ფემისნისტად ცნობილი ირინა ტორონჯაძე პროფესიით ექიმია, 2 წლის წინ კი საკუთარი ბლოგი შექმნა – “ეგოცენტრული წითელქუდა” და საჯაროდ დაიწყო ქალების უფლებებისთვის ბრძოლა. მეცნიერების ოჯახში გაიზარდა, სადაც გენდერული თანასწორობა იყო, თუმცა, როგორც კი ოჯახიდან ზღურბლს გადააბიჯა, სხვა რეალობა დახვდა. ახლა ამ თემებზე სასაუბროდ არაერთ შოუში ეპატიჟებიან. 35 წლის ასაკში თვლის, რომ ამ მიმართულებით ბევრი რამ შეცვალა საზოგადოების შეგნებაშიც და კანონმდებლობაშიც.
-ირინა, ოდესმე გამხდარხართ ქალზე ძალადობის შემსწრე ან მსხვერპლი?
– ხშირად მეკითხებიან, თავად შეგხებია დისკრიმინაცია, ჩაგვრაო. რა თქმა უნდა, შემხებია. როდესაც ამ საზოგადობის წევრი ხარ, ეცნობი სტატისტიკას, ეს შენც გეხება. ბევრ უსამართლობას წავაწყდი.
– როგორ შეიქმნა თქვენი ბლოგი?
– 2 წლის წინ გადავწყვიტე, ბლოგი გამეკეთებინა იმაზე, რაზეც აქამდე მხოლოდ მეგობრებში ვლაპარაკობდი და საჯარო პასუხისმგებლობას არ ვიღებდი. ბლოგს დავარქვი “ეგოცენტრული წითელქუდა”. გავაკეთე ფოტო – ხან წითელქუდა ვიყავი, ხან ალისა. სექსუალური იმიჯები მოვარგე სხვადასხვა გმირებს.
ამით საზოგადოებას დავანახე, როგორ აღიქმება ქალი, როგორ არის გახლეჩილი აზრი მის შესახებ. ქალი ან არის ქართლის დედა, მანდილოსანი, რომელიც ასექსუალურია და სექსუალურობის გამოხატვის საშუალება არ აქვს ან მოკლე კაბაში ჩაცმული სექსობიექტი.
რეალობაში კი ქალი ხან გაბრაზებულია, ხან ცუდად გრძნობს თავს ან პირიქით, ხან სექსუალურია, ხან ქართლის დედაა. შოუებში რატომღაც უკვირთ, ჩემს აზრს რომ გამოვხატავ, უნდათ, რომ ქალი იყოს ჩუმად, წყნარად, ნაზად და ნარნარად. ასე ვერ იქნება.
– შოუებში სიარულმა, აზრის დაფიქსირებამ რა შედეგი გამოიღო გარდა იმისა, რომ გლანძღავენ, შეურაცხყოფას გაყენებენ?
– როცა რაღაც ფასეულს ქმნი, ნებისმიერ სამსახურში ამას კრიტიკა მოჰყვება. ტელეკომპანიებში რომ დავდივარ, ეს ჩემი სამსახურია. ხალხს კი ჰგონია, რომ ვერთობი. არადა კანონმდებლობას რომ გადახედო, შეიძლება გადაირიო, წლების წინ ოჯახური ძალადობა, როგორც ტერმინი, კანონმდებლობაში არ არსებობდა. პატრულს რომ გამოიძახებდი, გეტყოდა, ეს ოჯახის საქმეაო და არ ერეოდნენ. დღეს შსს-მ გააკეთა ცალკე დეპარტამენტი ოჯახში ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ, ტრენინგებს უტარებენ კადრებს.
– ფიქრობთ, რომ ამ ყველაფერში თქვენც მიგიძღვით წვლილი?
– რა თქმა უნდა. ის, ვინც დუმს, აქეზებს ძალადობას.
– თქვენზე ამბობენ, რომ კაცები გძულთ. სექსი არ აქვს და ამიტომ ყვირის გამწარებულიო…
– ეს არც კი უნდა გეწყინოს და მართლა არ მწყინს. ჩვენთან სამარცხვინოა, ქალს რომ სექსი უნდოდეს. დედა, ეს რა მონდომებია?! კაცი უნდა?! უარყოფით ჭრილში განიხილავენ ასეთ ქალებს.
-გყვარებიათ ოდესმე?
– რა თქმა უნდა. სხვათა შორის, ჩემი პირადი ცხოვრება დიდად არ განსხვავდება საშუალო სტატისტიკური ქალის ცხოვრებისგან, იმავე გამოწვევების წინაშე ვდგავარ, ზოგჯერ ამართლებს ურთიერთობა, ზოგჯერ – არა.
– გიძლებენ კაცები?
– უკომპრომისო ვარ პირად ცხოვრებაში, ბევრს ვითხოვ პარტნიორისგან. რასაკვირველია, ვერ ვიღებ იმას, რასაც ვითხოვ და უმრავლესი ურთიერთობა კრახით მთავრდება. არ შემხვედრია ისეთი კაცი, რომელსაც გაემართლებინოს ის, რასაც ამბობს და რაზეც იქაჩება, რომ შეუძლია ძლიერ ქალთან ყოფნა. რეალობაში აღმოჩნდება, რომ ისეთი ელემენტარული კომპლექსი აწუხებს, როგორიცაა მუხლებამდე კაბა მაცვია თუ წვივებამდე.
