“31 დეკემბერს ქეთუშა გარეთ გამოვიტყუე, ფუნიკულიორზე ავიყვანე და იქ ვთხოვე ხელი” – ზუკა ხუციშვილის სიყვარულის ისტორია

"31 დეკემბერს ქეთუშა გარეთ გამოვიტყუე, ფუნიკულიორზე ავიყვანე და იქ ვთხოვე ხელი” - ზუკა ხუციშვილის სიყვარულის ისტორიაპატარა ბიჭი ულამაზესი, წკრიალა ხმით – ასეთი გაიცნო ზუკა ხუციშვილი საზოგადოებამ. მოზარდობის ასაკში შემოქმედებითი პაუზა აიღო, ყველა ელოდა, რომ ზუკა სცენაზე დაბრუნდებოდა და მამის, გიო ხუციშვილის, მსგავსად ქართული ესტრადის ერთ-ერთი სახე გახდებოდა, მაგრამ შვილმა სულ სხვა გზა აირჩია.

დრო სწრაფად გარბის და გუშინ საყვარელი ბავშვები დღეს ოჯახსმოკიდებული, დამოუკიდებელი პიროვნებები არიან. ზუკა ხუციშვილიც უკვე დაქორწინებულია, შარშან, აპრილში მოიყვანა ცოლი – თანაკლასელი ქეთუშა მანიაშვილი. ამით მთელი ოჯახი უფრო გამყარდა და გაძლიერდა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როცა რთული პერიოდი უდგათ – გიო ხუციშვილს ხანგრძლივი მკურნალობის კურსი სჭირდება გამოსაჯანმრთელებლად.

– ზუკა, 2000-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბავშვი იყავით, თქვენი ყველა სიმღერა ჰიტი ხდებოდა. გავიდა წლები, გაიარეთ გარდატეხის პერიოდიც, მაგრამ სიმღერა აღარ გააგრძელეთ. რა ხდება, სად არის დღეს ზუკა ხუციშვილი?

– შოუბიზნესში მართლაც აქტიურად ვიყავი ჩართული. ვმღეროდი, კონცერტები მქონდა, ბევრი რამ არც მახსოვს. დღეს რომ სცენაზე გავიდე, ძალიან ვინერვიულებ. მართალია, აქტიურად აღარ ვარ შუბიზნესში, მაგრამ სიმღერას ვერასდროს დავანებებ თავს. მთელი ჩემი ოჯახი მღერის და მუსიკას ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

– ესტრადაზე დაბრუნებას არ აპირებთ?

– ფიზიკურად დრო არ მაქვს. ავცდი იმ პროფესიას, რასაც მუსიკა, მომღერლობა ჰქვია. ვიწრო წრეში არის რაღაც საღამოები, სადაც ვმღერი, მაგრამ ეს სულ სხვაა. თუ გავაკეთებ რაიმე ახალს, აუცილებლად ცოტას და ხარისხიანს შევქმნი, თუმცა ამ ეტაპზე არანაირი გეგმა არ მაქვს.

29 მაისს მამაჩემის ვარსკვლავის გახსნაა, კონცერტი იგეგმება ფილარმონიაში და ამ დღეს ვიმღერებ. ეს ჩვენთვის სასიამოვნო და სასიხარულო ფაქტია (ინტერვიუ 29 მაისამდეა ჩაწერილი).

– ახლა რას საქმიანობთ?

– დაახლოებით 5 წელია, რაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ვმუშაობ დიპლომატიის განხრით.

– გაინტერესებდათ ეს საქმე?

– რა თქმა უნდა, დიპლომატია ყოველთვის მიზიდავდა და მაინტერესებდა. შესაბამისი განათლება მივიღე. ეს არის საქმე, სადაც მთლიანად ვიხარჯები.

მევალება ვიზიტების ორგანიზება, უცხოელებთან ურთიერთობა და ა.შ. საკმაოდ საინტერესო სამუშაო მაქვს. მართალია, ძალიან დატვირთული გრაფიკია, მაგრამ მიხარია, რომ ქვეყნის განვითარებაში ჩემი პატარა წვლილი შემაქვს. ეს ყველაფერი დიდ სტიმულს მაძლევს.

– ესე იგი საქმიანი და დამოუკიდებელი მამაკაცი ხართ, პლუს დაოჯახებული. გვიამბეთ, თქვენი სიყვარულის, რჩეულის შესახებ.

– ვმეგობრობდით. კლასელები ვიყავით და ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობდით.

– სკოლაში გიყვარდათ ერთმანეთი?

– არა. სკოლის პერიოდში მხოლოდ ვმეგობრობდით. ისე მოხდა, რომ უნივერსიტეტშიც ერთად გვიწევდა ყოფნა. მერე ამერიკაში წავედი სასწავლებლად და იქიდან სულ ვეკონტაქტებოდი. სიმართლე გითხრათ, ვერ წარმოგვედგინა, რომ შეიძლებოდა ერთად ვყოფილიყავით, იმიტომ, რომ ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით. დღეს ერთად ვართ ბედნიერად.

– მეგობრობიდან როგორ გადაიზარდა ეს გრძნობა დიდ სიყვარულში, გრძნობები როდის გაჩნდა?

– იმდენად კარგად ვეწყობოდით და ვმეგობრობდით, რომ შეგვიყვარდა ერთმანეთი. არა მგონია, მაგ დროს ვინმეს ფიქრი შეეძლოს, ტვინი ითიშება და, როდესაც გიყვარდება, იქ წინასწარი გათვლები აღარ ხდება. ეს არის გრძნობა, რომელსაც ვერ ახსნი.

– სიყვარული როდის აუხსენით?

