მომღერალ აჩი ფურცელაძის ცხოვრებაში იყო ქორწინებები, ოჯახური სკანდალები, გაშორებები, მაგრამ არ გადაუწურავს იმედი, რომ როდესმე შეხვდებოდა ქალს, რომელთანაც მყარ ოჯახს შექმნიდა. საოცნებო ქალი 5 თვის წინ გაიცნო და 3 თვის შემდეგ მასზე იქორწინა კიდეც. აჩის რჩეული ელენე დუმბაძეა – თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი.
იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდა მათი რომანი ელვისებური სისწრაფით, ახალდაქორწინებულმა წყვილმა “სარკეს” სიამოვნებით და ხალისიანად უამბო.
– როგორ გაიცანით ერთმანეთი, პირველად რა ვითარებაში შეხვდით?
ელენე: ერთმანეთი 15 იანვარს გავიცანით. მეგობარს შვილიშვილი შეეძინა და მე და აჩი იქ ვიყავით სტუმრად.
აჩი: ეს ისტორია ჩემთვის უფრო ადრე დაიწყო. მანამდე ვიცოდი მისი სახელი და გვარი და ძალიან მომწონდა – სახელი ელენე ბავშვობიდან მიყვარს. მე და ელენეს საერთო მეგობარი გვყავს – მიშა ნუნუშიანი და მისგან ვიცოდი, რომ ოქრო გოგო იყო. ელენეს რომ ახსენებდნენ, აუ, რა მაგარი გოგოაო, ამბობდნენ. მასზე ცუდის მთქმელი ვერავინ ვიპოვე.
ვერ გეტყვით, რომ ვეძებ ტიპებს, რომლებიც მასზე ცუდს იტყვიან, თუმცა, ხომ შეიძლება, საშუალოდ დახასიათოს ვინმემ? მაგრამ – არა. მოკლედ, სახელი და გვარი კარგი აქვს, კარგი ხალხი მეუბნებოდა, მაგარი ადამიანიაო და ვამბობდი, ეს გოგო მანახეთ-მეთქი.
მიშამ “ფეისბუქში” მისი სურათი მაჩვენა და მომეწონა. ვუთხარი, გამაცანი-მეთქი. მიშკამ თქვა, ჩემი სახლის ეზოში რაღაცას მოვაწყობ და ელენესაც მოვიწვევო, მაგრამ ეს ამბავი არ გამოვიდა.
ელენე: და ასე შემთხვევით დაემთხვა, როცა ჩვენს საერთო მეგობარს შვილიშვილი შეეძინა და იქ შევხვდით.
აჩი: სამშობიაროდან საქეიფოდ წავედით. გავიგე, რომ შესაძლებელი იყო, ელენეც იქ ყოფილიყო. მერე უცებ გავიგე, რომ ვერ მოდიოდა და ცოტა “გამიტყდა”. თუმცა ელენე მაინც მოვიდა, შემონარნარდა ასეთი ლამაზი თვალებით, ნარნარი ხმით, დაწყობილი ტექსტით, რასაც ყურადღებას ვაქცევ. ბევრჯერ მქონია მომენტი, რომ ვიზუალს ხმა არ შეესაბამებოდა, ელენეს შემთხვევაში კი ყველაფერი ჰარმონიული იყო.
ასევე გავამახვილე ყურადღება, რომ არაჩვეულებრივი სურნელი ასდიოდა. ელეს მალე მოუწია წასვლა და ვუთხარი, იმედია, შენი პარფიუმის სურნელს კიდევ ერთხელ შევიგრძნობ-მეთქი.
ელენე: მეორე-მესამე დღეს მიშკამ თავის სახლში ვახშამზე დაგვპატიჟა. ვერ წავედი, დავურეკე და ბოდიში მოვუხადე, ვერ მოვდივარ-მეთქი. აჩი უკვე იქ იყო…
აჩი: მიშა ნუნუშიანი ჩემი ძმა და მეგობარია, ძალიან ცნობილი სტილისტია, 2000-იან წლებში შოუბიზნესში ცნობილი იყო, ყველას კლიპში მონაწილეობდა, ის პარსავდა, ჭრიდა და ღებავდა.
