“ალილოსა” და “ქუჩის მუსიკოსების” წევრმა, გია დავითიანმა, გასული წლის მიწურულს ჟურნალ “სარკეს” საინტერესო ინტერვიუ მისცა და პირადი ცხოვრებიდან მნიშვნელოვანი დეტალები გაუმხილა. შეგახსენებთ, რომ რადიო “ფორტუნას” გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა ნომინაციაში ხალხის რჩეული. მან 65.008 ხმა დააგროვა.
– ბატონო გია, პირად ცხოვრებაშიც გქონდათ სასიამოვნო სიახლე – დაოჯახდით.
– პირად ცხოვრებაში როგორი მდგომარეობა მაქვს, გეტყვით: ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმაა, რომ დავოჯახდი, ცოლი მოვიყვანე, მაგრამ ოფიციალურად არაფერი მომხდარა.
ჩემს ცხოვრებაში არის ქალი, რომელიც ძალიან მიყვარს და დიდ პატივს ვცემ. რასაკვირველია, თავადაც იმავე გრძნობით არის ჩემ მიმართ განწყობილი.გვაქვს კარგი გეგმები, რომლებსაც უნდა დალაგება, განსაკუთრებით ჩვენს ასაკში. ახლა სწორედ ის პერიოდია, როდესაც ჩვენ რაღაც-რაღაცებს ვაგვარებთ საცხოვრებლების თვალსაზრისით, შვილები გვყავს ორივეს. ასე რომ, ამ ყველაფერს დალაგება უნდა.
– 2018 წელს ქორწილი ხომ არ იგეგმება?
– ქორწილის რა მოგახსენოთ, არ ვართ იმ ასაკში, რომ პომპეზური ქორწილი გადავიხადოთ, მაგრამ ტრადიციულ სუფრას გავაკეთებთ, სადაც ჩვენი ახლობლები იქნებიან, ისინი, რომლებიც ამ გადაწყვეტილებაში მხარს გვიჭერენ.
– წინასაახალწლო სამზადისში იყავით ჩართული?
– ჩემს ოჯახში რამე პროდუქტი თუ შედის, ეს ხდება ჩემი ხელით. რაც ბაზართან არის დაკავშირებული, იმის ინიციატორი მე ვარ. ძალიან გურმანი ვარ.
– ახლაც? თქვენ ხომ ე.წ. კუჭის ოპერაცია გაიკეთეთ.
– ოპერაციის შემდეგ 80 კილო დავიკელი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გურმანობა დავკარგე. ჩემი ინიციატივით იგეგმება ყოველთვის, საახალწლო სუფრაზე რა კერძი უნდა გვქონდეს.
– კერძებსაც ამზადებთ?
– რა თქმა უნდა. ჩემს ოჯახში ტრადიციაა ხაშისა და “ხალადეცის” მომზადება და ამას საკუთარ თავზე მე ვიღებ ხოლმე.
ყოველთვის გვაქვს გოზინაყი, საცივი, “ხალადეცი” და ტკბილეულობა. ბედობას მეგობრებთან ერთად ვხვდები ხოლმე, ეს ტრადიციაა.
ახალ წელს ჩემთვის სხვა დატვირთვაც აქვს, დედა 1 იანვარს 83 წლის გახდა და როდესაც 1 იანვარი თენდება, უფრო მეტი მხიარულება და დიდი ბედნიერებაა ჩვენს ოჯახში. დედას ვუსურვებ, რომ 20 წელი კიდევ იყოს ჩვენთან.
მარი მგალობლიშვილი, ჟურნალი “სარკე”

