კახა კუხიანიძე სხეულის გამოშრობის რეჟიმზე გადავიდა – ,,ჭამა ისე მიყვარს, სახელმწიფო გამოცდა გადავდე იმის გამო, რომ მშიოდა”

კახა კუხიანიძე სხეულის გამოშრობის რეჟიმზე გადავიდა - ,,ჭამა ისე მიყვარს, სახელმწიფო გამოცდა გადავდე იმის გამო, რომ მშიოდა"მომღერალმა კახა კუხიანიძემ სატრენაჟორო დარბაზს სხეულის კორექციისთვის მიაკითხა, ოღონდ არა ჭარბი წონის გამო, არამედ სიგამხდრის. მოკლესახელოებიანი მაისურების ჩაცმა ერიდებოდა, ახლა კი ეს პრობლემა მოეხსნა. დღეს მისი ცხოვრების წესი მუდმივი ვარჯიში და რაციონის მკაცრად გაკონტროლებაა. სპეციალურ დიეტას იცავს, რათა სხეული რელიეფური, ელასტიკური გაუხდეს.

— კახა, თქვენი ცხოვრების ჯანსაღი წესი რას გულისხმობს?

– ჩემთვის მნიშვნელოვანია კვების ხარისხი, ვარჯიში და ნაკლებად ვიღებ ისეთ საკვებს, რომელშიც დიდი რაოდენობით ქოლესტერინია. წონის პრობლემა არასდროს მქონია, რაც უნდა ვჭამო, მაინც არ ვიმატებ, მაგრამ ზოგადად ჯანმრთელობისთვის იმდენად ცუდია ამ საკვების მიღება, რომ კვების რეჟიმი აუცილებლად უნდა დააბალანსო.

— სპორტს მისდევთ, ვარჯიშობთ?

– დღეგამოშვებით დავდივარ სპორტდარბაზში, რომ იმუნიტეტი ძლიერი მქონდეს. როცა ვარჯიშობ, ორგანიზმი სულ გთხოვს, რომ წახვიდე დარბაზში. რაც უნდა დაღლილი ვიყო, მაინც ვიწყებ ვარჯიშს და დიდ ენერგიას ვიღებ.

— გყავთ პირადი მწვრთნელი?

– არა, რადგან ახლა დამოუკიდებლადაც შემიძლია ვარჯიში. თავიდან, რა თქმა უნდა, მწვრთნელის მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავი, ის სწორ მითითებებს მაძლევდა, რაც აუცილებელია.

— სანამ ორგანიზმი ასეთ რეჟიმში ჩადგება, მანამდე რაღაცამ უნდა უბიძგოს ადამიანს, რომ დარბაზში დაიწყოს სიარული. თქვენთვის რა აღმოჩნდა ეს ბიძგი?

– ძალიან გამხდარი ვიყავი და ზაფხულში მოკლესახელოებიანი მაისურების ჩაცმა მერიდებოდა. “ექსტრა სმოლიდან” “იქს ელზე” გადავედი და ბედნიერი ვარ. ვარჯიშის შემდეგ კუნთი რომ მტკივა, ეს არის ჩემთვის დიდი სიამოვნება. ვინც ვარჯიშობს, ამაში ყველა დამეთანხმება.

ადამიანმა არასოდეს უნდა თქვა, ორშაბათიდან დავიწყებ ვარჯიშსო. როცა გინდა, იმ დღესვე უნდა წახვიდე სავარჯიშოდ. ბევრი დადის სელფის გადასაღებად, რომ გაიპრანჭოს, თუმცა ამ ფაქტსაც მივესალმები. იქნებ რაღაცნაირად გაუჩნდეს ვარჯიშის სურვილი. მიხარია, რომ ბევრი სატრენაჟორო დარბაზი გაიხსნა და თითქმის ყველა დატვირთულია. ხალხი მიხვდა, რომ ვარჯიში არის აუცილებელი.

— მავნე ჩვევებზეც თქვით უარი?

– ჩემი პრობლემა არის ის, რომ სიგარეტი მიყვარს. ასევე, საკუთარ თავთან სულომი მაქვს, რომ ადრე დავიძინო და ადრე გავიღვიძო. ღამის 3 საათზე თუ დავიძინე, ეს უკვე ბევრ რამეს ნიშნავს.

გარემოცვაც ისეთი მყავს, რომ ღამით იწყებენ აქტიურობას. ზოგადად ღამე მიყვარს, ყველა ჩემი მეგობარი ღამის ცხოვრებით ცხოვრობს და მაშინ ყველაფერს უნდა მოვწყდე, ასე კი არ შემიძლია. დილით რომ ავდგე, რა გავაკეთო? სამსახური მაქვს ისეთი, რომ ადრე ადგომა არ მიწევს.

ყველაზე მაგარ რეჟიმში ზღვაზე ვარ ხოლმე. დილით ადრე ვიღვიძებ და ეს მუხტი რამდენიმე თვე მიმყვება.

— არასაკმარისი ძილი გარეგნობაზე აისახება.