მოკლედ, მე და მიშას კოვზი ნაცარში ჩაგვივარდა, თუმცა მომეწონა, რომ ელემ დარეკა, ვერ მოვდივარო. ავიღე ყურმილი და ვუთხარი, დიდი მადლობა, რომ ასეთი ყურადღებიანი ხარ-მეთქი. როცა გელოდებიან, მაგრამ ვერ მიდიხარ და ამის თაობაზე აფრთხილებ ადამიანს, ეს კარგი ტონია. ელენემ მითხრა, ასე ვარ აღზრდილი და ვფიქრობ, რომ ეს არის სწორიო. მერე უკვე მიშას გამოვართვი ნომერი და…
ელენე: მერე იყო ესემეს-ების გაგზავნა, სიმღერების გაცვლა. ამ საუბარში გაირკვა, რომ მუსიკალური გემოვნებაც დაახლოებით ერთნაირი გვაქვს.
აჩი: პირველი პაემანი დაახლოებით ერთი თვის შემდეგ იყო.
ელენე: ჰო, რომელსაც პირობითად ჭორაობა დავარქვით. მითხრა, რომ მოსკოვში მიდიოდა და მეც ტრენინგზე მიწევდა ქალაქგარეთ გასვლა. პაემანს ნუ დავარქმევთ-მეთქი და ჭორაობისთვის შეხვედრა დავარქვით. დაახლოებით 2 საათიანი ჭორაობა გამოგვივიდა.
– ელენე, აჩიმ პირველივე ნახვისას მოგხიბლათ თუ თანდათან?
ელენე: ეს გზადაგზა მოხიბლვა ახლაც გრძელდება. 5 თვეა, რაც ერთმანეთს ვიცნობთ და აქედან 2 თვეა, რაც ცოლ-ქმარი ვართ. წინ ძალიან ბევრი სიურპრიზი მელის, რადგან დღითიდღე ვიხიბლები და აღმოჩენებს ვაკეთებ. მისი გაცნობა დასრულებული არ მაქვს.
– ელენე, რა იყო ის, რაც აქამდე სხვა მამაკაცებში ვერ ნახეთ და აჩიში იპოვეთ?
ელენე: ცხოვრებაში რაღაც ეტაპები გავლილი მაქვს. რა თქმა უნდა, იყო შეცდომებიც, ჭკუის სასწავლებელი პერიოდიც მქონდა. აჩის ვუთხარი, მე ვარ ქალი, რომელმაც იცის, მარტო კარგად როგორ იყოს, ვიცი, როგორ გავაბედნიერო ჩემი თავი, როგორ გავახალისო, ვასიამოვნო და გავართო. თუ ეს შეგიძლია, შენზე იმ შემთხვევაში ვიფიქრებ-მეთქი. მაშინვე მიპასუხა, ზუსტად ვიცი, როგორ უნდა იყო უკეთესადო.ეს ჩემთვის იყო ძალიან თამამი და გულწრფელი პასუხი.
– აჩი, თქვენ რამ მოგხიბლათ ელენეში, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ ბევრი გოგო გეპრანჭებოდათ, ყოველ შემთხვევაში, იწერებოდა, რომ ხან ვისთან გქონდათ რომანი და ხანაც – ვისთან.
ელენე: აჩის ახლაც ეპრანჭებიან და ეს მე ძალიან მომწონს.
– არ ეჭვიანობთ?
ელენე: არა, საღამოს ისევ ჩემთან არის.
აჩი: ელენეს აზროვნებით მოვიხიბლე. ასაკი მაქვს ისეთი, რომ მინდა, ოჯახი მქონდეს. გახსოვთ ჩემი ისტორიები… არ მიფიქრია, რომ, რადგან ოჯახური ცხოვრება არ გამომივიდა, ქალები ცუდები არიან და აღარ მინდა. ყოველ ქოთანს თავისი თავსახური აქვს და უეჭველად იპოვი, უბრალოდ თვალის გახელა, ძებნა, გარემოს შეცვლა უნდა.
ელენეს წერილებიდან სითბო, გამოცდილება, ყურადღება მოდიოდა. ადამიანმა ზუსტად რომ იცის, რა სჭირდება, თავის თავს კარგად ართობს, კარგადაც მოიწყენს, თავის თავთან იტირებს კიდეც, მაგრამ თავისი თავის მაშველი რგოლია, იმის გადმობირება ძალიან რთულია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ასეთი მოტივაცია მქონდა: “მე შენ გაჩვენებ!”.
