მარკუს მეტრეველი: “შვილებთან კონტაქტი 7 წელია არ მქონია, მაბრალებენ, რომ ვიღაცას საყვარელი წავართვი”

მარკუს მეტრეველი: "შვილებთან კონტაქტი 7 წელია არ მქონია, მაბრალებენ, რომ ვიღაცას საყვარელი წავართვი”მომღერალი მარკუს მეტრეველი საბერძნეთიდან საქართველოში 10 წლის წინ დაბრუნდა. დღეს ამ ნაბიჯს შეცდომად მიიჩნევს. გულახდილად გვითხრა, ორ რაღაცას ვნანობო – ერთი ის, რომ ნაადრევად დაბრუნდა საქართველოში. მეორე და ყველაზე დიდი სინანული კი შვილებს უკავშირდება, რადგან ისინი მამის გარეშე იზრდებიან. მომღერალმა ყოფილ ცოლთან ვერა და ვერ დაალაგა ურთიერთობა, შვილების ნახვის საშუალება ისევ არ აქვს.

– მარკუს, რა სიახლეები გაქვთ თქვენს ორ საქმიანობაში – სცენაზე და პოდიუმზე?

– ჩავწერე ბორიკო შხიანის ახალი სიმღერა და გადავიღე კლიპი, რომლის რეჟისორიც გახლავთ გიორგი ტაბიძე. ასევე – მაიკო კაჭკაჭიშვილმა დამიწერა ახალი სიმღერა. რაც შეეხება ჩემს ტანსაცმლის კოლექციას, ჩვენებას ამერიკაში ვგეგმავ.

– ჯერ საქართველოში არ გქონიათ ჩვენება და რატომ აირჩიეთ შტატები?

– საქართველოში ძალიან მინდა ჩვენების გამართვა. წინა წელს ვთქვი, მოდის კვირეულში მივიღებ მონაწილეობას-მეთქი, მაგრამ ვერ მოვასწარი. იმედი მაქვს, წელს შევძლებ.

ახლა ვიყავი ჰონგ კონგში, მსოფლიო საერთაშორისო კონკურსი გავხსენი, მერე მიმიწვიეს ბაქოში, სადაც დამაჯილდოვეს. მას მერე ქვეყნიდან ქვეყანაში მიწვევენ. საერთაშორისო ბაზარზე ვარ.

ნიუ იორკში იგეგმება ჩემი კოლექციის ჩვენება, ამაში ქალბატონი ია დოლიძე მეხმარება. მოდელები საქართველოდან მიგვყავს. პირველი ჩვენება მილანში მქონდა. თქვენს მკითხველს შეუძლია “იუთუბში” ნახოს ეს ვიდეო. ყველა ლუქი გაიყიდა და რადგან წარმატებული გამოდგა, კიდევ მინდა, გავაკეთო ჩვენება. მამაკაცისა და ქალის ხაზზე ვმუშაობ.

– თქვენ ქმნით ესკიზებს და სხვები კერავენ?

– კი, თუმცა თავადაც ვიცი კერვა. სამხატვრო აკადემიაში 6 წელი ვისწავლე, ყველაფრის კეთება შემიძლია, მაგრამ ამდენ საქმეს ერთდროულად ვერ შევძლებ. თან მოვიფიქრო, თან დავხატო და თან შევკერო, ეს გამორიცხულია.

– პლაგიატობა მსოფლიოში აქტუალური თემაა. თქვენზეც ამბობენ, რომ იპარავთ იდეებს?

– მსგავსი რამ ჩემზე არ გამიგია. ყველაზე მეტად არ მიყვარს, როცა ვიღაცას ჰგავხარ, მაგრამ გარდაუვალია, ვიღაცას მაინც მიგამსგავსებენ. ყველანაირად ვცდილობ, ინდივიდუალური ვიყო.

– ქართველი დიზაინერები როგორ შეხვდნენ თქვენს გამოჩენას მათ მოედანზე?

– ამ სფეროში ძალიან მაგარი მეგობრები მყავს. ძალიან გაუხარდათ ჩემი ამ ბაზარზე გამოჩენა. მაფასებენ, მაინტერესებს მათი კრიტიკა. აქამდე არ მქონია სერიოზული კრიტიკა.

– არ აღგიქვამენ კონკურენტად და იმიტომ?

– სხვა დიზაინერები შეიძლება აღმიქვამენ კონკურენტად, მაგრამ ჩემი მეგობრები – არა.

– სად უფრო კარგად გრძნობთ თავს, სამოდელო სფეროში თუ ესტრადაზე?

– ერთმანეთთანაა დაკავშირებული სიმღერა და ჩაცმა. მომღერალი სცენაზე კარგად ჩაცმული უნდა გამოვიდეს.

– კარგი მომღერალი უფრო ხართ თუ კარგი ჩამცმელი?

– ოო, კარგი კითხვაა! ბევრს უკითხავს, მარკო, რითი გახდი პოპულარული, იმიჯით თუ სიმღერებითო. ვფიქრობ, რომ ორივე თვალსაზრისით მოვიპოვე ცნობადობა. არ მომწონს, როცა მომღერალი არ არის კარგად ჩაცმული. გავიზარდე ევროპაში, სადაც უმრავლესობას გემოვნებით ეცვა.

– პირადში რა სურვილები და მიზნები გაქვთ?

– მინდა, მყავდეს სრულფასოვანი ოჯახი, შვილები და მათთან ერთად ტკბილად ვიცხოვრო.

