მუსიკათმცოდნესა და პუბლიცისტს, თაკო ჩარკვიანს, ეკრანმა აგრძნობინა, რომ ცოტა ასაკი მოვიდა და წლებთან ერთად გაჩენილ გარეგნულ ცვლილებებს მაკიაჟით უნდა დახმარებოდა. წლების წინ უხოელი ვიზაჟისტისგან ისწავლა, მის სახეს როგორი მაკიაჟი უხდება და მას შემდეგ ასე იღებება.
სკოლის ასაკში ნაწნავით დადიოდა, მერე კი უკან გადაწეული, შეკრული თმა მოიხდინა. გარეგნობაზე ზედმეტად არ ზრუნავს, ერთადერთი, რასაც წლებია არ ღალატობს, ვარიჯიში და სწორი კვებაა.
– თაკო, რას აკეთებთ იმისთვის, რომ კარგ ფორმაში იყოთ, კარგად გამოიყურებოდეთ?
– გარეგნობაზე განსაკუთრებულად არც არასდროს მიზრუნია და ეს ალბათ მეტყობა კიდეც. თავს ზომიერად ვუვლი. გვიან დაძინება მიყვარს, იმ კატეგორიას არ მივეკუთვნები, 9 და 10 საათზე რომ იძინებენ. ჩემი ოჯახი ყოველთვის ბოჰემური იყო, მით უმეტეს, ვისაც წიგნის კითხვა უყვარს, ამისთვის ყველაზე კარგი დრო გვიანი ღამეა. ამბობენ, გვიან დაძინება არ ვარგაო, მაგრამ რა ვქნა, ასე ვარ.
არასდროს ვყოფილვარ მწეველი და არც ახლა ვეწევი. რაც შეეხება კვებას, მაქსიმალურად ვცდილობ, 8 საათის შემდეგ ცხიმიანი, ხაჭაპური და ა.შ. არ ვჭამო. რაღაცნაირად, ეს მგონია თავის მოვლა, ვიდრე სხვა რაღაცები.
– ადრე, ცოტა უფრო პატარა ასაკში, როგორ ცდილობდით თავის მოვლას?
– პატარა ასაკში, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის კონტროლი არ მიხდებოდა, ღამე სუსნაობა ძალიან მიყვარდა. მაშინ არაფერს ვაკონტროლებდი, არც წონისკენ მქონდა მიდრეკილება. ჩარკვიანებს გენტიკურად წონა არ გვაქვს, ხმელი ხალხი ვართ და არც დედაჩემი ყოფილა მაინცდამაინც მსუქანი.
გამოზაფხულდება თუ არა, კუს ტბაზე დავრბივარ. რაღაც პერიოდი ცოტ-ცოტათი ამასაც ვახერხებ. პრინციპში, უკვე წლებია, თუ კუს ტბაზე არ ვარ, სახლში მაინც ვვარჯიშობ.
– როდის მიხვდით, რომ ვარჯიში გჭირდებოდათ?
– ირმას გაჩენიდან 3 წელიწადში მივხვდი, რომ ცოტა სხვა ფორმები მქონდა და მე არ ვიყავი. ცოტა მოვიმატე და წონის გაკონტროლება მომიწია.
ყავა ჩემთვის ნებისმიერ სიტუაციაში უკონკურენტოა. ვცდილობ, დილით ყავა დავლიო, დიეტური შავი პური და ერთი ნაჭერი ყველი შევჭამო. შვრიის ფაფას, შავ პურს, ყველს ერთად კი არა, ცალ-ცალკე ვჭამ. ღამე თუ ძალიან მომინდება, მაწონი, კეფირი შემიძლია ვჭამო. სიმართლე გითხრათ, დიდად არც მშივდება, ისე მივეჩვიე ამ რეჟიმს.
ჯანსაღი ცხოვრების წესი ესაა, რომ არ ეწევი და დღეში 20 წუთი მაინც ახერხებ ვარჯიშს. ჩემმა ოჯახმა საკმაოდ ბევრი ავადმყოფობა გამოიარა და ამ ყველაფერში მიწევს ჩართვა, ამიტომ ვერ გეტყვით, რომ დასვენებული ვარ.
2-3 დღით სადმე თუ გავალ, ბედნიერი ვარ. ამას ირმა მიხერხებს, გასტროლებზე სულ მივყავარ ხოლმე. ვეხუმრები, ჩემი სახით პატარა ჩემოდანი გყავს-მეთქი. ჩემთვის ირმასთან ერთად ის რამდენიმედღიანი გასვლა ბედნიერებაა. იქიდან ისეთი შეგრძნებით ჩამოვდივარ, მგონია, რომ მთელი თვე დავისვენე.
– წლების განმავლობაში ბევრჯერ შეიცვალეთ იმიჯი?
– არა, სულ ეს იმიჯი მაქვს. სკოლაში მქონდა არცთუ ისე გრძელი ნაწნავი. მას შემდეგ სულ ასე, გვერდზე გადაყოფილი და შეკრული თმა მაქვს, არაფერი შემიცვლია.
– თმის ფერსაც არასდროს იცვლით?
– თმას არ ვიღებავ, არც ჭაღარა მაქვს, ეს ბებიაჩემის მხრიდან გელოვანების ჯიშის დამსახურებაა. ცოტა ხანში დამჭირდება, მაგრამ ჯერჯერობით არ ვიღებავ.
