ირმა სოხაძე: ,,ამდენი წელი გულყრამდე სიყვარული არ რჩება”

ირმა სოხაძე: ,,ამდენი წელი გულყრამდე სიყვარული არ რჩება"მომღერალ ირმა სოხაძის ცხოვრებაში დიდი სიყვარული, რეზო ასათიანი, რთულ პერიოდში გამოჩნდა. შემოქმედებაში კრიზისი ჰქონდა, ერთ დროს საუკეთესო რეპერტუარით განებივრებული გოგონა ახალ სიმღერებს ვეღარ პოულობდა. კვარტეტმა “თბილისმა” კი, რომლის წევრი რეზოც გახლდათ, მსმენელი დაუბრუნა და მისი შემოქმედებითი გზა გაგრძელდა, რომელზეც 40 წელზე მეტია მომღერალს გვერდით მეორე ნახევარიც მიჰყვება.

– ქალბატონო ირმა, თქვენი ცხოვრება ვარსკვლავურმა ბავშვობამ თავიდანვე განსაზღვრა. მაყურებლის თვალწინ გაიზარდეთ და ჩამოყალიბდით. თავად თქვენთვის ყველაზე სათუთი მოგონება ამ წლებიდან ვის ან რას უკავშირდება?

– რომელი ერთი გავიხსენო, აღარ ვიცი. საოცარი ბებიები და ბაბუები მყავდა, ოთხივე უნიკალური ადამიანი იყო.

ირმა სოხაძე: ,,ამდენი წელი გულყრამდე სიყვარული არ რჩება"დედაჩემის დედა ქართულის მასწავლებელი იყო, საოცრად განათლებული. ალბათ მან შემაყვარა კითხვა. დღე არ გავა, მისი რომელიმე ანდაზა არ გამახსენდეს.

მეორე ბებია იმერელი იყო. მასთან რომ შევირბენდი, მეუბნებოდა, ბოძი შეიდგიო, ეს იმას ნიშნავდა, რომ უნდა მეჭამა. დიდი შეჯიბრი იყო, ვისთან დავრჩებოდი, ვინ მაჭმევდა, ვინ მომეფერებოდა.

– ბაბუები რომ არ დავჩაგროთ, მათზეც მოგვიყევით.

– მამის მამა დიღმის საცდელი მეურნეობის დირექტორი იყო, იქ სამოთხე იყო დედამიწაზე. ფიდელ კასტროთი და ხრუშჩოვით დაწყებული, ვინ აღარ ჩამოდიოდა მასთან. ვენახი ჰქონდა გაშენებული, ღვინოს წურავდა.

ბაბუა ჩემს ცხოვრებაში საოცარი გაელვება იყო. მთასავით კაცი ჩემ მიმართ საოცარ სითბოს გამოხატავდა. მის გარდაცვალებას მთელი საქართველო გლოვობდა, რაც ცოტა მიკვირდა. ბებია თავს იკლავდა, მე კი ვფიქრობდი, ასე რატომ განიცდიან, ეს ხომ კანონზომიერია-მეთქი.

57 წლის გარდაიცვალა და მაშინ ვერ ვხვდებოდი, რომ არც ისეთი მოხუცი იყო, როგორც 11 წლისას მეჩვენებოდა. მე უკვე გადავცდი 57 წელს და ახლა ვაცნობიერებ, როგორი ახალგაზრდა წასულა ამქვეყნიდან.

მეორე ბაბუა რაიკომის მდივანი იყო. ყველაფერს თავისი ხელით აკეთებდა, სკამებს, საქანელებს, გამრჯე და ძალიან კეთილი ადამიანი იყო.

მამა მირჩევდა სიმღერებს, მასწავლიდა. თუ რაიმე კარგი მაქვს, სწორედ მისგან მაქვს აღებული. დედაჩემს ძალიან კარგი კარიერის გაკეთება შეეძლო, მაგრამ შვილების გამო სამსახურის დაწყება არც უფიქრია, ჩვენ გვივლიდა.

– ასეთი სიყვარულითა და ყურადღებით განებივრებულ გოგონას დამოუკიდებლობა არ გაკლდათ?

– 11 კლასი ისე დავამთავრე, ქუჩაში მარტოს ფეხი არ გამიდგამს, ხან მამას დავყავდი, ხან – მძღოლს. კლასელების მშობლებმა მორიგეობა დააწესეს და მონაცვლეობით ჩვენს მამებს დავყავდით.

ირმა სოხაძე: ,,ამდენი წელი გულყრამდე სიყვარული არ რჩება"– ამ მკაცრი კონტროლის ქვეშ მაინც მოახერხეთ, რომ შეყვარებული გაიჩინეთ და 19 წლის გათხოვდით კიდეც?

– მეთერთმეტე კლასში გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე, რეზო ასათიანი. მამაჩემმა გერმანიაში წაგვიყვანა. ახალგაზრდული ორგანიზაციის საიუბილეო თარიღი იყო. ჩვენთან ერთად წამოვიდა კვარტეტი “თბილისი”, მაგრამ ერთი წევრი აკლდათ და კვარტეტში პირველ ხმად მე ჩამსვეს.

