ირაკლი მაქაცარია ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “პრაიმ შოუში” მთლიანად არის ჩართული. ეს ყველაფერი მოსწონს, მაგრამ მის საქმიან გრაფიკს ერთი მინუსი აქვს – პირადი ცხოვრებისთვის დრო არ რჩება. 32 წლის ასაკში ცალად დადის, მეორე ნახევრის გარეშე.
– ირაკლი, უკრაინაში ერთ-ერთი ვიზიტის დროს დედათქვენი საკმაოდ ააღელვეთ, როცა პირდაპირ ტელეშოუდან დაურეკეთ და უთხარით, რომ ცოლად მოიყვანეთ ტელეწამყვანი, რომელსაც სამი შვილი ჰყავს. ეს ხუმრობა როგორ აღიქვა დედამ, გადაცემის შემდეგ რა გითხრათ?
– ხუმრობა იყო და ეს იქვე გაცხადდა. იცოდა, რომ გადაცემიდან უნდა დაგვერეკა, მაგრამ ეგონა, ისეთი კითხვები იქნებოდა, როგორც ყოველთვის – ჩვენს ურთიერთობაზე, როგორი ბავშვი ვიყავი, რა ინტერესები მქონდა და ა.შ. როდესაც საუბარი სხვა მხრივ წავიყვანეთ, საინტერესო იყო მისი რეაქციების ნახვა. პირადად მე ძალიან გავერთე.
– დედათქვენმა იქვე აღნიშნა, რომ მიჩვეულია თქვენგან მსგავს ხუმრობებს.
– იუმორი ჩემთან ძალიან ახლოს არის და მიჩვეულია, სულ რომ ვეხუმრები. ასეთ დონეზე მაინც არ ელოდა.
– ხუმრობა იქით იყოს და, პირად ცხოვრებაში სერნიოზულად ხომ არ გამოჩნდა ვინმე?
– სამწუხაროდ, არ გამოჩენილა. სიამოვნებით დავაანონსებდი, რომ არის, მაგრამ არ არის. ალბათ ამ ფრონტზეც გამოჩნდება. გიჟური გრაფიკი მაქვს, დრო არ მაქვს, რომ ვინმეს შევხვდე.
– შეიძლება ითქვას, რომ კარიერამ თქვენი პირადი ცხოვრება რაღაც დოზით შეიწირა?
– ასე ვერ ვიტყვი, რადგან შეიძლება ვიღაცას ან მუშაობის პროცესში შევხვდე, ან ისე. ბუნებრივია, დაძაბული გრაფიკი ნაკლებ დროს გიტოვებს, რომ გახვიდე და მეტად გქონდეს ხალხთან კონტაქტი, რადგან ამ დროს უფრო ხდება ადამიანების გაცნობა და დაახლოება. არ ვიტყვი, რომ სასოწარკვეთილი ვარ, დარწმუნებული ვარ, თავის დროზე შევხვდები იმ ერთს.
– ახალგაზრდა, სიმპათიური, პოპულარული, უცოლო კაცი და ამ დროს თქვენზე ჭორები თითქმის არ ვრცელდება. როგორ ახერხებთ ამას?
– არ ვიცი, არ მაქვს პასუხი. ჭორების მიმართ საკმაოდ ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს, რადგან ჭორი არამართალ ფაქტებზეა აგებული. ძალიან მიხარია, თუ არ ვარ ამის მსხვერპლი. ამისთვის არაფერს ვაკეთებ, ბუნებრივად როგორც ხდება, ისეა.
– ირაკლი, “პრაიმ შოუ” ერთი წლის გახდა. როგორ შეაფასებდით საკუთარ თავს ამ გადაცემაში?
– რა თქმა უნდა, ამ ერთი წლის განმავლობაში დიდი გამოცდილება მივიღე. ზოგადად, საკუთარი თავით კმაყოფილი არასდროს ვარ და ყოველთვის მაქვს მიზნები, რომლებიც უფრო და უფრო იზრდება. უდიდესი გამოცდილება კი ნამდვილად მივიღე.
ტელევიზია ძალიან საპასუხისმგებლოა. შენს თითოეულ სიტყვას უამრავი ადამიანი უსმენს, ამიტომ მეტი სიფხიზლე გვმართებს, თუ რას ვამბობთ და ჩვენს აზრს როგორ გამოვხატავთ. მე ვგრძნობ სხვაობას, რაც იყო თავიდან და რაც არის ახლა. ბუნებრივია, გარკვეულ შეცდომებს ვხედავთ, ვსწავლობთ და ვცდილობთ, რომ გამოვასწოროთ და რაც შეიძლება მაღალ ხარისხს მივაღწიოთ.
ეს იყო ექსპერიმენტი – 6 ადამიანი, რომლებიც არ არიან ამ საქმეში ექსპერტები, პროდიუსერმა ნოე სულაბერიძემ შეგვკრიბა და ბევრი ამბობს, რომ ამან გაამართლა. გამართლება ასე იოლად არ მოდის, ახლაც ინტერვიუზე თათბირიდან მოვდივარ. წარმატება რომ შეინარჩუნო, ამას ყოველდღიური მუშაობა სჭირდება.
ერთმანეთს უკეთ გავუგეთ, უკვე ვიცით, როგორ არ უნდა ჩავეჭრათ ერთმანეთს და როგორ არ უნდა შევაწყვეტინოთ სიტყვა. შევთამაშდით და აღარ არის ის ყაყანი, რაც პირველი რამდენიმე გადაცემის დროს თვალშისაცემი იყო. რაც დრო გადის, რა თქმა უნდა, ვხვდებით, როგორ უნდა წავიყვანოთ გადაცემა. ყველა საკუთარ თავს წარმოვაჩენთ და გვაქვს ერთმანეთის პატივისცემა, რომ განსხვავებული აზრი მოვისმინოთ.
მარი მგალობლიშვილი, სარკე

