,,10 კილო რომ დამაკლებინა, ნამდვილად არ მაწყენდა, მაგრამ მე მიყვარს ჩემი თავი ისეთი, როგორიც ვარ. თუ ადამიანს უნდა ჩემთან, ასეთიც მოვეწონები. დავიჯერო, კილოგრამებში განისაზღვრება ჩვენი ღირსება? რა თქმა უნდა, არა!” – გვითხრა ტელე და რადიოწამყვანმა, ქუთაისელმა ჟურნალისტმა თეა ჩეჩელაშვილმა, რომელმაც საზოგადოებას თამამი გამონათქვამებით, კითხვებით, პასუხებით და ჩაცმით გააცნო თავი.
— თეა, მუშაობთ რეგიონში, ქუთაისში, მაგრამ მთელ საქართველოში უამრავი ადამიანი გიცნობთ. ეს რისი დამსახურებაა?
– ჟარგონულად რომ გითხრათ, ამაზე არასდროს “მიჩალიჩია”. ჩემი მიზანი არ არის, ვიღაცამ შემამჩნიოს. ეს უფრო ჩემი ნატურის დამსახურებაა, რომელიც მაქვს და არ ვიბრძვი, რომ შევცვალო. მირჩევნია, დავრჩე ისეთი, როგორიც ვარ, როგორიც ადამიანებმა დამიმახსოვრეს – გულწრფელი, ეპატაჟური, პოზიტიური და ა.შ.
როცა მეკითხებიან, ეს მართლა თქვენი მკერდი არისო, ვპასუხობ, მკერდი რომ გამეკეთებინა, ჩემი გემოვნებით გავიკეთებდი-მეთქი. ჩემი ნება რომ იყოს, ვიზუალურად სულ სხვანაირი ვიქნებოდი.
ჩემი თამამი ჩაცმულობა და სიტყვა შეიძლება ვიღაცამ მეტიჩრობად ჩამითვალოს, მაგრამ უკვე დროა, მიხვდეს საზოგადოება, რომ მე ასეთი ვარ. ვთვლი, რომ ჩემი სხეული ჩემია და ვერავინ დამიწესებს ცენზს.
ჩემი ლიბერალური ღირებულებები მიტევება და თავისუფლებაა. ყველას უნდა ჰქონდეს უფლება, გააკეთოს ის, რაც უნდა. ოღონდ ეს ყველაფერი ჩარჩოების დაცვით უნდა ხდებოდეს, სხვას არ უნდა მიაყენო მორალური, ფიზიკური, ზნეობრივი ან ფინანსური ზიანი.
— თქვენ ხართ თავისუფალი?
– თავისუფალი ვარ იქამდე, სადამდეც მინდა, თუმცა ბოლომდე მაინც არ მათავისუფლებს ის, რაც ხშირად მახსენებს თავს – ეს არის ჩემი კომუნისტური აღზრდა. 70-იანელი ბავშვი ვარ და კიდევ კარგად გამოვძვერი ამ მარწუხებიდან. ბევრი სტერეოტიპის წინააღმდეგ გავიბრძოლე, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ვთავისუფლდები.
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა – უზრუნველი, მოწესრიგებული, დღემდე მგონია, დედა დამირეკავს და შენიშვნას მომცემს, ყურდაცქვეტილი უნდა ვუსმენდე ან უნდა გავაკეთო ის, რასაც მაშინ მავალებდა. ხშირად არსად მიშვებდნენ, აუცილებლად უნდა მიმეღო ხუთიანი, თორემ ოთხიანის შემთხვევაში დამსჯიდნენ. ამან რაღაცნარად იმოქმედა ჩემზე.
მთავარი რაც მინდოდა, რომ გადამელახა, გადავლახე. 80-იან წლებში დაიწყო ეროვნული მოძრაობა და შევძელი, ჩემი კომკავშირის ბილეთი დამეხია და დამეწვა ქალაქის ცენტრში.
მე გამიმართლა ერთ რამეში – სადაც კი ვმუშაობდი, ეს იყო გაზეთი, ტელევიზია თუ რადიო, ჩემი სათქმელი არასოდეს იბლოკებოდა, ამიტომაც არასდროს მქონია სურვილი, საჯარო სამსახურში მემუშავა.
