ია თინიკაშვილი: “ქმრისგან ღალატს არ ვიმსახურებდი”

ია თინიკაშვილი: "ქმრისგან ღალატს არ ვიმსახურებდი"ია თინიკაშვილი შიდა ქართლში მომუშავე ის ჟურნალისტია, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რეჟიმმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა, შემდეგ კი ძებნილთა სიაში ჩასვა. ამის მიუხედავად, ექსკლუზიური რეპორტაჟების მოსაპოვებლად ხშირად ე.წ. საოკუპაციო ხაზთან მიდიოდა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველებზე სიუჟეტებს ამზადებდა.

ერთ-ერთი პირდაპირი ეთერისას რუსი მესაზღვრეები მავთულხლართებთან მიადგნენ და ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, მას და მის გადამღებ ჯგუფს ტერიტორია დროულად რომ არ დაეტოვებიათ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაიტაცებდნენ.

ჟურნალისტიკაში დაგროვილი 20 წლიან სტაჟში ია თინიკაშვილს საკმაოდ ძვირი “ფასი” აქვს გადახდილი – ხშირად უწევს დათმობა და უკანა პლანზე გადაწევა ადამიანისთვის ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორებისა, როგორებიცაა ოჯახი, მეგობრები, დასვენება და საჭმელიც კი.

– ია, მინდა, საუბარი სასიამოვნო ამბით დავიწყოთ. ცოტა ხნის წინ ბებია გახდით. მოგვიყევით ამ ახალ შეგრძნებაზე.

– ეს ყოფილა ყველაზე მაგარი რამ! და-ძმა არ მყავს, თავადაც ერთი შვილი მყავს, ანუ ოჯახში ბევრნი არ ვართ და ამ პაწაწუნას დაბადება მზის ამოსვლაა ჩემთვის. მუდმივად მენატრება ეს პატარა ბიჭი, თუმცა მთავარი წინ გვაქვს – ჯერ ორიოდე კვირისაა პეტრე, მისი ფოტოსურათიც კი არ გაგვისაჯაროებია, ცოტა მოიზარდოს და მერე ერთად გვექნება თავგადასავლები. უკვე ვგეგმავ, რომელ ადგილებში და რამდენს ვატარებ, რამდენ რამეს ვუამბობ, ვასწავლი. დარწმუნებული ვარ, მშობლებივით ნიჭიერი იქნება.

– ისე გამოიყურებით, ვერავინ იფიქრებს, რომ შვილიშვილი გყავთ. თქვენი ახალგაზრდული იერი რისი დამსახურებაა?

– თავს მუდმივად ვუვლი. ჩემი აზრით, ეს კულტურაა, საკუთარი თავის მიმართ პატივისცემა. სხვა მხრივ, არ ვიღვწი, რომ ახალგაზრდული იერი შევინარჩუნო, არ დავდივარ კოსმეტოლოგებთან, არასდროს მიმიმართავს სხეულის რაიმე კორექციისთვის.

ერთი საიდუმლო მაინც არსებობს და გაგიმხელთ – არასდოს უნდა დაიბოღმო სხვა ადამიანებზე, არ უნდა იჭორაო, აუცილებლად უნდა სვა საკმარისი რაოდენობის წყალი (2-3 ლიტრი) და უნდა გიყვარდეს ბუნება, ტყე, ფეხით ბევრი უნდა იარო, საკუთარი სიცოცხლე ისე არ უნდა გახარჯო, თითქოს კიდევ 2-3-ჯერ მოგეცემა.

უკიდურესად ცოტა მძინავს და ეს ძალიან მაზარალებს, მაგრამ ალბათ მივეჩვიე კიდეც – 5-6 საათი ძილი სრულიად საკმარისია ჩემი ზღვა ენერგიის და შრომისუნარიანობისთვის.

– გყავთ შვილი, რძალი, შვილიშვილი, ოჯახში თავს ბედნიერად გრძნობთ, მაგრამ თქვენ გვერდით არ არის – ქმარი. თუ ნებას მომცემთ, გკითხავთ, რა გახდა თქვენი ოჯახის დანგრევის მიზეზი?

– სამწუხაროდ, ოჯახი დამენგრა, მიზეზი ღალატი გახდა. კი, ვიცი, რომ უამრავ ქალს ღალატობს ქმარი, ჩემ ირგვლივაც, სულ ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, თითქმის ჩვეულებრივი ამბავია ეს, მაგრამ მე ვთვლი, რომ არაჩვეულებრივი ქალი ვარ და ღალატს არ ვიმსახურებ.

წყენამ, ტყუილმა და ღალატმა 17 წლიანი საუკეთესო ურთიერთობის (პირდაპირი გაგებით) ყველა მოგონება წაშალა ჩემს მეხსიერებაში. საერთოდ არ მესმის იმ ქალების, ყოფილ ქმრებთან ან მათ ახალ ოჯახებთან რომ ინარჩუნებენ ურთიერთობას, აბსოლუტურად არანაირი კონტაქტი არ მაქვს მასთან.

– აღარ გიფიქრიათ ოჯახის ხელმეორედ შექმნაზე?

– წლების წინ კიდევ მქონდა ოჯახის შექმნის მცდელობა, მაგრამ მივხვდი, რომ შეცდომა იყო, საკუთარ თავზე კი ცდების ჩატარება არ შეიძლება.

– მკაცრი ქალის იმიჯი გაქვთ. ეს ხომ არ გიშლით ურთიერთობებში ხელს?

– მკაცრი ხასიათი და იმიჯი კი მაქვს, მაგრამ არც ისეთი მკაცრი, რომ ვიღაცამ სიყვარულის გამხელა ვერ გაბედოს, შესაბამისად, არიან ასეთი გამბედავებიც. არაერთი თაყვანისმცემელი მყავს, მაგრამ მარტო ვარ და პირად ცხოვრებაში ცვლილებებს არ ვგეგმავ.

– ძალიან პირდაპირიც ხართ, ადამიანებს ხშირად მწარე სიმართლეს პირში მიახლით ხოლმე.

– კი, უკიდურესად პირდაპირი ვარ. არასდროს არაფერი ჩამიდენია ისეთი, რომ ენის დაგრძელების მეშინოდეს, შესაბამისად, ვინც მართალი არ არის, ყველა ერიდება ჩემთან კამათს.

– როგორც ვიცი, უცნაური ჰობი გაქვს – გიყვართ ტყეში მარტო ხეტიალი მანამ, ვიდრე არ დაიკარგებით. მოგვიყევით თქვენს თავგადასავლებზე.

– კი, ვფიქრობ, საქართველოში ეს ჰობი მხოლოდ მე მჭირს ასეთი სიმძაფრით, მაგრამ აქ სხვა ფაქტორიცაა – ან მივდივარ სადმე იმ ადამიანთან ერთად, ვისთანაც აბსოლუტურად კომფორტულად ვგრძნობ თავს, ან საერთოდ მარტო ვარჩევ ხეტიალს, თუმცა ხეტიალიც არაა, ამ დროს ჩემს თავთან ვრჩები მარტო, ბუნებას ვუსმენ.

უამრავი ადგილი მაქვს დალაშქრული სრულიად მარტოს, მანქანაში ყოველთვის მიდევს პლედი, ცეცხლის მარტივად ასანთები საშუალება, 12 ვოლტზე მომუშავე წყლის მადუღარა და, თქვენ წარმოიდგინეთ, გასაშლელი ბარიც. გარდა ამისა, ჰიგიენის ყველა საშუალებას ნახავთ ჩემს ავტომობილში.

ასეთ ხეტიალს თავისთავად ბევრი თავგადასავალიც ახლავს თან. ყველანაირ ავტომობილს ყველა სახის გზაზე კარგად ვმართავ, თავის დაცვაც შემიძლია, მაგრამ მაინც ვერ გავექეცი იმ ფაქტს, რომ ორჯერ საავადმყოფოში მოვხვდი – ერთხელ დათვს არ მოვეწონე და ჯინსები შემომახია, სხვათა შორის, ისე კარგად, მგონი, ტყის “კუწიურიე” იყო ის დათვი (ბუნებრივია, მხოლოდ ჯინსის შემოხევა არ მაკმარა და ისე დამაშავა, საავადმყოფოში აღმოვჩნდი).

მეორედ კი გველმა მიკბინა და კვლავ საავადმყოფოში მოვხვდი. ახლობლებისთვის დღემდე ეს გართობის თემაა – ია გადარჩა და ის გველი, რომელმაც უკბინა, ტანჯვით მოკვდაო.

– თქვენს საქმიანობაზე გადავიდეთ. ე.წ. საზღვრისპირა რეგიონში გიწევთ მუშაობა. რუს მესაზღვრეებს რამდენჯერმე გადაურჩით. ამაზეც მოგვიყვევით.

– მას შემდეგ, რაც ჟურნალისტი ვარ, საქართველოში კონფლიქტური და შემდგომ – ოკუპირებული ტერიტორიები არსებობს, შესაბამისად, ყოველი პროფესიული დღე ამ თემასთანაა კავშირში. ძალზე რთულია ასეთ ზონაში მუშაობა, შეცდომის დაშვების უფლება არ გაქვს, რადგან შენმა შეცდომამ, გადაუმოწმებელმა ინფორმაციამ თუ “მსუყე” ნიუსმა შესაძლოა არაერთი ადამიანი ან სახელმწიფოც კი დააზარალოს. სახელმწიფოს ინტერესები კი, გადაუჭარბებლად ვიტყვი, ჩემთვის ყველაზე მთავარია – ოჯახზე, პროფესიაზე და საკუთარ თავზე წინ დგას.

იქნებ სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რომ რამდენიმე წლის წინ დე ფაქტო რეჟიმმა პერსონა ნონ გრატად გამომაცხადა, შემდეგ კი ძებნილთა სიაშიც აღმოვჩნდი… არაერთი პრობლემა გამოვიარე შიდა ქართლის ამ ნაწილში, ცხინვალის რეგიონში, მუშაობის პერიოდში.

ჩემს ხელებშიც დაულევია სული დაჭრილ ჯარისკაცს. არავინ იცოდა, დაბომბვისას რა მოხდებოდა, გადავრჩებოდით თუ არა. ასეთ დროს რამდენჯერმე დავურეკე ოჯახის წევრებს, ქმარს, შვილს, დედას. მათთვის არაფერი მითქვამს არსებული საფრთხის შესახებ, არადა ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა ეს საუბარი ბოლო ყოფილიყო.

მადლობა “პირველ არხზე”, “იმედსა” თუ “მაესტროში” მუშაობისას ჩემი ჯგუფების ბიჭებს, რომ ჩემს რეჟიმს ეგუებოდნენ და არაერთ რისკიან ნაბიჯს იტანდნენ.

ბოლო პერიოდში, უკვე ოკუპაციის პირობებში, ყველაზე მძიმე ფაქტი ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებისას შემემთხვა ხურვალეთში სწორედ იმ ადგილას, სადაც ფაქტობრივად ყველა ჟურნალისტი თუ საქართველოში ჩამოსული დიპლომატია ნამყოფი, სადაც მავთულხლართების მიღმა 80 წელს გადაცილებული დათა პაპა ცხოვრობს.

პირდაპირ ეთერში ვმუშაობდი, პოლიცია, ვინც 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოდ გადაადგილებას, აღარ გავაფრთხილე, არ შევაწუხე. “ლაივში”, როცა ათასობით ადამიანი უყურებდა “მაესტროს” საინფორმაციო გამოშვებას, მავთულხლართების მეორე მხარეს მანქანა გამოჩნდა. იქიდან ოთხი პირი გადმოვიდა, რომლებიც ეთნიკურად ოსები იყვნენ. ისინი სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდნენ, იმუქრებოდნენ და მავთულხლართებზე გადმოსვლას ცდილობდნენ, მაგრამ გამოვასწარით. ეს ამბავი პირდაპირ ეთერში ხდებოდა. შემდეგ არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ წაიღო ეს ჩანაწერი.

ახლა ტელეჟურნალისტად აღარ ვმუშაობ და ეს ჩემთვის განსაკუთრებული დისკომფორტია, რამდენ ხანს გავძლებ, არ ვიცი.

– იმის გარდა, რომ შიდა ქართლის რეგიონში 24 საათიან რეჟიმში გიხდებოდათ მუშაობა, მე როგორც ვიცი, შვებულებაშიც რომ გადიოდიოთ, იქაც კი მუშაობდით.

– უკიდურესად ხიფათიანი ვარ. სადაც ვარ, აუცილებლად რაღაც ხდება. ამის გამო მეგობრები ჩემთან ერთად სადმე წასვლას ერიდებიან.

მაგალითად, შარშანწინ ევროპაში სამოგზაუროდ წავედით და სწორედ იმ ადგილებში, სადაც “დავჩექინდი”, სამი ტერაქტი მოხდა. მეგობრები ვაიძულე, მოგზაურობა გვერდზე გადაგვედო და სელფის ჯოხით შემთხვევის ადგილებიდან პირდაპირ ჩართვებს ვაკეთებდი “მაესტროს” ეთერში.

