მარტოხელა ქალს და მამაკაცს ერთმანეთი ,,სარკემ” აპოვნინა – ,,ჩემს ასაკში ქალის მოძებნა ძნელია, ამიტომ გამოვაქვეყნე განცხადება” – ვიდეო

მარტოხელა ქალს და მამაკაცს ერთმანეთი ,,სარკემ" აპოვნინა - ,,ჩემს ასაკში ქალის მოძებნა ძნელია, ამიტომ გამოვაქვეყნე განცხადება" - ვიდეოთერჯოლელმა გოჩა ნემსიწვერიძემ თავისი ბედნიერება “სარკეში” იპოვა. 52 წლის მარტოხელა მამაკაცმა ჟურნალში განცხადება გამოაქვეყნა ოჯახის შესაქმნელად სასურველი კანდიდატურის გაცნობის მიზნით და თურმე უამრავი ქალი გამოეხმაურა. საბოლოოდ მისი არჩევანი 44 წლის ნონა გელოვანზე შეჩერდა.

მათ დაქორწინება უსწრაფესად მოხდა. ერთმანეთს რამდენიმე დღე ეკონტაქტებოდნენ, შემდეგ ქუთაისში შეხვდნენ და შეუღლება პირველივე ნახვაზე გადაწყვიტეს.

გოჩასთვის ეს მეორე ქორწინებაა. პირველი ოჯახი დაენგრა და სამი მოზრდილი შვილი ჰყავს. ნონასთვის კი ის პირველი მამაკაცი და, როგორც გვითხრა, ერთადერთი შანსი იყო. ახალშეუღლებული წყვილი ერთად ტკბილ და მშვიდ ცხოვრებას გეგმავს. ისინი “სარკეს” რედაქციაში ეწვივნენ და თავიანთი ისტორია უამბეს.

– უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ დაოჯახებას, გისურვებთ ბედნიერი და მყარი ოჯახის შექმნას! ბატონო გოჩა, გვიამბეთ, როგორ მიხვედით გადაწყვეტილებამდე, რომ ჩვენს ჟურნალში განცხადება გამოგექვეყნებინათ ქალის გასაცნობად?

გოჩა: ჩემს ასაკში ქალის მოძებნა ძნელი იყო. “სარკე” პოპულარული ჟურნალია და ამიტომ გადავწყვიტე, თქვენთვის მომემართა.

ელოდით, რომ ვინმე გამოგეხმაურებოდათ, გჯეროდათ, რომ ამ გზით შესაძლებელი იქნებოდა ოჯახის შექმნა?

გოჩა: ამ დონეზე ნამდვილად არ მოველოდი. ძალიან რთული სიტუაცია მქონდა, ვეძებდი ისეთ ქალს, რომელიც გამიგებდა, მიიღებდა ჩემს შვილებსა და შვილიშვილებს, ასევე ჩემს წარსულს. ბევრი მცდელობის შემდეგ გამოჩნდა პატიოსანი, წესიერი ადამიანი და ჩვენი ურთიერთობა ოჯახის შექმნით დაგვირგვინდა.

– რამდენჯერ გამოაქვეყნეთ განცხადება?

გოჩა: ალბათ ორ-სამჯერ. ადრე რუბრიკა “გულახდილ საუბრებშიც” დაიბეჭდა ჩემი ისტორია და მაშინაც გამომეხმაურნენ, თუმცა, როდესაც განცხადება გამოქვეყნდა, მაშინ უფრო ბევრი ადამიანი დამიკავშირდა. მათგან ძალიან ბევრი კარგი იყო, თუმცა ზოგს რა პრობლემა ჰქონდა, ზოგს – რა.

– თქვენ და ქალბატონი ნონა როგორ შეხვდით ერთმანეთს?

გოჩა: ნონამ ნახა ჩემი განცხადება, გაიგო, როგორი პიროვნება ვიყავი, დაინტერესდა და დამიკავშირდა.

– ბატონო გოჩა, თქვენი პირველ ოჯახის ისტორია გვიამბეთ.

გოჩა: მყავს სამი შვილი – 25 წლის გია, 24 წლის ეკა, 23 წლის თორნიკე და სამი შვილიშვილი. სწორედ მათ გამო გადავწყვიტე ოჯახის შექმნა – რომ მეცოცხლა, შვილებს გვერდში დავდგომოდი და უფრო კარგად ვყოფილიყავი. უსიყვარულოდ სიცოცხლე ნამდვილად არ შემეძლო. ცოლი რომ არ მომეყვანა, ისეთ დღეში ვიყავი, ალბათ დავიღუპებოდი.

– ცოტა უხერხული კითხვაა, მაგრამ რატომ დაგენგრათ პირველი ოჯახი, რა იყო ამის მიზეზი?

გოჩა: ეს ძალიან დელიკატური საკითხია. ცოლს გაშორებული ვარ, რადგან არ გამოვიდოდა მასთან ცხოვრება. ჩემს ყოფილ მეუღლეს ყველანაირი შანსი მივეცი, სახლიდან რომ წამოვედი, ვცადე შერიგება, მაგრამ არ დათმო. ძალიან მეცოდება, რადგან მე ხელწამოსაკრავი კაცი არ ვიყავი.

ძალიან მიყვარს შვილები, შვილიშვილები და ამიტომ გადავწყვიტე ცოლის მოყვანა, რომ დიდხანს ვიცოცხლო და ისინი კვლავ გავაბედნიერო.

