„არ მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადება დიდი ინტერესით სარგებლობდეს მოსახლეობის დიდ ნაწილში“, – ასე აფასებს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას საბანკო სექტორთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას მართავს საბანკო ოლიგარქიის მეშვეობით.
2012 წლის შემდეგ ბანკების საერთო აქტივები 3-ჯერ გაიზარდა. 2012 წელს იყო 12 მილიარდი ლარი, ახლა 30 მილიარდზე მეტია. ამავე დროს ბანკების სუფთა მოგება 136 მილიონიდან 900 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
-ჩვენს განცხადებებს შორის სხვაობა არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილს სურს ნგრევა და ჩვენ გვსურს შენება და განვითარება. ჩვენ გვსურს ეკონომიკის ტრანსფორმაცია, და ისეთი სამართლიანი თამაშის წესების დადგენა, სადაც ყველა მოქალაქე შეძლებს თავისი პოტენციალის რეალიზაციას, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ „იმედის“ ეთერში.
ბახტაძის ამ განცხადებას გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი და ფეისბუქში დაწერა:
,,ივანიშვილის სასიძომ და ერთდროულად პრემიერობის კანდიდატმა, ვინმე ბახტაძემ, ოლიგარქის მევახშე ბანკებთან შეხვედრის შემდეგ, დაიცვა საბანკო სტრუქტურები და განაცხადა, რომ თურმე მე მინდა ნგრევა და მათ (ქოცებს) შენება.
აბა რა, სწორედ ქოცებმა ააშენეს ახალი ბათუმი, ქუთაისი, სიღნაღი, 150 საავადმყოფო, ახალი პოლიცია და ჯარი, ივანიშვილმა დააბრუნა ჩაბნელებულ საქართველოში დენი, ალბათ მის დროს გამყარდა ლარის კურსი და ქართული ეკონომიკა გაიზარდა ოთხჯერ, ალბათ მან აღადგინა ბაგრატი და სწორედ მე, გავაკეთე 2 მილიარდი ხალხის გაჭირვების ხარჯზე ჩემს “ქართუ ბანკში”, მე დავხურე ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმში და მე გავაბანძე ლაზიკის პროექტი, ასევე მე დავათრევ ხეებს ჩემს საკარმიდამოში და დავთხარე მთელი საქართველო.
სხვათაშორის, ეს ბახტაძე, რკინიგზის კურატორია და ისე ცნობისთვის, ჩემს დროს, საქართველოს რკინიგზის კაპიტალიზაცია იყო მილიარდი დოლარი და მას შემდეგ, რაც უჩა და ბახტაძე მართავენ სფეროს, ის დაეცა 100 მილიონამდე, მაგრამ 900 მილიონის მათ ჯიბეში გადასვლა რა სახსენებელია, მათი აღმშენებლობის ფონზე! “.

