ბაია პატარაიას ქმარი ჭურჭელს ურეცხავს და პასკებს უცხობს – “ჩემს 10 წლის ბიჭს ოჯახის საქმეებს ვასწავლი”

ბაია პატარაიას ქმარი ჭურჭელს ურეცხავს და პასკებს უცხობს - "ჩემს 10 წლის ბიჭს ოჯახის საქმეებს ვასწავლი"კავშირ “საფარის” ხელმძღვანელის, ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ქალთა უფლებების დამცველ ბაია პატარაიას ცხოვრებაში სამი მთავარი მამაკაცია – მამა, ქმარი და 10 წლის ვაჟი. ამბობს, რომ მის ოჯახში მამაკაცს ქალი არასოდეს დაუჩაგრავს.

ბაია პატარაიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი დაამთავრა, ბუდაპეშტშიც ისწავლა და მაგისტრის ხარისხი მიიღო. 2009-2013 წლებში იუსტიციის სამინისტროს სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობდა. “საფარს” კი 2014 წლიდან ხელმძღვანელობს.

– ბაია, ქალთა უფლებების დაცვა პირადი პრობლემების გამო ხომ არ დაიწყეთ?

– მსგავსი რამ არასოდეს ყოფილა ჩემს ცხოვრებაში. ისე გავიარე ბავშვობა და სტუდენტობა, რომ არც ვიცოდი, ოჯახური ძალადობა თუ არსებობდა. ჩემ გარშემო მსგავსი შემთხვევების შესახებ გაგონილიც არ მქონდა.

1999 წელს საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე ჩავაბარე. მაშინ ყველაზე პრესტიჟული და მოდური იყო, თუმცა იქ სწავლით დიდი იმედგაცრუება მივიღე. მერე ფინანსები და საბანკო საქმეც ვისწავლე და საზღვარგარეთაც წავედი სასწავლებლად, სადაც ადამიანის უფლებების ფაკულტეტზე მიმიღეს. როცა მივდიოდი, ადამიანის უფლებებზე მკაფიო წარმოდგენა არ მქონდა, რადგან აქ ეს საგანი არ ისწავლებოდა.

ფუნდამენტური განათლება ამ სფეროში ბუდაპეშტში მივიღე. იქ გაცვლით პროგრამაში მოვხვდი და ნიუ იორკში სამართლის სკოლაშიც ვისწავლე. რომ დავბრუნდი, 8 წელი ვასწავლიდი სხვადასხვა უნივერსიტეტში – საერთაშორისო სამართალს, ადამიანის უფლებებს, ანტიდისკრიმინაციულ სამართალს, ქალთა უფლებებს.

“საფარში” მუშაობა 2007 წელს დავიწყე. მაშინ ძირითადად ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას უწევდნენ ძალადობის მსხვერპლ ქალებს. აქ აღმოვაჩინე მთელი სამყარო ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალების. მანამდე მეგონა, რომ ოჯახური ძალადობა მხოლოდ მიყრუებულ სოფლებში ხდებოდა. თბილისში მცხოვრები ქალებისგან კი დაუჯერებელი სისასტიკის ამბები მოვისმინე და სამუდამოდ მოვიხსენი ვარდისფერი სათვალე. ასეთ შემთხვევებზე მედია არ საუბრობდა. არავინ იცოდა, როგორი მძიმე პრობლემები ჰქონდათ ქალებს საქართველოში.

2009 წლიდან იუსტიციის სამინისტროში, საერთაშორისო სამართლის დეპარტამენტში, 4 წელი ვიმუშავე. ქალთა ძალადობის საკითხებზე მუშაობა კი არასოდეს შემიწყვეტია. გახლავართ 126-ე პრიმა მუხლის ავტორი, რომლითაც ოჯახში ძალადობა დასჯადი გახდა. იუსტიციის სამინისტროში, რაც ქალებს და გენდერს ეხებოდა, ყველაფერში აქტიურად ვიყავი ჩართული.

2011 წლიდან აქტივისტები მოვძებნე – ეს იყო ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი. ვაწყობდით პატარა მასშტაბის აქციებს, რომლებიც დიდ ყურადღებას იქცევდა. 2014 წელს ქალთა დიდი მოძრაობა დავიწყეთ. ამ წელს უპრეცენდენტო რაოდენობით დახოცეს ქალები კაცებმა.

