ფილმ ,,დედეს” გამო 4 სვანი ბიჭი დღემდე სასჯელს იხდის – რა მოხდა გადაღებებზე

ფილმ ,,დედეს" გამო 4 სვანი ბიჭი დღემდე სასჯელს იხდის - რა მოხდა გადაღებებზეფილმმა “დედემ”, რომელიც ახალგაზრდა სვანმა რეჟისორმა ქალმა, მარიამ ხაჭვანმა, ბებიის მოყოლილ ისტორიაზე გადაიღო, ბევრი საერთაშორისო კინოფესტივალი მოიარა, საქართველოში უკვე 12 ათასმა მაყურებელმა ნახა და 10 ქვეყანაში გაიყიდა. სვანურ ბალადას წინ კიდევ ბევრი კონკურსი ელის და, რაც მთავარია, ახალგაზრდა რეჟისორს მოლოდინი აქვს, რომ საქართველო “დედეს” “ოსკარზე” წარადგენს.

ასეთი წარმატება მით უფრო დასაფასებელია, რომ რეჟისორმა ძირითადად არაპროფესიონალები მიიწვია სათამაშოდ, რათა ფილმი უფრო რეალისტური გამოსულიყო. ერთადერთი პროფესიონალი მსახიობი გიორგი ბაბლუანია.

“დედეს” მიერ განვლილ სიძნელეებსა და საბოლოოდ მიღწეულ გამარჯვებაზე მარიამ ხაჭვანი გვესაუბრება.

— მარიამ, პეკინის კინოფესტივალზე თქვენმა ფილმმა დიდი წარმატება მოიპოვა. რა წინადებები მიიღეთ?

ფილმ ,,დედეს" გამო 4 სვანი ბიჭი დღემდე სასჯელს იხდის - რა მოხდა გადაღებებზე–  ჟიურიში ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი იყო და მათ საუკეთესო რეჟისორის პრიზი გადმომცეს, ჩემმა ოპერატორმა კი საუკეთესო ოპერატორის პრიზი აიღო. პეკინში ჟიურის წევრი იყო ოსკაროსანი კომპოზიტორი, რომელიც “ოსკარის” აკადემიის წევრიცაა. ის დაჯილდოების ცერემონიალამდე მოვიდა და მკითხა, შენი ფილმი რატომ არ გააგზავნე “ოსკარზეო”. ვუპასუხე, რომ ახლა ვფიქრობთ გაგზავნას. ძალიან გაუხარდა და მითხრა, ყველანაირად დაგიჭერ მხარსო.

— მართლაც, რატომ არ წარადგინეთ შარშან “დედე” “ოსკარზე”, რამ შეგიშალათ ხელი?

– მაშინ “დედე” ახალი გამოსული იყო. როდესაც ფილმი “ოსკარზე” მიდის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცნობილი იყოს. რაც მეტ ფესტივალს მოივლის, მეტი ხალხი ნახავს, ხმასაც მოგცემენ. როდესაც ფილმი ახალია, შეიძლება დაიკარგოს და ვერსად გავიდეს. ყოველ შემთხვევაში, ჩემი გადმოსახედიდან მნიშვნელოვანი იყო კონტაქტები და ის, რომ ფილმი მეტ ადამიანს ენახა.

ფილმ ,,დედეს" გამო 4 სვანი ბიჭი დღემდე სასჯელს იხდის - რა მოხდა გადაღებებზე— ფილმში მხოლოდ ერთი პროფესიონალი მსახიობი, გიორგი ბაბლუანი, თამაშობს, დანარჩენები არაპროფესიონალები არიან. ამ გზას რატომ დაადექით, მიზანი რა იყო?

– პირველი მიზანი ის იყო, რომ მინდოდა, ფილმი ყოფილიყო დოკუმენტური და ბუნებრივი. მეორე, ის, რომ ძალიან მინდოდა, ფილმი ყოფილიყო სვანურ ენაზე, შესაბამისად, ჩემთვის შეუძლებელი იქნებოდა, ამეყვანა მსახიობები, რომლებიც სვანურად ისაუბრებდნენ. სხვანაირად გახმოვანებაც კოშმარი იქნებოდა, რადგან ძნელია ტექსტი ზუსტად დასვა.

ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე, რომ არაპროფესიონალებისგან შევკარი გუნდი.

ფილმ ,,დედეს" გამო 4 სვანი ბიჭი დღემდე სასჯელს იხდის - რა მოხდა გადაღებებზე— მათი შერჩევა არ იქნებოდა ადვილი.

– რა თქმა უნდა, გამიჭირდა, რადგან არაპროფესიონალები კასტინგზე არ მოდიოდნენ. უშგულში გვქონდა კასტინგი, მთავარ როლზე ბიჭი შევარჩიეთ, მაგრამ ბოლო დღეს უარი თქვა. მერე ჩემს ძმას ვეხვეწე, იქნებ დამთანხმდე-მეთქი, რადგან სხვა გზა აღარ გვქონდა. ბოლოს მართლაც ჩემი ძმა დავამტკიცეთ ამ როლზე.

