უკვე ცნობილია ტელეშოუფინალისტების ვინაობა. ორშაბათს ფინალაში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან დედა-შვილი, სოფო და ლიზა, კახეთიდან და მეგობრები თბილისიდან – თეა და თამუნა.
მეტი ინფორმაციის მისაღებად გადაცემის პროდიუსერს, გიორგი იმედაშვილს დავუკავშირდით.

_ გიორგი, შემდეგ ორშაბათს იქნება „ჩემი სამზარეულოს წესების“ პირველი სეზონის ფინალი, სანამ ფინალზე გადავალთ, მინდა, გკითხოთ, როგორი კმაყოფილი ხართ განვლილი გზით?
_ სიმართლე გითხრათ, თავიდან მთელი ჯგუფი ძალიან ვნერვიულობდით, რადგან „ჩსწ“ არის პირველი კულინარიული შოუ საქართველოში და ეს სრულიად ახალი ხილი იყო მაყურებლისთვის, თუმცა „ჩსწ“-მ ჩვენი მოლოდინები არა თუ გაამართლა, არამედ ყველა მოლოდინს გადააჭარბა, პირველივე შოუს ეთერში გასვლის მომენტიდან შოუ მთელმა საქართველომ შეიყვარა. დიდი მადლობა ამისთვის მაყურებელს, დიდი მადლობა მთელ ჯგუფს, რომელიც დღე და ღამე დაუღალავად შრომობს პირველი დღიდან, რათა შექმნან გრანდიოზული შოუ ქართულ ტელესივრცეში.
როდესაც საყოველთაო კასტინგის შემდეგ შოუს ყველა მონაწილე გუნდი შეირჩა, იმ მომენტიდან ჩანდა, რომ ეს იქნებოდა დაძაბული, მხიარული და ყველაზე გემრიელი შოუ. მოვიარეთ მთელი საქართველო, სხვადასხვა კუთხის წარმომადგენელმა გუნდებმა გაგვაცნეს თავიანთი მხარე სრულიად ახალი მხრიდან. პოპულარულ კერძებთან ერთად ისეთი ქართული კერძებიც აღმოვაჩინეთ, რომელთა არსებობაც კი არ ვიცოდით. ეს იყო არაჩვეულებრივი კულინარიული მოგზაურობა, დიდი მადლობა ამ ემოციებისთვის ჩვენი შოუს მონაწილეებს და ჩვენ ძალიან მაგარ ჟიურის.
_ ორშაბათს, 29 იანვარს „რუსთავი 2“-ის ეთერში იქნება ფინალი, რა მოლოდინი გაქვთ ამ დღისგან?
_ სოფო, ლიზა, თეა, თამუნა – სხვათა შორის სულ ქალბატონები არიან ფინალში. ორივე გუნდი ძალიან კარგი კულინარები არიან, არ ეშინიათ სიახლეების, ექსპერიმენტების. ორივე გუნდი უკვე გამარჯვებულია, თუმცა მთავარი პრიზი 50 000 ლარი მხოლოდ ერთი გუნდისთვის არის. ამიტომ ფინალში ყველაფერს ძალიან დიდი ყუადღება მიექცევა, უფრო კრიტიკულები იქნებიან ჩვენი წამყვანებიც, გურამი და ნიკა, ასევე ჩვენი ჟიურის წევრები დევიდ ტავერნიე, ქეთი ბაქრაძე, კახა გიორგაძე და მერიკო გუბელაძე.
ასეთი გამოცდილი ჟიური და წამყვანები როდესაც გყავს, ზუსტად იცი, რომ ღირსეული გაიმარჯვებს. ბრძოლა იქნება დაძაბული და, რა თქმა უნდა, უგემრიელესი.
წარმატებებს ვუსურვებ ორივე გუნდს. უყურეთ ორშაბათს 22:00 საათზე „რუსთავი 2“-ის ეთერში ყველაზე გემრიელი შოუს ფინალურ გადაცემას.