– კანონში ცვლილებამ და თქვენმა აქტიურობამ შეცვალა რამე? ახლაც საკმაოდ ხშირია ქალებზე ძალადობაც და მკვლელობებიც. თქვენი აქტიურობით პირიქით ხელს ხომ არ უწყობთ მამაკაცთა აგრესიულობას?

– ეს იმას ჰგავს, მონობის წინააღმდეგ არ ვიბრძოლოთ, რომ ისინი არ დახოცონ. ქალმა რომ ნორმალურად იცხოვროს, თავისი უფლებებისთვის უნდა იბრძოლოს, თუ არ იბრძოლებს, სულ ცემა-ტყეპაში იქნება. ახლა იმ პერიოდში ვართ, როცა ქალები იბრძვიან თავიანთი უფლებებისთვის და დიდი წინააღმდეგობა ხვდებათ, რომლებიც ზოგ შემთხვევებში მკვლელობით გამოიხატება.

აუცილებლად მივალთ იმ კონდიციამდე, როცა საზოგადოება იტყვის, რომ ქალი არ არის ძაღლი, რომელიც უნდა სცემო. მერე მივალთ იქამდე, რომ ძაღლის ცემაც არ შეიძლება და ყველა ცოცხალ არსებას პატივი უნდა ვცეთ. მერე იქნებ იქამდეც მივიდეთ, რომ დედამიწას უნდა გავუფრთხილდეთ და დაბინძურებას ვებრძოლოთ. განვითარებულმა ქვეყნებმა ეს ეტაპები გაიარეს.

– თქვენი მშობლების ურთიერთობა როგორი იყო?

– სიყვარულით შეუღლდნენ და სხვაგვარ ურთიერობას არ ცნობდნენ. ჩემი და ჩემი დის განათლებას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდნენ. ისე არ გვზრდიდნენ, ოღონდ გათხოვდით, პატრონს ჩაბარდით და შვილი გააჩინეთო. გვეუბნებოდნენ, რომ ყველაზე კარგად უნდა გვესწავლა და ყველაზე მაგრები უნდა ვყოფილიყავით. ასეთი აღზრდის დამსახურებაა, რომ მეც და ჩემი დაც ვართ იქ, სადაც ვართ.

– “პატრონს” კი მაინც ჩაბარდით…

– არა, პატრონს არ ჩავბარებივარ, არ მჭირდება პატრონი და ვერც ვერავის ჩავბარდებოდი. პარტნიორი რომ შევიძინე, ეს ჩემი სურვილით მოხდა. ჩვენ სასწავლებლადაც ერთად ვიყავით საზღვარგარეთ.

– რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებით?

– რეგისტრირებული ქორწინებაა. უცებ მოვაწერეთ ხელი, რადგან ვიზებისთვის და სხვა საბუთებისთვის გვჭირდებოდა. ქორწილი კი მოგვიანებით გვქონდა. ტრადიციული ქართული, დიდი ქორწილი გადავიხადეთ. ჯგუფელები ვართ და 4 წელი შეყვარებულები ვიყავით. სწავლა რომ დავამთავრეთ და საზღვარგარეთ დავაპირეთ წასვლა, მერე ვიქორწინეთ.

ბაია პატარაიას ქმარი ჭურჭელს ურეცხავს და პასკებს უცხობს - "ჩემს 10 წლის ბიჭს ოჯახის საქმეებს ვასწავლი"– სახლში, ქმართან გიწევთ საკუთარი უფლებების დაცვა?

– საკუთარი უფლებების დაცვა ჯერ საკუთარ ოჯახში უნდა დაიწყო და მერე გარეთ. თუ საკუთარ ოჯახში გაქვს პრობლემა და გაკონტროლებენ, სად იმუშაო, სად წახვიდე ან არ წახვიდე, რა ისაუბრო საჯაროდ, რა ჩაიცვა, სხვის უფლებებს ვერ დაიცავ.

ჩემი უფლებების დაცვა ქმართან ნაკლებად დამჭირდა. მამასთან უფრო მჭირდებოდა რაღაცების მტკიცება, რადგან ტრადიციული ღირებულებების მქონე კაცი იყო და გარკვეულ საკითხებზე ვერ ვთანხმდებოდით. ახლა უფრო გვაქვს კონსენსუსი, მაგრამ, როცა მამასთან ერთად ვცხოვრობდი, ბევრ რამეზე ვერ ვთანხმდებოდით.