– რა თქმა უნდა, ცუდად აისახება, რადგან დაღლილი ვიღვიძებ.

— მოწევა არ შეამცირეთ ახალი კანონის მიღების შემდეგ, რომელიც საზოგადოებრივ ადგილებში მოწევას კრძალავს?

– ბევრს ისედაც არ ვეწევი. მე მივეკუთვნები იმ ადამიანების კატეგორიას, რომლებიც ზამთარში, სიცივეში სიგარეტის მოსაწევად რესტორნიდან გარეთ არ გავლენ. ახლა ზაფხულია და ვცდილობ, ისეთ ადგილებში წავიდე, სადაც გარეთ დაჯდომა შეიძლება, მაგრამ შემოდგომიდან გამიჭირდება.

— არ აპირებთ, რომ სიგარეტს თავი დაანებოთ?

– მთავარია, მოვინდომო და ადვილად დავანებებ თავს. შეიძლება მთელი დღე გავიდეს ისე, რომ არ მოვწიო.

— რა ასაკიდან ეწევით?

– 14 წლიდან, თუმცა სიგარეტზე დამოკიდებული არასდროს გავმხდარვარ. ნებისმიერ დროს შემიძლია სიგარეტი გადავაგდო.

— ვარჯიშის ან სიმღერის დროს არ გიშლით სიგარეტი ხელს?

– არა. არც ვარჯიშის, არც სიმღერის და არც ცურვის დროს მიშლის ხელს, თუმცა უკეთესი იქნება, თუ არ მოვწევ. 3 თვე არ ვეწეოდი სიგარეტს, მაგრამ ჯიბეში სულ მქონდა. ამოვიღებდი, ხელში ვიჭერდი და არ ვუკიდებდი. აუცილებლად დავანებებ თავს.

— ალკოჰოლი რა დოზით არის თქვენს ცხოვრებაში?

– საღამოობით ვსვამ ერთ-ორ ჭიქა შავ ღვინოს. იშვიათად, რომ დავთვრე, ისიც მაშინ, რამდენიმე სასმელი თუ ავურიე ერთმანეთში, თუმცა გონებას არასდროს ვკარგავ, საკუთარ თავს სულ ვაკონტროლებ. არ მიყვარს არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა.

კარგი სიმთვრალე მაქვს, არ ვარ შარიანი. ბედნიერი გართობა ვიცი.

— კვების რეჟიმი მოწემრიგებული გაქვთ თუ ქაოსური, ანუ სად და როდის მოგიწევთ?

– ჭამა იმდენად მიყვარს, სახელმწიფო გამოცდა გადავდე იმის გამო, რომ მშიოდა. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა საათს, სულ უნდა ვჭამო. გრაფიკის მიხედვით ვერ ვახერხებ, რადგან სულ მშია და სულ ვჭამ.

— და ეს ყველაფერი არ აისახება წონაზე?

– არა. ძალიან ბევრჯერ მივედი ექიმთან, ჯანმრთელი ვარ თუ არა-მეთქი. მითხრეს, აბსოლუტურად ჯანმრთელი ხარო. იმდენად მოწესრიგებული მაქვს ნივთიერებათა ცვლა, რომ ჭამა ორგანიზმზე უარყოფითად არ აისახება.

— ძირითადად როგორია თქვენი რაციონი?

– ახლა ვარ ცოტა მკაცრ რეჟიმზე, რადგან მინდა ორგანიზმის გამოშრობა. ნახშირწყლები შევამცირე, საღამოს საათებში ცილოვან საკვებს ან მხოლოდ სალათებს ვმღებ და ეს არის ჩემთვის ტანჯვა, რადგან გაასმაგებულად მშია.

— რადგან საკუთარი სხეულით ასე ხართ დაკავებული, ალბათ ქალის გარეგნობასაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ.

– გარეგნულ მხარეზე მეტად ურთიერთობას ვაქცევ ყურადღებას. პირს რომ გააღებს ადამიანი, უკვე ვხვდები, რა კატეგორიისაა. გოგოს ესთეტიკურ მხარეს ვანიჭებ ყურადღებას.

— შეყვარებული არ ხართ?

– არა და, ამ მხრივ, ცოტა იმედგაცრუებულიც ვარ. ადამიანების უმეტეს ნაწილს სიყვარული აღარ შეუძლია, აღარც მეგობრობა და, სხვათა შორის, ბოლო პერიოდში ჩემი ცხოვრებიდან ბევრი ადამიანი გავცხრილე. ვერ წარმოვიდგენდი, ასე თუ მოხდებოდა, მაგრამ მოხდა. რაღაცები იცვლება სამყაროში. მირჩევნია, მყავდეს ცოტა მეგობარი და ეს იყოს წრფელი ურთიერთობები.

ადამიანებს ერთმანეთის ბედი ნაკლებად აწუხებთ. როდესაც ხარ კარგად, მაშინ ხარ კარგი და მაშინ სჭირდები ყველას.

ეკა ლემონჯავა, სარკე