“საოპერაციოში შესვლის დღეს 186 კილოს ვიწონიდი” – ვინ გადააწყვეტინა გიგლა თუმანიშვილს კუჭის დაპატარავება

"საოპერაციოში შესვლის დღეს 186 კილოს ვიწონიდი" - ვინ გადააწყვეტინა გიგლა თუმანიშვილს კუჭის დაპატარავებარუსთავი 2-ის საინფორმაციო გამოშვება “კურიერის” ჟურნალისტი, გიგლა თუმანიშვილი, მაყურებლის თვალწინ თანდათან გახდა. ზუსტად 3 წლის წინ 186 კილოგრამი იყო. ჭარბი წონა მის ცხოვრებას, საქმიანობასა და მისწრაფებებს აფერხებდა. ერთ მშვენიერ დღეს მიხვდა, რომ ცვლილებების დრო იყო და გადაწყვიტა, ქირურგთან მისულიყო, თუმცა ეს ნაბიჯი დამოუკიდებლად, სხვების ჩაურევლად არ გადაუდგამს, გარკვეული ბიძგი დასჭირდა. ოპერაციის შემდეგ კი 79 კილოს დაემშვიდობა.

32 წლის ჟურნალისტი 6 ივნისს თავის ახლიდან დაბადების დღეს უწოდებს, რადგან სწორედ ამ დღეს გაიკეთა ოპერაცია – კუჭის რეზექცია.

– გიგლა, წლების განმავლობაში მაყურებელი აბსოლუტურად სხვანაირს გხედავდათ ეკრანზე, ახლა კი თითქოს სულ სხვა ადამიანი ხართ. როგორ ებრძოდით ჭარბ კილოგრამებს?

– ბევრი წელი ვებრძოდი წონას, მაგრამ ყველა მცდელობა არაეფექტური იყო. უამრავი დიეტა ვცადე, მათ შორის მკაცრი კვების რეჟიმიც, მაგრამ სამუშაოს გამო დიეტებს ბოლომდე ვერ ვასრულებდი.

არაერთი ადამიანის რჩევით გადავწყვიტე, ოპერაცია გამეკეთებინა და საბოლოოდ კარგი შედეგიც მივიღე. ამ ეტაპისთვის 79 კილო მაქვს დაკლებული. მცირე ტემპებით ისევ ვაგრძელებ კლებას. ისიც უნდა ითქვას, რომ ეს არ ხდება მარტივად, არავინ თქვას, რომ ოპერაციის მერე ყველაფერი ადვილია.

ცხოვრების წესს მთლიანად იცვლი და ბოლომდე დამოკიდებული ხარ მოჭრილ კუჭზე, ხელი თუ არ შეუწყვე და კვება არ აკონტროლე, ყველაფერი წყალში ჩაგეყრება. მცირედი “აწყვეტაც” კი, ვგულისხმობ გადამეტებულ კვებას, მარტივად აისახება წონაზე. 79 კილოგრამი დავიკელი და შემდეგ 5 კილო მოვიმატე, მაგრამ ახლა სულ ვაკონტროლებ.

– როგორი შეგრძნებაა, როცა იშორებ წონას, რომელიც მუდმივად დისკომფორტს გიქმნიდა?

– ოპერაციის შემდეგ თავიდან დავიბადე. 6 ივნისი არის ჩემი ახლიდან დაბადების დღე. ვისაც არ გამოუცდია, რა ტანჯვაა ჭარბი წონა, ის ვერასოდეს გაიგებს, რა გამოვიარეთ ჩვენ, მსუქნებმა.

ამას წინათ ჩემს მეგობრებს ვეუბნებოდი, რამხელა კაიფი ყოფილა ფეხის ფეხზე გადადება-მეთქი. არ მიყვარდა ზაფხული, რადგან ყველაზე დიდი ტანჯვა სიცხეში იწყებოდა. მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად არ ვიმჩნევდი და ვცდილობდი, კარგ ხასიათზე ვყოფილიყავი, შინაგანად მაინც ვითრგუნებოდი და და ბევრი კომპლექსი მქონდა.