რაც შეეხება ქმარს, ისეთი ადამიანი ავარჩიე, რომელიც იზიარებდა ჩემს აზრებს და შემდგომ აღარაფრის მტკიცება იყო საჭირო. კარგად ვიცნობდით ერთმანეთს, თუმცა ადამიანების თანაცხოვრება თავიდან ცოტა რთულია, სანამ ერთმანეთის ჩვევებს შეეგუებით.

– რა გაგიჭირდათ?

– მაგალითად, ოჯახში შრომის განაწილების საკითხი. ჩემს ქმარს არასოდეს უთქვამს, მე არაფერს გავაკეთებ და ყველაფერი შენ უნდა აკეთოო, დედამისსაც ეხმარებოდა, მაგრამ ძალიან არ მიყვარს ჭურჭლის რეცხვა და ამის გამო გვქონდა პრობლემა.

კულინარია მიყვარს, რადგან შემოქმედებითი პროცესია. ჭურჭლის რეცხვა კი მძიმე შრომაა და ამის გამო იყო ხოლმე დიდი ამბავი.

– ქმარს არეცხინებდით?

– ვაგროვებდი, რომ დღეში ერთხელ მაინც დამერეცხა. ამბობდა, რატომ აგროვებ, შენი თეფში მაინც გარეცხეო. ახლაც აქტუალურია ეს საკითხი. ოღონდ ჭურჭელი არ დამარეცხინო და თუნდაც სტუმარმა დარეცხოს. ჩემი ქმარიც რეცხავს. მიჩვეულია, რადგან 15 წლიდან ამერიკაში ცხოვრობდა – სკოლიდან გაცვლითი პროგრამით წავიდა. ამერიკულ ოჯახში ცხოვრობდა.

მე რომ გავიცანი, ყველაფრის კეთებას იცოდა და ფიქრობდა, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი არ უნდა შრომობდეს ოჯახში მონასავით. სასაცილოა, მაგრამ დღემდე არ გვაქვს ჭურჭლის სარეცხი მანქანა. არ ეტევა სამზარეულოში და…

ტრენინგებს რომ ვატარებ და მეკითხებიან, საიდან დავიწყოთ ქალთა უფლებების დაცვაო, ვეუბნები სახლიდან, ჭურჭლის რეცხვიდან დაიწყეთ-მეთქი. 50 წლის კაცს, რომელსაც ცხოვრებაში ჭურჭელი არ დაურეცხია და უცებ ეტყვი, ახლა შენ დარეცხეო, ისეთი ჩხუბი შეიძლება ატყდეს…

სულ ვეკითხები ქალებს, თქვენმა ბიჭმა ჭურჭლის რეცხვა იცის-მეთქი. აღმოჩნდება ხოლმე, რომ არ ასწავლიან. თქვენ თუ არ მოგწონთ, რომ ქმარი არაფერში გეხმარებათ, ელემენტარულად ჭურჭლის რეცხვაც არ იცის და თქვენს შვილს ამას არ ასწავლით, მაშინ საიდან მოვლენ კაცები, რომლებმაც სახლის საქმე იციან-მეთქი.

– თქვენმა 10 წლის ვაჟმა იცის ჭურჭლის რეცხვა?

– ჯერ ჭურჭლის რეცხვა არ იცის. მსხვრევად ნივთებს არ ვაკარებთ, რადგან არც ისე მოხერხებულია მათთან, მარამ იცის საკუთარი ლოგინის გასწორება, რომ თავისი თეფში უნდა აიღოს და ნიჟარაში ჩადოს, საკუთარი ნივთები და სათამაშოები თავად დაალაგოს. ეტაპობრივად ყველაფერს ისწავლის. აუცილებლად ვასწავლი საჭმელების კეთებას.

ბევრი კაცია გაწამებული, რომ არაფრის მომზადება შეუძლიათ და, როცა საზღვარგარეთ სასწავლებლად მიდიან, ძალიან წვალობენ და კარგად ვერ იკვებებიან. ჩემი ყოფილი თანმამშრომლები ქუთაისში, პარლამენტში რომ გადავიდნენ სამუშაოდ და ოჯახები თბილისში დარჩათ, სასწაულ დღეში იყვნენ – მხოლოდ ძეხვით და ფენოვანი ხაჭაპურით იკვებებოდნენ.

– თქვენ როგორი დიასახლისი ხართ, ცხელი სადილი ყოველთვის გაქვთ სახლში?

