მომღერალ რეზო ბლიაძეს ჯგუფ “რეზოს და ბავშვების” შექმნის იდეა მაშინ გაუჩნდა, როცა თავის მშვენიერ ლედის შეხვდა და დიდი სიყვარული ეწვია. მსახიობი ნინია ჯაოშვილი ერთი ნახვით შეუყვარდა. ურთიერთობა მალევე ააწყვეს, დაქორწინდნენ და დღეს უკვე 6 წლის თომა ჰყავთ, აპრილში კი მეორე შვილის მშობლები გახდებიან.
სიყვარულით შექმნილ ოჯახში იდილია არც ისე ადვილი მისაღწევი აღმოჩნდა. იყო აზრთა ჭიდილი, ემოციების მოზღვავება, მაგრამ დრომ ყველაფერი თავის ადგილას დაალაგა.
– რეზო, გვიამბეთ, სად შეხვდით თქვენი ცხოვრების მთავარ ქალს – მომავალ ცოლს.
– ჩემს მშვენიერ ლედის საერთო მეგობრების გარემოცვაში შევხვდი. ერთმანეთი მსახიობ ანი იმნაძის ოჯახში გავიცანით. ნინიას თეატრალური უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, ანის ჯგუფელი იყო და მანამდე საკურსო ნამუშევარში, სპექტაკლში მყავდა ნანახი. პირადად როცა ვნახე, სულ სხვანაირი ნინია დავინახე. შემიძლია ვთქვა, რომ იმ დღესვე შემიყვარდა.
საინტერესო რამ მოხდა – მისი ზოდიაქოს ნიშანი და დაბადების დღე გამოვიცანი. ეს მისთვისაც და ჩემთვისაც შოკი იყო!
– ასე რით მოგხიბლათ ნინიამ, ერთი ნახვით რომ შეგიყვარდათ?
– მასში კონკრეტულად რა მომეწონა, დღესაც არ ვიცი. დავინახე თუ არა, მივხვდი, რომ მიყვარდა, ამიტომ აქტიურობა დავიწყე. მაშინ ჯგუფი “რეზო და ბავშვები” არც არსებობდა. ნინია თავიდან ვერ მიხვდა, ვისთან ჰქონდა საქმე ან რა მოხდა ასე სწრაფად. გაურკვევლობაში აღმოჩნდა, რადგან მასთან ურთიერთობა მეგობრობით კი არა, შეყვარებულობით დავიწყე.
მალევე ვუთხარი, რომ მიყვარდა და პასუხი არც თვითონ დაუყოვნებია. ერთ თვეში ნინიაც გამომიტყდა გრძნობებში. გაცნობიდან 8 თვეში ცოლად მოვიყვანე. დღეს უკვე 6 წლის თომა გვყავს.
– შვილმა რა შეცვალა თქვენს ურთიერთობაში?
– შვილმა ჩვენი ცხოვრება დაალაგა და ის გაურკვეველი ემოციები, რაც გვქონდა, მოგვაშორა.
თომას დაბადებამდე გაუგებრობისა და გაუცხოების პერიოდებიც იყო. დაშორებამდე არ მივსულვართ, თუმცა ერთმანეთთან შეგუების პროცესი მარტივი არ ყოფილა. ვკამათობდით ყველაფერზე, რაზეც კი წაკინკლავება შეიძლებოდა. დღესაც ყველაფერზე შეგვიძლია წავკამათდეთ და იმაზეც კი, თუ რატომ ვკამათობთ.
– კინკლაობაში რომელი უფრო დამთმობი ხართ?
– ორივემ კარგად ვიცით, ერთმანეთს როდის უნდა დავუთმოთ. არსებობს საკითხები, როცა შეუვალი ვხდები და ამ დროს ჩემთან შეკამათება გამორიცხულია. საბოლოო ჯამში, ორივე ვთმობთ და ვთანხმდებით, რომ არ უნდა ვიკამათოთ. ზოგჯერ ვიცით, რომ არასწორად ვიქცევით, მაგრამ მაინც ვაგრძელებთ, რადგან ასე გვინდა.