– მოდურ ფერად შეღებვის სურვილი არ გაგჩენიათ, თუნდაც ახალგაზრდობაში?
– ჰოლანდიაში ყოფნის დროს თმის ფერის ტესტები ვნახე, უცებ ჩამობანა რომ შეგიძლია. ვცადე, მაგრამ არ მომიხდა. რადიკალურად სხვა ფერი დიდად ვერ აღვიქვი, არ მომეწონა.
– როგორ უვლით თმას?
– თუ ზღვიდან ჩამოვდივარ, პირველი ორი კვირა ვუვლი, მარილიანმა წყალმა, მზემ თმის გაუხეშება იცის. ათასგვარი საშუალება იყიდება, რითიც შეგიძლია თმას მოუარო. სახლის პირობებში კვერცხის გული მისინჯავს, რაც ძალიან ეფექტურია, თუმცა, ვერ გეტყვით, რომ ხშირად გამომიყენებია.
შვრიის ფაფას ნაღები უნდა დაამატოთ და წაისვათ თმაზე, ეს ძალიან კარგია. ასევე ძალიან კარგია ბრინჯის ფქვილი, 1 ჩაის კოვზი თაფლი და ნაღები ერთმანეთში აურიოთ, ყველაფერი თვალის ზომით უნდა აარჩიოთ.
ამ ყველაფერს დრო სჭირდება, თუ თავისუფალი დრო მაქვს, შეიძლება დილით გაკეთება მოვასწრო.
– სახეზე რამე სახის ჩარევა თუ გაგიკეთებიათ?
– ჯერჯერობით არაფერი, თუმცა ვერ გეტყვით, რომ ამ ყველაფრის წინააღმდეგი ვარ. ზომიერების ფარგლებში კორექცია მისაღებია. ბოტოქსით ვერ ვიხიბლები, რაღაცნაირი, ერთნაირი სახეები აქვთ და მაინცდამაინც არ მომწონს. საერთოდ, არამხოლოდ ამ საკითხში, ყველაფერში კარგია ზომიერება.
– როგორ მაკიაჟს ანიჭებთ უპირატესობას?
– ერთხელ უცხოეთში პროფესიონალმა ვიზაჟისტმა გამიკეთა და მას შემდეგ მოვირგე ყავისფერი და ოდნავ კრემისფერი ჩრდილები. ისეთი მაკიაჟის გაკეთება მიყვარს, რომელიც დიდად არ მეტყობა. გამოკვეთილი არ მომწონს.
– რა ფერის ტუჩსაცხს იყენებთ?
– მუქ ვარდისფერს, ტუჩისფერისკენ გარდამავალს.
– გახსოვთ, როდის გაგრძნობინათ სახემ, რომ ასაკი ცოტა მოგმატებიათ?
– კი, როგორ არა! მთელი 90-იანი წლების განმავლობაში სახეზე საერთოდ არაფერს ვისვამდი, იშვიათად, ფანქარს თუ გამოვიყენებდი, მაკიაჟი არ იყო ჩემი. მერე უკვე ნელ-ნელა ეკრანმა მაგრძნობინა, რომ ცოტა ასაკი მოვიდა. მაგალითად, თვალებთან მეტი შესიება წამოვიდა. ძალაუნებურად ასეთი რაღაცები უკვე მაკიაჟს, ჩრდილების, კორექტორების გამოყენებას ითხოვს. ოღონდ ამას ყოველ წამს არ ვიკეთებ. ცხოვრებაში იგივე მაკიაჟი არ მაქვს, რაც, მაგალითად, ეკრანზე.
– ეს ცვლილებები თქვენთვის მტკივნეული იყო?
– არა, ამ ყველაფერს ძალიან ზომიერად ვუდგები. სურათებს რომ ვაკვირდები, უფრო სხვა წარსული და ის ადამიანები მტკივა, ვინც ჩემ გვერდით აღარ არიან. ძველი ფოტოსურათებიდან სხვა რაღაც მიყურებს და ეს მაკლია.
სიმართლე გითხრათ, სიმშვიდეც კი მოაქვს იმ პატარა გაჩენილ რაღაც ნაოჭს. ეს რაღაცასთან დაშორება, რაღაცასთან მიახლოებაა, ამიტომაც ღირსეულად უნდა აიტანო.
ბევრის ვარ, 50-ს გადავაბიჯე. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ სოლიდურ ასაკში ვარ. ჩემთვის ვინმეს რომ ეთქვა, ამ ადამიანმა ნახევარ საუკუნეს გადააცილაო, დედა, რამხელა ქალია-მეთქი, ვიტყოდი. არადა შიგნით არ ვგრძნობ, რომ ასეთი დიდი ვარ. ხასიათი, კითხვა მეხმარება, დიდ სიმშვიდეს მაძლევს.
– თქვენი შეფასებით, ქალისთვის მომხიბვლელობა რას მოაქვს?
– ჭკუას. ამაში ორი აზრი არ არის. შეიძლება ვიღაც ლამაზი არ იყოს, მაგრამ შენზე გარკვეული შთაბეჭდილება დატოვოს. ბევრს ვიცნობ, ვისთან საუბრის შემდეგაც მიფიქრია, რატომ არ ვიცოდი, თუ ასეთი მშვენიერი იყო-მეთქი. ჩემი აზრით, ეს ქალური შარმი ჭკუას მოაქვს.
ეკა ლემონჯავა, ჟურნალი სარკე

