ირმა გიგანი ოთო შალიკაშვილზეა შეყვარებული – “მიხარია, რომ ბაბუმ გაიცნო ადამიანი, რომელიც მე ძალიან მიყვარს”

ირმა გიგანი ოთო შალიკაშვილზეა შეყვარებული - "მიხარია, რომ ბაბუმ გაიცნო ადამიანი, რომელიც მე ძალიან მიყვარს"ახალგაზრდა პიანისტ ირმა გიგანისთვის ყველა ნივთი თუ მოგონება, რაც ბაბუის სახელს უკავშირდება, ახლა ბევრად ძვირფასია, ვიდრე ადრე იყო. განსაკუთრებით სათუთად ინახავს ლექსებს, რომლებიც ჯანსუღ ჩარკვიანმა მას მიუძღვნა და მაისურს, რომელსაც ჯერ კიდევ ბაბუის სურნელი ასდის.

ისინი ერთმანეთს ყოველთვის კარგად უგებდნენ, ერთმანეთის მესაიდუმლეები იყვნენ. როცა დრო დადგა, ირმამ თავისი შეყვარებული, ოთო შალიკაშვილი, ბაბუას გააცნო. სანუგეშოდ აქვს, რომ ბატონ ჯანსუღს მისი რჩეული ძალიან მოეწონა.

_ ირმა, რამდენიმე კვირაა, ოჯახი ბატონი ჯანსუღის გარეშე ცხოვრობთ. ოდნავ მაინც განელდა ტკივილი?

– ძალიან რთულია ბაბუს გარეშე. გვიწევს, რომ შევეგუოთ, მაგრამ ძალიან გვიჭირს. მასთან განუმეორებელი და ყველაზე დასამახსოვრებელი პერიოდი გავატარე. ჩემი ცხოვრების ნაწილია და ერთადერთი იმით ვიმშვიდებ თავს, რომ ეს ადამიანი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

ბაბუასთან ყველაზე ტკბილი, ყველაზე ახლო ურთიერთობა მქონდა. ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია ისეთ თემებზე, რომლებზეც სხვასთან არასდროს მილაპარაკია. მისგან საოცრად განსხავებული პასუხები მიმიღია.

სულ მახსოვს, კონცერტებზე რომ მოდიოდა, ჯვარს არ უშვებდა ხელიდან. ყოველი კონცერტის მერე, როგორც კი დაკვრას ვამთავრებდი, დარბაზში ბაბუსკენ ვიხედებოდი იმიტომ, რომ მისგან დიდი ენერგეტიკა მოდიოდა. სულ ხელს მიქნევდა და ჩემგანაც იმავეს ელოდებოდა. იმ წუთებში ორივენი საოცრად ბედნიერები ვიყავით.

ერთხელ ინგლისში ცოტა დიდი ხნით მომიწია ყოფნა. იქიდან რომ დავბრუნდი, მითხრა, შენთვის სიურპრიზი მაქვსო. სახლში რომ მოვედი, ასეთი სიურპრიზი დამხვდა: ბაბუს ეცვა წითელი მაისური, რომელზეც ეწერა: “ირმა გიგანი, მიყვარხარ”. ეს მაისური ახლა უჯრაში მიდევს და ახლაც მისი სურნელი ასდის.

მართლაც საოცარი ადამიანი იყო. იმის გარდა, რომ მასთან პირადი ურთიერთობა მქონდა, ვაცნობიერებდი მისი, როგორც საზოგადო მოღვაწისა და პოეტის, უმნიშვნელოვანესს წვლილს ჩვენი ქვეყნისთვის.

ჯანსუღ ჩარკვიანის პოეზია ეძღვნება ქვეყნის თავისუფლებას და დამოუკიდებლობას, რომლისთვისაც იბრძოდა და იღწვოდა. ამავე დროს მისი შემოქმედება შერწყმულია საოცარ ესთეტიკურ სილამაზეთან და განსხავებულ იმპრესიონისტულ სტილთან, რომელსაც ნაკლებად იცნობენ. მგონია, რომ ყველაფერი წინ არის. წლების მერე ბევრად დააფასებენ.

_ ჯანსუღ ჩარკვიანი უკვე მთაწმინდაზე განისვენებს, ძალიან დიდ სახელებს შეერია. საზოგადოებაში გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც მთაწმინდაზე მისი დაკრძალვა გააპროტესტეს. თქვენ, ოჯახის წევრებს, როგორი რეაქცია გქონდათ ამაზე?

– მარტო სამების საკათედრო ტაძარში ნახევარი მილიონი ადამიანი იყო მოსული. სახლში ვინც მოვიდა, იმას აღარ ვთვლი. ამიტომ არ ღირს საუბარი იმ ორ ადამიანზე, რომლებიც მთაწმინდაზე ამოვიდნენ შეთითხნილი, სულელური პლაკატით. ვფიქრობ, ეს გასარჩევი არ არის.

