დალი ფანჯიკიძე: “მე და გურამმა ჩხუბით გავიცანით ერთმანეთი და პირველი შეხვედრიდან რამდენიმე თვეში დავქორწინდით”

დალი ფანჯიკიძე: "მე და გურამმა ჩხუბით გავიცანით ერთმანეთი და პირველი შეხვედრიდან რამდენიმე თვეში დავქორწინდით"ქართულმა ლიტერატურამ და მთარგმნელობითმა სკოლამ დიდი დანაკლისი განიცადა. 25 აპრილს 81 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი მთარგმნელი და ლიტერატორი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, დალი ფანჯიკიძე, რომელიც წლების განმავლობაში იყო ამავე უნივერსიტეტის გერმანული ენის კათედრის გამგე.

დალი ფანჯიკიძეს თარგმნილი აქვს თომას მანის “ბუდენბროკები”, “ჯადოსნური მთა”, “ყალთაბანდ ფელიქს კრულის აღსარება”, პლეცდორფის “ახალგაზრდა ვ.-ს ახალი ვნებანი”, გოეთეს “პოეზია და სინამდვილე”, ჰესეს “ფიქრი და განსჯა”, რობაქიძის ესე “ადოლფ ჰიტლერი უცხოელი მწერლის თვალით” და სხვა.

– დალი ფანჯიკიძემ არა მხოლოდ გერმანული და ქართული ენები იცის სრულყოფილად,ლიტერატურული გემოვნებითაც გამოირჩევა და ხელს მხოლოდ ისეთ ნაწარმოებებს ჰკიდებდა, რომლებიც ქართულ ბიბლიოთეკებს გაამდიდრებდა.

ამასთან, ვაცხადებ, რომ არც ერთი სერიოზული მთარგმნელი თომას მანის მსგავს რთულ რომანებზე მუშაობას არ დაიწყებდა იმ მცირე ანაზღაურების სანაცვლოდ, რასაც საბჭოთა სისტემა მთარგმნელებს სთავაზობდა. დალი ფანჯიკიძე ამას მატერიალური სარგებლისთვის არ აკეთებდა – მან თომას მანის “ჯადოსნური მთა” ქართველი ხალხისთვის თარგმნა. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ დღეს შეგვიძლია, თომას მანის რომანებს სრულყოფილად ვეზიაროთ.

პირადად მე დალი ფანჯიკიძის თარგმანი ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ანალოგებს შევადარე და გაოცებული დავრჩი – ქართული ნათარგმნი არათუ ჩამოუვარდება, ზოგ შემთხვევაში სიზუსტის, ლექსიკური სიუხვისა და გამართულობის თვალსაზრისით, მნიშვნელოვნად აღემატება კიდეც მათ, – ამბობდა ლიტერატორი და მთარგმნელი ლევან ბერძენიშვილი დალი ფანჯიკიძის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე “რადიო თავისუფლებაში”.

2 წლის წინ უმცროსმა შვილმა, ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ, დედას 79-ე დაბადების დღე “ფეისბუქში” ამ სიტყვებით მიულოცა:

“დედა 79 წლის გახდა. მთელი საღამო არც გვისმენდა და არც ხმა ამოუღია. საერთოდაც თითქმის აღარაფერზე ლაპარაკობს. მამასაც თითქმის აღარ ახსენებს. თუ ოდნავ გამოცოცხლდა, წიგნების დაბინავებაზე ზრუნავს. არკვევს, გვაქვს თუ არა ყველას სახლში “ბუდენბროკების” ახალი გამოცემა ან რამე სხვა.

წამოსვლისას გვითხრა: “არაფერი ხდება შემთხვევით, ჩემი თარგმნილი წიგნების პერსონაჟებმა გამხადეს ავად, ყოველმა მათგანმა და ყოველმა მათმა განცდამ და ღამეც ისინი მეცხადებიან, არც ერთი გამორჩევით, ყველა ერთად”.

განახლებული ოპერა მაინც ნახა, ფარდა დაიწუნა, ძველი იმით იყო ფასეული, ორიგინალი რომ იყო, ეს დაბეჭდილი “ეკრანი” არაფერია, ჯობდა, თანამედროვე მხატვრის შექმნილი ორიგინალი ყოფილიყოო. დიდხანს მინდა, მყავდეს დედა”.

დალი კოკაია-ფანჯიკიძე 28 აპრილს დაკრძალეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ქმრის, ცნობილი მწერლის, გურამ ფანჯიკიძის გვერდით.