– შვილებმა როგორ მიიღეს თქვენი გადაწყვეტილება?

გოჩა: მათგან არანაირი პრობლემა ყოფილა, პირიქით, ძალიან გაუხარდათ. ასეთ რამეს გეტყვით: ჩემმა ქალიშვილმა და შვილიშვილმა მომაყვანინეს ცოლი, ჩემი ქალიშვილის მანქანით, თან შვილიშვილი მახლდა, ნონა წამოვიყვანეთ თერჯოლაში, სადაც სახლი მაქვს.

ნონას ქუთაისში შევხვდით. მთელი ქუთაისის ბაზარი ჩვენ გვგულშემატკივრობდა. ისეთი უცნაური რამ მოხდა, რომ ხალხი გაკვირვებული იყო. ნონა ზუგდიდიდან იყო ჩამოსული – ნახევარ საათში გამოვპრანჭეთ და წავიყვანე თერჯოლაში.

– ანუ პირველივე ნახვისას მოხდა თქვენი შეუღლება?

გოჩა: 3-4 დღე ტელეფონით ვისაუბრეთ და ძალიან დავუახლოვდით ერთმანეთს. ნონა არის პედაგოგი, ძალიან კეთილი, პატიოსანი. ძალიან გაჭირვებული ცხოვრება ჰქონდა. სხვათა შორის, ქალიშვილი გახლდათ. დღეს ისეთი დროა, რომ მასაც უჭირს, არ აქვს სამსახური.

ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს დაემთხვა და ნახევარ საათში გადავწყვიტეთ შეუღლება. მის ძმებს, ახლობლებს დავურეკე, ვუთხარი, ერთმანეთი მოგვწონს და უნდა ვიქორწინოთ-მეთქი.

– ქალბატონო  ნონა, “სარკეში” გამოქვეყნებულ განცხადებებს თაობაზე ხშირად კითხულობდით, გინდოდათ ვინმე გაგეცნოთ?

ნონა: მეგობართან ვიყავი და მას ჰქონდა ჟურნალი “სარკე”. პირადად ჩემი ინიციატივით არ მომხდარა გაცნობა – დაქალმა ჩამაწერინა გოჩას ნომერი. შემდეგ დავინტერესდი, დავურეკე და შევქმენით ოჯახი.

– ოჯახმა როგორ მიიღო თქვენი გადაწყვეტილება?

ნონა: ნორმალურად.

– ქალბატონო ნონა, არ გაგიჭირდათ ასე უცებ ასეთი საპასუხისმგებლო ნაბიჯის გადადგმა?

ნონა: ემოციებში ვიყავი, შიშის შეგრძნებაც მქონდა. ჩემს თავს ვუთხარი, რომ უკან დასახევი გზა არ იყო. ვიფიქრე, გავრისკავ და გავყვები-მეთქი. თანაც ისეთი ბიძგი მომცეს, რომ დავფიქრდი, თავი უხერხულად აღარ ვიგრძენი.

– ქალბატონო ნონა, თქვენს მეუღლეს პირველი ოჯახი დაენგრა, ჰყავს შვილები, შვილიშვილები. ეს თქვენთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენდა?

ნონა: გოჩამ ყველაფერი გამიმხილა, ყველაფერი ვიცოდი, არაფერი დაუმალავს. გულახდილი, დადებითი პიროვნებაა და მის სიტყვას ვენდე. დღევანდელ ცხოვრებაში ბევრს ენგრევა ოჯახი.

– თქვენ როგორ ოჯახში გაიზარდეთ, რა გზა გამოიარეთ დღემდე?

ნონა: ობლობაში გავიზარდე, მშობლები ადრე გარდამეცვალნენ. ორი ძმა მყავს, ორივე ჩემზე უფროსია. ძალიან კარგი ოჯახი მყავს.

– ალბათ უკვე დაალაგეთ ოჯახური გეგმები. სად იცხოვრებთ, რას გააკეთებთ?

ნონა: სოფელ კრწანისში ვიცხოვრებთ. პროფესიით ბიოლოგი ვარ, მაგრამ დღესდღეობით არ ვმუშაობ. დიასახლისი ვიქნები, ოჯახს მივხედავ.

გოჩა: მე არ მაქვს ფინანსური პრობლემა, თავისუფლად შემიძლია მივხედო ჩემს მეუღლეს. თუ სურვილი ექნება მუშაობის, არც მაგის წინააღმდეგი ვარ.

თერჯოლაში, ჩემს მშობლიურ სოფელში, მაქვს სახლი. რუსთავში მქონდა ბინა და ის შვილიშვილებს დავუტოვე. კრწანისში კერძო სახლი მაქვს ნაქირავები.

– ბატონო გოჩა, რას საქმიანობთ?

გოჩა: პროფესიონალი მშენებელი ვარ და ახლა თბილისში მშენებლობაზე ვმუშაობ.

– ქორწილის გადახდასაც ხომ არ აპირებთ?

გოჩა: თერჯოლაში პატარა სუფრა გვქონდა.

.

გოჩა ნემსიწვერიძე და ნონა გელოვანი გია ჯაჯანიძემ თავის შოუში, ,,სხვა რაკურსში’’ მიიწვია, სადაც ისინი თავიანთი გაცნობისა და დაოჯახების ამბავს კიდევ ერთხელ მოყვებიან.

 მარი მგალობლიშვილი, სარკე

https://youtu.be/xxNx8ShslPs