ვერიკო ტურაშვილი: “მაღალი ვარ და 3-4 კილოს მომატება არ მეტყობა”

ვერიკო ტურაშვილი: "მაღალი ვარ და 3-4 კილოს მომატება არ მეტყობა”მომღერალმა ვერიკო ტურაშვილმა თინეიჯერობის ასაკში დაიქადნა, რომ ზედმეტ კილოგრამებს მოიშორებდა და დანაპირები შეასრულა კიდეც, მას შემდეგ თითქმის ერთ წონაზეა.

ვერიკო ორი შვილის დედაა, ოჯახში თავად უძღვება საქმეებს, ამიტომ, უნდა თუ არ უნდა, რეჟიმშია, თავის დროზე იძინებს და იღვიძებს და მთელი დღე აქტიურადაცაა. თუმცა იცის, რომ 30 წელს გადაცილებული ქალისთვის ეს საკმარისი არ არის და სატრენაჟორო დარბაზშიც აპირებს მისვლას, ასევე – სახის კანისთვის ვიტამინების მიშველებასაც.

– ვერიკო, როგორ ახერხებთ, რომ სულ ერთ წონას ინარჩუნებთ?

– თინეიჯერობის ასაკში მქონდა წონის პრობლემა და სულ ვიმუქრებოდი, აი, ნახავთ, 2 კვირაში როგორ დავიკლებ-მეთქი და ათასნაირ დიეტას მივმართავდი. გარდატეხის პერიოდმა რომ გაიარა, მას შემდეგ ერთ წონაზე ვარ, თუ ორსულად არ ვარ. თუ რომელიმე კაბაში კომფორტულად არ ვგრძნობ თავს, მსუბუქად ვიკვებები. ეს არის მაქსიმუმი, რაც შეიძლება, რომ გავაკეთო.

– ზედმეტ 2-3 კილოგრამს აქცევთ ყურადღებას?

– დაახლოებით ერთი თვის წინ აღმოვაჩინე, რომ 5-6 კილო მქონდა მომატებული და ახლა ცოტა დავიკელი. მაღალი ვარ და 3-4 კილოს მომატება არ მეტყობა, თუმცა მე ხომ ვგრძნობ ზედმეტ კილოგრამებს, თუნდაც კაბის ჩაცმის დროს, ამიტომ ვცდილობ, საკვები შევამცირო. არ მიყვარს ცხიმიანი საჭმელები, ცომეული და ტკბილი, ამიტომ არ მიჭირს წონის რეგულირება. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 3 კილო დავიკელი და ძალიან მიხარია.

– თქვენი რაციონი რისგან შედგება?

– გურმანი ვარ, მიყვარს გემრიელად ჭამა. ძალიან მიყვარს მოხარშული ხორცი, თევზი. ესეც ჯანსაღ საკვებად ითვლება. ასევე ძალიან მიყვარს ხილი. ჩემს სახლში ყოველთვის არის სადილი, რადგან ორი შვილი მყავს და მათთვის ეს აუცილებელია.

– დღეში სამჯერ კვებას თუ ახერხებთ – საუზმეს, სადილს და ვახშამს?

– გააჩნია, როგორი დღის რეჟიმი მაქვს. ყველაზე მეტად საუზმე მიყვარს. დილით რომ ვიღვიძებ, ვფიქრობ, რა ვჭამო. საღამოს სულ გარეთ ვარ და ვახშამს ხშირ შემთხვევაში ვერ ვახერხებ.

– მისდევთ ცხოვრების ჯანსაღ წესს?

– სამწუხაროდ, არასპორტული ვარ, თუმცა აქტიურად ვცხოვრობ, რადგან სულ გადარბენები მაქვს. სახლშიც არ ვარ პასიური დიასახლისი, სადილს მე ვაკეთებ, სახლს ვალაგებ, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ ვახერხებ ვარჯიშს და ეს არის ძალიან დიდი მინუსი. სულ ვამბობ, რომ, აი, ახლა უნდა ვივარჯიშო. მინიმუმი, უნდა ვირბინო მაინც.

– როგორც ვიცი, სიგარეტის მწეველი ხართ. ახალი კანონი, რომელიც საჯარო სივრცეში მოწევას კრძალავს, როგორ მიიღეთ?

– ამ კანონს მივესალმები. კონცერტები რომ მაქვს კლუბში ან რესტორანში, მთელი სუფრა დგება, გადის, ეწევა და შემოდის, ადამიანებისთვის ეს არ არის კომფორტული.

მე აქტიური მწეველი არ ვარ. ორსულობის პერიოდში არ ვეწეოდი. მინდა, რომ საერთოდ გადავაგდო სიგარეტი და აქტიური ვარჯიში დავიწყო. წლები რაც უფრო გვემატება, ადამიანის რესურსები მცირდება, ამიტომ ხელოვნურად უნდა შევუწყოთ ხელი, რომ ლამაზები და ჯანმრთელები ვიყოთ. სულ მახსენდება მადონა, რომელიც 60 წლის ხდება და ძალიან კარგად გამოიყურება. ეს არის მისი ცხოვრების წესის და რეჟიმის დამსახურება.

– რას შეიცვლიდით საკუთარ გარეგნობაში?

– პლასტიკურ ქირურგიას არ ვგულისხმობ, უბრალოდ ნელ-ნელა კანს უნდა მიხედვა, ვიტამინების მიღება. მით უმეტეს, როცა რუჯი გაქვს, სხეული შრება და სხვა მოვლა სჭირდება.

– სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის აუცილებელია საკმარისი ძილი. თქვენ ახერხებთ გამოძინებას?

– საბედნიეროდ, ძილი ძალიან მოწესრიგებული მაქვს. რა თქმა უნდა, ყოფილა მომენტები, როცა არ მქონდა ძილი მოწესრიგებული და ეს ყველაფერი აისახა გარეგნულ და შინაგან მხარეებზე. ამ დროს ხარ სულ სტრესში, გაღიზიანებული, საკმარისზე მეტი ოფოფები გყავს. ასე რომ, თავის დროზე დაძინება და დასვენება აუცილებელია.

– როგორი დასვენება გიყვართ, აქტიური თუ მშვიდი?

– ბავშვების გამო ყოველ წელს გამოწერილი მაქვს მთაც და ზღვაც, ჩემს შვილებს ვერასდროს ვუშვებ მარტო დასასვენებლად. მე მიყვარს აქტიური დასვენება, ანუ ზღვაზე.

გიორგი საკარული, სარკე