ქალბატონი დალი არაერთხელ იყო “სარკის” სტუმარი. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ თავზე უამრავი რამ ჰქონდა მოსაყოლი, ინტერვიუს ყოველთვის მეუღლეზე საუბრით იწყებდა, რომელთან ერთადაც 37 წელი გაატარა.

“სარკის” არქივიდან გთავაზობთ დალი კოკაია-ფანჯიკიძესთან ინტერვიუს, რომელიც 2014 წელს გამოქვეყნდა.

.

დალი ფანჯიკიძე: "მე და გურამმა ჩხუბით გავიცანით ერთმანეთი და პირველი შეხვედრიდან რამდენიმე თვეში დავქორწინდით"“ნამდვილი სიყვარული მხოლოდ ერთი ნახვით ჩნდება, ყველა დანარჩენი სიყვარული შეგუებაა, მორიგებაა, ანგარიშია, მომავალი ცხოვრების ანალიზია. ერთი ნახვით სიყვარული კი ნამდვილი სიყვარულია ყოველგვარი ანალიზის, შეჩვევისა და დადებითი ან უარყოფითი მხარეების აწონ-დაწონის გარეშე”, – წერდა გასული საუკუნის გამორჩეული მწერალი გურამ ფანჯიკიძე.

მის ცხოვრებაში ნამდვილი სიყვარული ერთხელ მოვიდა და სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე იმ ერთადერთის გვერდით იყო. ამ წლების შესახებ “სარკის” მკითხველს სწორედ ეს ქალი, ცნობილი მთარგმნელი დალი ფანჯიკიძე უამბობს.

მეტალურგი მწერლობაში

– გურამი თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე დაიბადა და გაიზარდა, ინტელიგენტთა ოჯახში. ჩემი მამამთილი, ვანო ფანჯიკიძე, პედაგოგი და მრავალი თაობის აღმზრდელი გახლდათ. დედამთილი, თამარ ბედელაძე, სკოლის ბიბლიოთეკაში მუშაობდა.

ოჯახში ორი ვაჟი აღიზარდა, ორივე პატრიოტული სულისკვეთებით. ჩემი მაზლი, თეიმურაზ ფანჯიკიძე, რელიგიათმცოდნე იყო. თავად გურამი კი ლიტერატურით იყო გატაცებული, მაგრამ მეტალურგიის ფაკულტეტზე ჩააბარა. ეს პროფესია მაშინ საკმაოდ პოპულარული იყო.

ერთხანს რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში და პოლიტექნიკურ ინსტიტუტშიც მუშაობდა. პარალელურად გაზეთ “ლენინელის” რედაქტორი გახლდათ. გურამს არასდროს უნანია, რომ ტექნიკური განათლება მიიღო. იგი ეზიარა ტექნიკურ სამყაროს, რასაც შემდგომში თავის შემოქმედებაში ხშირად იყენებდა. რომანში “მეშვიდე ცა” ეს ყველაზე მეტად გამოავლინა…

პირველი მისი ნაწარმოებები იყო “საღამო” და “თოვლიანი დღე”. “მეშვიდე ცა” კი პირველი სოლიდური რომანია, რომელშიც მეტალურგების ცხოვრება ზედმიწევნით ასახა. ეს რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული რომანია, რადგან უშუალოდ მუშაობდა ამ სფეროში და მეტალურგის პროფესიას კარგად იცნობდა. ამ ნაწარმოებმა მთელი საბჭოთა კავშირი მოიცვა, რადგან დადებითი პერსონაჟის ახლებური სახე შექმნა თავისი სისუსტეებითა და ღირსებებით. ტექნიკური საკითხები კი მხატვრულად გადაამუშავა.

34 წლის ასაკში ერთბაშად გახდა პოპულარული. ხალხის ასეთი ყურადღება ძალიან ახარებდა.

“თვალი პატიოსანი” ჩემი მეუღლის მეორე ცნობილი რომანია. მასში იმდროინდელი ყოფიერების კრიტიკა იყო. ამას მოჰყვა “აქტიური მზის წელიწადი”, რომელშიც ფიზიკოსების ცხოვრება ასახა. გურამს ტექნიკური განათლება იმის საშუალებას აძლევდა, რომ მისი გმირები დამაჯერებლები ყოფილიყნენ. ამ სამყაროს სიცოცხლის ბოლომდე უერთგულა.