რთულია არაპროფესიონალებთან მუშაობა. ხშირ შემთხვევაში მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებლები გადაღების პირველ დღეს მოდიან და შემდეგ – არა. ამ რეჟიმს არ არიან მიჩვეული. ეპიზოდების ამოჭრა მიწევდა, რადგან გადაღებებზე არ მოდიოდნენ. სამაგიეროდ ძალიან ბუნებრივები არიან.

— სხვა ხელისშემშლელი ფაქტორებიც იყო?

– ერთი კვირა უშგულში ჩავრჩით, რადგან გზები ჩაიკეტა. ასევე – მინუს 40 გრადუსში ვიღებდით და ძალიან გვციოდა. კიდევ ერთი სირთულე იყო – გადაღების დროს პოლიციამ 4 ბიჭი დაიჭირა. ვცდილობდი, ეს ბიჭები დამეხსნა ციხიდან.

ფილმ ,,დედეს" გამო 4 სვანი ბიჭი დღემდე სასჯელს იხდის - რა მოხდა გადაღებებზე— რა მოხდა, რის გამო აღმოჩნდნენ ციხეში?

– საქმეც ის არის, რომ არაფერი მომხდარა, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დაიჭირეს. მოკლედ, პოლიციამ პროვოკაციაზე წამოაგო და უსამართლოდ ძალიან მძიმე მუხლებით გაასამართლეს. ეს ბიჭები დღემდე პრობაციონერები არიან და ამის გამო ფესტივალებზე ვერ დადიან.

— კინოს გადაღება საკმაოდ დიდ ფულთან არის დაკავშირებული. “დედეს” დაფინანსება როგორ მოხდა?

– პირველ რიგში, იმედი მაქვს, სახელმწიფო ოდესმე მიხვდება, რომ კინოში ფული უნდა ჩადოს. სახელმწიფო წელიწადში ორ სრულმეტრაჟიან ფილმს და ორ დებიუტანტს აფინანსებს. როგორც დებიუტანტს, 250 ათასი ლარი მქონდა დაფინანსება. ამ თანხით მხატრული ფილმის დასრულება შეუძლებელია.

სხვადასხვა ქვეყნებში გრანტები მოვიგე, ბევრს ვმუშაობდით, რომ კო-პროდუქცია (ერთობლივი ნამუშევარი) მოგვეპოვებინა. ეს ყველაფერი შრომატევადია და არცთუ ადვილი. საქართველოში თუ ქართველი გიწევს კონკურენციას, უცხოეთში უკვე მსოფლიო დონის რეჟისორები არიან კონკურენტები.

— მთლიანობაში რამდენია ფილმის ბიუჯეტი?

– მაქსიმუმი, ალბათ 600 ათასი ლარი.

— ამ 600 ათასიდან საქართველოს წილი მხოლოდ 250 ათასი იყო?

– თავიდან იყო 250 ათასი და შემდეგ 40 ათასი დაგვიმატეს.

ფილმ ,,დედეს" გამო 4 სვანი ბიჭი დღემდე სასჯელს იხდის - რა მოხდა გადაღებებზე— ფინანსურად “დედე” მომგებიანი გამოდგა?

– ტრადიციებზე გადაღებული ფილმი იშვიათადაა მომგებიანი, მაგრამ “დედე” საკმაოდ ყურებადია. მაგალითად, საქართველოში უკვე 12 ათასმა ადამიანმა ნახა. ასე რომ, ფინანსურად გაამართლა. დაახლოებით 10 ქვეყანაში გაიყიდა. ესპანეთიდან დამიკავშირდნენ, სურთ, რომ იყიდონ. ჩინეთშიც დაიწყება ჩვენება. ძალიან დიდი მოგება არ იქნება, მაგრამ რაც დაიხარჯა, იმას ამოიღებს.

— ამჟამად საფრანგეთში იმყოფებით. როგორ ცხოვრობთ, რას საქმიანობთ მანდ?

– ძალიან დიდი სახლი გვაქვს, სადაც 6 ადამიანი ვცხოვრობთ და 6 თვის განმავლობაში ერთ-ერთ სცენარზე უნდა ვიმუშაოთ. ყველანაირი პირობა გვაქვს შექმნილი, რომ ვწეროთ.

ჩემი მეუღლე თეიმურაზ ჩხვიმიანია, რომელიც სამედიცინოზე სწავლობდა, მაგრამ ახლა ისიც ჩემთან ერთად საფრანგეთში ცხოვრობს. ჩართულია ჩემს საქმიანობაში, უნდა, რომ რაღაცები ისწავლოს. “დედეს” გადაღებასაც ესწრებოდა.

— “დედეში” ძმა უკვე ათამაშეთ, შემდგომში ქმრის გადაღებასაც ხომ არ აპირებთ?

– ძალიან მინდოდა, რომ თემო “დედეშიც” ყოფილიო, მაგრამ არ დამთანხმდა. ახლა შემდეგი ფილმისთვის ვაწარმოებ მოლაპარაკებას და იქნებ დამთანხმდეს კიდეც.

მარი მგალობლიშვილი, სარკე