჰყავდა – ნატაშა, ირენი, ალექსანდრე (შურა) და რუსუდანი.

ბათუმის პორტიდან უცხოეთში მისი ნათესავი ვაჩნაძის ქალიც მიემგზავრებოდა. მამამ სამი შვილის ბედი იმ ქალს ანდო. ნატაშა, ალექსანდრე და ირენი ჯერ სტამბულში ჩავიდნენ, იქიდან მარსელში გაემგზავრნენ, შემდეგ კი – პარიზში.

ნიკოს იმედი ჰქონდა, ბოლშევიკურ ჯოჯოხეთს თავადაც თავს დააღწევდა და მეუღლესთან და ქალიშვილ რუსუდანთან ერთად უცხოეთში გაემგზავრებოდა, მაგრამ ლენინმა გამოსცა ბრძანება, რომ საზღვრები ჩაეკეტათ. ასე დარჩა უცხო ქვეყანაში მშობლებსა და თავის ქვეყანას მოწყვეტილი სამი უმწეო ბავშვი.

სულხან-საბას ხელნაწერი

ბოლშევიკები უცხოეთში მიმავალ მგზავრებს მკაცრად აკონტროლებდნენ. მათ საქართველოდან სიმდიდრის გატანის უფლება არ ჰქონდათ. მშობლებმა პატარა შურას კბილში ბრილიანტი ჩაუდეს, საფრანგეთში თავი რომ როგორმე გაეტანათ. მათ სწორედ ის ბრილიანტი გაყიდეს და პარიზის ერთ-ერთ ქუჩაზე პატარა კაფე გახსნეს.

პარიზში უამრავი კაფე იყო. ბაგრატიონ-მუხრანელების კაფეში არავინ შედიოდა. უფროსმა დამ, ნატაშამ, და-ძმა შიმშილისგან რომ ეხსნა, თავისი ყველაზე ძვირფასი განძი, რომელიც უცხოეთშიც თან გაიყოლა, ლომბარდში დააგირავა. მისი სანუკვარი განძი სულხან-საბა ორბელიანის “სიბრძნე სიცრუისა” გახლდათ. თურმე სულხან-საბას მათი წინაპრისთვის საკუთარი ხელით გადაწერილი წიგნი უბოძებია, რომელსაც ავტორის ხელმოწერაც ამშვენებდა. ბავშვებმა ლომბარდიდან წიგნის დახსნა ვერ შეძლეს. 3 თვის შემდეგ “სიბრძნე სიცრუისა” გასაყიდად აუქციონზე გაიტანეს.

აუქციონს ნატაშაც ადევნებდა თვალს. წიგნი ინგლისის საელჩოს თანამშრომელმა, ინგლისელმა ლორდმა შეიძინა. ნატაშა მასთან მივიდა და უთხრა, ეს წიგნი ჩემია, მისამართი მომეცით, თუ ოდესმე ფული მექნება, თქვენგან გამოვისყიდიო. ინგლისელმა თავისი მისამართი ჩააწერინა.

ამ ამბიდან წლები გავიდა. უმშვენიერესი ქართველი გოგონა ფრანგი ბურჟუას, ტურანჟენის, მეუღლე გახდა. ტურანჟენს საფრანგეთში ღილების დამამზადებელი რამდენიმე ფაბრიკა ჰქონდა და საკმაოდ მდიდარი გახლდათ. ნატაშამ ქმარს წიგნის გამოსასყიდი თანხა სთხოვა. მისგან თანხმობა მიიღო და “სიბრძნე სიცრუისას” ინგლისელ მფლობელს წერილი გაუგზავნა, სადაც სთხოვდა, წიგნი მიეყიდა.

დადებითი პასუხი მიიღო და შეხვედრის დროც დათქვეს, მაგრამ ნატაშამ ინგლისში დროულად ჩასვლა ვერ მოახერხა, 3 დღე დააგვიანა. წიგნის მფლობელმა კი მას კარი მიუხურა, დღეს სხვა რიცხვია და წიგნის ღირებულებაც შეიცვალაო. უცხოელმა წიგნის ფასი კარგად გაიგო. დღემდე სულხან-საბას ხელით დაწერილი “სიბრძნე სიცრუისა” უცხოეთშია.

ერეკლე მეფის უნიკალური სასმისი

სულხან-საბა ბაგრატიონ-მუხრანელების ოჯახს კარგად იცნობდა. როცა ის საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XIV-ის კარზე იმყოფებოდა, ამ უკანასკნელმა საქართველოს დესპანს ოქროს სამაჯური მისცა და უთხრა, ქართველთა მეფის ოჯახისთვის გადაეცა. დესპანმა იგი მეფეთა შთამომავლებს – ბაგრატიონ-მუხრანელებს გადასცა.

ნიკო ბური შვილების ნახვას ვეღარ მოესწრო. მისმა მეუღლემ, ანამ და ქალიშვილმა, რუსუდანმა, ოჯახის წევრებს ათეული წლების შემდეგ საფრანგეთში ჩააკითხეს.