რომანი “თვალი პატიოსანი” რომ დაწერა, მისი დაბეჭდვა დიდ რისკთან იყო დაკავშირებული. მაშინ ჟურნალ “ცისკრის” რედაქტორი ჯანსუღ ჩარკვიანი გახლდათ. წიგნის გამოქვეყნება სწორედ მან ითავა. შემდგომში, 1976 წელს, ამ ნაწარმოების მიხედვით რეჟისორმა შოთა მანაგაძემ ამავე სახელწოდების ფილმიც გადაიღო. მანამდე “მეშვიდე ცის” მიხედვით რეჟისორმა ვახტანგ ტაბლიაშვილმა გადაიღო ფილმი “ლევან ხიდაშელი”.

მესამე ნაწარმოები, რომელმაც კინოეკრანზე გადაინაცვალა, იყო “სპირალი”. გიული ჭოხონელიძემ ცნობილი ფილმი “სპირალი” სწორედ გურამის რომანის მიხედვით გადაიღო.

გურამმა სიცოცხლის უკანასკნელ პერიოდში დაწერა საკმაოდ დიდი რომანი “ეშმაკის ბორბალი”. სამწუხაროდ, ისეთ დროს დაიწერა, რომ ქვეყანაში არეულობა იყო და წიგნებისთვის არავის ეცალა, ამიტომაც ამ რომანს ისეთი რეზონანსი არ მოჰყოლია, როგორიც ეკუთვნოდა. ახლახან ჩემმა ქალიშვილმა, ნათიამ, ამ წიგნის ხელახალი გამოცემა ითავა. ერთი თვის წინ პრეზენტაციაც შედგა და მკითხველი ამ რომანს ხელახლა გაეცნობა. ეს ნაწარმოები ძალიან მიყვარს.

ცხოვრება რომანებში

– გურამის მთელი ცხოვრება მის ნაწარმოებებშია არეკლილი. პირდაპირ არ ასახავდა თავის ცხოვრებისეულ ამბებს, მაგრამ ყველაფერს საკუთარი გამოცდილებით წერდა…

ერთი უცნაურობა ახასიათებდა – წერის დროს არც განმარტოვდებოდა და არც წყნარ გარემოს მოითხოვდა, პირიქით, დიდ ოთახში დაჯდებოდა, სადაც ყველანი ვიყავით და ხმაური იყო. შვილიშვილები ყირაზე გადადიოდნენ, ის კი გამალებით წერდა. სულ გვიკვირდა, როგორ შეეძლო ამ ხმაურში მუშაობა. ეტყობა, ასეთი გარემო სტიმულს აძლევდა. მისი ყველა რომანი აურზაურშია დაწერილი.

დიდი გული

– გურამი ქვეყნის მძიმე სოციალურ-პოლიტიკურ მდგომარეობას ძალიან განიცდიდა. მოვლენების შუაგულში ტრიალებდა და ამის გამო ბევრი მტერიც გაიჩინა, ბევრი უსიამოვნებაც შეხვდა, მაგრამ სწორი გზიდან არასდროს გადაუხვევია. არ შეეძლო, უსამართლობის მიმართ გულგრილი ყოფილიყო…

წლების განმავლობაში საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე გახლდათ. განსაკუთრებით ზრუნავდა თავის “მრევლზე”. ვის არ შეაწუხებდა იმისთვის, რომ ამა თუ იმ ავტორის ნაწარმოები დაბეჭდილიყო.

არეულობის წლებში მწერლებს გვერდში ედგა. საკუთარი ძალებით იძენდა სურსათს, საჭირო ნივთებს და მათთან მიჰქონდა. სხვის გულისტკივილს ითავისებდა, არ შეეძლო გულგრილი ყოფილიყო, გულითადი და მგრძნობიარე კაცი იყო. სამშობლო უყვარდა, მისი ყოველი კუთხე-კუნჭული. ყველგან პატივისცემა და სიყვარული ჰქონდა მოპოვებული, ამიტომ თამამად ვამბობ ხოლმე, რომ გურამი მთელმა საქართველომ დაიტირა.

