პრეზერვატივების მწარმოებელი ქართული ბრენდის, ,,აიისას” დამფუძნებელმა ანანია გაჩეჩილაძემ საზოგადოებას სკანდალებით გააცნო თავი. თუ რატომ გადაწყვიტა 22 წლის გოგომ პრეზერვატივების გაყიდვით ეშოვა ფული, ამის შესახებ ანანიამ ,,სარკეს” უამბო.
— ანანია, როგორ ჩაერთეთ პრეზერვატივების ბიზნესში?
– თავად დავაფუძნე. ეს ჩემი იდეები, კონცეფციაა და ამ კომპანიის უკან მხოლოდ მე ვდგავარ. როცა მლანძღავენ, არ მწყინს, მწყინს მხოლოდ კომუნისტური დამოკიდებულება, რომ თუ ვინმე არ გყავს, ვერაფერს მიაღწევ. ყველას ჰგონია, რომ მხოლოდ კაცებს შეუძლიათ რაღაცები აკეთონ და, მათ შორის, სექსუალობასთან დაკავშირებული ბიზნესები. ეს კი დისკრიმინაციაა.
ეს ჩვეულებრივი ბიზნესია და თან “აიისას” პირველივე დღიდან სოციალური ცვლილებების ამბიცია ჰქონდა. ეს სახელწოდებაც იქიდან წამოვიდა, რომ ხშირად, როცა ადამიანი აფთიაქში შედის, ერიდება, პრეზერვატივი თქვას და ამბობს, აი, “ის” მომეცითო. მომხმარებელს მივაწოდეთ სერვისი, რომ არ დაითრგუნოს და კომფორტულ გარემოში, მოსახერხებლად შეიძინოს, რაც უნდა.
სექსუალობა ფუნდამენტური საკითხია და ყველა ძირითად თემასთან კავშირშია. ვინც აგრესიულად არის განწყობილი, სექსი რაღაც საზიზღრობა, გარყვნილება ჰგონია. მე და ჩემი კომპანია კი ვფიქრობთ, რომ პრეზერვატივი არის კეთილშობილური კონტრაცეპტივი, რომელიც არაფრით განსხვავდება სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებისგან.
— როგორც ჩანს, თქვენი ბიზნესი დამოუკიდებლად დაიწყეთ. რა საბაზისო კაპიტალი გქონდათ?
– 14-დან 21 წლის ჩათვლით ჟურნალისტიკაში ვმუშაობდი – “ტაბულა”, “რუსთავი 2”, “მაესტრო”… ბიზნესი საერთოდ არ ვიცოდი, მაგრამ თუ ბიზნესიდეას კარგად წარადგენ, გაამართლებს. 60 ლარი იყო ჩემი საინვესტიციო თანხა. ზუსტად ვიცოდი, როგორ უნდა განვითარებულიყო ეს ყველაფერი და როგორ უნდა მოეტანა ახლო პერსპექტივაში ფული, რომ მერე სხვა საჭირო რამ შემეძინა.
გაამართლა – 60 ლარი პირველივე დღეს 300 ლარი გახდა, 300 – 1000, 1000 – 3000 და ა.შ. ზაფხულის ბოლოს უკვე 17 000 ლარი მქონდა. ახლა უცხოეთში გვაქვს საწარმო, რომელიც შეკვეთებს გვიმზადებს.
— რა იდეა, მოტივი გამოძრავებდათ, როცა პრეზერვატივზე წმინდანი მეფე, თამარი და ქართლის დედა გამოსახეთ? არ იცოდით, რომ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ეს რელიგიური და ეროვნული გრძნობების შეურაცხმყოფელი იქნებოდა, ამიტომ უარყოფით გამოძახილს მიიღებდით?