ეს ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო, რადგან იმ პერიოდში ცუდი რეპერტუარი მქონდა. მანამდე ურთულეს რეპერტუარს ვმღეროდი, ჯაზს, იტალიურ, ამერიკულ სიმღერებს, მაგრამ რატომღაც იმ ასაკში სიმღერები შემომელია, ახალს ვერ ვპოულობდით, შედარებით ცუდადაც ვმღეროდი, ხმა ვეღარ მეკავა და ვკიკინებდი. არც მე მომწონდა, რასაც ვაკეთებდი და დიდად აღარც მაყურებელს, რაც ჩემთვის ტრავმა იყო.

სწორედ ასეთ დროს გამოჩნდა “თბილისი” და თავიდან წამოვიდა მაყურებლის სიყვარული. ჯემალ სეფიაშვილი, ვაჟა დურგლიშვილი ჩვენთვის წერდნენ სიმღერებს. უცებ სიყვარულიც მოვიდა და ეს მოხდა 1972 წელს. მას შემდეგ 44 წელი გავიდა. 41 წელია, რაც მე და რეზო ცოლ-ქმარი ვართ.

– დღევანდელი გადასახედიდან როგორ ფიქრობთ, ოჯახის შესაქმნელად მზად იყავით?

– მშობლების მარწუხებიდან გავთავისუფლდი. გათხოვებასთან ერთად ძალიან ბედნიერი და თავისუფალი ხანა დაიწყო ჩემს ცხოვრებაში.

5 წელი რეზოს მშობლებთან ერთად ვცხოვრობდი. ჩემი დედამთილი გადასარევი ქალი იყო. 5 წელი სახლში მტვერიც კი არ გადამიწმენდია, შემდეგ კი ცალკე ბინაში გადავედით. 36 წელია აქ ვცხოვრობთ, ჩემს პატარა ბინაზე ისე ვგიჟდები, არსად მინდა გადასვლა. მალევე შეგვეძინა სალომე.

ირმა სოხაძე: ,,ამდენი წელი გულყრამდე სიყვარული არ რჩება"– თქვენში დედურმა ინსტინქტმა მაშინვე გაიღვიძა?

– გადასარევი შეგრძნება იყო, მაგრამ ორ ფაკულტეტზე ვსწავლობდი, სულ კონცერტები მქონდა, სალომეს დედაჩემი მიზრდიდა, რაც ნორმალური მეგონა. არაფერი ჯობს, შვილს თავად რომ ზრდი, რასაც ნატაზე მივხვდი.

სალომე 15 წელია პრაღაში ცხოვრობს, რადიო “თავისუფლების” თანამშრომელია. ერთი ბიჭი ჰყავს – მაქსიმილიანე. რაც სალომეს დავაკელი, მის შვილს ავუნაზღაურე, მაქსი რომ დაიბადა, იქ ვიყავი.

ნატა საოცრად დაკავებულია და ამასთანავე ძალიან კარგი დედაა, რამდენ რამეს ასწრებს, გაგიჟდებით. ჩემი ორი ფანტასტიკური შვილიშვილის, რეზიკოს და ალექსანდრეს, დედაა. მაქსიმალურად ჩართული ვარ შვილიშვილების აღზრდაში.

– თქვენი და ბატონი რეზოს ოჯახი რაზე დგას?

– ძალიან ბევრ რამეზე. ამდენი წელი გულყრამდე სიყვარული არ რჩება, მაგრამ მოვიდა მეგობრობა, ურთიერთპატივისცემა, თანადგომა, საერთო ინტერესები.

ბევრ რამეში უთანხმოებაც გვაქვს. ზოგჯერ ძალიან სერიოზული კამათიც მოგვდის და სწორედ ამიტომაა ჩვენი ურთიერთობა ცოცხალი. ერთმანეთის აზრი ყოველთვის გვაინტერესებს. არ მჯერა ოჯახების, როდესაც ამბობენ, რომ არასოდეს კამათობენ, რანაირად შეიძლება ასე კარგად გესმოდეს მეორე ადამიანის? ყველაზე მთავარი ისაა, რომ რეზო ძალიან საინტერესო ადამიანია.

ფანტასტიკური იუმორი აქვს, ისევე როგორც მე. ერთხელ მითხრა, ამდენი წელი იმიტომ გიძლებ, რომ შუა კამათში ისეთ სასაცილო რაღაცას ამბობ, მეცინებაო. გვავიწყდება ხოლმე, რაზე ვკამათობდით.

საყვედურის თქმა ყოველთვის შეიძლება, მაგრამ ყველაფერზე ჩაციკვლა არ ვარგა. ასე სიძეებთანაც შემიძლია სასაყვედურო საკითხები მოვნახო, მაგრამ რაში მჭირდება? ერთიმეორეზე უკეთესი სიძეები მყავს.

– ცხოვრებამ ყველაზე მთავარი რა გასწავლათ?

– წყენის, გაბრაზების მიუხედავად, ყველაფერს სიყვარულით უნდა ვუპასუხო და შემდეგ ათმაგი სიკეთით მიბრუნდება უკან.

 ქეთი დინოშვილი, სარკე