ანანო ჯოხაძე: “ვარდისფერი თმაც მქონია, ჟოლოსფერიც, წითელიც და გიგი ყველაზე მეუბნება, რომ მიხდება”.

ანანო ჯოხაძე: "ვარდისფერი თმაც მქონია, ჟოლოსფერიც, წითელიც და გიგი ყველაზე მეუბნება, რომ მიხდება".სპორტულ-სამეჯლისო ცეკვების ფედერაციის პრეზიდენტი, ქორეოგრაფი გიგი გაჩეჩილაძე ცოლს, ანანო ჯოხაძეს, ხშირად ეუბნება, რომ წონაში დაკლება აღარ სჭირდება. ანანოს კი იმდენად მოსწონს სიგამხდრე, კვებას მუდმივად აკონტროლებს, ოღონდ დიეტებით – არასდროს. ურჩევნია, კილოგრამები სწორი კვებით დაიკლოს.

ქმრისგან კომპლიმენტებს ანანო მიჩვეულია, თუმცა გამოგვიტყდა, რომ გიგი ხანდახან ვერც ამჩნევს, მისი ცოლის სახეცვლილებებს.

– ანანო, ქალები გაზაფხულზე განსაკუთრებულ ზრუნვას იწყებენ გარეგნობაზე, ასე ვთქვათ, სხეულს ზაფხულისთვის ამზადებენ. თქვენ თუ დაიწყეთ დიეტა, ვარჯიში?

– დიეტა ორსულობის შემდეგ დავიწყე, თუმცა ვერ გეტყვით, რომ ძალიან ბევრი მქონდა მომატებული. ორსულობისას 5 კილო მოვიმატე, 61 კილო ვიყავი, ახლა 53 კილო ვარ, მაგრამ მინდა, დავამრგვალო და 50-ზე ჩამოვიდე. ამის გამო ყველა მეჩხუბება.

დაახლოებით ერთი თვე ვიყავი დიეტაზე, უფრო ზუსტად, სწორად ვიკვებებოდი და დღემდე ასე ვაგრძელებ. ცომეულს, შოკოლადებს არ ვჭამ, გაზიან სასმელებს არ ვსვამ, ზედმეტ მარილს, შაქარს არ ვიღებ. ძირითადად ხილს და ბოსტნეულს ვჭამ.

– ქმარი რას გეუბნებათ, გყვებათ ამ რეჟიმში?

– სხვათა შორის, გიგიც ასეთ კვებაზე გადავიყვანე. ჩვენს სახლში ვინც მოდის, სწორი კვება უწევს. ვცდილობ, წონა ვაკონტროლო, რადგან მალე ვიმატებ, თუმცა ადვილადაც ვიკლებ.

– ქმარს უნდა, რომ დაიკლოთ?

– გიგი მეჩხუბება, ზედმეტად შეიჭერი როლებში, დაკლება აღარ გიხდებაო. ერთი პერიოდი ჭამასაც მიკონტროლებდა და მითვლიდა, რას ვჭამდი და რას – არა. ახლა თვითონაც სწორად იკვებება, ორივე ერთნაირად ვჭამთ, თუმცა მაინც მეუბნება, მეტი გახდომა აღარ გინდა, კარგად გამოიყურებიო.

– წონის კონტროლი გათხოვების მერე დაიწყეთ?

– ყოველთვის მინდოდა, ძალიან გამხდარი ვყოფილიყავი. ეს იმდენად მაქვს ტვინში ჩაბეჭდილი, მგონია, რომ მთელი ცხოვრება დიეტაზე უნდა ვიყო.

– ვარჯიშობთ თქვენ და გიგი?

– გიგი ახლაც ვარჯიშობს, მე ადრე ვვარჯიშობდი, ტანიც ტონუსში მოვიყვანე. სამწუხაროდ, დრო არ მაქვს, შესაბამისად, ჯერჯერობით ვერ ვახერხებ, მაგრამ აუცილებლად დავიწყებ, რადგან ტანი მუდმივად ტონუსში უნდა გქონდეს. კვირაში 2-ჯერ მაინც რომ მოვახერხო ვარჯიში, ძალიან კარგი იქნება. ადრე საკმაოდ დიდი ხანი ვვარჯიშობდი და ის ნავარჯიშები სხეული გამომყვა.

– როგორ უვლით სახის კანს?

– ჯერ ისეთ ასაკში არ ვარ, ზედმეტად რომ მოვუარო, ეს არ მჭირდება. კანის პრობლემა არასოდეს მქონია. კანისთვის დილით ერთ ჭიქა წყალს ვსვამ., ასევე ვიყენებ საცხს, რომელიც 16 ზეთისგან შედგება და ზუსტად ისეთი კანისთვისაა, როგორიც მე მაქვს. დილით, სახლიდან გასვლის წინ ვისვამ და ასევე საღამოს – დაწოლის წინ. სხვას არაფერს ვიყენებ.

– სახეზე რამის შეცვლის სურვილი გაგჩენიათ?

– არა, ბუნებრიობა მომწონს. ერთადერთი, როგორც გითხარით, სულ მინდოდა, ძალიან გამხდარი ვყოფილიყავი. ახლა მივხვდი, რომ ძალიან სიგამხდრე არ ვარგა, ამიტომ ვცდილობ, ეს ფიქრები თავიდან მოვიშორო.