– საერთო ჯამში, თქვენგან როგორი მეოჯახე დადგა?
– რომ გითხრათ, ოჯახის ბიჭი ვარ-მეთქი, მოგატყუებთ. ჩემი გრაფიკისა და ცხოვრების რეჟიმის გამო ბევრ რამეს ვერ ვახერხებ. ოჯახი ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და იმ საქმეზე არანაკლებად საინტერესოა, რომელსაც ვემსახურები.
ჩემი დატვირთული რეჟიმის გამო ნინია მსაყვედურობს და ასეც უნდა იყოს, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობ, გამიგოს. მან კარგად იცის, რა საქმესაც ვემსახურები და მიგებს კიდეც.
ნინია არის “რეზო და ბავშვების” ინსპირაციის წყარო. სანამ ჯუფი შეიქმნებოდა, ცოლს სიმღერებს ხშირად ვუწერდი და ამიტომაც შეიქმნა ჯგუფი, მაგრამ ამ თემით კეკლუცობა და თავის მოწონება არ უყვარს.
– ნინია მუშაობს, თამაშობს რომელიმე თეატრში?
– ნინია მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობია, თუმცა ამ ეტაპზე ვერ მუშაობს, რადგან აპრილში მეორე ბიჭს ველოდებით.
– როგორ ფიქრობთ, რა სჭირდება ქალს სრული ბედნიერებისთვის?
– მრავალნაირი ქალი და ბედნიერება არსებობს. ვისთვის რა არის ბედნიერება, ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ქალს საყვარელ ადამიანთან თანაცხოვრება უნდა აბედნიერებდეს, რისთვისაც ჩამოყალიბებული ურთიერთობაა საჭირო.
გარდა ამისა, მგონია, რომ განათლებული ქალები გაცილებით ბედნიერები არიან, რადგან ეს მათ თავდაჯერებას ჰმატებთ, რაც სახეზეც აწერიათ. მატერიალური უზრუნველყოფაც ბედნიერების ნაწილია, მაგრამ ჩვენს ქალებს ეს შეგრძნება სახეზე არ აწერიათ, რაც მათი ბრალი არაა.
– დამეთანხმებით, რომ ქალებისთვის დიდი პრობლემა აგრესიულ გარემოში ცხოვრებაა.
– კი, აგრესიული მამაკაცი ქალზე ძალიან ცუდად მოქმედებს. ასეთი კაცები არამხოლოდ საქართველოში ცხოვრობენ. ზოგადად, კაცი აგრესიული არსებაა, რადგან საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთს ვეომებოდით, ვხოცავდით. ეს პროცესი დღესაც გრძელდება. ომში მამაკაცები იბრძვიან.
ვფიქრობ, რომ მამაკაცების მხრიდან ქალებზე ძალადობა ყველა დროში იყო. უბრალოდ დღეს ინფორმაციის გავრცელების მეტი საშუალებაა.
– ბევრი ქალი მოძალადე ქმარს იტანს, არ და ვერ შორდება. ამ პრობლემაზე თუ გიფიქრიათ? მაგალითად, როგორ უნდა მოიქცეს ქალი?
– ხშირ შემთხვევაში იმაზე ფიქრობენ, გაშორების შემდეგ ხალხი რას იტყვის მათზე, რაც უკვე ქალის პრობლემაა.
– ქართველ ქალებს რას უსურვებდით?
– ჯანმრთელობას და ბევრ ფულს! მათ მოგვიყვანეს აქამდე. ჩემი გადმოსახედიდან ქალები გმირები არიან. უახლოეს ისტორიას რომ გადავხედოთ, ხმამაღლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქალებმა შეუძლებელი შეძლეს. ემიგრანტებზე მაქვს საუბარი, რომლებიც უცხო ქვეყანაში მუშაობენ და საქართველოში ოჯახებს არჩენენ. ასეთი ძლიერი ქალები ქვეყანაში უნდა დავაბრუნოთ და მათი რესურსი აქ გამოვიყენოთ.
სოფიო ბოჭორიძე, ჟურნალი სარკე

