სენსაცია ტექნოლოგიებში _ მობილურ ტელეფონებს შეეძლებათ მოსალოდნელ მიწისძვრებსა და კატაკლიზმებზე გვამცნონ

სენსაცია ტექნოლოგიებში _ მობილურ ტელეფონებს შეეძლებათ მოსალოდნელ მიწისძვრებსა და კატაკლიზმებზე გვამცნონშესაძლებელია, მალე ჩვენმა სმარტფონებმა კატაკლიზმების პროგნოზირება შეძლოს.  აშშ-ს გეოლოგიურმა კვლევებმა, ნასას, ჰიუსტონის, მელონისა და კალიფორნიის ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევრებმა უკვე აჩვენეს მსოფლიოს, რომ მობილურის მონაცემების გამოყენებით შესაძლებელი იქნება ცუნამისა და მიწისძვრის ფატალური შედეგების თავიდან აცილება.

GPS სისტემას შეუძლია, ჩვენგან ძალიან შორს დააფიქსიროს რყევები და მოგვაწოდოს მონაცემები ბევრად ადრე, ვიდრე უბედურება ჩვენამდე მოაღწევს.

მიწისძვრის დროს წამებსაც კი შეუძლიათ ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლე გადაწყვიტონ. სეისმოლოგები იყენებენ სეისმომეტრს, რომლის საშუალებითაც უკვე არაერთი სიცოცხლე გადაარჩინეს იაპონიის, მექსიკის თუ აშშ-ს კატაკლიზმების დროს. თუმცა ამჟამად ეს სისტემები არამარტო ძვირია, არამედ ძალიან დიდ დროს მოითხოვს, რაც მათ არაეფექტურობას განაპირობებს. უმეტესად პრობლემა არის ის, რომ ადამიანებს ინფორმაცია ბევრად გვიან მიეწოდებათ.

აშშ-ს ყოველწლიურ სამეცნიერო შეხვედრაზე ნასა-ს წარმომადგენელმა ჯერალდ ბოუდენმა განაცხადა, რომ უკვე არსებობს ცუნამისა და მიწისძვრის პროგნოზირების საშუალებები და ახლა მთავარი მათი ადამიანებამდე მიტანაა.

სწორედ ეს პრობლემა შეუძლია, გადაწყვიტოს ჩვენმა მობილურებმა. სატელიტების დახმარებით შეიქმნება ერთიანი ქსელი, რომელშიც ერთდროულად მრავალი ადგილი იქნება ჩართული. მისი დახმარებით კი დედამიწის ქერქის მილიმეტრებით ცვლილებაც კი დაფიქსირდება.

ამ  ქსელში ჩართული იქნება ათასობით დამკვირვებელი მონიტორი, რომლებიც დედამიწის ნებისმიერ ადგილზე დააფიქსირებენ რყევების შემთხვევებს და მაშინვე გადასცემენ ინფორმაციას ქსელში ჩართულ მოწყობილობებს.

_  ჩვენ შეგვიძლია, მობილურებში ჩავტვირთოთ აქსელერომეტრები (მოძრაობის და შენელების გასაზომი ხელსაწყო), რომელთა საშუალებითაც მოვახდენთ უზარმაზარი რაოდენობის მონაცემების შეგროვებას. ამან შეიძლება რევოლუცია მოახდინოს მიწისძვრების ,,მართვაში”, _ აცხადებს კალიფორნიის უნივერსიტეტის სეისმოლოგიური ლაბორატორიის დირექტორი.

არცთუ ისე ახალი სმარტფონების აპლიკაციებიც თავისუფლად იღებენ და მართავენ ინფორმაციას ადგილსამყოფელის შესახებ, უახლეს მობილურებს კი ატმოსფეროში ცვლილებების დაფიქსირების უნარიც გააჩნია.

მალე  მოსალოდნელ საფრთხეზე შეტყობინების მისაღებად მხოლოდ სათანადო აპლიკაციის ჩამოტვირთვა იქნება საჭირო. ამ აპლიკაციის დახმარებით კი მყისიერად მივიღებთ ინფორმაციას და დროზე შეგვეძლება შესაბამისი ზომების მიღება.

ამ მომენტისთვის ორი რეგიონული პროექტი მიმდინარეობს ამერიკასა და იაპონიაში. ნასას მეცნიერები აქტიურად მუშაობენ მიზნის მისაღწევად. წარმატებული მუშაობის შემთხვევაში კი ცოტა ხანში გლობალურ  ქსელში მსოფლიოს სხვა სახელმწიფოებიც ჩაერთვებიან.

თამარ ტყემალაძე