– შვილები ხომ გყავთ.

– კი, მაგრამ ისინი ჩემთან არ ცხოვრობენ.

– რატომ? რომ გაიზრდებიან, რას ეტყვით მათ, რამ განაპირობა თქვენი გაყოფა?

– რომ გაიზრდებიან, ვფიქრობ, დავმეგობრდებით, ბევრი საერთო გვექნება, წლები დაალაგებს ყველაფერს.

– ახლა რატომ ვერ ახერხებთ მათთან ურთიერთობას, მამობის უფლება გაქვთ ჩამორთმეული?

– არა, რას ამბობთ, ამის უფლებას ვინ ჩამომართმევს?! ან რა გავაკეთე ისეთი, რომ მამობის უფლება ჩამოერთმიათ?! ის ქალია რთული ხასიათის და მე, ჩემი მხრივ, არ მინდა, ნაძალადევი ურთიერთობა მქონდეს შვილებთან. ვუფრთხილდები მათ, არ მინდა, სტრესში იყვნენ.

ლუკა 13 წლისაა, ვივიენი – 8-ის. ყოველდღე ვადევნებ თვალს, როგორ დადიან სკოლაში. ძალიან კარგად სწავლობენ, ლუკა სპორტსმენია, ფეხბურთითაა გატაცებული. ვივიენი ჯერ არ ვიცი, რას საქმიანობს. როცა ლუკა პატარა იყო, ძალიან კარგად მღეროდა, ძალიან მოსწონდა კლასიკური მუსიკა – ვივალდი, მოცარტი.

– ბავშვებს სოციალური ქსელით მაინც არ აქვთ თქვენთან ურთიერთობა?

– სამწუხაროდ, არა, თუმცა ამის დიდი სურვილი მაქვს. ვნახოთ, რა იქნება.

– რამდენი წელია ასე ცხოვრობთ?

– საქართველოში 10 წელია ვცხოვრობ, ერთმანეთი არ გვინახავს 7 წელი.

– შეეგუეთ ამას?

– არა და არც არასდროს შევეგუები!

– როცა თქვით, მინდა, სრულფასოვანი ოჯახი მყავდესო, რა იგულისხმეთ?

– სიყვარული. როცა შვილებს ერთად ზრდიან, აძლევენ განათლებას.

– თქვენ სიყვარულით შექმენით ოჯახი?

– ის ქალბატონი იყო ჩემი მეგობარი. ურთიერთობა სიყვარულში გადაიზარდა, თუმცა ეს იმ ასაკში არ მოხდა, რომ სრულფასოვან ოჯახად ვქცეულიყავით. ეს ჩემი არჩევანი არ იყო. მინდოდა, ჩემს შვილებს ჰყოლოდათ მამა, ავიღე ეს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და ბოლომდე მივყევი, სანამ არ დაინგრა.

– დღეს გიყვართ ვინმე?

– არ მინდა, ამ ურთიერთობას სერიოზული დატვირთვა მივცე, მაგრამ არის გრძნობა.

– როცა გიყვართ, როგორი ხართ?

– არანორმალური, ფანტასტიკური. მეტყობა, როცა მიყვარს, სიყვარულს ვაფრქვევ.

– ახლა სათვალე გიკეთიათ და ვერაფერს გამჩნევთ.

– ამიტომაც მიკეთია სათვალე, რომ ვერაფერი შემამჩნიონ, ამით ბევრ რამეს ვმალავ.

– ბევრი უსამართლო ჭორი გაგიგიათ საკუთარ თავზე?

– ძალიან…

– მაგალითად?

– თუნდაც პირად ცხოვრებაზე, რაც ყველაზე მეტად მაღიზიანებს. ბევრ რამეს მაბრალებენ. მე ვარ ადამიანი, რომელიც არასდროს არავის გამოვეკიდები. ჩემი სიმართლით ვცხოვრობ და არასდროს დავიწყებ ახსნა-განმარტებებს.

– რას გაბრალებენ?

– რომ ვიღაცას საყვარელი წავართვი და ასეთი სისულელეები.

– ჭორები პოპულარობის თანმდევია. ამისთვის მზად არ იყავით?

– როცა ამ გზას ვირჩევდი, ჩემმა მასწავლებელმა, ჯული მაზინომ, მკითხა, მზად ხარ იმ ტვირთის ასატანად, რაც შოუბიზნესს ახლავს თანო. თამამად ვუპასუხე, რა თქმა უნდა-მეთქი. ეს ყველაფერი კარაქიანი პური მეგონა, მერე ბევრჯერ წავიქეცი, მაგრამ ღირსეულად წამოვდექი.

– რას ნანობთ?

– ორ რამეს ვნანობ: არ უნდა მეჩქარა საქართველოში დაბრუნება – 20 წელი ვიცხოვრე საქართველოში და მეორე, ვნანობ იმ წლებს, რომლებიც ჩემმა შვილებმა გაატარეს ჩემ გარეშე. კარგი იქნებოდა, ჩემ გვერდით ყოფილიყვნენ, უფრო მეტს ისწავლიდნენ.

– რამეს დაამატებდით?

– ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ. ვიყავი თქვენს იუბილეზე, ძალიან შთამბეჭდავი იყო. კიდევ ერთხელ გილოცავთ და მადლობას გიხდით, რომ ჩემით ინტერესდებით.

ლანა კიკნაძე, ჟურნალი სარკე