– ეს არის გამოხატვის თავისუფლება, რაც უზენაესი ღირებულებაა. ამიტომაც ეს დავა ახლა სტრასბურგში გრძელდება და ფორმულირდება შემდეგნაირად – მოქალაქე ანანია გაჩეჩილაძე საქართველოს წინააღმდეგ. სამართალი ვეძიე საქართველოს ფარგლებში, მაგრამ…
კონკრეტულად თამარ მეფე ამ შემთხვევაში გენდერული როლის გამომსახველი დიზაინია. გენდერული როლის მნიშვნელობა რომ არ იცის საზოგადოების დიდმა ნაწილმა, ეს არ ნიშნავს, რომ არ არსებობს. იქვე იყო განმარტება მითითებული.
— თქვენი ამ ნაბიჯებით არა მარტო საზოგადოება აღფოთდა, ასევე მამათქვენიც.
– მამაჩემი არ აღშფოთებულა! მამა მამაა და მხარსაც მიჭერს, რადგან ბიზნესის აწყობა დამოუკიდებლად მოვახერხე. თავისი შეხედულებები აქვს, თორემ კი არ მგმობს და მოსაკლავად კი არ დამდევს. ბევრად უფრო პროგრესულია მამაჩემი, ვიდრე საზოგადოების ის ნაწილი, ვინც აგრესიულია. მამაჩემი აგრესიული არ არის. უბრალოდ, რაღაცებს იგებს და რაღაცებს – ვერა.
მამაჩემის მადლობელი ვარ, რომ მომავლინა ამქვეყნად. ეგ და დედაჩემი რომ არა, საერთოდ არ ვიქნებოდი, მაგრამ 14 წლიდან დამოუკიდებელი ცხოვრება მაქვს და ბავშვობიდან მქონდა მიდრეკილება, ჩემი აზრების მიხედვით მეცხოვრა.
მამასთან კონფლიქტი არასოდეს მქონია, დიდი მამაშვილური სიყვარული გვაქვს. შეიძლება რაღაც არ მოსწონს, მაგრამ მისი აზრების მიხედვით ვერ ვიმოქმედებ, რადგან ჩემი მაქვს. ჰგონია, რომ გამოხატვის თავისუფლება არ არის უზენაესი. ამ დროს კი ეს მართლაც უზენაესია.
რა ვქნა, საბჭოთა კავშირშია დაბადებული. სხვადასხვა თაობა ვართ, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ახალგაზრდაა.
— მრავალშვილიანი ოჯახიდან ხართ, მამათქვენმა თქვა ერთ ინტერვიუში, 7 შვილი მყავსო.
– აზრზე არ ვარ, მამაჩემს რამდენი შვილი ჰყავს. ვიცი, რომ დედაჩემისგან 3 ჰყავს და იმის იქით არ მაინტერესებს. 3 და ვართ და მე პირველი შვილი ვარ. ასე რომ, 7 ჰყავს თუ 50, არ მაინტერესებს.
— თქვენი და-ძმების არსებობა როგორ არ უნდა გაინტერესებდეთ?!
– არ მაინტერესებს, რადგან ის ბავშვები პატარები არიან და სანამ სრულფასოვან ინდივიდებად არ ჩამოყალიბდებიან, მანამდე მათთან ურთიერთობას ვერ დავამყარებ, რადგან ბავშვი მაინც მშობლის გავლენის ქვეშ არის.
ისე, მამაჩემს რომ ბევრი შვილი ჰყავს, ალბათ ამანაც მოახდინა ჩემზე გავლენა, რომ კონტრაცეპტივების ბიზნესი მაქვს. ჩემი აზრით, უპრაგონოდ არ უნდა გამრავლდე, მიუხედავად იმისა, რომ მე თავად მინდა, 5 შვილი მყავდეს და აუცილებლად მეყოლება, მაგრამ არა ისე, როგორც მამაჩემს.
— რას გულისხმობთ?
