საესტრადო-სალაპარაკო ჟანრის გამორჩეული ოსტატი, ანსამბლების “რეროს”, “დიელოს” და “ქართული ხმების” სოლისტი, გია ჭირაქაძე, ,,სარკეს” თავისი ცხოვრების შესახებ უყვებოდა. სამწუხაროდ, ამ ინტერვიუდან მალევე გარდაიცვალა. მან დიდი შემოქმედებითი გზა განვლო. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე, რადიომიმღებში იჭერდა “ამერიკის ხმას” და ჯაზს უსმენდა. ეს იმ დროს ხდებოდა, როცა საბჭოთა კავშირში ხელმძღვანელობდნენ ლოზუნგით – “საქსოფონიდან ჯაშუშობამდე ერთი ნაბიჯია!”.
ჯაზი მისი ცხოვრების სიყვარული იყო. პოლიტექნიკურ ინსტიტუტშიც იმიტომ ჩააბარა, რომ იქ ჯაზ-ორკესტრი არსებობდა და მის სიახლოვეს ყოფნაზე ოცნებობდა.
ბატონი გია შემოქმედებით და ოჯახურ ცხოვრებაზე ცოლთან, ქალბატონ ნინო ბაბუხადიასთან ერთად ორი წლის წინ ,,სარკეს” უყვებოდა.
– ბატონო გია, ის დიდი გზა, რაც გაიარეთ ხელოვნებაში, ლოგიკურად დაგვირგვინდა თქვენი სახელობის ვარსკვლავის გახსნით. საუბარი ამ გზის დასაწყისიდან დავიწყოთ.
– როგორც თბილისური ოჯახების შვილების უმრავლესობა, მშობლებმა მეც მუსიკალურ სკოლაში მიმიყვანეს. ჩემთვის წამება იყო გამების დაკვრა, მაგრამ წინააღმდეგობა არ გამიწევია. მეოთხე კლასში ავად გავხდი. მამა შემეკითხა (მამა, გიგლა ჭირაქაძე, ექიმი გახლდათ. ავტ.), რა გაწუხებსო, ვუპასუხე, მუსიკა და მათემატიკა-მეთქი.
მუსიკიდან გამომიყვანეს. სკოლაში სასულე ორკესტრი გვყავდა. იქ დაკვრა მინდოდა. მამამ მიყიდა კლარნეტი და მოსწავლეთა ორკესტრთან ერთად ვუკრავდი.
ცოტა რომ წამოვიზარდე, ჯაზმა გამიტაცა. “ამერიკის ხმას” ვუსმენდი. ჩემი პირველი მასწავლებელი ჯაზში ვილი ქანოვერი იყო – გადაცემების წამყვანი.
– “გეპეი”-ს ჯაზ-ორკესტრში როგორ მოხვდით?
– “გეპეი”-ში ჯაზის სიყვარულით ჩავაბარე. პირველ კურსზე ვიყავი, ინსტიტუტში ოლიმპიადა ტარდებოდა. ვიფიქრე, რაიმე ნომერს მოვამზადებ და მეც გავალ-მეთქი. სიმღერაც მეხერხებოდა, ცეკვაც და იუმორზეც არ ვიყავი მწყრალად.
ცუდი ნომერი არ გამომივიდა. ჯაზ-ორკესტრს სამი კონფერანსიე ჰყავდა – ავთანდილ გელოვანი, აბესალომ ლორია და ირაკლი მამაცაშვილი. სწორედ იმ დროს წავიდა ავთანდილ გელოვანი და იოსებ ტუღუშმა, რომელიც ორკესტრის ხელმძღვანელი იყო და ჩემი გამოსვლა ნანახი ჰქონდა, ამიყვანა გამოთავისუფლებულ ადგილზე. ეს იყო 1956 წელს. მაშინ ვიყავი 18 წლის და თავი სიზმარში მეგონა.
1957 წელს დორიან კიტიამ კონსტანტინე პევზნერი ბაქოდან თბილისში ჩამოიყვანა და სთხოვა, ჩამოეყალიბებინა სახელმწიფო ფილარმონიის ანსამბლი. ასე შეიქმნა “რერო”, რომლის პირველი წევრები ვიყავით მე, ნანი ბრეგვაძე და “გეპეი”-ს ცნობილი კვარტეტი ბზვანელის ხელმძღვანელობით.
20 წელზე მეტი გავატარე “რეროში”. წელიწადში 120-130 კონცერტი გვქონდა. მარტივი არ იყო კონცერტების წაყვანა, საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში რუსულ ენაზე მიმყავდა. საუკეთესო რუსი იუმორისტები მიწერდნენ ტექსტებს.
– თქვენი გასტროლებიდან ყველაზე სახალისო მომენტები გაიხსენეთ.
– ერთხელ ოდესაში ჩავედით. ოდესა განსხვავებული ქალაქია, ებრაელებით სავსე, თავისებური, მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი იუმორი აქვთ. მოკლედ, ვხედავთ, ბაქანზე დგას ორკესტრი ყვავილებით. ვიფიქრეთ, ბიჭოს, რა სიმაღლეზე ავსულვართ-თქო და უცებ ორკესტრმა გვერდი აგვიარა და სხვაგან წავიდა.
ოდესელ ადმინისტრატორს შევეკითხეთ, ვის ხვდებით-თქო. გვიპასუხა, მოსკოვიდან კომისია
ჩამოდისო. “რა კომისიაა ასეთი?” – ისევ შევეკითხეთ. “კომისიამ უნდა გაარკვიოს, სად დადის ის ორი ათასი ოდესელი, რომლებიც საღამოს ოპერის თეატრში უნდა მოვიდნენ”, – აი, ასეთი იუმორი ჰქონდათ.
ძალიან მოსწონდათ ჩემი გამოსვლები და პევზნერს ეკითხებოდნენ, რა გვარია თქვენი კონფერანსიეო. ჭირაქაძეო – პასუხობდა პევზნერი. “ეს – აფიშებზე და ისე?” – ძალიან უნდოდათ, ებრაელი ვყოფილიყავი.
გასტროლები გვქონდა შორეულ აღმოსავლეთში, მათ შორის – მაგადანში. ცნობილი ავტორიტეტი, კრიმინალი იყო ქართველი წერეთელი. ზონიდან დარეკა და გვთხოვა, კონცერტი ჩაგვეტარებინა პატიმრებისთვის. ისეთი ავტორიტეტი ჰქონდა, ზონის უფროსის კაბინეტიდან რეკავდა.
ლაოსში ვიყავით. მეფის თხოვნით გადაგვაფრინეს სამხედრო თვითმფრინავებით სამეფო ქალაქ ლუანგ-ფრაბანგში. საბჭოთა უშიშროების წარმომადგენელი და ელჩის მოვალეობის შემსრულებელიც გვახლდნენ. გაგვაფრთხილეს, თქვენ საბჭოთა მოქალაქეები ხართ, იყავით ამაყები, მეფეს თავი არ დაუხაროთო.
უზარმაზარ დარბაზში შემოვიდნენ მეფე და დედოფალი და უცებ მთელი დარბაზი დაემხო დაბლა, მეფეს თვალებში შეხედვას ვერ უბედავდნენ. ვიდექით მხოლოდ ჩვენ, საბჭოთა მოქალაქეები. რომ ჩამოგვიარეს, დედოფალს ხელზე ვემთხვიე.
კონცერტის შემდეგ მეფემ მოგვმართა, ჩვენ უკვე ხანდაზმულები ვართ, წავალთ დასაძინებლად, ეს სასახლე კი დილამდე თქვენს განკარგულებაშიაო. მაშინ თამბაქოს ვეწეოდი. იქვე ვიღაც ახალგაზრდა კაცი საუკეთესო სიგარას ეწეოდა. დაველაპარაკე. ვკითხე, სად შოულობთ ასეთ სიგარებს-მეთქი. არ ვიცი, მიგზავნიანო.