რუსუდანმა დებს ოჯახური რელიქვია ჩაუტანა, მათ შორის – ოქროს სამაჯური, მარიამ დედოფლის საყურეები და ერეკლე მეფის ნაქონი სასმისი. არავინ იცის, სასმისი რა ნივთიერებისგან იყო გაკეთებული. მას უცნაური თვისება ჰქონდა – შხამიანი სითხე მასში მომწამლავ თვისებას კარგავდა. ერეკლე მეფე ღვინოს მხოლოდ ამ სასმისით სვამდა.

და-ძმის გარდაცვალების შემდეგ ეს ნივთები საფრანგეთში დარჩა. წლების შემდეგ ქართველმა მკვლევარმა, მწერალმა რეზო თაბუკაშვილმა, მხოლოდ მარიამ დედოფლის (ბაგრატიონ-მუხრანელებმა არ იციან, კონკრეტულად რომელი დედოფლის სამკაულია. სავარაუდოდ, იგი გიორგი მეთორმეტის მეუღლეს, მარიამს, ეკუთვნოდა. ავტ.) საყურეების ჩამოტანა მოახერხა.

ბატონი რეზო საფრანგეთში ირენს შეხვდა. ირენმა მას საყურეები გადასცა და უთხრა, არ მინდა, ჩემი სიკვდილის შემდეგ სხვას დარჩეს, საქართველოს მუზეუმს გადაეციო. მაშინ ასეთი ნივთების წამოღება ბევრ სირთულესთან იყო დაკავშირებული. იმ პერიოდში საფრანგეთიდან საქართველოში კალისტრატე სალიას არქივს აგზავნიდნენ. საყურეები არქივში მოათავსეს და საქართველოში ისე ჩამოიტანეს. დღეს ეს სამკაული მუზეუმშია დაცული.

სხვა ქვეყნის სამოთხე

კბილში დამალული ბრილიანტი და ერეკლე მეფის ჯადოსნური სასმისი -  ბაგრატიონ-მუხრანელთა დანგრეული ბუდე და უცნაური ისტორიებისაფრანგეთში მცხოვრებ დებს უნდოდათ, რუსუდანის ვაჟი, ნიკა, თავად აღეზარდათ. თურმე დას შეუთვალეს, ბავშვს ჩვენ ვიშვილებთ, აქ ვუპატრონებთო. რუსუდანმა წლინახევრის შვილი ბრესტის საზღვრამდე მიიყვანა, ბავშვის გადაცემას დიპლომატები ესწრებოდნენ.

დედამ ბავშვი რომ გაუწოდა, ბოლო წამში გადაიფიქრა, ერთადერთი ვაჟი ისევ გულში ჩაიხუტა და უკან გაბრუნდა. მთელი ცხოვრება იმას ამბობდა, რა ბედნიერი ვარ, ბავშვი რომ არ გავატანეო.

დეიდებმა ნიკას საფრანგეთში ცხოვრება შესთავაზეს. ისიც რამდენიმე თვით გაემგზავრა. დეიდებმა მის მეუღლეს, ანჟელას, დაურეკეს, ყველაფერი გაყიდე და სასწრაფოდ ჩამოდიო. მეორე დღეს კი ცოლს ნიკამ დაურეკა და უთხრა, არაფერი გაყიდო, აქ ვერ გავძლებ, უკან უნდა დავბრუნდეო.

მართლაც, რამდენიმე დღეში საქართველოში დაბრუნდა. სასახლეებზე უარი თქვა და ერთ გოჯ მიწაზე აშენებულ პატარა სახლს დაუბრუნდა. მოხუცი ცოლ-ქმარი ამ ამბავს ყოველთვის სიამოვნებით იხსენებდნენ.

“გული არაფერზე გვწყდება, იქ ვერ გავჩერდებოდით. აქ შენი ერთი ამოკვნესაც კი მეზობლებს ესმით, გაჭირვება გულთან ახლოს მიაქვთ. უცხო ქვეყანაში კი რა გვინდოდა?! ბედნიერი ვარ, რომ ასეთი გადაწყვეტილება მივიღე”, – ამბობდა ბატონი ნიკა.

და-ძმის გაუხარელი ბედი

და-ძმა უცხოობაში ისე გარდაიცვალნენ, რომ სამშობლოს ხილვას ვერ ეღირსნენ. ალექსანდრე კოლეჯში სწავლობდა. ძმას ნატაშა პატრონობდა. ერთ დღეს ალექსანდრე ველოსიპედიდან გადმოვარდა და თავის ტრავმა მიიღო. მენინგიტის რთული ფორმა განუვითარდა. მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა.

ალექსანდრე 29 წლის ასაკში გარდაიცვალა, შვილი არ დარჩენია. ვაჟის გარდაცვალებას საქართველოში დარჩენილ დედას, ანას, არ უმხელდნენ, ეუბნებოდნენ, შურამ ხელი მოიტეხა, ძალიან დაუზიანდა და წერა აღარ შეუძლიაო.

