გოგა ჩანადირი: “მე და ნათიამ ერთმანეთისგან დათმობა ვისწავლეთ”

გოგა ჩანადირი: "მე და ნათიამ ერთმანეთისგან დათმობა ვისწავლეთ"“გოგა, ბევრ პროექტში ხართ ჩართული. ახლა რა არის თქვენი მთავარი საქმე?” – ამ კითხვით იწყება ფოტოხელოვან გოგა ჩანადირთან ინტერვიუ ჟურნალ “სარკეში”, სადაც ის პასუხობს:

– ცხადია, ისევ და ისევ ფოტოგრაფიაა, მაგრამ, გარდა ამისა, სამოქალაქო აქტივობებში ვარ ჩართული. ძველი და ახალი თბილისის ფოტოებს ვადარებთ ერთმანეთს, ვიღებთ იმავე რაკურსებიდან, როგორც ძველ ფოტოებშია.

ფაქტობრივად, თბილისის 90 პროცენტი დღეს შეცვლილია. თავის ადგილას მხოლოდ ტაძრებია დარჩენილი და ორიოდე შენობა, მაგალითად, საპატრიარქო, რომელიც ადრე მეფის სახლი იყო და ახლანდელი საკრებულოს შენობა.

– თქვენ რომელი თბილისი უფრო მოგწონთ?

– ბევრი რამ იყო კარგი და ლამაზი – მადათოვის კუნძული, მეტეხის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია, ხიდები, რიყე, რომელიც აბსოლუტურად სხვანაირი იყო. მშრალი ხიდის ქვეშ, სადაც ახლა გზა გადის, მდინარე მტკვარი მიედინებოდა. უწინ ულამაზესი ხედები და შენობები იყო.

არის რაღაცები, რაც ახლა უფრო უკეთესია, მაგალითად, ნარიყალას ციხეა აღდგენილი.

– თავად რომელ თბილისში იცხოვრებდით და ვინ იქნებოდით პროფესიით?

– ძველ თბილისიში ვიცხოვრებდი და ისევ ფოტოგრაფი ვიქნებოდი ან მწერალი.

– ანუ თბილისი არის მუზების ქალაქი?

– არამარტო. ჩვენი ქალაქი გაძლევს ყველანაირ პირობას, რომ გიყვარდეს, მოგწონდეს, უფრთხილდებოდე, შთაგაგონებდეს.

– სოციალურ ქსელში ყველაფერ ქართულს უკეთებთ პროპაგანდას…

– ოღონდ კარგ ქართულს.

– ამ საკითხში ბევრი თანამოაზრე და მიმდევარი გყავთ?

– ალბათ ჯერ ბევრნი არ ვართ. ჩემი პოსტები სამოქალაქო-სახელმწიფოებრივი აქტივობაა. ის, რომ 9 საათზე გეწყება სამსახური, დროულად მიდიხარ და არ აგვიანებ, პატრიოტიზმის ნაწილია.

– ამდენმა მოწოდებამ შედეგი თუ გამოიღო? საქართველოში არ უყვართ შენიშვნების მიღება, მითითებები… წესრიგი – მით უმეტეს.

– არავის ვასწავლი და არც შენიშვნას ვაძლევ, არასდროს არავის ვამხელ რაიმეს დარღვევაში. თუ რამე არ მომწონს, უბრალოდ ვამბობ. ბევრმა დაწესებულებამ, მათ შორის მაღაზიებისა და სასტუმროების მეპატრონეებმა, თავიანთ ობიექტებზე ქართული წარწერები გააკეთეს. მივდიოდი მათთან, ტვინს ვუბურღავდი, ვთხოვდი, რომ ქართულადაც დაეწერათ.

– პირად ცხოვრებაშიც ისეთივე აქტიური ხართ, როგორც საზოგადოებრივში?

– კი. მყავს მეუღლე, ჯერჯერობით ერთი შვილი – ანიტა, რომელიც წლის და 8 თვისაა. ძალიან ყოჩაღი გოგოა, გონიერ შეკითხვებს სვამს.

– შვილმა რითი შეცვალა თქვენი ცხოვრება?

– ახლა უფრო ნაკლებს ვმოგზაურობ, ვიდრე მანამდე.

– როგორი მამა დადგა თქვენგან?

– ყურადღებიანი, ნამდვილი მამა ვარ. მეამაყება, რომ პირველი შვილი გოგო მყავს.

– არადა ქათველ კაცებს გვარის გამგრძელებლის, ანუ ვაჟის, დაბადება უფრო ეამაყებათ ხოლმე.

– მთავარი ის არ არის, გვარის გამგრძელებელი გეყოლება თუ არა, არამედ – შვილს როგორ გაზრდი.

– ცოლის მიმართაც ასეთივე ყურადღებიანი ხართ?

– ყურადღებიანი ვარ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მეოჯახე ვარ. მაგალითად, საჭმლის გასაკეთებლად მცირე დრო გვრჩება. სახლში მხოლოდ ბავშვისთვის ვაკეთებთ საჭმელს.

მე და ნათიამ ერთმანეთი 5 წლის წინ გავიცანით. ერთი წლის შემდეგ ვიქორწინეთ.

– რა ისწავლეთ ერთმანეთისგან?

– დათმობა.

– რა სურვილები უკავშირდება თქვენს პირადს?

– ძალიან მინდა, ბევრი შვილი მყავდეს.

– ბევრში რამდენს გულისხმობთ?

– მინდა, 5 შვილი მყავდეს. სახელებიც კი მოფიქრებული მაქვს.

– ცოლიც თანახმაა ამაზე?

– ვნახოთ, დრო გვიჩვენებს ამას.

– 30 წლის მამაკაცის გარეგნობა გაქვთ, თუმცა ვიცი, რომ ცოტა უფროსი ხართ. რა ხიბლი აქვს ახლა თქვენს ასაკს?

– 30-ს რამდენი ხანია გადავაბიჯე. ბიოლოგიური ასაკი არასდროს არის გადამწყვეტი, მთავარია განწყობა და დამოკიდებულება.

– ახლაც ისეთივე განწყობა და დამოკიდებულება გაქვთ, როგორიც 5-10 წლის წინ?

– კი, ბატონო, 15 წლის წინანდელიც კი. ვცხოვრობ ჯანსაღად, არ მოვიხმარ ნარკოტიკს, ვსვამ ალკოჰოლს, ოღონდ ზომიერად – 2-3 ჭიქას, დღეში 10 კილომეტრს მაინც დავდივარ ფეხით, დავდივარ ველოსიპედით, დავდივარ მთაში. არავისი მშურს და არც ბოღმა ვარ, ასეთ დროს ადამიანები ვერ გრძნობენ ასაკის მატებას.

ლანა კიკნაძე, ჟურნალი “სარკე”