2013 წლის 14 თებერვალს – სიყვარულის დღეს ლიკა ყაზბეგმა და პატიმარმა გიორგი ჯელაძემ ციხეში ხელი მოაწერეს. მაშინ ყველა ამ ქორწინებაზე ლაპარაკობდა. ნაწილი ლიკას ტაშს უკრავდა სიმამაცისთვის, ნაწილს კი უკვირდა ლიკას გადაწყვეტილება.
მაგრამ ციხეში შექმნილი ოჯახი ციხეშივე დაინგრა. მაშინ ჩვენ ლიკას ამის მიზეზებზე ვეკითხებოდით, მაგრამ ის გაურბოდა ამ თემაზე ლაპარაკს. როგორც ჩანს, ამის დრო დადგა. დღეს ლიკა „პრაიმტაიმის“ სტუმარია. ამბობს, რომ გიორგის ოჯახის წევრებთანაც ჰქონდა კონფლიქტი.
– ლიკა, როგორ შეგაყვარა გიორგიმ თავი?
– … სამი მოწმე მყავს, რამდენ ხანს მთხოვდა თუნდაც ერთ ზარზე მეპასუხა პატიმრისთვის, რომელიც უდანაშაულოდ იხდიდა სხვის მაგივრად სასჯელს. დალი არჩვაძე, დედამისი, მიხატავდა სიურრიალისტურ სურათებს, რომ ჩემზე ბედნიერი ქალი არავინ იქნებოდა, რომ გიორგი ისეთი მაგარი ბიჭი იყო, რომ ციხიდან არჩენდა ოჯახს, რომ იყო „ადნალუბი“. მისი პირველი სიყვარული ვიყავი (ამას ჩემი ქმარი მწერდა. ჩვევა მაქვს, ყველაფერს ვინახავ და ამას წინათ ვნახე შენახული გზავნილები)
ჩემი ქმარი თავის ფბ-ზე ყველას ემუქრებოდა, ვინც ჩემთან ურთიერთობაში ხელს შეუშლიდა. როდესაც ეს ხელისშემშლელები შინაური მტრები აღმოჩნდნენ, მერე უკან დაიხია. ვერ გავკიცხავ ძალიან ამის გამო. ქართველი მამაკაცების 70 პროცენტი ასეთია. ვერ უწევენ წინააღმდეგობას ქალებს დედებთან ჭიპლარით მიბმული კაცები.
– ფბ აქვთ პატიმრებს?
– ის უკვე გარეთ არის.
– როდის გამოვიდა?
– 18 იანვარს, 17-ში ღამით. იმედია, მალე დატოვებს ქვეყანას… მთელი ვერისა და საბურთალოს პოლიცია ფეხზე დგას, რომ 100 მეტრზე არ მომიახლოვდეს.
– შემთხვევით რომ შეხვდეთ ერთმანეთს?
– ჩვენი გზები სამუდამოდ გაიყარა და მადლობა ღმერთს. სხვათა შორის თვითონ მასაც ვუხდი მადლობას, თავისი მარწუხებიდან რომ მიხსნა. მე უძლური ვიყავი, ეტყობა, ვერ ველეოდი ამდენ ამაგს. გამოსვლამდე სამი დღით ადრე ვრცელი წერილი მივწერე ჩემს ყოფილ ქმარს. კარგად იცის გიორგიმ, თმის ღერიც რომ ჩამომივარდეს, ყველაფერი მას და მის ხელისბიჭებს დაჰბრალდებათ. წერილში ჩემი სათქმელი ვუთხარი, სხვა არაფერი მაქვს სალაპარაკო.
პრაიმტაიმი