_ როგორც ვიცი, ჯანსუღ ჩარკვინის ლექსების ერთ-ერთი პირველი მკითხველი თქვენც იყავით.

– პირველობას ვერ დავიბრალებ, იმიტომ, რომ ჩემამდე დედა, ბიძა და ბებო არიან. სულ პირველი მკითხველები, რა თქმა უნდა, ისინი იყვნენ. ჩემთვის იმდენი ლექსი აქვმ მოძღვნილი, რომ… სპეციალური უჯრა მაქვს, სადაც ბაბუს ლექსებს ვინახავ.

_ განსაკუთრებით რომელ ლექსს გამოყოფდით, რომელი გიყვართ ყველაზე მეტად?

– გამოვყოფ ერთ-ერთ ცნობილ ლექსს, რომელზეც შემდეგ მამუკამ დაწერა სიმღერა – “შენ რომ დიდი იქნები, მე აღარ ვიქნები”.

_ ხასიათით თუ ჰგავხართ ბატონ ჯანსუღს?

– მინდა, ბევრ რაღაცაში ვგავდე. მგონია, რომ უფრო დედა ჰგავს. მე რაღაცებში დედას ვგავარ, ამიტომ შემიძლია გიპასუხოთ, რომ კი, რაღაცებში ვგავარ.

ბაბუ სიახლეების საოცარი მოყვარული იყო. სხვა თაობის წარმომადგენელი იყო, მაგრამ ითვისებდა სიახლეებს, თუნდაც ინტერნეტს. როგორც გამოგონება, ეს ძალიან მოსწონდა.

ასევე გამოვყოფდი მისი ჩაცმის სტილს, რომელიც საოცრად ავანგარდული იყო, ფერებს არასდროს ერიდებოდა. ისე უხამებდა ყველა ფერს, კონტრასტულ ფერებში ისე იცვამდა, რომ ძალიან ლამაზი ყოფილიყო.

_ რა იყო მისი მთავარი რჩევა, რომელიც ყოველთვის გაგახსენდებათ?

– ბაბუს დარიგება შეიძლება მისი პოეზიიდან მარტივად ამოიკითხო, მისი წიგნები ყოველთვის ახლოს მაქვს. მისი საყვარელი სიტყვები იყო, რომ წარსულით, აწმყოთი და მომავლით უნდა იცხოვრო. ამბობდა, ერთი მეორის გარეშე წარმოუდგენელი რამ არისო.

_ თაობებს შორის ყოველთვის არის ხოლმე დაპირისპირება, გაუგებრობა. განსხავებული შეხედულებების გამო არასდროს გიკამათიათ?

– არა. ბაბუაჩემის თაობას უდიდეს პატივს ვცემ. ანალოგიურად ბაბუს არაჩვეულებრივი დამოკიდებულება ჰქონდა ჩემი თაობის მიმართ. როცა ახალგაზრდის ლექსი ჩაუვარდებოდა ხელში, სულ ცდილობდა, დაებეჭდა ან სიტყვა შეეწია მისთვის. მოსმენა იცოდა. თუ რაღაც არ მოეწონებოდა, თქმა არ მოერიდებოდა.

დახეული ჯინსით რომ მივსულვარ მასთან, უთქვამს: “ვაი, ვაი! ახალი უნდა ვიყიდოთ, ხო? ეს როგორ დაგხევია”. იუმორში მიტარებდა, მაგრამ ამით მიმანიშნებდა რაღაცას.

_ თქვენს თაყვანისმცემლებზე, პირადულ ამბებზე უყვებოდით?

– არა. შემეძლო, დედას დავლაპარაკებოდი, თუმცა ადამიანს, რომელიც მე ძალიან მიყვარს, ბაბუ იცნობდა. როცა უკვე საჭირო იყო, გავაცანი და კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ძალიან მიხარია, რომ მოესწრო და გაიცნო.

_ ჩვენც გაგვიმხელთ, ვინ არის თქვენი რჩეული?

– ოთო შალიკაშვილი. ციფრული მარკეტინგის სპეციალისტია, ძალიან საინტერესო ადამიანია. აბსოლუტურად განსხავებულ სფეროში ტრიალებს, მაგრამ დაინტერესებულია მუსიკით და ძალიან ნიჭიერია ამაშიც.

_ სად გაიცანით ერთმანეთი?

— ერთ-ერთ კონცერტზე შემთხვევით გავიცანი. სხვას ვერაფერს გეტყვით.

_ უკვე ოჯახის შექმნაზე ხომ არ ფიქრობთ?

– ჯერ არ ვაპირებ ამაზე საუბარს. თუ რაიმე სიახლე იქნება, აუცილებლად გაგაგებინებთ.

თინათინ ოსმანოვა, ჟურნალი “სარკე”