– ისე უნდა დაალაგო ცხოვრება, რომ საკუთარ შვილებს უკეთესი დედობა და მამობა გაუწიო. მატერიალურ მხარეს არ ვგულისხმობ, რადგან მთელი ბავშვობა მართლა გადაყოლილი იყო მამა ჩვენზე. მე ქალი ვარ, დედა ვარ და მამაჩემს ვერ დავავალდებულებ, ისეთი ინსტინქტები ჰქონდეს, როგორიც მე მაქვს.
— შვილები გყავთ?
– არა, მაგრამ პოტენციალი მაქვს, რომ დედა ვიყო.
— განიცადეთ, მშობლები რომ გაშორდნენ ერთმანეთს?
– ფეხებზე მეკიდა და ახლაც ფეხებზე მკიდია. მე ახლა ვარ 22 წლის, 5 წელიწადში ბევრად მეტი ინტელექტუალური რესურსი მექნება იმისთვის, რომ ჩემი შვილი კარგად აღვზარდო. 20 მილიარდი წლის წინ ასეთი ხომ არ იყო დედამიწა? ადამიანი იბადება, ვითარდება, ბერდება და კვდება.
გააჩნია, რა ასაკში გამრავლდები. ყოველდღიური პროგრესი ილექება გენეტიკაზე და უმჯობესდება. ვიცი, რამდენიმე წლის მერე ბევრად უკეთესი ვიქნები, თორემ ახლაც ძალიან მინდა შვილები, მაგრამ არ ვარ ჯერ საუკეთესო მდგომარეობაში.
— ოჯახი უნდა შექმნათ და ისე უნდა გააჩინოთ შვილები თუ თვლით, რომ უქმროდაც შეიძლება?
– უნდა შევქმნა, რადგან სრულფასოვანი ოჯახი საჭიროცაა და კარგიც. ამიტომაც ყველაფერს ვიზამ, რომ ჩემს შვილებს სრულფასოვანი ოჯახი ჰქონდეთ.
მე ისიც ვიცი, როგორია სრულფასოვანი ოჯახი და როგორია, როცა არ გყავს, რადგან ორივე მქონია. 13 წლის ვიყავი, ჩემი მშობლები რომ გაშორდნენ. ერთ წელიწადში მუშაობა დავიწყე. ჩემი მშობლების თაობას სულ სხვა ურთიერთობები აქვთ, ჩვენ კი სხვაგან ვართ. ჩემი ერთი და 18 წლისაა და მეორე – 11-ის. უმცროსი ჯერ ბავშვია, მაგრამ მე და ჩემი და ბევრად უფრო გამოცდილები ვართ ყველაფერში, ვიდრე ჩვენი მშობლები. ბევრად წინ ვართ რაღაცებში და შემდგომი თაობა უფრო წინაა.
— მამათქვენმა კი მოგიწოდათ საჯაროდ, ეშმაკი გყავს შეჩენილი და გაჩერდი, შვილოო. თურმე ეკლესიაში გატარებდათ, გაზიარებდათ…
– რა ეშმაკი მყავს შეჩენილი?! მაღალ მატერიებზე ვლაპარაკობ, დამოუკიდებელი ქალი ვარ და, რაც მინდა, იმას გავაკეთებ! მამის კომენტარი რომაა საჭირო, სირცხვილია. მე არ მჭირდება მამა პატრონად. ვინ ჰყავს ამას ძმა, მამა თუ ვინმეო, რომ ამბობენ, ეს გულისამრევია. მე არავინ მაკონტროლებს – არც მამა, არც ბიძა და არც სოროსი. მე მე ვარ!
ეკლესიაში დავდიოდი. ახლაც შევდივარ ხოლმე და ფრესკებს ვათვალიერებ, რადგან ძალიან საინტერესოა, მაგრამ მრევლი არ ვარ. მადლიერი ვარ, რომ ბავშვობის წლებში თეოლოგიური ცოდნა შევიძინე. ეკლესიაში ხშირად დავდიოდი, ვიცი, როგორია ქრისტიანობა თავისი ნორმატივებით. ცოდნა კი ზედმეტი არასოდესაა. ათეისტი არ ვარ, მაგრამ მრევლი არასოდეს ვყოფილვარ. აღსარება ჩამიბარებია, ნაზიარებიც ვარ, მაგრამ მშობლებს დავყავდი და ჩემი გააზრებული არასოდეს ყოფილა.
