დავით საგანელიძე დიდხანს ითვლებოდა სასურველ სასიძოდ და ამ სტატუსს 50 წლის ასაკში დაემშვიდობა, როცა 30 წლით უმცროსი გოგონა შეირთო, პროფესიით ფარმაცევტი სოფო ფარცხალაძე. საბოლოოდ მაინც ყველაფერი მოასწრო და ახლა ბედნიერი ქმარი და მამაა. ,,სარკეს” ის თავის პირადზე უამბობს.
– კარიერის პარალელურად პირად ცხოვრებაში რა ეტაპები და გაკვეთილები გამოიარეთ?
– ერთ-ერთი სერიოზული ეტაპი ის იყო, რომ 50 წლის ასაკში გადავწყვიტე ცოლის შერთვა და თან ჩემზე საკმაოდ უმცროსი მოვიყვანე. მიმაჩნია, რომ ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. ვისაც როგორ უნდა, ისე შეაფასოს. ერთი შემიძლია ვთქვა, ჩემსა და ჩემს მეუღლეს შორის ის ურთიერთობაა, რომელსაც ბევრს ვუსურვებ.
ოპტიმისტი კაცი ვარ და მგონია, რომ წინ ბევრი წელი დამრჩა გასავლელი. ამ წლებში ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ შვილებმა ჩემი გზა არ გაიარონ. ჩემმა თაობამ საკმაოდ რთული პერიოდი გადაიტანა. მინდა, მათ შესაბამისი განათლება მიიღონ, ქვეყანაში ისეთი გარემო იყოს, რომ იმაზე არ უწევდეთ ფიქრი, თავი როგორ დაიცვან ძალადობისგან. დარწმუნებული ვარ, შევძლებ ამ ყველაფრის გაკეთებას და არამარტო მათთვის, სხვების შვილებისთვისაც.
– შეგიძლიათ თქვათ, რომ იღბლიანი ადამიანი ხართ?
– არ ვიქნები პესიმისტი და საბოლოოდ გეტყვით, რომ საკმაოდ წარმატებული ადამიანი ვარ, ღმერთი მმფარველობს. სხვათა შორის, ჩემს ახალგაზრდობაში თუ რამე მომგებიანი იყო, ყოველთვის ყველაფერს ვიგებდი. ერთხელ ერთმა მითხრა, მაგით ნუ ისარგებლებ, თორემ განგება დაგსჯისო. არასოდეს ვთამაშობ კაზინოებში, არ ვთამაშობ ფულზე. მაქვს იღბალი, მაგრამ სხვა რაღაცეებში ვიყენებ და არა – თამაშში. დანარჩენს ცხოვრება გვაჩვენებს.
თქვენ ძალიან ახალგაზრდა ბრძანდებით. ახლა მე და თქვენ შევთანხმდეთ, რომ 50 წლის შემდეგ ისევ მოხვალთ ჩემთან ინტერვიუზე და ჩემი ცხოვრების შემდგომ 50 წელზე ისევ თქვენ მოგიყვებით. მკითხველმაც შეინახოს ეს ჟურნალი და მერე შეადარონ, დასკვნები გააკეთონ, რა შეიცვლება ამ 50 წლის განმავლობაში. საინტერესო იქნება. შევთანხმდით?
– შევთანხმდით! გეტყობათ, რომ რისკზე წასვლა გიყვართ, მაგრამ ადრე თუ მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდით, ახლა შვილები გყავთ.
– ბუნებრივია, ჩემში პრიორიტეტები რადიკალურად შეიცვალა. ადრე თუ ისე ვმოქმედებდი, როგორც მე მინდოდა, ახლა იმაზე ვფიქრობ, შვილებისთვის, ოჯახისთვის რა იქნება მნიშვნელოვანი. სიმართლე გითხრათ, ეს ბევრად უფრო საინტერესო აღმოჩნდა.
