მსახიობ გივი ბერიკაშვილის სიყვარულის ისტორია 50 წლის წინ თეატრალური ინსტიტუტიდან დაიწყო. მაშინ მასთან ერთად სამსახიობო ფაკულტეტზე 18 წლის მომხიბვლელი გოგონა, ლეილა კაპანაძეც აბარებდა, რომლის ყურადღების ცენტრში მალე მოექცა ახალგაზრდა გივი.
მათი ურთიერთობა რუსთაველის გამზირზე სეირნობით და თეატრში სიარულით შემოიფარგლებოდა. წყვილმა ოთხი წელი ასე სეირნობაში გაატარა, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ დაქორწინდნენ, ხოლო ჯვარი სამი წლის წინ ლურჯ მონასტერში დაიწერეს. როგორც ქალბატონი ლეილა ამბობს, დღემდე სიყვარულით და პატივისცემით მოდიან, თუმცა სხვა წყვილების მსგავსად, პატარა გაუგებრობები მათაც ჰქონიათ.
ლეილა კაპანაძე (,,სარკე”, 2006 წელი):
– 18 წლის ვიყავი, თეატრალურ ინსტიტუტში სამსახიობოზე რომ ვაბარებდი. გივიც აბარებდა. ხომ იცით, ახალგაზრდა ბიჭები როგორი ამბიციურები არიან. გივიმ ჩემი ყურადღება თავიდანვე იმით მიიქცია, რომ თავშეკავებული, თბილი და ძალიან ყურადღებიანი იყო, განსაკუთრებით გოგოების მიმართ. თუ რაღაც გვჭირდებოდა, ყველაფერში გვეხმარებოდა.
ჩვენი სალექციო საათები განსაზღვრული არ იყო, ზოგჯერ ლექციებს ღამის პირველ საათზე ვამთავრებდით და გოგონებს სახლში გვაცილებდა. მალე ვიგრძენი, რომ ჩემ მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა.
– განსაკუთრებულ ყურადღებას როგორ გამოხატავდა?
– ჩვენ ქალაქის ერთ მხარეს ვცხოვრობდით და ბოლოს მხოლოდ მე მაცილებდა სახლში. ასე გაგრძელდა ინსტიტუტის დამთავრებამდე.
– კურსელობიდან ცოლქმრობამდე ეტაპები როგორ გაიარეთ?
– ზაფხულში, როცა მშობლებს აგარაკზე ან გაგრაში მივყავდი, წერილებს მიგზავნიდა, მაგრამ სასიყვარულო შინაარსის არ იყო. წერილებში მეკითხებოდა, თუ როგორ ვიყავი, მომწონდა თუ არა იქაურობა და ასე შემდეგ. მეც საპასუხო წერილებს ვუგზავნიდი. სიყვარული ისეთი გრძნობაა და ისე შემოგეპარება, რომ თვითონ რჩები გაკვირვებული.
– ერთმანეთს მხოლოდ ინსტიტუტში ხვდებოდით თუ პაემნებსაც გინიშნავდათ?
– მაშინ, როგორც ბევრი შეყვარებული წყვილისთვის, ჩვენი სასეირნო ადგილიც რუსთაველის გამზირი იყო. საღამოს, როცა ლექციებს შედარებით ადრე ვამთავრებდით, ერთმანეთს ვხვდებოდით. აუცილებელი იყო, ყველა ახალი სპექტაკლი გვენახა.
– ალბათ ლაღიძის ხაჭაპურზედაც ხშირად გეპატიჟებოდათ.
– რა თქმა უნდა, ლაღიძის ხაჭაპურსაც მივირთმევდით და წყალსაც, რომელსაც მაშინ საოცარი გემო ჰქონდა. არც მე და არც გივი ერთმანეთისგან საჩუქრებით განებივრებულები არ ვიყავით, ამის საშუალება არ გვქონდა. ომის შემდგომი პერიოდი იყო და ყველას უჭირდა. ჩემთვის ყველაზე კარგი საჩუქარი ყვავილები იყო. მახსოვს, გაზაფხულზე როგორ მოჰქონდა გივის ჩემთვის იები ჯიბით.
– როგორ შეუღლდით?
– ინსტიტუტი რომ დავამთავრეთ, სოხუმის თეატრში გაგვანაწილეს ორივე, მაგრამ მე არ წავედი, რადგან ჩემმა პროფესორმა ინსტიტუტში სასცენო მეტყველების კათედრაზე დარჩენა შემომთავაზა. მერე გივის სოხუმში ვაკითხავდი ხოლმე.
ერთხელაც გადავწყვიტეთ, რომ ერთად ვყოფილიყავით. მანამდე მის ოჯახშიც მივდიოდი და ისიც ჩემს ოჯახში მოდიოდა შეყვარებულის სტატუსით. ერთმანეთს ოთხი წლის განმავლობაში ვაკვირდებოდით, ერთმანეთის ყველა თვისებას, უარყოფითსა თუ დადებითს, ვსწავლობდით, ვეჩვეოდით. უცებ შეუღლება არ არის შედეგიანი. სამწუხაროდ, ადამიანებს მოწონება და სიყვარული ერთმანეთში ერევათ.
– ალბათ გქონიათ მომენტები, როცა მასზე ფიქრი არ გაძინებდათ.
– რასაკვირველია, ამის გარეშე არ არსებობს, ეს ყველას ემართება. პატარ-პატარა უსიამოვნებებიც გვქონდა, რაღაცაზე წავიჩხუბებდით ხოლმე.
– რა იყო თქვენი წაკამათების მიზეზი?
– მისგან ყოველთვის მოვითხოვდი მეტ ყურადღებას, რასაც ზოგჯერ არ იჩენდა. როცა რაღაც კონფლიქტი ხდება, ერთ-ერთმა აუცილებლად უნდა დათმოს. ახლაც, ამ ხნის ცოლ-ქმარი ვართ და, როცა ვატყობ, რომ გივის ჩემგან რაღაც არ ესიამოვნა ან ნაწყენია, კი არ ვიბუტები, ვეფერები და ვესიყვარულები. სხვათა შორის, გივიც დამთმობია.
– ოჯახურ ცხოვრებაში მატერიალურ მხარეს დიდი მნიშვნელობა აქვს. თქვენს შემთხვევაში ფინანსები რა როლს თამაშობდა?
– ბევრი წყვილი მატერიალურ მხარეს აქცევს ყურადღებას. თუ არ გაამართლა, მერე იწყება მათ შორის მთელი უსიამოვნებები. ჩვენ ძალიან გვიჭირდა. არ ვიყავით ძლიერი ოჯახებიდან. გივის მამა არ ჰყავდა და დედამისს არ ჰქონდა ისეთი მდგომარეობა, რომ კარგად გვეცხოვრა, მაგრამ ამაზე არასოდეს გაგვიმახვილებია ყურადღება.
გივი ვერაზე ცხოვრობდა, მაგრამ დიდი ბინა არ ჰქონდა. მშობლები მეხმარებოდნენ, ვინაიდან თავდაპირველად გივის პატარა ხელფასი ჰქონდა. ასე ნელ-ნელა მოვედით აქამდე.
– როგორ გასტანა ამდენ ხანს თქვენმა ოჯახურმა იდილიამ?
– ადამიანი ასაკში რომ შედიხარ, უფრო ძლიერი გრძნობა გიჩნდება, ისეთი, რომლის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგიდგენია. ახალგაზრდობაში უფრო უშვებ იმას, რომ ის თუ არა, სხვა იქნება. რასაკვირველია, თანაცხოვრების პერიოდში ქმარს ეჩვევი და უახლოვდები. ისეთი მყარი და ძლიერი ჯაჭვი იქმნება, რომლის გაწყვეტაც ძალიან ძნელია.
– ორივენი პროფესიით მსახიობები ხართ. შეყვარებული წყვილი არასდროს გითამაშიათ?
– სტუდენტობის პერიოდში მე და გივი სპექტაკლ “კოლმეურნის ქორწინებაში” პარტნიორები ვიყავით, მაგრამ არა – შეყვარებულები.
– ბატონი გივი როგორ გამოხატავს სიყვარულს საყვარელი ქალისადმი?
– იცით, გივი არ არის ისეთი კაცი, რომ რაღაც მოგაჩვენოს და თავის რომელიმე თვისებას ხაზი გაუსვას. ჩვენ შორის ურთიერთპატივისცემა ყოველთვის იგრძნობოდა.
– არც არასოდეს გიგრძვნიათ, რომ სხვისკენ გაუხედავს?
– რამდენიმე სატელეფონო ზარი ყოფილა. ერთი და იგივე რამდენჯერმე თუ დარეკავდა, ხმაზე ვცნობდი და გივის რომ ვეტყოდი, ვიღაც ქალი გირეკავს-მეთქი, ეცინებოდა, არასერიოზულად უყურებდა. არც იყო გასაკვირი, რომ გივი, როგორც მსახიობი, ვინმეს მოსწონებოდა. ამაზე ამბის ატეხა როგორ შეიძლებოდა?
– ესე იგი, მაინცდამაინც არ ეჭვიანობდით.
– ეჭვიანი ვიყავი, მაგრამ ჩემი ეჭვიანობა არასოდეს ყოფილა ვინმესთვის გამაღიზიანებელი. ამას ღიად, მაგრამ ძალიან მსუბუქად, იუმორით გამოვხატავდი. ისე კი, თუ ქმარს ცოლისგან წასვლა აქვს გადაწყვეტილი, ჩხუბს აზრი არ აქვს, პირიქით, ეს უფრო უადვილებს მას გადაწყვეტილების მიღებას.
“სარკე”, 2006 წელი, N46. ეკა პატარაია (ფოტოებზე: ცოლ-ქმარი ახალგაზრდობაში, ბატონი გივი ვაჟთან ერთად და ოჯახი)

