მსახიობი ნინო თარხან-მოურავი საკუთარ თმას ერჩის. როცა გარეგნობაში რაღაცის შეცვლა უნდა, მაშინვე თმის ფერს ან სიგრძეს იცვლის. ეს ცვლილებები საქმეში – სცენაზე თუ ეკრანზე – ხელს არ უშლის, რადგან პარიკი იქვეა.
– ქალბატონო ნინო, თქვენი ცხოვრების წესს შეიძლება ვუწოდოთ ჯანსაღი?
– ასე ცხოვრებას ხან ვახერხებ, ხან – ვერა. რამდენიმე წელი ვვარჯიშობდი, მაგრამ ოჯახური მიზეზების გამო თავის დანებება მომიწია. 4 წელი კვირაში 3 დღე აკვააერობიკაზე დავდიოდი. იქ მეგობრებმა ძალით წამიყვანეს. ოთხნი მივედით და ბოლოს მარტო მე დავრჩი. ახლაც ერთი სული მაქვს, როდის გავაგრძელებ ვარჯიშს.
– რა მოგიტანათ სისტემატურმა ვარჯიშმა?
– ძალიან ბევრი რამ მომცა, ნერვული სისტემა მომიწესრიგა. წყალში ვარჯიშმა დამამშვიდა, სხეული გამომიჯანსაღა, უფრო შემკრა, მეტი ენერგია მომცა.
– ვარჯიშთან ერთად სწორად კვებას თუ ახერხებთ?
– არა. ისეთი პროფესია მაქვს, ხშირად მთელი დღე ქუჩაში ყოფნა მიწევს და ან ჭამას ვერ ვახერხებ, ან რაც შემხვდება, იმას ვჭამ, თუმცა მაინც ვცდილობ, მავნე საკვები არ მივიღო.
– გაგიმართლათ, რომ არაჯანსაღი კვება თქვენს წონაზე არ აისახება.
– უკვე რამდენიმე წელია სტაბილურად ერთ წონაზე ვარ, შესაბამისად, ამაზე არც ვფიქრობ. რაც არ შემიძლია, ეს დიეტაა. თუ რაღაც აკრძალული მაქვს, ზუსტად ის მინდება. დიეტა ალბათ ბავშვობაში თუ დამიცავს და ისიც ერთი დღე, მეტი არ გამომდიოდა.
– პრობლემა რომ გქონოდათ, გამოგივიდოდათ.
– ადრეულ ასაკში უფრო მქონდა, ახლა სტაბილურად ამ წონაზე ვარ.
– თქვენთვის ნაცნობია გრძნობა, რომელიც წლების მატებასთან ერთად ჩნდება, როცა სარკეში ჩახედვა სასიამოვნო აღარ არის, რადგან გარეგნობაში რაღაც არ მოგწონთ?
– ეს მომენტი ალბათ ყველა ქალს აქვს, მაგრამ სანერვიულო არაფერია. ეს ბუნების კანონია და ვერაფერს იზამ. ამ საკითხს ფილოსოფიურად თუ შეხედავ, ცოტა სასაცილოა.
– თქვენს პირად ცხოვრებაში მომხდარ ამბებს ირეკლავს თქვენი სახე?
– ცოტა უკულტურობაა, როცა შენი პირადი გარეთ გამოგაქვს და ვიღაც შენი გარეგნობის მიხედვით ამას ხვდება. თუმცა ამას ხან ვახერხებთ, ხან – ვერა.
– თქვენი აზრით, რომელი ასაკია ქალისთვის ყველაზე საინტერესო?
– ალბათ ყველაზე ბედნიერი მაშინ ხარ, როცა პატარას დედა გივლის. მერე უკვე ყველაფერი საინტერესო და საყვარელია თავისი შეცდომებითაც, გამარჯვებებითაც…
– როგორც ქალს, როგორი პერიოდი გაქვთ ახლა?
– იმის შეგრძნება მაქვს, რომ ახალგაზრდა ვარ. გამოცდილება მაქვს, ბევრი ისეთი რაღაც ვიცი, რაც, მაგალითად, 36 წლის ასაკში არ ვიცოდი. თუ ამ ყველაფერს შენში დააბალანსებ, საუკეთესო ასაკი გამოვა.
– თუ საიდუმლო არ არის, რამდენი წლის ხართ?
– 52 წლის.
– საერთოდ, არ გეტყობათ.
– პატარა ვარ. არავის სჯერა, რომ 52 წლის ვარ. ასაკს არ ვამბობ ხოლმე, მაგრამ თუ მეკითხებიან, არ ვმალავ. თუ შიგნიდან ნაოჭები არ გაგიჩნდა, გარედანაც ნაკლები გექნება.
– კანისთვის სპეციალური ინექციები გაგიკეთებიათ?
– კი, როგორ არა, მეზოთერაპიისთვის ხშირად მიმიმართავს. ნაოჭებს, რომლებიც ნელ-ნელა ჩნდება, რაღაცნაირად ვეჭიდავები და მერე რა იქნება, არ ვიცი.
– როგორ შეხვდით პირველ ნაოჭს, როცა სარკეში ჩაიხედეთ და ცვლილება შენიშნეთ?
– არ მომეწონა, მაგრამ რას ვიზამდი? 36 წლის რომ ხარ, ეს ამბავი ცოტა ხანში გავიწყდება და მხიარულ ცხოვრებას აგრძელებ. მე მაინც ვთვლი, რომ ყველაფერი განწყობაზეა დამოკიდებული და არა – ნაოჭებზე. მთავარია, შინაგანად იყო ბედნიერი, საკუთარ თავთან ჰარმონიაში იყო და ნაოჭი ვერაფერს დაგაკლებს.
– როცა სარკეში იყურებით, იქიდან ვინ გიმზერთ?
– მე მგონი, ყველაფერთან ჰარმონიაში ვარ, რადგან ჯერ არ შემშინებია იმის, ვინც სარკიდან მიყურებს. ერთმანეთს ვუგებთ.
– როგორც შევამჩნიე, თმის ფერს და ვარცხნილობებს ხშირად იცვლით.
– დიახ. არასდროს მაქვს სტაბილურად ერთი ფერის და ერთი სიგრძის თმა. ჩემს თმას ვერჩი. თეთრი ფერიდან დაწყებული, რა ფერი აღარ მქონია. ბოლო 4 თვეა, რაც ერთი ფერის თმა მაქვს, რადგან სერიალის გამო ვერ ვიცვლი (მონაწილეობს ახალ ტელესერიალში “დიდი შესვენება”. ავტ.). ბუნებრივ ფერზე მაქვს შეღებილი. სულ ჭაღარა ვარ და ღია საღებავი არ მღებავს, ამიტომ იძულებული ვიყავი, ისევ მუქ ფერს დავბრუნებოდი.
– თმაზე ექსპერიმენტები არ გაშინებთ?
– არასდროს. სცენაზე პარიკის დახურვაც შემიძლია. ხშირად გადამიხოტრავს 2 სანტიმეტრამდე.
– თქვენი აზრით, რა ხდის ქალს დახვეწილს, მიმზიდველს?
– მდიდარი შინაგანი სამყარო ადამიანს სახეზე ყოველთვის აწერია.
ეკა ლემონჯავა, ჟურნალი “სარკე”

