2015 წლის 14 ივნისი თბილისს გლოვის ზარით გაუთენდა. ხალხმა შეიტყო, რომ 13 ივნისს, გვიან საღამოს, ვერეს ხეობაში წყალდიდობის შედეგად მოვარდნილმა ღვარცოფმა ათეულობით ადამიანის სიცოცხლე წაიღო. სტიქიურმა უბედურებამ თბილისის ზოოპარკშიც დიდი მსხვერპლი გამოიწვია, ასევე მთლიანად განადგურდა სვანიძის ქუჩაზე არსებული ცხოველთა თავშესაფარი.
ჟურნალისტი ლელა თოლორდავა 3 წლის წინ ამ თავშესაფარში მუშაობდა და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. დატბორილი სახლები, განადგურებული ინფრასტრუქტურა, დახოცილი ცხოველები და პანიკაში მყოფი ადამიანები – ჟურნალისტი საკუთარი თვალით ნანახ სტიქიის დეტალებს 3 წლის თავზე “სარკესთან” იხსენებს:
– ეს ის ამბავია, რომელიც ჩემთვის არასდროს სრულდება, დღემდე გრძელდება და მთელი ცხოვრება გამყვება. 3 წელია ყოველი წვიმის დროს ის კადრები მიცოცხლდება და ყურში სასიკვდილოდ განწირული ცხოველების ხმები ჩამესმის. დანაშაულის გრძნობა არ მტოვებს, რატომ არ გავაღე უკლებლივ ყველა ვოლიერის კარი, რატომ არ გადავარჩინე უკლებლივ ყველა ძაღლი და ათი მურა დათვი.
ყველაფერი გაცილებით ადრე დაიწყო. რატომღაც მიიჩქმალა ის ამბავი, რომ 13 ივნისის წყალდიდობამდე იყო 4 ივნისის წყალდიდობა, რომლის დროსაც მხოლოდ თამაზ ელიზბარაშვილის ცხოველთა თავშესაფარი დაიტბორა. სტიქიას ემსხვერპლა ასზე მეტი ძაღლი, მურა დათვები კი სასწაულად გადაურჩნენ სიკვდილს. საკუთარი თვალით ვნახე, როგორ გადაიქცა ერთი ციდა მდინარე ვერე საშინელ მონსტრად და როგორ დაეპატრონა თავშესაფრის პირველ სართულს.
4 ივნისის სტიქიის შემდეგ ცხოველთა მოყვარულების გვერდით დგომით ის-ის იყო, თავშესაფარი ჩვეულ რეჟიმს უბრუნდებოდა, რომ მოხდა 13 ივნისის წყალდიდობა, რომელმაც წერტილი დაუსვა სვანიძის 30 ნომერში ცხოველთა თავშესაფრის არსებობას.
ახლა რომ ვიხსენებ, 13 ივნისის დღე რაღაცნაირად საშიში იყო, მოქუფრულ ცაზე შავი ღრუბლების ჯარი დროდადრო გადაადგილდებოდა ვერეს ხეობის თავზე, თითქოს გვაფრთხილებდა.
წყალდიდობას რა მომაფიქრებდა, მაგრამ მდინარე ვერეს მაინც არ ვენდობოდი და დროდადრო ვამოწმებდი. საღამოს 10 საათის შემდეგ წყლის დონემ საგრძნობლად იმატა. სავარაუდოდ, 11 საათისთვის მდინარე გადმოვიდა ჯებირებიდან და თავშესაფრის დატბორვა დაიწყო. მაშინვე შევატყობინე თამაზს. მან სამაშველო სამსახურს დაურეკა, მაგრამ მოვლენები ისე სწრაფად განვითარდა, რომ ვერავინ შეძლო ჩვენი დახმარება.
პროფესიულმა ჩვევამ გადამძლია და, პირველ რიგში, დატბორვის კადრები გადავიღე. სხვათა შორის, თომა ჩაგელიშვილის თბილისის სტიქიაზე გადაღებულ ფილმშია გამოყენებული ის ვიდეოკადრები.
თავშესაფრის ყველა თანამშრომელი ცდილობდა, მაქსიმუმი გაეკეთებინა. მე და თამაზის შვილობილმა, გიორგი ამირანაშვილმა, მეორე და მესამე იარუსის უკლებლივ ყველა ვოლიერის კარი გავაღეთ, აგრესიულ ძაღლებსაც კი მივეცით გადარჩენის შანსი.პირველ სართულზე შეუძლებელი იყო ცხოველების გადარჩენა, არადა როგორ გვიხმობდნენ, რა შემზარავ ხმებს გამოსცემდნენ, განსაკუთრებით – დათვები.
