ქართული ოცნების დეპუტატმა, გუგული მაღრაძემ განაცხადა, რომ მარიხუანის წარმოება სამედიცინო მიზნებისთვის ქვეყანას მოგებას მოუტანს. ამის შესახებ მან ,,რუსთავი 2”-თან ინტერვიუში ისაუბრა.
-ჩვენ უცხოეთში გასატანი არაფერი გვაქვს, იმიტომ, რომ ძალიან რთულია. მაგრამ ახლა იცით, რამხელა შეჯიბრია ქვეყნებს შორის, რომ ვინ გაიტანს ამ პროდუქტს (მარიხუანას) უცხოეთში, – განაცხადა მაღრაძემ.
დეპუტატის თქმით, მარიხუანის წარმოება სოფლის მეურნეობის კულტურაა და საქართველოში მეურნეობა კარგად არის განვითარებული.
-სადღაც მოიყვანენ სიმინდს, ლობიოს, ,,მალინას’, სადღაც ჟოლოს და სადღაც ამას (მარიხუანას). ეს იქნება ლიცენზირებული, ეს იქნება გათვლილი იმის მიხედვით, რომ მოიტანოს მეტი მოგება ქვეყნისთვის, – განაცხადა დეპუტატმა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სამთავრობო გუნდთან ერთად მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც მარიხუანისგან წარმოებული მედიკამენტების ექსპორტზე გატანას გულისხმობს.
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ამბობს, რომ ინიციატივა მარიხუანის მოხმარების შემზღუდველ კანონპროექტთან ერთად მთავრობის სხდომაზე იქნება წარდგენილი.
რუსთავი 2