ჩემი ცხოვრება ისე გავატარე, რომ ბევრი რამ ვნახე, დედამიწის ნახევარი შემოვიარე, მეორე ნახევარს შვილებთან ერთად შემოვივლი. იმდენი პრობლემა და გაჭირვება მქონია, არავის ვუსურვებ და იმდენი წარმატება მქონია, ღმერთმა ყველას მისცეს. ისეთი პერიოდიც ყოფილა, როდესაც ჩემი თავი ყველაზე მაგარი მეგონა, მაგრამ არც წარმატება ამვარდნია თავში და არ გავგიჟებულვარ. ცხოვრებაში არაფერი გამიკვირდება. ყველაზე დიდი სიმდიდრე რაც მაქვს, ეს ჩემი ოჯახი, ჩემი მეგობრები, ახლობლები არიან, ისინი, ვისთან ერთადაც საერთო საქმეს ვემსახურები.
მე ყოველთვის მაქვს ჩემი პოზიცია, არასოდეს დავემსგავსები მარიონეტს. არც იმის მეშინია, თუ რამე განსხვავებულს ვიტყვი, წარსულიდან ჩემს ცუდ ნაბიჯს გამიხსენებენ-მეთქი. ცხოვრებაში ისე მივდივარ, არაფერი მაშინებს. ყველაზე დიდი ძალა, რაც გამაჩნია, ეს ჩემი სულიერი თავისუფლებაა.
– დარწმუნებული ხართ, რომ წარსულის შეცდომებს ვერავინ წამოგაძახებთ, თუნდაც საკუთარი თავი არ გაგახსენებთ?
– არც ერთი ჩემი გადადგმული ნაბიჯის არ მრცხვენია. არც ერთი ისეთი გადაწყვეტილება არ მიმიღია, რომ ღამე არ მეძინოს და მაწუხებდეს. ადამიანი შეცდომების გარეშე ვერ იცხოვრებს. ღმერთმა ნუ ქნას, მთელი ცხოვრება უშეცდომოდ გაიარო, რადგან გამოდის, რომ ვერაფერს ხედავ. ვისაც ჰგონია, შეცდომები არ დამიშვიაო, იმას ძალიან დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე. მეც საკმაოდ ბევრი შეცდომა დავუშვი, ალბათ იმიტომ, რომ, პირველ რიგში, ღმერთმა ინება და მეორეც, ჩემმა ყველა შეცდომამ ბევრი რამ მასწავლა, დამანახვა, რომ არასწორი გზა იყო.
– სოფოს სახით თანამოაზრე გყავთ თუ ოპოზიცია?
– არ ვიტყვი, რომ ოპოზიციაა, სოფო ბევრად უფრო ფრთხილია. ალბათ ქალის ბუნებაა ასეთი, ყველაფერს ძალიან განიცდის. სოფო გამორჩეულად კარგი დედა და ასეთივე კარგი მეუღლეა. ოპოზიცია იმ მხრივაა, რომ ზედმეტად ემოციურია. სხვათა შორის, იმდენად საინტერესო რჩევებს და რეკომენდაციებს მაძლევს, ბევრიც რომ ვიფიქრო, მე შეიძლება ვერ მივხვდე. შეიძლება მაშინვე არ შევიმჩნიო ეს, მაგრამ მერე აუცილებლად ვითვალისწინებ.
– თქვენ შორის ასაკობრივი სხვაობა იგრძნობა?
– ხანდახან ვხუმრობ ხოლმე, მგონია, რომ სოფო ჩემზე უფროსია-მეთქი. ზოგჯერ მიჯავრდება, ბავშვივით იქცევიო და მე ეს მომწონს. ბავშვივით მეც ყირაზე გადავდივარ. სულ ვამბობ, რომ ადამიანი იმ ასაკის ხარ, რამდენისაც შინაგანად გრძნობ თავს და არა – იმდენის, რაც პასპორტში გიწერია.
– ანუ რამდენი წლის ხართ შინაგანად?
– ვინც ჩემ გვერდითაა, იმის ასაკის ვარ. ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს მოხუცებთანაც, მათ ენაზე კამათი, მათი შეხედულებების და აზრების გაზიარება შემიძლია. ბავშვებთან სწორედ მათნაირად ვთამაშობ. შეიძლება საქანელებზე ვერ ვეტევი, მაგრამ მაინც ვცდილობ. ყველა ასაკი საინტერესოა. დიდ ასაკს დიდი გამოცდილება აქვს და ეს პლუსია. ახალგაზრდობის უპირატესობა კი ისაა, რომ ახალი ტექნოლოგიები ბევრად უკეთ აქვთ ათვისებული.