ფეხბურთი – ცხოვრების გატაცება

– მისი საყვარელი სფერო ფეხბურთი იყო, არც ერთ მსოფლიოს თუ ევროპის ჩემპიონატს აკლდებოდა. როცა ჩამოვიდოდა, იმ ქვეყნის შესახებ აუცილებლად წერდა და იქაურობას საფუძვლიანად აღწერდა. ქართველ ფეხბურთელებთან მეგობრობდა. ფეხბურთი მისთვის არამხოლოდ ჰობი იყო, სპორტის ამ სახეობაში ძალიან კარგად ერკვეოდა.

1981 წლის 13 მაისის ცნობილ მატჩზეც იმყოფებოდა, როდესაც “დინამომ” თასების თასი აიღო და იენას “კარლ ცაისი” დაამარცხა.

ბევრს მოგზაურობდა, ძირითადად ფეხბურთთან დაკავშირებით, ასეთ დროს მე თან არ მივყვებოდი. სხვა დროს, როცა საზღვარგარეთ წასვლა უწევდა, თუ ამისი საშუალება იყო, ერთად მივდიოდით.

გამორჩეულად მახსენდება იტალიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობა, ეს ჩემთვის ძალიან ტკბილად მოსაგონარია.

ჩხუბით დაწყებული სიყვარული

– ჩვენი გაცნობა შემთხვევით მოხდა. გურამი ჩემზე 6 წლით უფროსი იყო. მაშინ ჟურნალისტობა მინდოდა, თუმცა დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტს ვამთავრებდი. ჟურნალისტური მცდელობები მქონდა და გაზეთ “ახალგაზრდა კომუნისტის” გამოცემასთან ვთანამშრომლობდი.

ერთხელ თემად მომცეს უნივერსიტეტების თვითშემოქმედების ანალიზი. მე დავწერე, რომ თვითშემოქმედება ვითარდებოდა, რადგან უნივერსიტეტს თავისი ორკესტრი ჰყავდა, ხოლო “გეპეიში” ჯაზს ჰქონდა ფეხი მოკიდებული. გამოდიოდა, რომ ჯაზი კაპიტალისტური მოვლენა იყო და მე ჩემი უსუსური კალმით შევებრძოლე.

იმ პერიოდში გურამი გაზეთ “ლენინელის” რედაქტორი გახლდათ, რომელიც “გეპეიში” გამოდიოდა. არ იცოდა, ვინ ვიყავი, თუმცა ჩემს სტატიას სტატიითვე უპასუხა. წერილში გამომლანძღა, არც ჯაზის და არც სიმფონიური ორკესტრის არაფერი გესმისო. ასე ჩხუბით გავიცანით ერთმანეთი. შემდეგ უკვე პირადად ვნახე. რომ არა მისი კრიტიკული საპასუხო წერილი, ერთმანეთს ვერ გავიცნობდით.

პირველი შეხვედრიდან რამდენიმე თვეში დავქორწინდით კიდეც და 37 წელი გავატარეთ ერთად.

ძლიერი საყრდენი

– მე პროფესიით ფილოლოგი, გერმანისტი ვარ და მთარგმნელობით მუშაობას ვეწევი. ძალიან ხშირად, როცა ერთ ოჯახში ორი შემოქმედია, ერთი მათგანი იჩაგრება. ჩვენს ოჯახში კი პირიქით ხდებოდა. გურამს ჩემი წარმატებები ძალიან უხაროდა, ამაყობდა და გვერდით მედგა. უნდოდა, რაც შეიძლებოდა მეტი პროფესიული წინსვლა მქონოდა და მის ფონზე ჩრდილში არ მოვქცეულიყავი.

პირველად სწორედ მან შემიწყო ხელი, რომ საყვარელი საქმე მეკეთებინა. ახალი შეუღლებულები რომ ვიყავით, მან მთხოვა ბროშურების თარგმნა, რომლებიც ცნობილ ფეხბურთელებს ეხებოდა.

ერთხელაც მწერალმა კონსტანტინე ლორთქიფანიძემ თომას მანის “ბუდენბროკების” თარგმნა შემომთავაზა. ისე მოხდა, რომ ჩემი შემოქმედება თომას მანის ხაზით წავიდა. მას შემდეგ მისი კიდევ ორი რომანი ვთარგმნე. გარდა ამისა, სხვადასხვა მწერლების არაერთი რომანი და პოეზია მაქვს ნათარგმნი.