– ეს ყოველდღიურად ხდებოდა, ასე ერთ კონკრეტულ დღეს არ ამიხსნია მისთვის სიყვარული. 31 დეკემბერს ქეთუშა გარეთ გამოვიტყუე, ფუნიკულიორზე ავიყვანე, სადაც ჩვენი საერთო მეგობრები დაგხვდნენ ფეიერვერკით და მთელი ამბებით და იქ ვთხოვე ხელი. ბეჭედი გავუკეთე და დავნიშნე.

– როგორი რეაქცია ჰქონდა საყვარელ გოგონას?

– ბეჭდის გაკეთების პროცესი მახსოვს და მერე – აღარაფერი, რადგან მეც ძალიან ვინერვიულე. რა თქმა უნდა, ძალიან დადებითი ემოციები წამოვიდა, გაუხარდა.

– თანაცხოვრების ერთი წლის მანძილზე როგორ გამოიჩინეთ თავი ქმრის ამპლუაში?

– ვცდილობ, კარგი მეუღლე ვიყო. სრულყოფილი არავინ არის და შესაძლოა, მოგვივიდეს კამათი და მსგავსი რამ, მაგრამ ყველაზე მაგარი ისაა, რომ ჩვენ ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობთ, ის არის ჩემი მეგობარი, მე ვარ მისი მეგობარი.

ბევრი რამ ვიცით ერთმანეთზე, ამიტომ ვცდილობთ, ანგარიში გავუწიოთ ერთიმეორეს. კარგი ქმარი ვარ თუ ცუდი, ამას მე ვერ გეტყვით, მაგრამ ისეთი ვარ, როგორიც საჭიროა.

– ახალგაზრდა წყვილს სულ ერთად უნდა ყოფნა, სეირნობა, სხვადასხვა ადგილებზე წასვლა-წამოსვლა, მოგზაურობა. თქვენ კი დატვირთული სამუშაო გრაფიკი გაქვთ. როგორ ახერხებთ ოჯახური ურთიერთობების და საქმეების დაბალანსებას?

– ვცდილობ, თავისუფალი დრო სულ მასთან ერთად გავატარო. შაბათ-კვირა იქნება თუ სხვა დასვენების დღე, ვგეგმავთ, სად წავიდეთ ან, თუ არ წავალთ, სახლში ვართ, მაგრამ მთავარია, ერთად ვართ.

– ქეთი რას საქმიანობს?

– იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. რამდენიმე სამსახური გამოიცვალა, მაგრამ ამჟამად თავისი პროფესიით არ მუშაობს. ყოველთვის ეძებს ისეთ სამსახურს, რომელიც მას უყვარს, თავისია და ესაა მნიშვნელოვანი. დღეს თუ რამეს ვაკეთებთ, ვაკეთებთ სიყვარულით. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ბედნიერები ვართ. დილით გაღვიძება რომ გიხარია, უკვე ბედნიერებაა.

– ოჯახს მალე ახალი წევრი ხომ არ შეემატება?

– ბავშვი ძალიან გვინდა და ჩვენთვის ეს იქნება უდიდესი ბედნიერება. მოლოდინი საუკეთესო გვაქვს და ვნახოთ, რა იქნება და როგორ. როგორც ღმერთი ინებებს, ისე მოხდება ყველაფერი.

– როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 29 მაისს გიო ხუციშვილის ვარსკვლავი გაიხსნება. რას ნიშნავს პირადად თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ეს ვარსკვლავი?

– მამა ჩემთვის ყოველთვის საამაყო პიროვნება და გმირი იყო. სულ მინდოდა, მას დავმსგავსებოდი – იმ ქალაქელობით, იმ ისტორიით, იმ ურთიერთობებით და ადამიანობით, რაც მან დღემდე გამოიარა. ბედნიერი ვიქნები, ცოტათი მაინც თუ დავემსგავსები.

ჩემთვის ამ ვარსკვლავის გახსნა არის ერთგვარი დაფასება და ეს დამაგვირგვინებელი იქნება იმ ყველაფრის, რაც მან გამოიარა დღემდე. ძალიან დიდი მადლობელი ვარ იმ ადამიანების, რომლებიც ფიქრობენ ისე, როგორც მე.

– გიო მძიმე სენს ებრძვის. ამას არც ვახსენებდი თქვენთან, თავად რომ არ საუბრობდეთ ხმამაღლა და გულწრფელად ამ თემაზე. მთელი ოჯახისთვის მძიმე იქნებოდა ამ დიაგნოზის გაგება.

– ძალიან რთული და ბუნდოვანია ეს ყველაფერი. ყველა ადამიანი თავისებურად ებრძვის ამ სენს. ამ ეტაპზე ჩვენთვის მთავარია ერთიანობა. ჩვენ, ყველანი, გიოს გვერდით, დიდი იმედით და შემართებით ვართ. არ მინდა, წარმოვიდგინო ან დავუშვა ის მომენტი, რომ რამე ცუდი შესაძლოა მოხდეს, არა! ამაზე ფიქრი არ მინდა. მთავარია, ბოლომდე მის გვერდით ვართ და მთელი ცხოვრება ერთად ვიქნებით, ბედნიერად.

– როგორც ვიცი ისრაელში გადის მკურნალობის კურსს. რას ამბობენ ექიმები?

– დიახ, ისრაელში მკურნალობს, დედაჩემიც იქაა. ვერ გეტყვით, რას ამბობენ ექიმები, მიმდინარეობს მკურნალობა. ყველაფერი იქნება კარგად.

– აუცილებლად ყველაფერი ძალიან კარგად იქნება! გამოჯანმრთელებას და ოჯახთან ერთად ბედნიერებას ვუსურვებთ!

გიორგი საკარული, ჟურნალი სარკე