პროფესიონალი მაჭანკალი, რომელიც ყველანაირი ხერხით ცდილობს წყვილების ბედის გაჩარხვას – ასეთია თამუნა აბშილავას გმირი, კლარა, სერიალში “ჩემი ცოლის დაქალები”. ის სენაკის აკაკი ხორავას სახელობის თეატრის დასის წევრია. 44 წლის მსახიობი “სარკეს” უყვება, რომ მის ცხოვრებაში ყოფილა ბევრი გატაცება, მაგრამ სერიოზულ გრძნობამდე და ქორწინებამდე არც ერთი მისულა.
თამუნა აბშილავა:
– კლარა ჩემთან საერთოდ არ არის ახლოს, თუმცა, როგორც გმირი, არ მგონია, ცუდი იყოს.
– კინოში და სცენაზე რა როლები გაქვთ ნათამაშევი?
– პირადი პრობლემების გამო ჩემს სფეროს ჩამოცილებული ვიყავი. ასე ვთქვათ, ძალიან დიდი წყვეტა მქონდა. არც თეატრში ვიყავი. სიმართლე გითხრათ, პრობლემების გამო ვერც ვეცდებოდი ფილმებში მოხვედრას.
– თუ საიდუმლო არ არის, იქნებ გვითხრათ, პირად პრობლემებში რა იგულისხმეთ.
– მშობლები ავადმყოფობდნენ და ამიტომ მომიწია, ჩემს პროფესიას დროებით ჩამოვშორებოდი.
– თქვენს ოჯახზე მეტი რამ გვიამბეთ.
– მყავს ერთი ძმა, ზაზა. გათხოვილი არ ვარ, არც შვილები მყავს. ჩემი ძმაც უცოლოა.
– ალბათ თქვენ გარშემოც იქნებიან მაჭანკლები. ისინი ჰგვანან კლარას?
– კლარასნაირი მაჭანკალი არ მყოლია, მაგრამ ასეთი ადამიანი შემხვედრია. ამ გმირის სახე უტრირებული, მაგრამ რეალური სახეა.
– თქვენ როგორ მიიღებდით კლარასნაირ მაჭანკალს, გაჰყვებოდით ცოლად მის არჩეულ მამაკაცს?
– ისეთი დამოკიდებულება არ მაქვს, ვაიმე, ამას არასდროს დავუშვებ-მეთქი. ვიღაცის ფოტო რომ მოეტანათ და მომწონებოდა, აუცილებლად დავინტერესდებოდი, მესამე პირის ჩარევა არ გამაღიზიანებდა. ცოტა მისტიკურიც არის ორი ადამიანის ასე შეხვედრა.
– თქვენმა როლმა მაჭანკლები არ გაააქტიურა?
– მსგავსი რამ არ ყოფილა. ერთადერთი, მეუბნებიან, სანამ სხვის ცხოვრებას დაალაგებ, იქნებ საკუთარი დაალაგოო.
– არასდროს მოგწონებიათ ვინმე?
– კი, ყოფილა ბევრი გატაცება.
– რატომ აღარ გაგრძელდა ურთიერთობა, წუნია ხომ არ ხართ?
– მჟავე ხასიათი მაქვს. ვხუმრობ, რა თქმა უნდა. სიმართლე გითხრათ, იმ ურთიერთობების ანალიზი არ გამიკეთებია.
– დღეს თუ არის თქვენს ცხოვრებაში საინტერესო მამაკაცი?
– თავისუფალი ვარ და ეჭვი მაქვს, ასე დარჩება.
– როგორ დაიწყო თქვენი სამსახიობო გზა, რა გამოცდილებით მოხვედით აქამდე?
– თეატრალურ ინსტიტუტში რეჟისორ აჩიკო გამსახურდიას ასისტენტი ვიყავი. ცოტახანს ტელეკომპანია “თამარიონში” საინფორმაციო გამოშვების წამყვანად ვმუშაობდი, მერე იყო “ტვ 4”, “იმედი”. ახლა სენაკის თეატრში ვარ.
– სენაკის თეატრის შენობა დაზიანებული იყო. ახლა რა მდგომარეობაა იქ?
– შენობას “ქართუ ჯგუფი” არემონტებს. დაახლოებით ერთ წელში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება. ჩვენ დაფინანსების პრობლემა გვაქვს, სასაცილოდ დაბალი ხელფასებია. არ ვიცი, ეს საკითხი ვის ეხება – კულტურის სამინისტროს თუ მუნიციპალიტეტს, მაგრამ ამას მნიშვნელობა არც აქვს. როდემდე გაგრძელდება ასეთი მდგომარეობა, არ ვიცი.
– თეატრს მაყურებელი ჰყავს?
– ამ პრობლემებში წლები გავიდა და მაყურებელი დაიკარგა. საერთოდ, მაყურებლის ნაკლებობა არამარტო რეგიონებში იგრძნობა, ყველგან ასეა. ვფიქრობ, თეატრი აქტუალური აღარ არის და შეიძლება იმიტომ, რომ ისეთი სპექტაკლები არ იდგმება, რომლებითაც მაყურებელს მიიზიდავს. შენობა კი გვაქვს, მაგრამ ბიუჯეტის სიმცირის გამო ვერ ვათბობთ.
ბევრი წელი საველე პირობებში გავძელით, მალე კი რეაბილიტირებული შენობა გვექნება. თუმცა შენობა ერთია და მეორეა შემოქმედება. ორივე ერთად უნდა იყოს, რომ კარგი შედეგი დავდოთ.
მარი მგალობლიშვილი, ჟურნალი “სარკე”

