ციაკო ფიფიამ ჯოკერში ჩაცმა წააგო – ”ერთ ფეხზე ერთი ფეხსაცმელი მეცვა, მეორეზე – მეორე, ერთ ხელზე – ხელთათმანი, მეორეზე – დახეული წინდა”

ციაკო ფიფიამ ჯოკერში ჩაცმა წააგო - ”ერთ ფეხზე ერთი ფეხსაცმელი მეცვა, მეორეზე - მეორე, ერთ ხელზე - ხელთათმანი, მეორეზე - დახეული წინდა”“კომედი შოუს” მსახიობი ციაკო ფიფია არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ჩაცმულობა ადამიანის ხასიათს გამოხატავს. თვითონ ბუნებით მხიარული და იუმორით სავსე ადამიანია, წესით, ფერად სამოსს უნდა იცვამდეს, მაგრამ ასე არ არის, მისი ტანსაცმლის კარადაში შავი დომინირებს.

სამსახურში ან ქუჩაში მაღალ ქუსლებზე შემდგარს და კლასიკურად ჩაცმულ ციაკოს ვერასოდეს ნახავთ, ასე გამოწყობილი მხოლოდ განსაკუთრებულ საღამოებზე დადის. ყველაზე დიდ ყურადღებას ქმრის, ფეხბურთულ გოგა ნებიერიძის, შეფასებებს აქცევს. ცოლ-ქმარი როცა წვეულებებზე ერთად მიდის, სამოსის ფერებს ერთმანეთთან ათანხმებს.

– ციაკო, მშობიარობის შემდეგ მომატებული კილოგრამები როგორ დაიკელით და ეს თქვენს გარდერობზე როგორ აისახა?

– ორსულობის დროს, ჯამში, 9 კილო მოვიმატე, მშობიარობის შემდეგ, მალევე, 7 კილო დავიკელი. ასე რომ, წონის პრობლემას არ შევუწუხებივარ. ტანსაცმელს ძირითადად ვიკერავ, მყავს გოგო, რომელიც იაფად და კარგად კერავს. ვაგზლის მეორადებშიც დავდივარ, კარგი რაღაცებია ხოლმე და ვყიდულობ. თუმცა ვერ გეტყვით, რომ ხშირად ვშოპინგობ, რადგან დედა მყავს ამერიკაში და ტანსაცმელს იქიდან მიგზავნის.

მშობიარობის შემდეგაც ყველაფერს ისევ ისე ვხმარობ, როგორც მანამდე, ტოპებიც ჩვეულებრივად მაცვია, მუცელიც არ დამრჩენია.

– მოდის უახლესი ტენდენციების მიხედვით იცვამთ თუ მხოლოდ საკუთარი გემოვნებით?

– ჩემი გემოვნებით, ასევე მყავს ადამიანი, რომლის გემოვნებასაც ვითვალისწინებ. ჩემს ქმარს სხვანაირი ხედვა აქვს, რაღაცებზე მეუბნება, რომ არ მოსწონს. მოდასაყოლილი არ ვარ და ვერ გეტყვით, ბოლო კოლექციები ვიცი-მეთქი.

შანელი მომწონს, რადგან ფერადია, მის ჩვენებებს თვალს სულ ვადევნებ, მაგრამ ისე ვერ ჩავიცვამ, რადგან ისეთი აღნაგობა მაქვს, თავს უფრო კომფორტულად სხვანაირად ჩაცმული ვგრძნობ. ჩემთვის კლასიკური ფორმა მეათეხარისხოვანია, ყოველდღიურად, როცა ვმუშაობ, წინ და უკან დავდივარ, ჩემთვის ბევრად პრაქტიკულია კედები, თავისუფალი სტილის შარვალი.

– ადრეც ასე იცვამდით, თუ ფეხბურთელმა ქმარმა მოახდინა თქვენს სტილზე გავლენა?

– ყოველთვის სპორტულად მეცვა. არასდროს მაცვია ისე, რომ ჩემს ქმარს ან სხვა ვინმეს ჰქონოდა ამაზე პრობლემა და ეთქვა, ასე რატომ გაცვიაო. მაცვია ისე, როგორც შეიძლება 25 წლის გოგოს ეცვას. ჩემთვის მთავარი კომფორტია.

– ქმარს როგორ ფორმაში მოსწონხართ?

– ჩემს ქმარს არ მოსწონს მაკიაჟი და ძალიან გადაპრანჭვა, მეუბნება, სისადავე უფრო გიხდებაო. რაც უფრო თავისუფლად მაცვია, მით უფრო მოსწონს, მაგრამ ძალიან არ უყვარს ფართხუნა შარვლები, სულ მეხუმრება, დაგიჭრიო. მე კი ვთვლი, რომ ქალს, რომელიც ცოტა პუტკუნაა და წონა აქვს, მაღალწელიანი, დაშვებული შარვალი უხდება. ასეთ შარვალში, ჩემი აზრით, გამხდარი ვჩანვარ.

სადმე როცა მივდივართ, ვცდილობ, ერთმანეთის შესაფერისად გვეცვას, ფერებს ერთმანეთთან ვათანხმებთ და ვუხამებთ.

– თქვენს ტანსაცმელს სდევს სექსუალური შტრიხი?

-არა. ვულგარულობა, გამომწვევად ჩაცმა არ მომწონს. ძალიან ბევრ ქალს უხდება ღრმა დეკოლტე, მოკლე კაბა, მაგრამ, ჩემი აზრით, ვულგარულობაზე მეტად ის უფრო ლამაზია, რაც იფარება.

– ანუ განსაკუთრებული საღამოსთვის გამომწვევი კაბები არ გაქვთ?

– გამომწვევიაო, ვერ ვიტყვი. ზურგჩახსნილი კაბები მაქვს, დეკოლტეთი, მაგრამ ისეთი – არა, ვინმეს თვალში რომ მოხვდეს ან თქვას, ტიტველია მოსულიო.

მოკლე კაბებს ვერ ვიცვამ, ვერ ვეგუები და არც მიხდება. ზაფხულშიც მაშინ ვიცვამ, თუ დასასვენებლად ზღვაზე ვარ. მე არ მომწონს და მაკომპლექსებს, თორემ არიან ქალები, რომლებსაც მოსწონთ. მე მაინც კომპლექსი მაქვს და მგონია, რომ არ მიხდება.

– თქვენი ჩაცმულობით ხაზს რას უსვამთ?

– ძალიან წვრილი წელი მაქვს, ფეხები – ცოტა პუტკუნა, შესაბამისად, წელზე ვაკეთებ აქცენტს. როცა მაღალწელიანი სამოსი გაცვია, ყველაფერი ლამაზად ჩანს, აღარ ყვირის, ფეხი გაქვს პუტკუნა თუ სხვა რამ. მაღალწელიანი შარვალი და ტოპი შესაბამის ფეხსაცმელთან ერთად ძალიან მომწონს.

– უცნაურად, ექსცენტრიკულად ჩაგიცვამთ?

– გადაღებების დროს – კი. ერთხელ ჯოკერში წავაგე ჩაცმა, რომელსაც ავანგარდულიც არ ერქვა. საოცრებები მეცვა, ერთ ფეხზე – ერთი ფეხსაცმელი, მეორეზე – მეორე, ერთ ხელზე – ხელთათმანი, მეორეზე – დახეული წინდა.

– რა ფერებს ანიჭებთ უპირატესობას?

– ფერადი რაღაცები ძალიან მიყვარს, მაგრამ უპირატესობას უფრო შავს ვანიჭებ. ჩემს გარდერობში შავი, თეთრი, ნაცრისფერია. ჭყეტელა ფერები ნაკლებად მაქვს. შავი იმის გამო მომწონს, რომ ახდუნებს, თან ყველაფერს უხდება, რაღაცნაირი კომფორტულია. მხოლოდ შავის ჩაცმა არ მიყვარს, თუ შავი შარვალი მაცვია, ზედატანს თეთრს ვიცვამ.

– როდის იცვამთ ქუსლიან ფეხსაცმელს?

– მხოლოდ მაშინ, როცა სერიოზულ საღამოზე მივდივარ. ყოველდღიურად ქუსლიანები ჩაიცვიო, ეს რომ ვინმემ მითხრას, შეიძლება ის ადამიანი დავკარგო, იმდენად არაკომფორტულია ჩემთვის.

– ჩაცმულობა ბევრს ამბობს ადამიანზეო – ეთანხმებით ამ გამოთქმას? თქვენი ჩაცმულობა მეტყველებს თქვენს ხასიათზე?

– არა. ციაკოს ჩაცმულობა მხიარულიაო, ვერ ვიტყვი, რადგან ფერადი რაღაცები არმიყვარს, ალბათ ამის საშუალებას ტანი არ მაძლევს. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მხიარული ჩამცულობა მაქვს.

– დიდი ხანი ფიქრობთ, სად რა ჩაიცვათ?

– თუ სადმე მივდივარ, ტანსაცმლის გამეორება არ მიყვარს, შესაბამისად, ვიკერავ. უამრავი საღამოს კაბა მაქვს, თუმცა ჩემს გარდერობში უფრო მეტი შარვალია, ვიდრე კაბა.

– გემოვნება ხშირად გეცვლებათ?

– სხვათა შორის – არა. ჩემი აზრით, გემოვნება იცვლება მაშინ, როცა ქალის ფიგურა იცვლება. სამოსს სხეული ალაპარაკებს. ძალიან რომ გავხდე, ფეხები დამითხელდეს, მოკლესაც ჩავიცვამ.

ეკა ლემონჯავა, ჟურნალი სარკე