– მზად ხართ ოჯახის შექმნისთვის?
– არ ვიცი. მაქვს მსუბუქი რომანი, მაგრამ ძალიან დიდ იმედებს არ ვამყარებ და იცით, რატომ? ისიც ამ წიაღში გაზრდილი ადამიანია, თავს დებს, რომ ძლიერია, მაგრამ არ მგონია, რომ არის.
– ამის გამო შეიძლება ქართველ კაცს არც კი გაჰყვეთ ცოლად?
– შეიძლება. მართალი გითხრათ, ჩემი ვნება არის კარიერა და პირადშიც თუ აეწყობა რაღაც, უარს არ ვიტყვი. ბევრს უკითხავს, შვილი არ გინდაო. თუ აეწყო ურთიერთობა, რატომაც არა?
– შვილი შეიძლება ქორწინების გარეშე გააჩინოთ?
– ქორწინება ფორმალური მხარეა, მაგრამ შვილის გაჩენა პარტნიორთან ცხოვრების გარეშე ვერ წარმომიდგენია. შეუძლებელია, რომ მარტომ გავზარდო.
– რატომ? ხომ ძლიერი ხართ?
– კი, მაგრამ შვილზე პასუხისმგებლობა სხვა რამეა, ვიცი ბევრი ქალი, რომლებმაც ეს გააკეთეს და მათ მივესალმები, მაგრამ მე ვერ შევძლებ.
– მამას არასდროს უთქვამს თქვენთვის, ირინა, დავიღალე, გეყოფაო?
– არა, ძალიან ლიბერალია. ყოველი გადაცემის მერე მირეკავს და მეუბნება, ეს ასე უნდა გეთქვა, ამაზე იმუშავეო. ძალიან მგულშემატკივრობს. ჩემი გუნდის მთავარი წევრები ჩემი დები არიან: ერთი 9 წლით უფროსია ჩემზე, მეორე – 8 წლით უმცროსი. მათემატიკოსები არიან, თავიანთი წრე ჰყავთ, რაც მაძლიერებს.
– სისუსტეები არ გაქვთ? არ ტირით ხოლმე?
– სისუსტე არ არის ტირილი, ეს არის ძალინ კარგი რელაქსანტი. ემოციური ინტელექტი ახლა აიქუზე მეტად ფასობს. რა თქმა უნდა, მიტირია, თან ბევრ რამეზე, პირველ რიგში, უსამართლობაზე. რაც შეეხება სისუსტეს, სხვადასხვა ადგილას ვმუშაობდი, ვაკეთებდი იმ საქმეს, რაც ჩემი არ იყო და ბევრი სისუსტე გამოვავლინე. მაგალითად, მეზარებოდა ადრე ადგომა, დიდხანს რუტინულ სამუშაოს ვერ ვასრულებდი. როგორც კი ის საქმე შევარჩიე, რაც ჩემია, ძლიერი გამოვჩნდი.
– კაცის საქმის გაკეთება შეგიძლიათ, რაც ძალის გამოვლენას გულისხმობს?
– ეს უკვე დისკრიმინაციაა. რას ნიშნავს კაცის საქმე, ქალის საქმე? საბურავის გამოცვლა თუ უნდა ქალს და ვულკანიზაციაში მუშაობა, აუცილებლად უნდა მისცენ თანაბარი უფლებები. რომ მივიდე ვულკანიზაციაში სამუშაოდ და მითხრან, კარგად იყავი, შენ ქალი ხარო, ეს დისკრიმინაციაა.
– შეგიძლიათ საბურავის გამოცვლა?
– მე არ ვმუშაობ ვულკანიზაციაში, მე არც საჭმლის გაკეთება ვიცი, ამიტომ ქალი არ ვარ?
– როგორი მამაკაცები მოგწონთ?
– სხვათა შორის, ძალიან მკაფიო წარმოდგენა მაქვს, თუ როგორი ბიჭები მომწონს. ერთნაირი ბიჭები მომწონს. უნდა იყოს ჩემზე 10-15 სანტიმეტრით მაღალი, ტანადი, ათლეტური გარეგნობის, ღიპი არ შემიძლია. გრძელცხვირიანი ტიპები არ მომწონს, კარგად უნდა იცვამდეს და კაცური იყოს. არ მიყვარს დამთმობი ბიჭები.
– მამაკაცთანაც სულ ომი გინდათ, გქონდეთ?
– ჰო, ეს მაინტერესებს. მე რომ რაღაცას “გავუხურებ”, იმანაც უნდა დამიბრუნოს.
– ისეთი ირინა არ არსებობს თქვენში, კაცს თავს რომ დაადებს, ჩაეხუტება, დაეყრდნობა?
– ჩავეხუტები კიდეც, მოვეფერები კიდეც, სექსიც მექნება, მაგრამ ეს არ არის სისუსტე, ეს არის გრძნობის გამოხატვა. ასეთი ირინა არსებობს ჩემში. ვერ ვიტყვი, რომ კაცებთან ყველაზე ბუნებრივი ვარ. მერთვება რაღაც მოთხოვნები და ცოტა აგრესია, პასუხებს ვთხოვ ხოლმე.
– თქვენი მოსაწონი კაცი არსებობს თბილისში?
– არა და ალბათ როგორებიც არიან, მომიწევს მათთან ურთიერთობის სწავლა, რაც ჩემთვის ძალიან რთულია.
ლანა კიკნაძე, ჟურნალი სარკე

