თემო გოცაძემ ინტელიგენციის წერილიდან ხელმოწერა მოხსნა – “საქართველოს დასავლეთისაკენ სწრაფვას ალტერნატივა არ აქვს”

თემო გოცაძემ ინტელიგენციის წერილიდან ხელმოწერა მოხსნა - "საქართველოს დასავლეთისაკენ სწრაფვას ალტერნატივა არ აქვს"საზოგადოებისა და კულტურის სფეროს რამდენიმე წარმომადგენელი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს ღია წერილით მიმართავს. მათი თქმით პროდასავლურმა პოლიტიკამ და ქართველების სწრაფვამ ნატოს სამხედრო ალიანსისკენ გაართულა საქართველოს ურთიერთობები მეზობელ რუსეთთან და შეაფერხა ქვეყნის განვითარება.

აღნიშნულს ეხმაურება საქართველოს სახალხო მხატვარი თემო გოცაძე და აცხადებს, რომ მან წერილს ხელი მოაწერა:

„ძვირფასო მეგობრებო,

ვადასტურებ ხელმოწერას დიპლომატიური კორპუსისადმი გაგზავნილ მიმართვაზე. თუმცა, ხელი მოვაწერე არა იმას, რომ დასავლურმა კურსმა შეაფერხა საქართველოს განვითარება, არამედ იმას, რომ საქართველოს წარმოჩენა მსოფლიო ასპარეზზე აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე წარმოუდგენლად მიმაჩნია.

აღნიშნული წერილი სრულიად სხვა კონტექსტითა და პოლიტიკური დატვირთვით გამოქვეყნდა, რაც ჩემთვის ყოველმხრივ მიუღებელია.

აქვე ვადასტურებ, რომ საქართველოს დასავლეთისაკენ სწრაფვას ალტერნატივა არ აქვს.

გადავწყვიტე მოვხსნა ჩემი ხელმოწერა აღნიშნული განცხადებიდან“, – წერს გოცაძე სოციალურ ქსელში.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე საზოგადოებისა და კულტურის სფეროს რამდენიმე წარმომადგენელების მიერ გავრცელებულ ღია წერილს ეხმაურება და აცხადებს, რომ ის წერილის ხელმომწერი არაა.

ხელმოწერას ასევე უარყოფს საქართველოს სახალხო არტისტი გოგი ქავთარაძე.

ნიუპოსტი