,,ამაზონის” დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, რომელიც 120 მილიარდი დოლარის ქონებით მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად ითვლება, ძალებს ახლა უკვე ჯანდაცვის ინდუსტრიაში სინჯავს. მისი ახალი მიზანი საუკეთესო ჯანდაცვის სისტემის შექმნაა, რომელიც მომხმარებლებს მაქსიმალურად ხარისხიანად და იაფად მიეწოდებათ.
ახალმა განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბეზოსი გაჩერებას არ აპირებს. იგი სრულიად განსხვავდება სხვა მილიარდერებისაგან, როგორებიც ბილ გეიტსი, მარკ ცუკერბერგი ან ლარი ფეიჯი არიან. მათგან გასხვავებით, იგი არ გაჩერებულა ,,ამაზონის” შექმნაზე და განაგრძობს უზარმაზარი ბიზნესიმპერიის მშენებლობას, რომელიც უამრავ განსხვავებულ ინდუსტრიასა და სფეროს აერთიანებს.
ამ პროექტთან დაკავშირებით დასმული კითხვების საპასუხოდ ჯეფ ბეზოსმა თავისი წარმატების ფორმულა ერთ წინადადებაში ჩამოაყალიბა: „წარმატება მოითხოვს ნიჭიერ ექსპერტებს, დამწყების გონებასა და დიდი ხნის განმავლობაში კონცენტრირებას“.
აქ გაერთიანებულია უმდიდრესი ბიზნესმენის სამი მიდგომა, რომელთა მიხედვითაც ახორციელებს თითოეულ ახალ გეგმასა თუ პროექტს.
1.შემოიკრიბე გარშემო შესაფერისი ადამიანები. თუკი დიდი მიზნების მიღწევა გსურს, გჭირდება, რომ გარშემო სათანადო ადამიანებით დაკომპლექტებული გუნდი გყავდეს. აქ ჩანს, რომ ბეზოსისთვის „ნიჭიერი ექსპერტი“ გულისხმობს არა მარტო ნიჭიერ ადამიანს, არამედ მას, ვისაც სხვებთან ერთად მუშაობის უნარი აქვს და გააჩნია ე.წ „ემოციური ინტელექტი“ _ ბოლომდე გააზრებული აქვს, რას აკეთებს.
2.იყავი მუდმივად გახსნილი სწავლისათვის. ნიჭიერი პერსონალის მთავარი პრობლემა ხშირად არის ის, რომ ჰგონიათ, ყველაფერზე თავად აქვთ პასუხი. სწორედ ამის გამო აცხადებს ბეზოსი, რომ საჭიროა „დამწყების გონება“. ასეთ ადამიანს არ უნდა სურდეს, რომ იყოს ყოვლისმცოდნე, მას უნდა უნდოდეს, რომ ყველაფერი ისწავლოს.
3.იყავი მზად ხანგრძლივი თამაშისათვის.
,,ამაზონს” წლების განმავლობაში არ მოჰქონდა მოგება, მაგრამ ბეზოსი ამას ყურადღებას არ აქცევდა. მას სჯეროდა, რომ საბოლოოდ მაინც მიაღწევდა მიზანს, ვინაიდან ადამიანები, ახლა თუ არა, მოგვიანებით მაინც აირჩევდნენ ყიდვა-გაყიდვის ფუნდამენტურად განსხვავებულ მოდელს.
სწორედ ამიტომ მიიჩნევს, რომ ყველა წარმატება მოითხოვს დიდი ხნის განმავლობაში კონცენტრირებას საბოლოო მიზნის გზაზე.
თამარ ტყემალაძე

