მსახიობ რუსკა მაყაშვილს პირველი შვილი, ბიჭი, ეყოლა. მის ემოციებზე რუსკას დედა, მსახიობი თამარ მაყაშვილი “სარკესთან” საუბრობს.
_ ქალბატონო თამარ, შეიცვალა რუსკა გათხოვების მერე? როგორი დედა დადგა მისგან?
– როგორიც იყო, ისევ ისეთია, მაგრამ რასაც ნაკლებად ველოდებოდი, შვილზე გადაყოლილი დედაა. ძიძების გარეშე ზრდის ბავშვს. ჰყავს არაჩვეულებრივი მეუღლე და მისი მშობლები, რომლებიც ეხმარებიან, უმეტესად კი ბავშვს თვითონ უვლის. ჩვენც ჩართული ვართ, მაგრამ ნაკლებად. ცოტა ხანი იცხოვრა ჩვენთან და მერე წავიდნენ. ახლა სტუმრად მოდის ხოლმე.
_ როგორი ბავშვია ილია?
– რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ჭკვიანია. კარგი ზნის ბავშვია.
_ დედას ამსგავსებთ თუ მამას?
– ჯერ ვერავის ვამსგავსებ, მაგრამ ყველა ამბობს, რომ რუსოს ძალიან ჰგავს. რუსომ თვითონ გამოდო პატარაობის ფოტო, სადაც ძალიან ჰგავს. მე ნინუცასაც (რუსკას და, ავტ.) ვამსგავსებ.
_ თქვენ როგორი ხართ ბებიის როლში?
– მე დიდი ხნის ბებია ვარ, უფროსი შვილიშვილი 8 წლისაა. რა ვიცი, ვფიქრობ, რომ ჩვეულებრივი ბებია ვარ. ერთადერთი ისაა, რომ პატარა ძალიან მძიმეა და, ჩემი ხერხემლის გადამკიდე, მიჭირს ტარება, მაგრამ ჩემს სახლში იმდენი ხალხი მიდი-მოდის, 5-5 წუთი ყველამ რომ დაიჭიროს, მთელი დღე გავა.
_ 2017 წელი როგორი იყო თქვენი ოჯახისთვის?
– ვერ ვიტყოდი, რომ ცუდი იყო. რაღაც პერიოდი ვიმუშავე. ვფიქრობ, ჩვეულებრივი წელი იყო, თუმცა იყო სიახლეც – აგერ, ბატონი ილია შემოგვემატა!
ძალიან საინტერესო იყო 2013 წელი, როდესაც რუსკამ “ცეკვავენ ვარსკვლავები” მოიგო. 31 დეკემბრის ღამე იყო, იქიდან აქ მოვედით, სუფრა იყო გაშლილი, ნაცნობ-უცნობები მოდიოდნენ და გვილოცავდნენ. ძალიან საინტერესო იყო, უცნობი ადამიანებიც რომ იზიარებდნენ ჩვენს სიხარულს.
_ რას ელოდებით 2018 წლისგან?
– ყოველთვის მაქვს მოლოდინი, რომ ჩემ ირგვლივ ადამიანები უნდა იყვნენ ჯანმრთელები და წარმატებულები. მაშინ მეც კარგად ვიქნები და არ აქვს მნიშვნელობა, ტელევიზიაში ვიმუშავებ თუ არა. მთავარია, დილით საკუთარ თავს შემოუძახო, რომ ცხოვრება მშვენიერია და უფრო ოპტიმისტურად განეწყობი.
ჩვენ, არტისტები, დინებას მივყვებით. ფორტუნა და ბედისწერაა ყველაფერი. მოირამ რაც გიწინასწარმეტყველა, ისე მიჰყვები ცხოვრებას.
თინათინ ოსმანოვა, ჟურნალი “სარკე”