მოკლედ, ელენეს კარგი ხასიათი აქვს, იუმორშიც მყვებოდა, თბილი ემოციები მოდიოდა მისგან, კარგად აზროვნებდა. მივხვდი, რომ ყირამალა დადგომა და ყურებით ტაშის დაკვრა არ დამჭირდებოდა. ვხვდებოდი, რომ ძალიან გულწრფელად ვუშლიდი გულს, ვუწვდიდი ხელს და ვეუბნებოდი: “მოდი”.
– ელენემ თქვა, რომ არ ეჭვიანობს. არც თქვენ ხართ ეჭვიანი?
აჩი: ხვდებით, ჩემთვის რამხელა რაღაც არის, რომ არ ეჭვიანობს? ეჭვიანი არასდროს ვყოფილვარ. ჩემს ცხოვრებაში იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ამაზე ძალიან დიდი გართულება ჰქონდათ და ეს იყო კონფლიქტების წინაპირობა. ცუდია რომ გეუბნებიან, გახსოვს, შარშან ეს რომ იყოო.
ელენე: რამდენჯერ მითქვამს, კონცერტებზე, ღონისძიებებზე ნუ აცხადებ, რომ გყავს შეყვარებული ან ცოლი-მეთქი.
აჩი: ეს კომერციული ხედვაცაა. ვიღაცებს უნდათ, რომ აჩი მარტო იყოს და გაეპრანჭოს.
ელენე: არ არის აუცილებელი, ყველგან ელენე ჩააკვეხო.
– ელენე, აჩის გაცნობიდან 3 თვეში გაყევით ცოლად. როცა გარკვეული ჭკუის სასწავლი გამოცდილება უკვე გქონდათ, ეს ნაჩქარევი ნაბიჯი არ იყო?
ელენე: ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემმა შვილმა, რომელმაც მითხრა, დღეს ბედნიერი ხარ და მოდი, იყავი ბედნიერიო.
– რამხელაა თქვენი შვილი?
ელენე: შოთი 20 წლისაა.
აჩი: შოთი ძალიან მაგარი ბიჭია!
– ანუ არ გქონდათ იმის შიში, ბიჭი ამ გადაწყვეტილებას როგორ შეხვდებოდა.
ელენე: არა. თაყვანისმცემლები მყავდნენ. ამის შესახებ შვილთან არასდროს ვყვებოდი, მაგრამ იცოდა. თაიგულები, საჩუქრები სახლამდე როცა მიგაქვს… რა თქმა უნდა, ხვდებოდა, რომ დედას ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა, მაგრამ რატომღაც აჩიზე მკითხა. ვუთხარი, რომ ჩემი თაყვანისმცემელი იყო. მკითხა, ისაა, რომ მღეროდა და მოსკოვში ცხოვრობდაო.
მეორე დღეს მითხრა, “გუგლში” ვნახე, მის სიმღერებს მოვუსმინე და ძალიან კარგი მუსიკოსიაო. მერე მითხრა, მოდი, გავიცნობო. არა-მეთქი, ვუთხარი, რადგან ამისთვის თვითონ არ ვიყავი მზად. ორი კვირის შემდეგ გამიმეორა, აჩის გავიცნობო, მაგრამ მაშინაც უარი ვუთხარი, თუმცა ერთმანეთი შემთხვევით ეზოში გაიცნეს.
აჩი: ყველაფერი შემთხვევით ხდება ჩვენს ურთიერთობაში.
ელენე: სადარბაზოსთან შეხვდნენ. ჩემმა შვილმა იცნო, მივიდა და გაეცნო: “გამარჯობა, მე შოთიკო ვარ, ელენეს შვილი”. სანამ ვემზადებოდი და სადარბაზოდან გამოვედი, ესენი ისხდნენ და ჭორაობდნენ.
– ახლა სად ცხოვრობთ, ვისთან ერთად?
აჩი: ჯერჯერობით, ჩემს სახლში ვცხოვრობთ. ჩვენი ბინა შენდება, ერთ წელიწადში მზად იქნება.
– შოთიც თქვენთან ცხოვრობს?
ელენე: არა, ცალკე სახლი აქვს.
– როგორც ვიცი, ორივე პირველად დაიწერთ ჯვარს. როდის გეგმავთ ამ ღირსშესანიშნავ მოვლენას?
ელენე: მე არც ჯვრისწერა მქონია, არც ხელისმოწერა.
