ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ ბედნიერებისთვის სულაც არ არის საჭირო მილიონერი იყოთ. საკმარისია, სასარგებლო ჩვევები შეიძინოთ.
დასაძინებლად ადრე დაწექით
სხვა სიტყვებით – გამოიძინეთ. ნეირობიოლოგიურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ნეგატიური და პოზიტიური ინფორმაციის დამუშავებაზე თავის ტვინის სხვადასხვა განყოფილება მუშაობს. ძილის უკმარისობა ძლიერ ზეგავლენას ახდენს იმ ზონებზე, რომლებიც კარგ ამბებს ამუშავებენ. გამოუძინებელი ადამიანი ბევრად უფრო ცუდად იმახსოვრებს კარგს და მეტისმეტად კონცენტრირებულია ცუდზე.
თუ გეჩვენებათ, რომ თქვენი ცხოვრება სავსეა წარუმატებლობებით, უბედურებითა და უსიამოვნებებით, შეიძლება ამის მიზეზი ძილის უკმარისობა და ჰიპოკამპის ცუდი მუშაობა იყოს, სწორედ ის არის პასუხისმგებელი სასიამოვნო მოგონებებზე.
მეტი დრო გაატარეთ ახლობლებთან
გამოკვლევებით გამოვლინდა, რომ ნათესაური და მეგობრული კავშირები ბედნიერების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია მთელი ცხოვრების მანძილზე. ახლობელ ადამიანებთან ნდობით აღსავსე ურთიერთობები გვაბედნიერებს. ამ მარტივ ჭეშმარიტებას ხშირად ვივიწყებთ. ნათესავებს არ ვნახულობთ, მეგობრებს იშვითად ვურეკავთ, და-ძმას ვეჩხუბებით და უბედური ვხდებით.
დამტკიცებულია: ახალ მეგობარს უფრო მეტი სიხარული მოაქვს, ვიდრე ხელფასის სოლიდურ მომატებას.
სხვებს დაეხმარეთ
ფსიქოლოგთა მტკიცებით, გარშემო ადამიანებისთვის ნებაყოფლობითი დახმარება ჩვენი ბედნიერების დონეს ამაღლებს. მკვლევრებმა ოპტიმალური დროც კი გამოთვალეს: 100 საათი წელიწადში, ე.ი. 2 საათი კვირაში სხვებზე უანგარო ზრუნვას მიუძღვენით. სიკეთე აკეთეთ არა – მადლობისა და თქვენი დამსახურების აღიარებისთვის. თქვენი მადლობა და იმავდროულად ბედნიერების წყარო – ეს არის იმის გაცნობიერება, რომ კარგი ადამიანი ხართ და სწორად იქცევით. ცხოვრებაში ყოველთვის მოიძებნება საბაბი კარგი ქცევისთვის.
მოგზაურობა დაგეგემეთ
მაშინაც კი, თუ შვებულებისთვის ფული არ გაქვთ და არ იცით, როდის გექნებათ, სულ ერთია, შეარჩიეთ ქვეყანა, სადაც წასვლას ისურვებდით. მოძებნეთ ავიარეისების განრიგი, სასტუმროების სპეციალური შემოთავაზებები, დაათვალიერეთ ფოტოსურათები, შეადგინეთ მარშრუტი, წაიკითხეთ სტატიები ამ ქვეყნის ისტორიისა და ღირშესანიშნაობების შესახებ.
ფსიქოლოგიური გამოკვლევებით გაირკვა, რომ ადამიანთა უმეტესობისთვის დაგეგმვა მოგზაურობის ყველაზე სასიამოვნო ნაწილია. მაშინაც კი, თუ პიროვნება არსად გაემგზავრება, შესანიშნავი მოგზაურობით წინასწარი ტკბობა მას უფრო გააბედნიერებს.
თუ შემდეგში შვებულებისთვის ფულს იშოვით, უკვე დეტალურად მოფიქრებული გეგმა გექნებათ და თქვენი მოგზაურობა მშვენივრად ჩაივლის.
გენერალური დალაგება ჩაატარეთ
მეცნიერულად დამტკიცებული ფაქტია, ვიწრო სივრცე ადამიანის ფსიქიკაზე ცუდად ზემოქმედებს. რაც უფრო მეტია თავისუფალი ადგილი, მით ნაკლებია არასაჭირო ხარახურა, სული მით უფრო მხიარულობს, ხარობს.
კარადაში რევიზია ჩაატარეთ. დატოვეთ მხოლოდ ის, რაც სიხარულს განიჭებთ და რეგულარულად იყენებთ. დანარჩენები გაეცით ან გადაყარეთ.
იყავით მადლიერი
გულწრფელი მადლიერების გამოხატვის ჩვევა უფრო ბედნიერს გაგხდით. ფსიქოლოგიური მექანიზმი ძალიან მარტივია – როდესაც მადლობას წარმოთქვამთ, ამით თქვენს ცხოვრებაში არსებულ პოზიტიურ ამბებსა და მოვლენებზე ყურადღების კონცენტრაციას ახდენთ. მაშინვე ცხოვრება წარმტაცი ხდება, ირგვლივ სამყარო უკვე ისეთი მტრული აღარ გეჩვენებათ.
ამერიკელმა ფსიქოლოგებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს. მონაწილეებს სამი კვირის განმავლობაში, ყოველდღიურად სამი სამადლობელი წერილი უნდა დაეწერათ. ამ მოკლე დროშიც კი ცვლილებები შესამჩნევი გახდა. საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, “მწერლები” თავს უფრო ბედნიერად გრძნობდნენ, ცხოვრებით უფრო კმაყოფილები და დეპრესიისკენ ნაკლებად მიდრეკილები იყვნენ. აწარმოეთ დღიური და ყოველდღიურად ჩაიწერეთ რაიმე მოვლენა, ამბავი, რისთვისაც გსურთ სამყაროს მადლობა გადაუხადოთ.
“სარკისთვის” მოამზადა აზა გაგოშიძემ