ბოლოს ვიმუშავე გრიგოლ რობაქიძის წიგნზე “ადოლფ ჰიტლერი უცხოელი მწერლის თვალით”. ეს საკმაოდ გახმაურებული წიგნია, რომელიც ავტორმა გერმანულ ენაზე დაწერა. საქართველოში სჯეროდათ, რომ მას ჰიტლერთან დიდი მეგობრობა აკავშირებდა, რაც სიმართლე არ იყო. ამის შემდეგ ქართველი მწერლისთვის ევროპული გამოცემების კარი დაიკეტა, ჰიტლერზე წიგნის დაწერა არ აპატიეს…

ბევრი წიგნი მაქვს ნათარგმნი, სათვალავიც კი მერევა ხოლმე. სამწუხაროდ, მთარგმნელობა უმადური შრომაა. ადამიანები წიგნს ისე წაიკითხავენ, არც კი შეხედავენ, ვინ თარგმნა. ახლა უკვე 77 წლის ვარ და ამ ასაკში ინტენსიური მუშაობა მიჭირს.

შთამომავლობა

– ჩემი და გურამის ოჯახში სამი შვილი გაიზარდა: მაია, ლაშა და ნათია. ლაშა მოქანდაკეა. სწავლა ისეთ დროს დაამთავრა, როცა ქვეყანაში არეულობა იყო, ამიტომ თავისი პროფესიით ვერ იმუშავა და ხატვა დაიწყო. სხვათა შორის, მამის საკმაოდ საინტერესო პორტრეტი შექმნა.

რაც შეეხება ჩემს ქალიშვილებს, მათ საზოგადოება კარგად იცნობს. მაია პედაგოგი და დიპლომატია, ნათია – ფსიქოლოგი. თავიანთი პროფესიების გარდა, კალამი ორივეს უჭრის, მაგრამ მხატვრული ნაწარმოების დაწერის მცდელობა არც ერთს ჰქონია. გურამმა შვილებს პროფესიების არჩევისას აბსოლუტური თავისუფლება მისცა.

რაც შეეხება შვილიშვილებს, ექვსი გვყავს და ექვსივეს მოესწრო. ლაშასაც ორი შვილი ჰყავს და ჩემს ქალიშვილებსაც – ორ-ორი. გურამს გაგიჟებით უყვარდა ისინი, თუმცა ტიპური ბაბუა არ ყოფილა და შვილიშვილები არსად უტარებია. შვილების მიმართაც ასეთი იყო. არ მახსოვს, მათთვის ხელი ჩაეკიდა და სასეირნოდ წაეყვანა, მაგრამ ძალიან ყურადღებიანი და თბილი მამა იყო.

გურამი წარმოშობით რაჭიდან იყო, ამიტომ ზაფხულობით შვილები იქ მიგვყავდა. შემდეგ ეს ტრადიცია ჩვენს შვილიშვილებზეც გავრცელდა. დღემდე ზაფხული ისე არ ჩაივლის, რომ რაჭაში არ წავიდეთ.

ჩემი მეუღლე მეგობრებთანაც ასეთივე ყურადღებიანი და მოსიყვარულე გახლდათ. მეგობრების წრეში ყოფნა ძალიან უყვარდა. ხომ გაგიგიათ, არსენას ქეიფი და გზებზე სუფრის გადაფენა უყვარდაო, ასე იყო ჩემი ქმარიც.

ერთი ჩვევა ჰქონდა, სადაც უნდა ექეიფა, ბოლოს სტუმრები სახლში ამოჰყავდა. სუფრას გავუშლიდი და ახლა აქ გრძელდებოდა ქეიფი. მოლხენა ძალიან უყვარდა. სუფრასთან სიმღერა და ანეკდოტების მოყოლა ეხერხებოდა. თამადობაც კარგი იცოდა და მის გვერდით არ მოიწყენდი. ამიტომ უყვარდათ მეგობრებს მასთან ერთად ყოფნა.

მოულოდნელი წასვლა

– გურამი 64 წლისა გარდაიცვალა. მე, გურამი და ჩემი შვილიშვილი ქობულეთში ვიყავით დასასვენებლად. ზღვა საკმაოდ ღელავდა, როცა საცურაოდ შევიდა და წყალში გული გაუჩერდა. ძალიან სპორტული იყო, კარგად ცურავდა, არ სვამდა, არ ეწეოდა, მაგრამ მაინც ასე ნაადრევად და უცაბედად გამოგვეცალა ხელიდან ისე, რომ ერთი დღეც არ უავადმყოფია.

“სარკე”, 2014, თეონა კენჭიაშვილი