– როგორ მიიღეთ რადიკალური გადაწყვეტილება, რომ ქირურგისთვის მიგემართათ? ეს ოპერაცია არ არის მარტივი, საკმაოდ რთულია.

– მას შემდეგ, რაც ჩემი კილოგრამების რეკორდი მოვხსენი, მივხვდი, რომ მხოლოდ დიეტები ეფექტური აღარ იყო და რადიკალური ზომებისთვის უნდა მიმემართა. ახლა აღარ ვმალავ ჩემს წონას, რაც ოპერაციამდე მქონდა. ზუსტად საოპერაციოში შესვლის დღეს 186 კილოს ვიწონიდი და ეს იყო კატასტროფა!

ამ ოპერაციის გაკეთება გადავწყვიტე კეთილი ადამიანების დახმარებით და მათი ყოველთვის მადლიერი ვიქნები, განსაკუთრებით ჩემი დირექტორის, ნიკა გვარამიასი, რომელმაც ბოლომდე შემიწყო ხელი. კუჭის რეზექცია დავგეგმე და ჯადოქარ ექიმებთან მივედი. ოთხსაათნახევრიანი ძილი ამ შედეგით დასრულდა – 29 წლის ასაკში თავიდან დავიბადე.

განსაკუთრებული გავლენა იქონია ჩემმა უახლოესმა მეგობარმა თაკო დოლაბერიძემ, რომელმაც ასევე სასწაული მოახდინა და ჩემზე ადრე გაიკეთა ოპერაცია. ეს ადამიანი ჩემთვის დიდი სტიმული იყო.

– ჭარბი წონა ჯანმრთელობისთვის დამანგრეველია. თქვენც ხომ არ გქონდათ პრობლემები?

– ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები იყო. დილით ვიღვიძებდი და ზოგჯერ 200 ან 220 მქონდა წნევა, მუშაობა წარმოუდგენელი იყო. გარდა ამისა, სულ მეგონა და ასეც იყო, რომ ყველა მე მიყურებდა ქუჩაში, მეგონა, ყველას ვეცოდებოდი, რაც ძალიან დიდ აგრესიას იწვევდა ჩემში.

ჭარბწონიან ადამიანებს ნურავინ შეხედავთ შეცოდებით, მათ ისიც ეყოფათ, რომ შინაგანად დათრგუნულები არიან. საზოგადოებრივი ტრანსპორტით არ დავდიოდი, ვფიქრობდი, რომ ყველას ვაწუხებდი. ძალიან იშვიათად დავდიოდი შოპინგზე, რადგან ჩემი ზომის ტანსაცმელს ვერ ვშოულობდი. შეჭმული მყავდა ჩემი მკერავი.

ეს ყველაფერი ახლა ცუდი სიზმარივით მახსოვს. ნებისმიერ მაღაზიაში შევქანდები და რაც მინდა, იმას ვყიდულობ.

– პირად ცხოვრებაშიც გიშლიდათ ხელს მძიმე წონა?

– ცხადია, გავლენა ჰქონდა, მაგრამ პირადის გარეშე არასოდეს მიცხოვრია. ჭარბი წონის მიუხედავად, ხალხს ვუყვარდი ისეთი, როგორიც ვიყავი. მქონდა ძალიან კარგი ურთიერთობა ადამიანებთან და არც მათთვის და არც ჩემთვის ჭარბი წონა პრობლემა არ ყოფილა.

– რას ეტყოდი იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა ჟურნალს კითხულობენ და იმავე პრობლემების წინაშე დგანან, რომლებიც 3 წლის წინ თავადაც გაწუხებდათ?

– ასეთი ბევრი მიკავშირდება და ყველას ვუმეგობრდები, რადგან მათი განცდების კარგად მესმის. მეგობრებო, არ დაითრგუნოთ, თქვენ ხართ ყველაზე საყვარელი ფუმფულები დედამიწაზე! მე სულ ვამბობდი, ვისაც არ მოვწონვარ, მარცხნივ გაიხედოს-მეთქი.

არ შეგეშინდეთ, თუ დიეტა არ არის ეფექტური. ოპერაცია არ არის მარტივი, მაგრამ ძალიან კარგი გამოსავალია. წინ დიდი ბედნიერება გელოდებათ.

 ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე