მიზნის მისაღწევად ბევრი დრო და მოთმინება დასჭირდა. წარმატებასთან ერთად იყო ბევრი ტკივილი, ცრემლი… თუმცა ამ ყველაფერს ბედნიერი გაგრძელება მოჰყვა – მომღერალ მანანა თოდაძეს 27 აპრილს თბილისში, ფილარმონიის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს.
ლეგენდარული “ივერიის” სოლისტი 40 წელია სცენაზე მღერის. განვლილ გზაზე დაგროვილ გამოცდილებაზე ის “სარკეს” უყვება.
–ქალბატონი მანანა, როგორი გრძნობაა, როცა ვარსკვლავად გაღიარებენ და ამის აღმნიშვნელი სიმბოლო თქვენს მშობლიურ ქალაქში კეთდება?
– მთელი ცხოვრება მოდიხარ, შრომობ, წვალობ და მერე შეიძლება გაღიარონ ვარსკვლავად. ყველას უნდა, ვარსკვლავი გახდეს, მაგრამ ამას სჭირდება წლები და უდიდესი შრომა. სიტყვა “ვარსკვლავმა”, სამწუხაროდ, ფასი დაკარგა, რადგან სცენაზე 2 წუთის გამოსულსაც კი ვარსკვლავს უწოდებენ.
ვარსკვლავი რომ გახდე, აუცილებლად უნდა გქონდეს ხალხის სიყვარული და აღიარება, რასაც ვერანაირი ფულით იყიდი. ჩემთვის ყველაზე დიდი შეფასება სწორედ ხალხის სიყვარულია.
– თქვენი ვარსკვლავური გზა ანსამბლ “ივერიიდან” იწყება. შეგიძლიათ ზუსტად გაიხსენოთ ანსამბლის ხელმძღვანელთან, კომპოზიტორ ალექსანდე ბასილაიასთან პირველი შეხვედრა?
– აზერბაიჯანულ ანსამბლ “გაიაში” ვმღეროდი. ევროპის ტურნე მოვიარე და შვებულებაში გავედი. საქართველოში როცა ჩამოვედი, მითხრეს, რომ “ივერია” გოგო მომღერალს ეძებდა.
ფილარმონიაში მივედი და ბასილაია ვნახე. ვთხოვე, რომ ჩემთვის მოესმინა. პირველად უარი მითხრა, არ მცალიაო, მეორედ და მესამედაც იგივე პასუხი მივიღე, უნებურად წამომივიდა ცრემლები და ვუთხარი: “მე თქვენ არ გთხოვთ ანსამბლში აყვანას, უბრალოდ ერთი წუთით მომისმინეთ!” და მომისმინა.
– და რა გითხრათ?
– არაფერი. ვერ გავიგე, მოეწონა თუ არა. მხოლოდ ის მითხრა, ხვალ ხმის ჩამწერ სტუდიაში გელოდებიო. მეორე დღეს მივედი სტუდიაში, მომცა ტექსტი, დაუკრა მელოდია და ვიმღერე “დაწყნარდი, გულო”. მოსმენის შემდეგ გაგიჟდა, ისე მოეწონა. ასე მოვხვდი ანსამბლ “ივერიაში”.
– სულ პირველად ვინ აღმოაჩინა მანანა თოდაძე, როგორც მომღერალი?
– ეს გახლავთ ბაჩი ქიტიაშვილი, რომელსაც როკ-ჯგუფი ჰქონდა. მე ვგიჟდებოდი როკზე, ჯაზზე და ამ ჟანრში ვასრულებდი სიმღერებს. სულ გასტროლები მქონდა, ჩვენს კონცერტებზე ბილეთებს ვერ იშოვიდი. მახსოვს, ქუთაისში კონცერტი გვქონდა და დარბაზში იმაზე მეტი ადამიანი შევიდა, ვიდრე უნდა ყოფილიყო. “ბალკონი” ლამის ჩამოინგრა. ჩემი პირველი მაესტრო იყო ბაჩი ქიტიაშვილი.
– როდესაც ჯერ კიდევ გოგონაისეთ ცნობილ ანსამბლში მიგიღეს, როგორიც “ივერია” იყო, სიამაყეს იგრძენით?
– ძალიან მშვიდად შევხვდი ამ ამბავს. სხვანაირად გამზარდეს ოჯახში. 5 დედმამიშვილი ვიყავით. ძალიან მკაცრი მამა მყავდა, სამხედრო გამომძიებელი იყო და სულ გვეუბნებოდა, რომ ვყოფილიყავით წესიერები, არ უნდა ვყოფილიყავით ამპარტავნები. გვარიგებდა, მერე რა, რომ შენ გამორჩეული ხარ, სხვასთან ეს არ უნდა იგრძნობოდესო.
აი, ასე გავიზარდეთ და ასე გავზარდე ჩემი შვილებიც. ძალიან მოკრძალებულები და თავმდაბლები არიან. მე დიდ წარმატებას უკვე შეჩვეული ვიყავი და ვერ გეტყვით, რომ ცხოვრებაში რამე თავში ამვარდნია.
აღსანიშნავია უბრალოდ ის, რომ, როდესაც ანსამბლ “ივერიის” პირველ კონცერტზე პირველად გამოვედი ფილარმონიაში, ბასილაიამ არაჩვეულებრივად წარმადგინა საზოგადოების წინაშე და სწორედ იმ ერთმა კონცერტმა გადაწყვიტა ყველაფერი. კონცერტის შემდეგ დავიძინე და დილით უკვე ვარსკვლავად მაღიარეს. ეს იყო იმ პერიოდში ყველაზე დიდი წარმატება.
– იმ პერიოდში ვარსკვლაობა რას ნიშნავდა საქართველოში?
– როდესაც პოპულარული ხარ, ეს დიდი პასუხისმგებლობაა. ყოველთვის უნდა აკონტროლო საკუთარი თავი და ეცადო, არაფერი შეგეშალოს, მაგრამ რაც უნდა გააკეთო ადამიანმა, ყოველთვის თან გდევს ჭორი და ათასნაირი მითქმა-მოთქმა.
– თქვენ როგორ ხვდებოდით ამ ჭორებს, რომლებიც თქვენზე ვრცელდებოდა?
– თავიდან ძალიან განვიცდიდი, რადგან რთულია, როცა უსმენ ამდენ ცრუ ბრალდებას, ჭორს და ტყუილს. სტრესში ვიყავი. მახსოვს, ერთხელ გასახდელში ვტიროდი. შემოვიდა ბუთხუზ ბასილაია და მკითხა, რა გატირებსო. ვუთხარი, ჩემზე ძალიან ცუდი რაღაცები თქვეს-მეთქი. მომიტრიალდა და მითხრა: “იცი, როდის უნდა იტირო? როცა შენზე არავინ არაფერს იტყვის. ახლა უნდა გაგიხარდეს”.
მისი ეს სიტყვები არასდროს დამავიწყდება. მთელი ცხოვრება ასე მოვდივარ. რაც მთავარია, საკუთარ თავთან და უფლის წინაშე ვარ მართალი. ადამიანს თუ უნდა, დაიჯერებს, თუ არ აწყობს – არ დაიჯერებს, ამიტომ დღეს უკვე აღარ ვნერვიულობ.
ხშირად მსმენია, უფალს ვინც უყვარს, ყველაზე ხშირად მას სჯის და ცდისო. მე ძალიან ბევრი გამოცდა გავიარე ცხოვრებაში. სირთულეები ყოველთვის თან მდევდა, ბევრი წვალება და გაჭირვება ვნახე. აღარაფერი მიკვირს ამ ცხოვრებაში. მიკვირს მხოლოდ კარგი ადამიანების არსებობა.
– ანუ შური, მტრობა უფრო მეტი შეგხვდათ ადამიანებისგან, ვიდრე სიკეთე და უანგარობა?
– რა თქმა უნდა. ძალიან ბევრი შური იყო, ბევრი ცუდი რაღაც, მაგრამ უფალმა მომცა იმის ძალა, რომ ეს ჩუმად გადამეტანა, ზიანი არავისთვის მიმეყენებინა. მივხვდი, რომ საკუთარი შრომით უნდა დაუმტკიცო ყველას, თუ ვინ ხარ და არა – ლანძღვით.
ჩემს პირად ცხოვრებაზე აისახა ბევრი რამ, მაგრამ იმით ვარ ბედნიერი, რომ უფალმა მომცა საშუალება, “ივერიაში” მოვხვედრილიყავი. მქონდა ბედნიერება, მემუშავა არაჩვეულებრივ კოლექტივში. “ივერიაში” ვისწავლე კოლეგიალობა, ერთიანობა, ერთმანეთის გატანა. ეს იყო დიდი ვარსკვლავების ერთი ოჯახი, სადაც არც შური იყო და არც სხვა მსგავსი რამ.
– წლების წინ წახვედით მოსკოვში და იქაც ააწყვეთ თქვენი საქმიანობა, პოპულარული, მოთხოვნადი მომღერალი იყავით. ადვილად მიაღწიეთ ამ წარმატებას?
– მოსკოვში ვმუშაობდი იმისთვის, რომ თავი გამეტანა. 20 წელი ვიყავი იქ, თუმცა ამ წლების განმავლობაში ხშირად მიწევდა საქართველოში ჩამოსვლა და შემდეგ ისევ წასვლა. პირველი 10 წელი მზე არ ვიცოდი, რანაირი იყო. 7 საათზე სამსახურში მივდიოდი და უკვე ბნელოდა, დილის 4-5 საათამდე მუშაობა მიწევდა, დაღლილი მოვდიოდი სახლში და ვიძინებდი. ასე გრძელდებოდა წლები… დილა არ ვიცოდი, რა იყო.
– ამ გადმოსახედიდან რას იტყვით დღევანდელ სიტუაციაზე, ქართულ ესტრადაზე. რა შეიცვალა?
– თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი კარგი მომღერალი, რომლებსაც, სამწუხაროდ, არანაირი ხელშეწყობა არ აქვთ. კონცერტები არ ტარდება, ფილარმონია თვეობით დაკეტილია, რადგან იჯარა სასწაული ფასი ჯდება. მომღერალი ვერ გასწვდება ამ ყველაფერს, თუ მას გვერდში მდგომი არ ჰყავს.
სად იმღერონ მომღერლებმა? ამიტომ იძულებულები არიან, რესტორანში იმღერონ. სხვა პროფესია როცა არ გაქვს, რა უნდა გააკეთო? უნიჭიერესი ერი ვართ, მაგრამ ხელშემწყობი არავინ გვყავს.
კულტურის სამინისტროს რაც შეეხება, საერთოდ არ მონაწილეობს ქართული კულტურის განვითარებაში. დღემდე გაუგებარია კულტურის სამინისტროს ფუნქცია, რისთვისაა, რას ან ვის ემსახურება.
გიორგი საკარული, სარკე