ამ დროს მოვიდა ელჩის მოვალეობის შემსრულებელი და მითხრა, პრინცს შენი სიმღერა მოეწონა, იქნებ იმღეროო. ვუთხარი, ხომ ხედავ, კაცს ველაპარაკები, თანაც აპარატურა აღებულია, ვქეიფობთ, სიმღერა აღარ მინდა-მეთქი. დილით გავარკვიე, რომ ის კაცი, რომელთანაც მთელი ღამე ვსვი და ვილაპარაკე, სწორედ ის პრინცი იყო.
ერთსაც გავიხსენებ. სულ პირველად პარიზში 1966 წელს ჩავედით. 30 კონცერტი გვქონდა. მთელი პარიზი დასასვენებლად იყო გაკრეფილი, მაგრამ დარბაზები მაინც ივსებოდა.
სადღაც მე-15 კონცერტია. ნანული აბესაძე და სულიკო კოროშინაძე მღერიან – “დაილოცოს საქართველო”. დარბაზიდან ისმის ქართულად: “ვაშააა!”. ესენი იყვნენ ჯაყელები, ქართველი ემიგრანტები. გვითხრეს, საქართველოში მოვდივართ, “ხაბაკი” შეკრული გვაქვს, ქაღალდებს ველოდებითო.
მართლაც ჩამოვიდნენ თბილისში. მთავრობამ სამოთახიანი ბინა მისცა. ცოტა ხანი გაძლეს აქ და მერე დაბრუნდნენ საფრანგეთში. მერე მათი შვილი აგრძელებდა ჩვენთან ურთიერთობას.
– მიუხედავად იმისა, რომ “რერო” და “დიელო” ძალიან პოპულარული იყო, თქვენი შემოქმედების მწვერვალი ალბათ მაინც “ქართული ხმებია”, რომელსაც თავდაპირველად “ჟურნალისტი” ერქვა. როგორ შეიქმნა ეს ანსამბლი?
– ტელევიზიის და რადიოკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, კაკო ძიძიგურმა, ტელევიზიაში წამიყვანა და მუსიკალურ რედაქციაში ვმუშაობდი.
შემდეგ შეიქმნა ხალხური შემოქმედების რედაქცია და იქ გადავედი სამუშაოდ. მოვიდნენ გოგი დოლიძე, თემურ ჭკუასელი, ომარ კელაპტრიშვილი. ყველანი ვმღეროდით. მაშინ უკვე ნუგზარ ფოფხაძე იყო ტელევიზიის თავმჯდომარე. გვითხრა, ანსამბლად ჩამოყალიბდით, “ჟურნალისტი” დაირქვით და ტელევიზიის ანსამბლი იქნებითო.
ასეც მოვიქეცით. მერე სხვებიც შემოვიკრიბეთ და როცა უკვე პოპულარულები გავხდით და გასტროლები დაგვეწყო, ფრანგმა იმპრესარიომ გვითხრა, აფიშაზე თქვენი სახელი არაფრის მთქმელია, ჯობს, “ქართული ხმები” გერქვათო.
– ცნობილია, თქვენი და კორსიკელი მომღერლების მეგობრობის ამბავი. როგორ გაიცანით ისინი?
– იტალიის ტელეკომპანია ატარებდა სარდინიაში საეკლესიო საგალობლების ფესტივალს, სადაც მიგვიწვიეს. იქ იყვნენ კორსიკელებიც. აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი სიმღერები პოლიფონიურობაში ჰგავდა ერთმანეთს. მოხიბლულმა კორსიკელებმა ქართული სიმღერის სწავლა დაიწყეს და რეპერტუარში შეიტანეს. 16-ჯერ ვიყავით მათთან, ისინი 3-ჯერ ჩამოვიდნენ. კონცერტებზე 3-4 ქართულ სიმღერას ასრულებენ.