ანამ შვილები განშორებიდან 60 წლის შემდეგ ნახა. საფრანგეთში რომ ჩავიდა, ალექსანდრეს საფლავზე წაიყვანეს და სიმართლეც მაშინ გაუმხილეს. შვილის საფლავთან დაჩოქილი ანა დიდხანს ტიროდა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ცოტა ხანს იცოცხლა, ერთ წელში გარდაიცვალა.

ირენის სილამაზეზე თურმე ლეგენდებს ყვებოდნენ. თავისი ხიბლი მოხუცებულობაშიც ჰქონდა შენარჩუნებული. ახალგაზრდობაში საქმრო ჰყავდა, ულამაზესი ქართველი ვაჟკაცი, ვალერი მესხი. იგი დიპლომატი იყო და ხშირად უწევდა თვითმფრინავით მგზავრობა. ერთ-ერთი ასეთი მგზავრობისას გული გაუსკდა და გარდაიცვალა.

ულამაზესმა ირენმა საქმროს ბოლომდე უერთგულა და აღარ გათხოვილა. დანაზოგი ფულით ქართველებისთვის საფრანგეთში მოხუცთა თავშესაფარი გახსნა. პანსიონატში ბევრი ცნობილი ქართველი გარდაიცვალა. გიგუშა ერისთავმა და გალაკტიონის მუზამ, მერი შერვაშიძემ, სიცოცხლის უკანასკნელი წლები სწორედ ირენის დაარსებულ მოხუცებულთა თავშესაფარში გაატარეს.

რუსუდანის ცხოვრებაც საკმაოდ მძიმე იყო. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ თითქმის ყოველდღე იჭერდნენ და დასაკითხად მიჰყავდათ. რამდენიმე უცხო ენას ფლობდა და იმის ნებას არ აძლევდნენ, ბავშვებისთვის ესწავლებინა.

“დებთან საფრანგეთში რომ გაემგზავრა და თან განძი წაიღო, მოსკოვში ძალიან გააწვალეს. ბარგი ჩამოართვეს და უთხრეს, ჩვენ გავაგზავნითო. მატარებელში განერვიულებული ჩაჯდა.

ერთმა იაპონელმა მგზავრმა ჰკითხა, რა გაწუხებთო. რუსუდანმა უპასუხა, თავი მტკივა, ძალიან დავიღალეო. იაპონელმა თავის ტკივილის გასაყუჩებელი რაღაც ფხვნილი მისცა. ტკივილი კი გაუყუჩდა, მაგრამ იმ დღის შემდეგ მეხსიერება თანდათან წაერთვა. საფრანგეთიდან რომ დაბრუნდა, ცოტა ხანში მეხსიერება საერთოდ დაკარგა, აღარაფერი ახსოვდა. ამ მდგომარეობაში რამდენიმე წელი იცხოვრა”, – ყვებოდა ქალბატონი ანჟელა. არავინ იცის, ის იაპონელი რეალური მგზავრი იყო თუ უშიშროების აგენტი.

უცხო ენებზე მოლაპარაკე მუხრანელი “მწყემსი”

ბატონი ნიკას ოჯახში ხშირად იხსენებდნენ ლევან ბაგრატიონ-მუხრანელს. იგი დიდი ნიკოს ძმა გახლდათ. საოცრად ლამაზი და ამავე დროს დარდიმანდი ვაჟკაცი ყოფილა. ერთხელ მოვალემ თურმე მამამისს, გიორგის, ვალი მიუტანა და, რადგან გიორგი სახლში არ იყო, ფული ვაჟს, ლევანს დაუტოვა. მან კი მთელი ფული ბოშებში დახარჯა. ამის გამო დაისაჯა – მამამ მწყემსებთან გაგზავნა.

იმ დროს მუხრანში ინგლისელები იყვნენ ჩასული. ქართველი “მწყემსი” რომ ნახეს, გამოელაპარაკნენ. ლევანმა მათ ხან ფრანგულად გასცა პასუხი, ხან ინგლისურად, ხან გერმანულად. ინგლისელები თურმე გაოცებული უყურებდნენ სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე მწყემსს. ლევანმა უპასუხა – ჩვენთან ყველა მწყემსი ასე ლაპარაკობსო.

ლევანი რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II-ის მეუღლეს იცნობდა. რუსეთის დედოფალი მის სანახავად თბილისში ორჯერ ჩამოვიდა. ლევანი თბილისში ახლანდელ კინოს სახლში, მეორე სართულზე ცხოვრობდა. დედოფალს ცხენით სეირნობა უყვარდა და ლევანიც თან ახლდა.

ლევანი სხვა ქალზე იყო დანიშნული, მაგრამ იმპერატრიცა მისი ნახვის უფლებას არ აძლევდა. სატრფომ ლევანს დიდი ბრილიანტისთვლიანი ოქროს ბეჭედი აჩუქა. სწორედ იმ ბეჭდის თვალი გაატანეს უცხოეთში პატარა ბაგრატიონ-მუხრანელებს.

ირინე მჭედლიძე, სარკე