– ყველაფრის გაკეთება ვიცი. დედაჩემი 13 წლიდან მაძლევდა რეცეპტებს, რომ სადილები მომემზადებინა. სამწუხაროდ, დრო არ მრჩება, რომ სახლის საქმე ვაკეთო. დამხმარე ქალი მყავს, რომელსაც ხელფასს ვუხდი. ერთი წარმატებული ქალის უკან, როგორც წესი, ქალების მთელი არმია დგას.

– დედამთილთან არ გიცხოვრიათ?

– ჩემი მეუღლე ჭიათურელია, იქ ჰყავს მშობლები. ჩვენ არც მის მშობლებთან გვიცხოვრია და არც ჩემს მშობლებთან, რადგან თავიდანვე დამოუკიდებლობა გვსურდა. მაშინვე არც ბავშვი გაგვიჩენია. 22 წლის ვიყავი და სწავლასთან დაკავშირებით მქონდა გეგმები, რომლებსაც ბავშვთან ერთად ვერ განვახორციელებდი.

უცხოეთიდან რომ დავბრუნდით, მაშინვე ვიქირავეთ ბინა. ჩემი მშობლები გვეუბნებოდნენ, ამხელა ბინა გვაქვს და რატომღა ქირაობთ, შეაგროვეთ ის ფული და ბინა იყიდეთო, მაგრამ, როცა რამდენიმე თაობა ერთად ცხოვრობს, იცვლება დამოკიდებულება.

– ქმარს რა უყვარს თქვენი ნახელავიდან?

– ყველაფერი უყვარს, ოღონდ რამე გავაკეთო. ყველაფერი კარგად გამომდის. ბოლო აკვიატება ხაჭოს პასკაა. ორჯერ უკვე გავაკეთე და კიდევ უნდა გავაკეთო, რომ დავხვეწო. გურმანი ვარ.

რამდენიმე წლის წინ ჩემმა ქმარმა მითხრა, პასკას მე გავაკეთებო. წამოიწყო კეთება. რეცეპტი მოიძია და საფუარზე მკითხა, რამდენი უნდა გავუკეთოო. აზრზე არ ვარ, პასკა არ გამიკეთებია და ვინმეს ჰკითხე-მეთქი, ვუპასუხე. ერთი კოვზის მაგივრად მთელი ყუთი ჩაუყრია. სამზარეულოში რომ შევედი, საშინელებათა ფილმში მეგონა თავი – ყველგან გაფუებული ცომი იყო. ყველაფრის მოწმენდა მე მომიწია. რაც ძირს არ დაიღვარა, ის ცომი მაინც გამოვაცხეთ და ძალიან გემრიელი პასკა გამოვიდა.

– ქმარი როგორ აღიქვამს, როდესაც თქვენი საქმიანობის გამო გლანძღავენ და ალბათ გემუქრებიან კიდეც.

– ბევრ მუქარას ვიღებ ჩემი საქმიანობის გამო. ჩემი ოჯახის წევრ კაცებს გააზრებული აქვთ, რომ შეიძლება ათასი რამ თქვას ხალხმა ჩემზე. არ აქვთ ამბიცია, რომ მე ვიღაცისგან უნდა დამიცვან. ეს რომ ასე იყოს, მე მუშაობაში პრობლემები შემექმნებოდა. რომ ვიცოდე, ჩემს ქმარს და მამაჩემს ღამე არ სძინავთ იმაზე ნერვიულობისგან, რომ მე რამე არ დამემართოს, სერიოზულად შემეშლება ხელი.

დარწმუნებული ვარ, რომ ღელავენ, მაგრამ არ ცდილობენ ჩარევას, რადგან იციან, ამ პრობლემებს დამოუკიდებლად გავართმევ თავს. თუ ქალს ოჯახის წევრი კაცი გადმოუხტება და ეცდება, პრობლემები მოუგვაროს, უნდა დაივიწყოთ ქალის გაძლიერება.

– ბავშვის აღზრდაში კიდევ რა მეთოდს იყენებთ?

– ბავშვის გაზრდაში ბევრი ადამიანი უნდა მონაწილეობდეს, მაგრამ მთავარი როლი მაინც მშობელს ეკუთვნის. მას მშვიდი, სიყვარულით სავსე გარემო უნდა ჰქონდეს. ჩვენ თუ გვიხარია რუტინის დარღვევა, რადგან მობეზრებული გვაქვს ერთი და იმავეს კეთება, ბავშვებს განვითარებისთვის რუტინა, ერთი და იმავეს კეთება სჭირდებათ – ერთსა და იმავე დროს დაძინება, ერთსა და იმავე დროს კვება… ერთი და იმავე ზღაპარს 100-ჯერ იმიტომ გაყოლებენ, რომ, როცა იციან, რა მოხდება, თავს მშვიდად გრძნობენ.