გიორგიმ კლინიკაში მყოფი ავადმყოფი ძაღლების გადარჩენა მოინდომა. მე ვაფრთხილებდი, რომ შეუძლებელი იყო, ის კი ჯიუტად მირბოდა კლინიკის მხარეს. რკინის კიბე უნდა ჩაევლო, რომელიც უკვე მორყეული იყო და წყლით იფარებოდა. გზააბნეული ძაღლები ფეხებში გვედებოდნენ, ვცდილობდი, გასასვლელისკენ წამეყვანა ისინი, თან გიორგის ვუყვიროდი ბოლო ხმაზე, მაგრამ ვერ გაიგონებდა, რადგან ცხოველების შემზარავ ხმებს თან ერთვოდა მორევად ქცეული ვერეს ღრიალი.
რაღაც დიდი ტალღისმაგვარი გვიახლოვდებოდა. სიბნელეში მიჭირდა გარჩევა, ამ დროს ელექტროენერგია გამორთული იყო. ერთი გავიფიქრე, რომ გიორგის ვეღარ ვუშველიდი, ჩემს შვილებს კი დავუკარგავდი დედას, მაგრამ ნაბიჯი ვერ გადავდგი გასაქცევად და მეც სანახევროდ მოგლეჯილ რკინის კიბეს ჩავუყევი.
გიორგი კლინიკის სახურავსა და კონდიციონერს შორის გაჩხერილი ძაღლის გადარჩენას ცდილობდა. ვაიძულე, გამომყოლოდა, ახლა თუ არ ვუშველით თავს, დავიღუპებით, ჩვენი დედებისა და შვილების გულისთვის უნდა გადავრჩეთ, მეტის გაკეთება ჩვენს ღონეს აღემატება-მეთქი. გიჟად ვიყავი ქცეული, გიორგიმაც ვერ გამიწია წინააღმდეგობა და სასაფლაოსკენ გავიქეცით.
— როგორი იყო 14 ივნისის დილა, რა სურათი დაგხვდათ?
– 14 ივნისის დილა ყველაზე საშინელი იყო ჩემს ცხოვრებაში. იმ დილით ჩემი ჟანაჩკას სიკვდილი გავიგე, რომელიც თავშესაფრის თანამშრომელი და ჩემი მეგობარი იყო. სვანიძის 11 ნომერში ცხოვრობდა, დასთან და ორ ბიძაშვილთან ერთად ემსხვერპლა სტიქიას.
გახსოვთ ალბათ, მოვარდნილმა ღვარცოფმა როგორ ჩახერგა თამარაშვილის გვირაბი და როგორ ჩაიძირა სვანიძის ქუჩა წყალში. ეს ტბა მე საკუთარი თვალით ვნახე, როცა ჩემს თანამშრომლებთან ერთად შემოვლითი გზებით მოვაღწიე სვანიძის ქუჩამდე. რაც გადავიტანე, იმ წუთშივე დამავიწყდა და ჩემი ჟანაჩკა ეგიაზაროვა გამახსენდა. ყველას ვეკითხებოდი მის ამბავს. მამშვიდებდნენ, რომ მოსახლეობა გაყვანილი ჰყავდათ სტიქიის ზონიდან.
ჟანა საკუთარ სახლში იპოვეს ჩასილული. დილით მოვახერხე მისვლა მის სახლთან, ნანგრევებიღა დამხვდა.
ბევრჯერ მიფიქრია, ხომ შეიძლებოდა, მეც ერთი მათგანი ვყოფილიყავი. სტიქიის ეპიცენტრში გადავურჩი სიკვდილს მაშინ, როცა ახალ გზაზე, იქ, სადაც მდინარე არც კი ჩანდა, ადამიანები წყალმა დაახრჩო…
ჩვენ რომ გამართულ სახელმწიფოში ვცხოვრობდეთ, ეს ტრაგედია თავიდან იქნებოდა აცილებული. 4 ივნისის წყალდიდობის შემდეგ ქმედით ზომებს მიიღებდნენ, მდინარე ვერეს ხეობას სათანადოდ შეისწავლიდნენ და აუცილებლად აღმოაჩენდნენ იმ მეწყერს, რომელმაც ეს სტიქია გამოიწვია. 112-ში შესულ შეტყობინებებზე ექნებოდათ მყისიერი რეაქცია და, ვიდრე თბილისს თავს დაატყდებოდა ეს უბედურება, მოსახლეობის გაფრთხილებას მაინც შეძლებდნენ.
ეს ხალხი ზვარაკია. საბრალო, დაუცველი არსებებიც უცოდინრობის, არაპროფესიონალიზმის ზვარაკი გახლავთ.
ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე

