ლეიბორისტების ლიდერმა, პრეზიდენტობის კანდიდატმა, შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო ბერას კლიპებით იმართება. იგულისხმა ბერა ივანიშვილის ახალი სიმღერა, რითის ის მხარს უჭერს მარიხუანის ლეგალიზებას.
-მმართველ ოჯახს ნარკოტიკებით ვაჭრობის დაკანონება აქვს გადაწყვეტილი. როგორც დიქტატურის წლებში ჩინეთი იმართებოდა მაო ძედუნის დაძიბაოებით, ისე დღეს საქართველი იმართება ბერა ივანიშვილის კლიპებით, საიდანაც წუხელ შევიტყვეთ, რომ მმართველ ოჯახს ახალგაზრდების დასაქმების, განათლების, გამრავლების, ჯანსაღი დასვენების ნაცვლად, გადაწყვეტილი აქვს ნარკოტიკებით ვაჭრობის დაკანონება.
მინდა, გავაფრთხილო მთავარი ნარკობარონი ივანიშვილი (ამაში ეჭვი ალბათ აღარავის ეპარება), ერის რისხვა გარდაუვალი იქნება, თუ მოახდენენ ახალგაზრდობის გადასაშენებელი ნივთიერებით თავისუფალი ვაჭრობის ლეგალიზაციას.
მოვუწოდებ პარლამენტს, შეიკრიბეთ და დააწესეთ ნარკოვაჭრობაზე სამუდამო პატიმრობა, ამნისტიისა და შეწყალების გარეშე. გასაგებია, რომ ნარკომომახმარებლები ციხეში არ უნდა ისხდნენ, მაგრამ ნარკოვაჭრების ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს. მხოლოდ ამ გზით მოვახერხებთ ახალგაზრდების და მომავალი თაობის სულიერ და ფიზიკურ გადარჩენას იმ ფონზე, როცა კარს მოგვდგომია ნარკოტიკების ოკეანე ირანიდან, შუა აზიიდან, პაკისტანიდან და იმ ფონზე, როცა ხელისუფლება პირდაპირ მფარველობს ნარკოვაჭრობას და ნარკობარიგებს, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