7-8-10 წლის ასაკში განსაკუთრებულ სულიერებას ვპოულობდი-მეთქი, რომ გითხრათ, ასე არ ყოფილა. ეკლესია-მონასტრებში სიარული იმიტომ იყო საინტერესო, რომ შემეცნებითი ინფორმაცია მიმეღო. ჩემი მშობლებიც არ ყოფილან ისეთები, რომ დაეძალებინათ, შვილო, გინდა თუ არა, მეტანიები აკეთეო. მეტნაკლებად ლიბერალური აღზრდა მოგვცეს, დემონები არც ყოფილან და არც არიან.
არ მჭირდება რელიგია იმისთვის, რომ კარგად ვიყო. ისედაც კარგად ვარ. თანამედროვე ადამიანის ცხოვრების სტილს არც ერთი რელიგია შეეფერება. ვისაც უნდა, იყოს რელიგიის მიმდევარი, მაგრამ რწმენა სხვა რამაა. მწამს, რომ ამ სამყაროს შემოქმედი ღმერთია. რელიგური მოძღვრებები კი ჩემთვის არაა საინტერესო.
ყველა რელიგიური მოძღვრება წაკითხული მაქვს. ძალიან მაგარი ლექტორი მყავდა – ზურაბ კიკნაძე, რომელიც ორიგინალიდან თარგმნიდა ამ მოძღვრებებს. სიღრმისეულად გავეცანი ყველაფერს და მაშინ მივხვდი, რომ ინდივიდუალური ინტერპრეტაციაც შეიძლება და არ არის აუცილებელი, რომელიმე ეკლესიის კანონიკას მიჰყვე. ბიბლია გენიალური ლიტერატურაა და, როგორც ჩვეულებრივ წიგნს, ისე ვკითხულობ.
— შესაბამისად, არც თამარ მეფეს მიიჩნევთ წმინდანად?
– თამარ მეფე წმინდანი მე-20 საუკუნეში გახდა. მანამდე კი მონარქი იყო. მან გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგა, მაგრამ მე-20 საუკუნეში საქართველოს ეკლესია აკურთხებს თუ არა მას წმინდანად, ეს ჩემთვის არაფერს ცვლის.
რატომ უნდა დავიჯერო მოსაზრების, რომ ჯერ წმინდანია და მერე მონარქი?! მონარქი რომ იყო, იმიტომ გახდა წმინდანი. მე მორალურად მართალი ვარ, რადგან თამარ მეფე რომ მაგარი ქალი იყო, მაგას გავუსვი ჩემი ბიზნესით ხაზი. მე ვარ ფემინისტი და ვიცი, მე-12 საუკუნეში ქალი მეფე გვყავდა და ეს მაგარი რამაა. ამ შემთხვევაში წმინდანობა მეორეხარისხოვანია.
სულ რომ მეგინებინა თამარისთვის, მაინც არავის აქვს უფლება, რამე მითხრას. გამოხატვის თავისუფლება უზენაესია. მთავარია, ვინმეს სიცოცხლე არ დააზიანო და რაც გინდა, ის თქვი! ეს განვითარებული საზოგადოების მონაპოვარია.
— მურუსიძე რომ დაახატეთ პრეზერვატივს, პასუხად რა მიიღეთ?
– მომხმარებელი შევიდა ჩვენს საიტზე და ააწყო მურუსიძის დიზაინი. ჩვენ კი გადავწყვიტეთ, ამ დიზაინით გაყიდული პრეზერვატივებით გადავიხადოთ ჯარიმა. მურუსიძემ ჟურნალისტებთან თქვა, ეგენი უღირსები არიან და არ ვუჩივლებო.
რუსუდან ადვაძე, სარკე