აჩი: მე მხოლოდ ხელისმოწერებში ვარ განთქმული.
ელენე: ამ ყველაფერს ვგეგმავთ, მაგრამ ჯერ თარიღი არ ვიცით.
– შვილის ყოლაზეც ფიქრობთ?
აჩი: რა თქმა უნდა.
ელენე: აუცილებლად!
აჩი: რა მაგარი იქნება! შოთისა და მის დას ან ძმას შორის ასაკობრივი სხვაობა 21 წელი იქნება. ბიჭს აუცილებლად აჩი უნდა დავარქვა. ჩემ თვალწინ ირბენს. არ დაველოდები ბაბუის სტატუსს, რომ ჩემ პატივსაცემად დაარქვან აჩი. გოგოს ელენე უნდა დავარქვათ. მოკლედ, ასეთი ეგოისტი ცოლ-ქმარი ვართ.
– აჩი, დედათქვენი, ქალბატონი ხატულა ძალიან ელოდებოდა, რომ მყარ ოჯახს შექმნიდით. როგორ მიიღო ელენე, როგორი დედამთილია?
ელენე: მე გეტყვით – გადასარევი, დემოკრატიული.
აჩი: ხატულა ჩემ გამო სირთულეებს გადაეყარა. მას ბევრი რაღაცის გადატანა მოუწია. ახლა ხედავს, რომ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ იმის შიში აქვს, რომ ის ტკივილი, რაც იყო, არ განმეორდეს.
ელეს დედა, მარინა, გვეუბნება, ყველაფერი თქვენია, წაიღეთ, ჩემი თავი გენაცვალოთო. კარგი პატრონები გვყავს. კედელი რომ გაქვს მაგარი, გვერდით რომ დაგიდგებიან, კარგად და ბედნიერი ხარ. მამები არც ერთს გვყავს, მაგრამ გვყავს დედები.
– აჩი, ინტერვიუს დასასრულს აუცილებლად უნდა გკითხოთ იმ სკანდალზე, რომელიც “სარკეში” გამოქვეყნებული ინტერვიუს შემდეგ თქვენ გარშემო აგორდა. მაშინ ჩვენთან თქვით, რუსმა ქალებმა იციან, კაცებს როგორ მოუარონ, ქართველმა ქალებმა – არაო, ქართველი ქალები “გაბლატავებულები” არიანო. ახლაც ასე ფიქრობთ თუ აზრი შეიცვალეთ?
აჩი: იმ თაობაზე, რომელზეც მაშინ ვთქვი, იმავეს ვამბობ, მაგრამ მინდა, ეს ამბავი გამოსწორდეს. მშობლებმა, განსაკუთრებით კი დედებმა, თავიანთ შვილებს, პატარა გოგონებს უნდა აუხსნან, რა და როგორ უნდა იყოს ოჯახში, ურთიერთობაში, სად გაიბუტონ და სად – არა.
როცა ამაზე ვისაუბრე, ბევრი პოლემიკა წამოვიდა, ბევრმა მლანძღა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მაინც მართალი ვიყავი. სხვადასხვა ასაკის ქალებმა თქვეს, ჩვენთან ეს ინსტიტუტი მოშლილია, დედები გოგოებს არ ელაპარაკებიანო. ეს ახალ თაობას ეხება, თორემ ქართველი ცოლი მყავდა ერთიც, მეორეც, მესამეც. ყველა ქართველი იყო და ყველა კარგი იყო ამ ამბავში.
ელენეს რაც შეეხება, ის უმცროსი თაობის წარმომადგენელი არაა, ამას გარდა, მას აბსოლუტურად კარგი გამოცდილება აქვს, რადგან ოჯახი ჰყავდა და ზუსტად იცის ყველაფრის ფასი. შესაბამისად, ნურავის შეეშლება და ნუ ეგონება, რომ ვიღაცას ვადარებ… რაც სხვადასხვა ქვეყნებში ვნახე, იმის შესახებ გამოვთქვი ჩემი აზრი.
მინდა, რომ ქართველმა ქალმა იცოდეს თავისი ფასი და, როცა ქართველმა ქალმა იცის თავისი ფასი, დამიჯერეთ, მსოფლიოში ვერც ერთი ქალი აჯობებს სტატუსით და მოწოდებით. ქართველზე “დასტოინი” ქალი არ არსებობს.
ეკა ლემონჯავა. სარკე