– როგორ მაკიაჟს იკეთებთ?

– ცოტა პატარა ასაკში როცა ვიყავი, მეგონა, მაკიაჟი ბევრად კარგს მაჩენდა, მაგრამ ახლა გადავეჩვიე. ვცდილობ, ბიბიკრემი გამოვიყენო, რომელიც სახეზე არც მეტყობა, გეგონება, არაფერი მისვია.

– ანუ აქცენტს ტუჩებზე აკეთებთ?

– კი. თუ თვალები გამოკვეთილი მაქვს, ტუჩებს აღარ ვეხები. თუმცა მაინც მიყვარს, როცა ტუჩია გამოკვეთილი და წითელ პომადასაც ძალიან ხშირად ვხმარობ. უნივერსიტეტში ყოველდღიურად მაინც უმაკიაჟოდ დავდივარ (ანანო იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტია. ავტ.).

– აქტიურად ეცნობით მოდის ტენდენციებს?

– სხვათა შორის, ვეცნობი და ალბათ ამიტომაც გადავწყვიტე, რომ ზედმეტი მაკიაჟი არ უნდა გამოვიყენო – ახლა სისადავეა მოდაში.

– თმის ფერი შეგიცვლიათ, ქერას ნაცვლად ყავისფერი გაქვთ. ეს ცვლილება რამ გამოიწვია?

– ძალიან არ მინდა, ყავისფერი თმა მქონდეს, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. ქერა თმას ძალიან დიდი მოვლა სჭირდება. ღებვისგან პრობლემური თმა გამიხდა, აღარ მეზრდებოდა, ამიტომაც შევიღებე ყავისფრად.

– არ მოგწონთ ეს ფერი?

– მგონია, რომ ქერა აღარასდროს მომიხდება, მაგრამ სურვილი იმდენად დიდი მაქვს, ვამბობ, თმა რომ გამეზრდება, აუცილებლად ქერად შევიღებავ-მეთქი. ამჟამად ის ფერი მაქვს, რაც შეღებვამდე მქონდა.

– გიგის როგორ თმაში უფრო მოსწონხართ?

– ვადისფერი თმაც მქონია, ჟოლოსფერიც, წითელიც და გიგი ყველა ფერზე მეუბნება, რომ მიხდება. ზოგჯერ თმა შემიღებავს, სახლში მივსულვარ და ვერც შეუმჩნევია. იმდენად ხშირად ვიღებავდი და ვიცვლიდი თმის ფერს, ეგონა, რომ ეს რიტუალივით იყო, ყოველთვე სხვადასხვა ფერი უნდა მქონოდა.

გიგი ბოლო დროს მეუბნება ხოლმე, თმა ბიჭივით შეიჭერიო, რაზეც ძალიან ხშირად მოგვდის კამათი, რადგან არ მინდა. ის კი მეუბნება, რომ მომიხდება.

– როგორ უვლით დაზიანებულ თმას?

– სალონში არ მივლია და პროცედურები არ ჩამიტარებია, ქოქოსის ცხიმი გამოვიყენე, რომელიც საიტიდან გამოვიწერე. ასევე ვიყენებ ზეთებს, აბუსალათინს, ზეითუნის ზეთს, რომელმაც ჩემს თმაზე აშკარად კარგი გავლენა მოახდინა, თმა აღმიდგინა. მთლად ისეთი არ არის, როგორიც ადრე მქონდა, მაგრამ როგორი დაზიანებულიც იყო, იმასთან შედარებით კარგია.

– გიგი ხშირად გეუბნებათ კომპლიმენტებს?

– ყოველთვის მეუბნება, რომ კარგად გამოვიყურები. კითხვა არასდროს დამისვამს: “როგორ გამოვიყურები? მიხდება?”. როცა რაღაც მოსწონს, ყოველთვის თვითონ აღნიშნავს. გამოპრანჭულიც რომ ვარ და სპორტულადაც რომ მაცვია, ყოველთვის აღნიშნავს, ძალიან კარგად გამოიყურებიო.

სხვათა შორის, უფრო სპორტულ ჩაცმულობას ანიჭებს უპირატესობას, ვიდრე ქუსლიან ფეხსაცმელებს და ა.შ. სადღაც რომ მივდივართ და ვეკითხები, ქუსლიანი ფეხსაცმელი უნდა ჩავიცვა-მეთქი, მპასუხობს, არა, შენ რაშიც კომფორტულად იქნები, ის ჩაიცვიო.

– სარკეში ხშირად იხედებით?

– დილით სახლიდან გასვლის წინ და ერთი-ორჯერ – შუადღეზე. დროც არ მაქვს, რომ სარკეში ხშირად ვიყურო, მაკიაჟი ვისწორო ან ვიკეთო.

– თქვენი აზრით, ქალს რომ მომხიბვლელი ერქვას, როგორ უნდა გამოიყურებოდეს?

– პირველ რიგში, თმა ძალიან კარგ მდგომარეობაში უნდა ჰქონდეს, ასევე ფრჩხილები, კბილები და ბუნებრივად უფრო სექსუალური, მიმზიდველი იქნება, ვიდრე ზედმეტი მაკიაჟით და ხელოვნურად.

ეკა ლემონჯავა, ჟურნალი სარკე