ამ ფესტივალის პატრონი არის წარმოშობით ჩერქეზი ჟან-თემურ კერეხოვი, რომელიც სასახლეში ცხოვრობს. ძალიან მდიდარია. მას და მის ძმას რესტორანი აქვთ, სადაც ყველა საღამო ქართული სიმღერით იწყება. ჟან-თემური ყოველთვის თავის სასახლეში გვმასპინძლობს და იქვე ვცხოვრობთ. იგი გოგი დოლიძის დაკრძალვაზე ჩამოვიდა და გოგის თავისთან, ეკლესიაშიც გადაუხადა პანაშვიდი.
– წლებმა მეგობრები, საუკეთესო მომღერლები გამოგაკლოთ.
– დიახ. ეს იყო და არის ჩვენი მოუშუშებელი ჭრილობა. გოგი დოლიძის, დათო გოგიაშვილის, გურამ თამაზაშვილის, ზაურ ბოლქვაძის გარეშე ძალიან ობლად ვართ. ჩვენს ხმებსაც მათ გარეშე ხიბლი აღარ აქვს.
– ცნობილია, რომ ყოფილ პრემიერმინისტრთან, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილთან, წლებია მეგობრობთ. როგორ შედგა თქვენი გაცნობა?
– ბატონი ბიძინა თავდაპირველად გოგი დოლიძემ, ზაურ ბოლქვაძემ და გურამ თამაზაშვილმა გაიცნეს. ზუსტად არ ვიცი, რომელ რესტორანში იყვნენ, აქ, საქართველოში. ბიჭები მღეროდნენ. ბიძინას ძალიან უყვარს ქართული სიმღერა და თავადაც კარგად მღერის. უკითხავს – ვინ ხართ, საიდან ხართ ასეთი მომღერლებიო. გოგის უპასუხია, ჩვენ მარტო კი არ ვართ, მთელი ანსამბლი ასე ვმღერითო. მერე ჩვენი გაცნობაც მოინდომა და დავმეგობრდით კიდეც.
ძალიან დიდი სიყვარული და პატივისცემაა ჩვენ შორის. მთელი ანსამბლი, ჩვენს მეუღლეებთან ერთად, ორჯერ სეიშელის კუნძულებზე დაგვასვენა თვენახევარი. იქ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ხალხი ისვენებს. გერმანელი მილიონერი ცოლ-ქმარი გავიცანი. მითხრეს, ისე მდიდრები ვართ, ჩვენს თავს უფლებას ვაძლევთ, აქ ორი კვირით დავისვენოთო. როცა გაიგეს, რომ თვენახევარი ვიყავით, გაოცდნენ.
ცალკე ჩვენი მეუღლეები დაპატიჟა საფრანგეთში. მისი სტიპენდია გვაქვს ყველას, არამარტო ჩვენ, არამედ უამრავ დამსახურებულ ადამიანს. ამ დახმარებამ ბევრი და მათ შორის ჩვენც გადაგვარჩინა მძიმე წლებში.
ჩემი ქალიშვილი უმძიმეს ავარიაში მოყვა. ქართველი ექიმები ყველაფერს ეცადნენ, მაგრამ გადარჩენა შეუძლებელი ჩანდა. ბატონი ბიძინა დამეხმარა საზღვარგარეთ მის მკურნალობაში. დღეს ჩემი გოგონა ჯანმრთელია.
ზაფხულობით შეკვეთილში გვასვენებს ჩვენს შვილიშვილებთან ერთად. ატრაქციონების პარკი, რომელიც მან ააშენა და შემდეგ სახელმწიფოს აჩუქა, წინა ხელისუფლებამ სომეხ ბიზნესმენს მიჰყიდა. ბატონმა ბიძინამ ისევ გამოისყიდა და სახელმწიფოს აჩუქა. იმ პარკში დავდივართ ბავშვებთან ერთად ყოველდღე და 100 ბილეთს გვაძლევს შვილიშვილებისთვის.