ბავშვს შენიშვნები არავითარ შემთხვევაში არ უნდა მისცე, თუმცა წითელი ხაზები უნდა გაუვლო – რა არ შეიძლება, უნდა იცოდეს.

ჩემი შვილი მშვიდი და დინჯია. დამოუკიდებლად ამზადებს გაკვეთილებს და ჩვენ არ ვუმოწმებთ. კარგად სწავლობს და ძალიან უყვარს მათემატიკა. კარგად ფლობს ინგლისურ ენას და ამ ენაზე წიგნებსაც კითხულობს.

– რის გამო შეიძლება იჩხუბოთ ქმართან?

– არ მიყვარს ჩხუბი. შეიძლება გარედან სხვაგვარად ჩანს, მაგრამ ასეა. ფიცხი კი ვარ. ბავშვს რომ 10-ჯერ ვეტყვი რაღაცას და არ გაითვალისწინებს, მამამისს ვეტყვი ხოლმე: “ახლა შენ მიხედე, თორემ…”. “აიპედი დადე” – ძირითადად ამას გავიძახი. ქმართან ჩემი ინიციატივით არასოდეს ვყვირი, მაგრამ თუ მან იყვირა, მეც ვიყვირებ.

– ქმარი რატომ ყვირის?

– თუ მძიმე დღე გქონდა, შეიძლება ნებისმიერმა წვრილმანმა გაგაღიზიანოს და იჯაჯღანო. თუ მივხვდები, რომ გაღიზიანებულია, მირჩევნია, არ ავყვე. ამიტომ ჩვენსსახლში სრული სიმშვიდეა.

ჩემი მეუღლე მშვიდი ადამიანია, ძალიან გონიერია და დიდი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მამაა. ზოგადად მზრუნველი ადამიანია ნათესავების და სამეგობროს მიმართ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ჩემთვის ის არის, რომ ძალიან კეთილია. სხვანაირ ადამიანთან ვერც ვიცხოვრებდი, როგორც უნდა შემყვარებოდა და ალბათ მალეც გავშორდებოდი.

– შვილის გაჩენას კიდევ გეგმავთ?

– არ ვიცი. ბავშვი დიდი პასუხისმგებლობაა. ჯერ დრო გვაქვს და მომავალი გვიჩვენებს, როგორ მოვიქცეთ.

– თქვენი ქალური ჩაცმულობით გამაკვირვეთ. სხვაგვარი იმიჯი გაქვთ და ბევრს ალბათ არც დაოჯახებული და არც ჰეტროსექსუალი ჰგონიხართ.

– დიახ, ასეთი შეფასებები გამიგონია. არ მოსწონთ ფემინიზმი და მიაჩნიათ, რომ სადაც ფემინიზმია, იქ ოჯახის ადგილი არ არის. ჩაცმა ჩემთვის თვითგამოხატვის სახეა. ზოგჯერ ძალიან ქალურად მაცვია, ზოგჯერ კაცურად – პიჯაკს და ჰალსტუხს ვირგებ. ბევრი ფერადი ტანსაცმელი მაქვს. დიდი რაოდენობით მაქვს აჟურული კოლგოტები, ფრიალა კაბები, ასევე ჰალსტუხები და “ბაბოჩკები”.

ჩვენთან ძალიან ჭირს სადა პიჯაკებისა და პერანგების ყიდვა, რომლებსაც ჰალსტუხი მოუხდება, ამიტომ სულ საზღვარგარეთ ვყიდულობ.

– რატომ გინდებათ მამაკაცურად ჩაცმა?

– მიხდება და კარგად ვგრძნობ თავს. პარლამენტში კვოტებთან დაკავშირებით აქცია რომ გავმართეთ, ჩემი იდეა იყო, კაცურად ჩაგვეცვა და ასე გამოვცხადდით ყველა. ჰალსტუხი გვეკეთა ყველას, რადგან ეს აქსესუარი კაცების სიმბოლოა. პარლამენტში კი აბსოლუტური უმრავლესობა კაცია. იმიტომ გავაკეთეთ ხაზგასმა, რომ თუ გინდა, იყო პოლიტიკაში, უნდა იყო კაცი. როცა ქალი ხარ, ძნელია, დაგინახონ, მოგისმინონ. ამიტომაც მივედით ასე გამოწყობილი.

რუსუდან ადვაძე, სარკე