ავთო აბესლამიძე უიმედოდ შეყვარებულია – “ორივემ ვიცით, რომ ერთად ვერ ვიქნებით”

ავთო აბესლამიძე უიმედოდ შეყვარებულია - "ორივემ ვიცით, რომ ერთად ვერ ვიქნებით"მომღერალ ავთო აბესლამიძის ცხოვრებაში იყო ერთი ჯადოსნური ღამე, რომელმაც ისეთი გრძნობით აავსო, რომ გაუჩნდა სურვილი, თავისი სიყვარულის ამბავი ყველასთვის მოეყოლა. “ერთი ღამე” – ასე ჰქვია სიმღერას, რომელზეც ავთომ ვიდეორგოლი გადაიღო. კლიპში ავთო ჟესტების ენაზე საუბრობს და სიმღერას სმენადაქვეითებულ ადამიანებს უძღვნის.

ავთო აბესლამიძე:

– ეს სიმღერა ზუსტად აღწერს იმ გრძნობას, რაც შეიძლება ერთ ღამეში ადამიანს მეორე ადამიანის მიმართ გაუჩნდეს და მერე გაგრძელდეს კიდეც.

მინდოდა, ჩემი ეს გრძნობა, ემოცია, შშმ პირებისთვის ჟესტების ენით მეთქვა. შეყვარებული წყვილები ერთმანეთს ხშირად სიმღერებს უგზავნიან და მინდოდა, მათაც გაეგზავნათ ერთმანეთისთვის სიმღერები. ჟესტების ენაზე მოსაუბრე წყვილებმა მომწერეს, რომ ამ სიმღერის ნახვისას ტიროდნენ.

_ ვინ გასწავლათ ჟესტების ენა?

– გულო ამაღლობელი დამეხმარა, ის შშმ პირების თარჯიმანია. დაახლოებით 2 საათი დამჭირდა იმისთვის, რომ ეს სიმღერა ჟესტების ენაზე თავიდან ბოლომდე მესწავლა. ჟესტების ენაზე მოსაუბრე 9 პირს შევხვდი და ვანახე ის, რაც ვისწავლე. მინდოდა, შეეფასებინათ, რამდენად სწორად ვაკეთებდი. ზოგი ჩამეხუტა, ზოგმა იტირა, ძალიან დიდი ემოცია და დადებითი მუხტი მივიღე.

სამწუხაროა, რომ ბათუმში ჟესტების ენის სასწავლო სკოლა არ არსებობს, მხოლოდ თბილისსა და ქუთაისშია. დავპირდი, რომ ამის შესახებ ვიტყოდი და მიხარია, რომ ჟურნალ “სარკის” საშუალებით მათ პრობლემას გავაჟღერებ.

_ ვინმე ხომ არ გყავთ ჟესტების ენაზე მოსაუბრე, ვის გამოც შეიძლებოდა ეს იდეა გაგჩენოდათ?

– არა, თუმცა ამ კლიპის შემდეგ დაიწყეს საუბარი, თითქოს ჩემი შეყვარებული შშმ პირია, რაც არ არის სიმართლე.

_ ამ სიმღერაში თქვენს ისტორიას ყვებით?

– დიახ, ეს სიმღერა ერთი ღამის სიყვარულს უკავშირდება. ერთი ღამიდან დაიწყო ყველაფერი, გრძნობები გაღვივდა.

_ სად არის ახლა ის?

– ვმეგობრობთ, მაგრამ ერთად ვერ ვართ.

_ რატომ?

– ბევრი მიზეზია, ვერც ერთს დავასახელებ, მაგრამ გეტყვით, რომ ჯობს, არ ვიყოთ ერთად. ორივემ ვიცით, რომ ერთად ვერ ვიქნებით. ამაზე ვისაუბრეთ, ვმეგობრობთ, მაგრამ არის გარკვეული მიზეზები, რის გამოც უკვე 2 თვეა ერთად არ ვართ.

_ რითი მოგხიბლათ იმ გოგონამ?

– ადამიანობით. ჩემთვის ურთიერთობა მხოლოდ საძინებლის კარის მიჯახუნება და მხოლოდ სექსი არ არის.

ეკა ლემონჯავა, ჟურნალი “სარკე”