დეა აფციაური: “ჩემი და ოთარ აბესაძის სიყვარული აუზზე დაიწყო”

დეა აფციაური: "ჩემი და ოთარ აბესაძის სიყვარული აუზზე დაიწყო"თბილისის მერიის ყოფილმა თანამშრომელმა ოთარ აბესაძემ, რომელიც ქრთამის აღებისთვის დააკავეს და ციხეში რამდენიმე თვე გაატარა, საპატიმროში დეა აფციაურზე იქორწინა. დეა “სარკესთან” თავიანთი სიყვარულის ამბავს ყვება:

– მე და ოთო შეყვარებულები ვიყავით და უახლოეს მომავალში დაქორწინებას ვაპირებდით. შექმნილი მდგომარეობის გამო კი ქორწინება ისე არ მოხერხდა, როგორც ვგეგმავდით. ამიტომ ციხეში მოვაწერეთ ხელი 17 აგვისტოს და დღეს ნამდვილად ცოლ-ქმარი ვართ. ამით ძალიან ბედნიერი ვარ.

– თქვენი სიყვარულის ამბავი აუზზე დაწყებულა.

– დიახ და ძალიან მინდოდა, ჟურნალისტებთან ამ თემაზე მე და ოთოს ერთად გველაპარაკა. ვხუმრობდით ჩვენი გაცნობის ისტორიაზე და ერთმანეთს ვაბრაზებდით, რადგან ორივეს ჩვენ-ჩვენი ინტერპრეტაცია გვაქვს, თუ როგორ მოხდა ეს.

შორიდან ვიცნობდით ერთმანეთს და ერთ ძალიან მაგარ დღეს გავიცანით აუზზე. ვაბრაზებდი, მე კი არა, შენ მოხვედი ჩემ გასაცნობად-მეთქი და ის პირიქით ამბობდა. სინამდვილეში, ოთო წყალში იყო. მე მივედი და მივესალმე, რადგან ვიცოდით ერთმანეთის შესახებ. იმ დღიდან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. 24 საათიდან 25 საათს ერთად ვატარებდით.

– თქვენს გარეგნობაზე ბევრს საუბრობენ. რითი მოგხიბლათ ასეთი ლამაზი გოგონა ოთარ აბესაძემ?

– ოთო ყველაზე სიმპათიური ბიჭია ამქვეყნად! როგორც მას მოეწონა ჩემი ვიზუალი, ასევე მომეწონა მეც. ეს – ერთი შეხედვით, მაგრამ დღეს უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ოთო არის არაჩვეულებრივი ადამიანი. მოსიყვარულე, კეთილი, მზრუნველი, ვაჟკაცური… რაც შეიძლება ქალს სჭირდებოდეს მამაკაცისგან, ყველა ღირსება და თვისება აქვს ამ ერთ ბიჭს.

– თქვენ რას საქმიანობთ?

– ერთ-ერთ კომპანიაში მარკეტინგის დირექტორი ვარ.

რუსუდან ადვაძე, ჟურნალი “სარკე”