– სოფომ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, ვერ ვიტყვი, რომ დათო მანებივრებსო. ეს ასეა?
– ნამდვილად არ ვანებივრებ. არ ვიცი, ვისთვის რა არის განებივრება. ბევრისთვის თუ უცხოეთში, მაღაზიებში და კლუბებში სიარულს ნიშნავს, ამ მხრივ სოფო ნამდვილად არ მყავს განებივრებული. სასიხარულოდ თუ სამწუხაროდ, ძირითადად სახლში, ბავშვებთან უწევს ყოფნა. თუ ვიღაცისთვის ისაა განებივრება, რომ გყავს ოჯახი, ქმარი, მშობლები, შვილები, ოჯახში იდილია სუფევს, ამ მხრივ ძალიან განებივრებულია. მე არც ფინანსური საშუალება მაქვს, რომ, როცა რა გაუხარდება, ის შევუსრულო. ამაში არაა ბედნიერება, სულ სხვა რაღაცეებშია და მიხარია, რომ სოფოც იმაში ხედავს ბედნიერებას, რაშიც მე.
– შვილებს რა ღირებულებებით გაზრდით, რომ იმათაც თქვენსავით უკან გახედვის არ შეეშინდეთ?
– ღირსება, ქვეყნის სიყვარული, პატიოსნება, ტრადიციების, უფროსების, ოჯახის პატივისცემა, სიყვარულით ცხოვრება – ესაა ჩემი ღირებულებები. ზოგს რომ შეხედავ, გიბღვერს, ვიდრე კარგად არ გაგიცნობს. ზოგი თავიდანვე გულღიად მიგიღებს, მაგრამ შეიძლება მერე გაუცრუვდეს იმედები. მე მეორე კატეგორიას მივეკუთვნები – ყველას მიმართ თავიდანვე ძალიან ღია და გახსნილი ვარ, მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრს გაუცრუებია ჩემთვის იმედები. ადამიანმა სიმართლით უნდა იცხოვრო. როგორი რთულიც უნდა იყოს სიმართლის თქმა, მაინც თქმა ჯობია. შეიძლება ატკინო, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს ტკენა მისი უკეთესობისთვისაა.
ქირურგი ვიყავი და 14 ადამიანი დადის თბილისში, ვისაც ქირურგმა დათო საგანელიძემ 7 ორგანო ამოუღო. მაშინ ძალიან ვატკინე, რამდენიმე თვე საწოლიდან წამოდგომის საშუალება არ ჰქონდათ, მაგრამ სამაგიეროდ გადარჩნენ. ხანდახან მკვახე სიმართლეს ვამბობ და მეუბნებიან, პოლიტიკოსისთვის დიდად კარგი თვისება არ არისო. ვალდებული ვარ, გავითვალისწინო, როგორ შეხედავს ჩემს ნათქვამს არასამთავრობო სექტორი, მაგრამ მე რაც ვარ, ეს ვარ.
– თავად ვინ ან რამ გატკინათ ყველაზე მეტად?
– ორ ნაწილად დავყოფ: არის ტკივილი, რომელსაც ვერაფერს უზამ, ვერ გამოასწორებ და ეს ახლობელი ადამიანების დაკარგვაა. ესეც ორნაირად ხდება, ერთი ფიზიკური, როცა ამქვეყნიდან მიდიან და შენ ვერაფერს გახდები და მეორეა მათი ისეთი საქციელი, რომელიც მათ თავს სამუდამოდ გაკარგვინებს. გავბრაზებულვარ და ზოგჯერ საშინლად მდომებია სამაგიეროს გადახდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც შვილები მყავს, ყველას შევუნდე და ღმერთმა ყველა კარგად ამყოფოს. არ აქვს მნიშვნელობა, მოწინააღმდეგეა თუ მომხრე, ყველას სიკეთეს და ბედნიერებას ვუსურვებ.
ქეთი დინოშვილი, სარკის არქივიდან