– გვიამბეთ თქვენი ოჯახის შექმნის ისტორია.
– ჩემი მეუღლე გახლავთ ქალბატონი ნინო ბაბუხადია-ჭირაქაძისა. აქ ბრძანდება და თავად მოგიყვებათ ყველაფერს.
ნინო: ჩვენი ამბავი ცოტა მისტიკურიც არის. მეორე კურსზე ვსწავლობდი. მაშინ ტელევიზორი ყველას არ ჰქონდა და ზოგჯერ დეიდასთან მივდიოდით საყურებლად. ერთხელაც მივედით. მთელი ოჯახი ტელევიზორს ვუყურებდით, ანსამბლი “რერო” მღეროდა. ბებია მივიდა, თითი დაადო ერთ ახალგაზრდას და თქვა – ასეთ ბიჭს ვისურვებდი სიძედო. ეს გახლდათ გია ჭირაქაძე.
გიას მამიდაშვილი, ირინა ბაქრაძე, ჩემი უახლოესი მეგობარი იყო. მთელი სტუდენტობა ირინას სახლში ვიკრიბებოდით მეგობრები. მეოთხე კურსზე ვიყავი…
გია: მაგას მე ვიტყვი. მარტოხელა ბიჭი ვიყავი, ვმუშაობდი “რეროში”, კარგი ხელფასი მქონდა, სახლში მარტო ჭამა მეზარებოდა. ერთხელაც ვიყიდე ხორაგი, ავიტანე ირინასთან, ავიფარე წინსაფარი და სამზარეულოში ვტრიალებ. ამ დროს შემოდის ნინო… შემოვიდა და შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში.
ნინო: არ ვიცი, რა თვალზე შევხედეთ ერთმანეთს. გამაცილა სახლში. მეორე დღეს ფეხბურთზე დამპატიჟა, მესამე დღეს – თეატრში და ასე გაგრძელდა… მიდიოდა გასტროლებზე, ჩამოდიოდა და მნახულობდა. წელიწადნახევარში შევუღლდით.
– როგორი მეუღლეა ბატონი გია?
ნინო: საუცხოო, თბილი, ყურადღებიანი. ხშირად ვეჩხუბებოდი. ხომ წარმოგიდგენიათ, ორი-ორი თვე გასტროლებზე იყო. ჩამოდიოდა და იწყებოდა გაუთავებელი ქეიფები. მე კი ქმარი მენატრებოდა და ჩემ გვერდით მინდოდა. სერიოზულ თემაზე არასოდეს გვიკამათია. ძალიან ბედნიერი ცხოვრება გავიარე გიას გვერდით.
– თქვენ, ბატონო გია?
გია: ნინო არის ჩემი ცხოვრების აზრი. მე რომ ვარ ასეთი გია ჭირაქაძე, ეს ნინოს დამსახურებაა. ჩემი ყოველი დილა ნინოს კოცნით იწყება.
– რამდენი შვილი გყავთ?
ნინო: გიას პირველი ქორწინებიდან ჰყავდა ვაჟი – გოგი ჭირაქაძე, კარგი ვაჟკაცი, კარგი ექიმი. აფხაზეთის ომში დაიჭრა და გიამ ჩამოიყვანა იქიდან. ერთი წლის შემდეგ მანქანა დაეჯახა და დაიღუპა. გოგისგან სამი შვილიშვილი დაგვრჩა.
ჩვენ ორი შვილი გვყავს, ქალ-ვაჟი, გოგო – კატო და ვაჟი – ირაკლი. ხუთი შვილიშვილი ამათგან გვყავს. სულ რვა შვილიშვილის ბებია-ბაბუა ვართ.
ია ქუთათელაძე, სარკე