— სამსახური რატომ არ მოძებნეთ თბილისში? მგონია, რომ დედაქალაქში მეტი თავისუფლება გექნებოდათ.
– ბევრი შანსი მქონდა, ქუთაისიდან წავსულიყავი, მაგრამ ცვლილებების მოყვარული არ ვარ, ყველაფრის მიმართ ბოლომდე ერთგული ვრჩები. ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ მე ვარ ის თავდადებული შეყვარებული, ცოლი, ქალი, რომელსაც ქმარი ღალატობს, არ აფასებს, მაგრამ რატომღაც ისეთი რბილი და თბილი სიყვარული აქვს მის მიმართ, რომ მიტოვება და სხვა კაცთან წასვლა არ წარმოუდგენია.
— ამ ერთგულებამ გაიმარჯვა, დაგიფასდათ?
– მე გავიმარჯვე. მაშინ, როცა რაღაცას ვაკეთებდი, ხომ ვიყავი ბედნიერი? ხან ასეა, ხან – ისე. დამიფასდა თუ არა, ამას უკვე აღარ ვაქცევ ყურადღებას. ადრე ამაზე ვნერვიულობდი, მაგრამ ახლა შეკითხვას აღარ ვსვამ: “რატომ?”. იკითხოს მან, ვინც დამკარგა.
–– ორი ბიჭი გყავთ. როგორი დედა ხართ?
– მეუღლესთან გაშორებული ვარ. ერთი ბიჭი ჩემთან არ ცხოვრობს, უმცროსი ბიჭი ჩემთანაა. ერთი 26 წლისაა, მეორე – 25-ის. ძალიან მეგობრულები ვართ. ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობა 19-20 წელია. ჩემი შვილების ასაკის კოლეგებიც მყავს და საერთოდ, ვმეგობრობ ამ ხნის ადამიანებთან. არ მინდა, თეა დეიდას მეძახდნენ და არც მეძახიან.
— შეყვარებული არ ხართ?
– ბოლო პერიოდში ვიყავი შეყვარებული. ის ადამიანი მართლა ძალიან მიყვარდა, მაგრამ ამ ეტაპზე არავინ მიყვარს. ხანდახან ვფიქრობ, ნეტა, ვინმე შემიყვარდეს, ოღონდ იმას არ ვუყვარდე და ყურადღებას არ მაქცევდეს-მეთქი.
— რატომ? ცალმხრივი სიყვარული რად გინდათ?
– ესეც ერთგვარი ნარკოტიკული “კაიფია”.
— როდის გიჩქარდებათ გული და როგორი უნდა იყოს მამაკაცი, ვის გამოც შეიძლება თავბრუსხვევები დაგეწყოთ?
– დავიწყოთ იქიდან, რომ აუცილებლად უნდა მოდიოდეს მისი ბოდი ლენგვიჯი – მისი სხეულის ენა. მე არ ვლაპარაკობ განსაკუთრებულ მონაცემებსა და პარამეტრებზე, მე ვლაპარაკობ მამაკაცის თვალებიდან წამოსულ შუქზე, იმ იმპულსებსა და აურაზე, რომლებიც ყველაზე მეტად მჭირდება.
— თქვენი მკერდი ხშირად არის განხილვის საგანი. ეს კომპლექსს გიქმნით?
– ყოჩაღ ჩემს ხერხემალს, რომ მოზარდობის ასაკში სქოლიოზი არ განმივითარდა! ეტყობა, ძლიერი ხერხემალი მქონდა. ეს იყო მაშინდელი კომპლექსი.
მერე, 90-იანებიდან, დამოკიდებულება, მოდა შეიცვალა. ადრე ძალიან მოდაში იყვნენ გამხდარი გოგონები, მერე უკვე გახსოვთ საბრინა და მან, შეიძლება ითქვას, სექსუალური რევოლუცია მოახდინა. მაშინ მეც იმნაირი ფორმებით ვიყავი, შავი თმა მქონდა, ვარცხნილობასაც იგივენაირს ვატარებდი.
მიხარია, რომ ქალებს დიდი მკერდი აღარ აკომპლექსებთ. რაც უნდა დიეტა დავიცვა, რაც უნდა შვრია ვჭამო, მაინც ასეთი ვარ და რა გავაკეთო?!
გიორგი საკარული, სარკე