ანალოგიური რამ მოხდა შარშან თურქეთშიც. ორი დღით წავედი მანქანით და ჩასვლისთანავე სტადიონზე ტერაქტი მოხდა, მაშინაც სელფის ჯოხი მოვიმარჯვე და “ლაივში” ჩავერთე საინფორმაციო გამოშვებას.

– მალე 10 წელი გავა 2008 წლის აგვისტოს ომიდან, სადაც ტყვიების ზუზუნში მუშაობდით…

– ისტორიისთვის თითქოს ბევრი არაა 10 წელი, მაგრამ უსაშველოდ დიდი დროა იმ ადამიანებისთვის, ვინც ეს 10 წელი დევნილობაში ცხოვრობს, ასევე ჩემთვისაც განსაკუთრებული ტკივილია ეს ტერიტორია, თითოეული მიწის მტკაველი, სადაც ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლების კონტროლი ვერ ხორციელდება. ვთვლი, რომ საქართველოს ყველა ხელისუფლებამ, 90-იანი წლებიდან ოკუპაციამდე, არაერთი მცდარი ნაბიჯი გადადგა.

2008 წელს, ომიდან ერთ თვეში, “იმედში” მმართველობის შეცვლის შემდეგ, ტელეკომპანიის შიდა ქართლის ბიურო დაიხურა. სწორედ შიდა ქართლში, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის ეპიცენტრი იყო, ერთ-ერთ წამყვან ტელეკომპანიას ჯგუფი აღარ სჭირდებოდა, რეალურად მიზეზი ია თინიკაშვილი იყო. ვფიქრობ, ჩემი თვალით დანახული რეალობა ბევრისთვის არ იყო მისაღები.

– რას ურჩევდით მომავალ ჟურნალისტებს?

– რას და, პროფესიის არჩევამდე გაიაზრონ, რატომ მიდიან ამ ქაოსურ და არცთუ კომფორტულ სფეროში. ვინც უკვე აირჩია ჟურნალისტიკა მომავალ პროფესიად, აუცილებლად ვურჩევ, რეპორტაჟებზე მუშაობამდე წაიკითხონ, მაგალითად, სისხლის სამართლის თუ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, გადახედონ კრიმინალისტიკის და სასამართლო ექსპერტიზის შესახებ სახელმძღვანელოს, სოფლის მეურნეობას, ვეტერინარულ დაავადებებს, კულტურის თუ ეკონომიკის მიმართულებებს, ადამიანის უფლებათა კონვენციას.

ბუნებრივია, აღარაფერს ვამბობ პროფესიულ უნარ-ჩვევებსა და ეთიკაზე ან გრამატიკაზე – ეს ყველაფერი აუცილებელია იმისთვის, რომ რესპონდენტმა ადვილად არ გაგაცუროს, კითხვები სწორად დასვა, იმ კონკრეტულ სფეროში განათლებულ მაყურებელს თუ მკითხველს შეურაცხყოფა არ მიაყენო შენი დილეტანტობით და კიდევ – წინასწარ შეეგუე შიმშილს, სიცივეს და იმასაც, რომ შეიძლება საპირფარეშოთი სარგებლობის შესაძლებლობა მთელი დღის განმავლობაში არ მოგეცეს.

– ინტერვიუს დასასრულს ისევ თქვენს პირადს შევეხები. საოჯახო საქმეებისთვის იცლით?

– სხვათა შორის, ბევრი ფიქრობს, რომ სახლში არაფრის გაკეთება მეხერხება, მაგრამ სულაც არაა ასე. გარდა იმისა, რომ ურიგო კულინარი არ ვარ, კარგად ვკერავ, ვხატავ და, თქვენ წარმოიდგინეთ, საჭიროების შემთხვევაში “ბალგარკის” და “დრელის” გამოყენებაც მშვენივრად შემიძლია. მანქანას რომ კარგად ვმართავ და ცეცხლსასროლი იარაღიდან კარგად ვისვრი, ეს საყოველთაოდ ცნობილია.

მოკლედ, ამ უკანასკნელს, იარაღს თუ არ ჩავთვლით, ზუსტად ჩემზეა ნათქვამი, ნეტავ, იმას, ვის ოჯახშიც ეს შევაო!

ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე